გჯერათ იმის არსებობა, რასაც ვერ ხედავთ?
გჯერათ იმის არსებობა, რასაც ვერ ხედავთ?
როდესაც ამბობენ, მხოლოდ ის მწამს, რასაც ვხედავო, ცდებიან. სინამდვილეში, ჩვენ გვჯერა ისეთი რამეების არსებობა, რის დანახვაც არ შეგვიძლია.
მაგალითად, სკოლაში, ალბათ, ჩაგიტარებიათ მაგნიტური ველის არსებობის დამადასტურებელი ცდა, რომელიც შეიძლება დაახლოებით ამგვარია: ჯერ რკინის ნაქლიბი დაყარეთ ქაღალდის ფურცელზე. შემდეგ დადეთ ეს ფურცელი მაგნიტზე. ქაღალდის შერხევის შემთხვევაში, თითქოს
ჯადოსნურად, რკინის ნაქლიბი მაგნიტის პოლუსებთან გროვდება და მაგნიტური ველის ნიმუშს ქმნის. თუ ჩაგიტარებიათ მსგავსი ცდა, შეძელით მაგნიტური ველის დანახვა? არა, მაგრამ მისი მოქმედება რკინის ნაქლიბზე ნათელი იყო, რაც იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ მაგნეტიზმი არსებობს.უყოყმანოდ ვეთანხმებით სხვა ისეთი რამის არსებობასაც, რასაც ვერ ვხედავთ. როდესაც მშვენიერ ნახატს ვუყურებთ ან ვიხიბლებით მშვენიერი ქანდაკებით, ეჭვი არ გვეპარება მხატვრისა და მოქანდაკის არსებობაში. როდესაც ვუყურებთ ჩანჩქერებს ან დაისს განა არ გვიბიძგებს ეს ყოველივე, ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია მათ დიდებული მხატვარი და მოქანდაკე ჰყავდეთ?
რატომ არ სჯერა ზოგს
პარადოქსია, ზოგს ღვთისადმი რწმენა ეკლესიაში ნასწავლმა დააკარგვინა. სწორედ ასე დაემართა ერთ ნორვეგიელ მამაკაცს, რომელსაც უთხრეს, ღმერთი ბოროტებს ჯოჯოხეთის ალში წვავსო. მას ვერანაირად გაეგო, როგორი ღმერთი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხი ამგვარად ეწამებინა. ამის გამო ის ათეისტი გახდა.
მაგრამ მოგვიანებით ეს მამაკაცი ერთ იეჰოვას მოწმეს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. ის განაცვიფრა იმის გაგებამ, რომ ბიბლია არ ასწავლის ჯოჯოხეთის ცეცხლში ბოროტთა წამების შესახებ. ბიბლია სიკვდილს ძილს ადარებს. მასში ნათქვამია, რომ სამარეში ტკივილს არ გრძნობენ და აღარც რაიმეს შეგრძნება შეუძლიათ მიცვალებულებს (ეკლესიასტე 9:5, 10). ამ მამაკაცმა აგრეთვე ისიც გაიგო, რომ ის გამოუსწორებელი ბოროტები, რომლებსაც ღმერთი განსჯის, სამუდამოდ დარჩებიან სამარეში (მათე 12:31, 32). დანარჩენი მიცვალებულები კი ღვთის მიერ დანიშნულ დროს აღდგენილ იქნებიან სამოთხეში მარადიულად ცხოვრების პერსპექტივით (იოანე 5:28, 29; 17:3). ეს განმარტებები ჭკუასთანაც ახლოს იყო და ბიბლიაში მოცემულ ცნობასაც შეესაბამებოდა, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამ გულწრფელმა მამაკაცმა განაგრძო ღვთის სიტყვის შესწავლა და დროთა განმავლობაში ბიბლიის ღმერთი შეიყვარა.
სხვები მოსიყვარულე შემოქმედის არსებობას უბედურებისა და უსამართლობის გამო უარყოფენ. ისინი ეთანხმებიან ერთი შვედი მამაკაცის სიტყვებს, რომელმაც ერთხელ ზეცას მიაპყრო თვალი და თქვა: „იქ რომ ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე ღმერთი არსებობდეს, განა აქამდე იქნებოდა ამდენი გარყვნილება და ბოროტება დედამიწაზე?“. რადგან ამ კითხვაზე მას ვერავინ უპასუხა, ისიც ათეისტი გახდა. მოგვიანებით კი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან *
გაიგო, რომ ღვთის სიტყვა დამაკმაყოფილებლად პასუხობს ამ ძველისძველ კითხვას — რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?ამ გულწრფელმა მამაკაცმა გაიგო, რომ ბოროტების არსებობა სულაც არ გამორიცხავს ღვთის არსებობას. მაგალითად, დავუშვათ, ადამიანმა ხორცის საჭრელი დანა დაამზადა. შეიძლება ვინმემ იყიდოს და ხორცის დასაჭრელად კი არ გამოიყენოს, არამედ — ვინმეს მოსაკლავად. ის ფაქტი, რომ დანა არასწორად იყო გამოყენებული, სულაც არ უარყოფს მისი დამამზადებლის არსებობას. მსგავსად ამისა, ფაქტი, რომ დედამიწა არ იყო გამოყენებული თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ მას შემოქმედი არა ჰყავს.
ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთის საქმეები სრულყოფილია. მასთან არ არის „სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). ღმერთი ადამიანებს მრავალ კეთილ საბოძვარს აძლევს, მაგრამ ზოგი არასწორად იყენებს, რაც ენით აუწერელ ტანჯვას იწვევს (იაკობი 1:17). მაგრამ ღმერთი მოსპობს ტანჯვას, რის შემდეგაც „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. . . და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:11, 29).
ზემოხსენებულ შვედ მამაკაცს გულს სტკენდა ადამიანთა ტანჯვის ხილვა. სინამდვილეში, ის, რომ მას სხვებზე გული შესტკიოდა, ღვთის არსებობას ადასტურებს. როგორ?
უმეტესობას ღვთის მაგივრად ევოლუცია სწამს. ევოლუციონისტები ასწავლიან „ბუნებრივ გადარჩევას“ — რომ ადამიანები და ცხოველები თავიანთ მსგავს არსებებს კონკურენციას უწევენ იმისათვის, რომ გადარჩნენ. ყველაზე ძლიერი ცოცხლობს, სუსტი კი კვდება. ისინი ამბობენ, რომ ეს ბუნებრივია. მაგრამ, თუ სუსტისთვის „ბუნებრივია“ მოკვდეს, რომ ადგილი დაუთმოს ყველაზე ძლიერს, როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამ შვედი მამაკაცის მსგავსად, ზოგიერთ ძლიერ ადამიანს მოყვასთა ტანჯვის ხილვისას გული სტკივა?
ღვთის გაცნობა
ჩვენ ღვთის ხილვა არ შეგვიძლია, რადგან მას ადამიანის სხეული არა აქვს. მაგრამ ღმერთს სურს, რომ გავიცნოთ. ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია გავიცნოთ ღმერთი, მისი არაჩვეულებრივი ნამუშევრების — „ნახატებისა“ და „ქანდაკებების“ — ხილვაა. რომაელთა 1:20-ში ბიბლია ამბობს: „მისი [ღვთის] უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“. დიახ, ისევე როგორც ნახატის ან ქანდაკების შესწავლას შეუძლია დაგეხმაროთ, მხატვრისა თუ მოქანდაკის აზრებს ჩასწვდეთ, ღვთის სასწაულებრივ შემოქმედებაზე დაფიქრება დაგეხმარებათ, კარგად გაეცნოთ მის პიროვნებას.
რა თქმა უნდა, ცხოვრების ყველა ამაფორიაქებელ კითხვას, უბრალოდ, ღვთის შემოქმედებითი ნამუშევრების ცქერით ვერ ვუპასუხებთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასეთ კითხვებზე პასუხის პოვნა ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გამოკვლევით. ზემოხსენებულ ორ მამაკაცს ბიბლიის ნათელი გონებით კითხვა დაეხმარა იმის დანახვაში, რომ ღმერთი არსებობს და ზრუნავს ჩვენზე.
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაციისთვის იმის თაობაზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, თავი მე-10 (გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).
[საავტორო უფლება 28 გვერდზე]
J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA ▸