ვინ მოუღებს ბოლოს ძალადობას?
ვინ მოუღებს ბოლოს ძალადობას?
გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანნანი 1999 წლის სექტემბერში შეხვდა გენერალური ასამბლეის 54-ე ყოველწლიური სესიის დელეგატებს. როგორც გაზეთი „ტორონტო სტარი“ იუწყება, მან შემდეგი საკითხი წამოჭრა მსოფლიო ლიდერების წინაშე: „დღესდღეობით უამრავი ადამიანი საერთაშორისო საზოგადოებისგან თანაგრძნობის სიტყვებზე უფრო მეტს საჭიროებს. მათ ესაჭიროებათ იმის რეალური და მუდმივი გარანტია, რომ ბოლო მოეღება დიდი ხნის მანძილზე მათ გარშემო არსებულ ძალადობას, რის შედეგადაც უსაფრთხოდ და უზრუნველად იცხოვრებენ“.
შეუძლიათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის წევრ-სახელმწიფოებს, „იმის რეალური და მუდმივი გარანტია“ მისცენ ხალხს, რომ ბოლო მოეღება ძალადობას? ზემოხსენებული გაზეთის იმავე ცნობაში მოყვანილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბილ კლინტონის, სიტყვები: „ადვილი სათქმელია, რომ ჩვენს საუკუნეში მომხდარი სისხლის ღვრა არასდროს განმეორდება, მაგრამ გაცილებით რთულია ამის სისრულეში მოყვანა“. მან დასძინა: „უამრავი პირობის მიცემა შეიძლება ისეთივე სისასტიკე იყოს, როგორიც გულგრილობის გამოვლენაა“.
2 500-ზე მეტი წლის წინათ წინასწარმეტყველმა იერემიამ ადამიანთა მცდელობებზე შემდეგი რამ თქვა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). მაშინ როგორ მოეღება ბოლო ძალადობას?
როგორც ესაიას 60:18-ში ვკითხულობთ, ღმერთი შემდეგი სიტყვებით გვარწმუნებს: „აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა — შენს საზღვრებში“. ეს წინასწარმეტყველება პირველად მაშინ შესრულდა, როცა ღმერთმა ტყვეობაში მყოფი თავისი ერი სამშობლოში დააბრუნა. მაგრამ ის უფრო დიდი მასშტაბით შესრულდება, რასაც ჩვენც დავინახავთ. იეჰოვა ღმერთი არ იძლევა „უამრავ პირობას“. მას, როგორც უზენაესსა და კაცობრიობის შემოქმედს, საუკეთესო მდგომარეობა უკავია იმისათვის, რომ ბოლო მოუღოს ‘დიდი ხნის მანძილზე არსებულ ძალადობას’. ღვთის სამეფოს მმართველობით ყველგან მშვიდობა დამყარდება, ხოლო ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება სამუდამოდ! (დანიელი 2:44).