კუნძულ რობინზონ-კრუზოს მცხოვრებლების ხსნა
კუნძულ რობინზონ-კრუზოს მცხოვრებლების ხსნა
რობინზონ-კრუზო ერთ-ერთია წყნარ ოკეანეში მდებარე იმ სამი კუნძულიდან, რომლებიც ჩილეს ნაპირიდან დაახლოებით 640 კილომეტრით დაშორებულ ხუან-ფერნანდესის არქიპელაგს ქმნიან *. 93 კვადრატული კილომეტრის ფართის კუნძულს ეს სახელი XVIII საუკუნის ცნობილი რომანის „რობინზონ კრუზოს“ საფუძველზე დაერქვა, რომლის ავტორიც ინგლისელი მწერალი დანიელ დეფოა. როგორც ჩანს, ეს რომანი შოტლანდიელი მამაკაცის, ალექსანდრე სელკერკის, თავგადასავალზე იყო აგებული, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე ამ კუნძულზე მარტო ცხოვრობდა.
კუნძულზე გაკრულ ხის აბრაზე ვკითხულობთ: „ამ ადგილიდან ყოველდღე, ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შოტლანდიელი მეზღვაური ალექსანდრე სელკერკი მღელვარებით გაჰყურებდა ჰორიზონტს მაშველი გემის მოლოდინში, რომელიც მას მარტოობისგან გაათავისუფლებდა“. საბოლოოდ, სელკერკი იხსნეს და თავის სამშობლოში დააბრუნეს, სამყაროში, სადაც აღარ უგრძვნია კმაყოფილება მას შემდეგ, რაც თავის პატარა სამოთხეში იცხოვრა. როგორც იტყობინებიან, მან მოგვიანებით თქვა: „ოჰ, ჩემო საყვარელო კუნძულო! ნეტავ, არასოდეს მიმეტოვებინე“.
დროთა განმავლობაში ეს კუნძული დასასჯელ კოლონიად იქცა, რომელიც დასახლებული იყო ისეთი ადამიანებით, რომლებმაც კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული სარწმუნოებრივი დანაშაული ჩაიდინეს ანუ ერესის მიმდევრები გახდნენ. როგორ შეიცვალა სამოთხისებური კუნძული, რომელსაც ერთ დროს სელკერკი იცნობდა! მიუხედავად ამისა, კუნძულის დღევანდელი მოსახლეობა მშვიდობიანად და უშფოთველად ცხოვრობს, რაც უცხოა მსოფლიოს ბევრ ნაწილში მცხოვრებლებისთვის. მშვიდი ცხოვრების წესი, რაც დამახასიათებელია კუნძულზე მცხოვრები მრავალი კულტურის ადამიანებისთვის, ადვილს ხდის საუბრის დაწყებას თითქმის ყველასთან.
ოფიციალურად კუნძულ რობინზონ-კრუზოზე დაახლოებით 500 მოსახლეა, მაგრამ თითქმის მთელი წლის მანძილზე მხოლოდ 400-მდე ადამიანი
ცხოვრობს მასზე. ნაწილობრივ ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზოგი დედა შვილებთან ერთად ჩილეს კონტინენტურ ნაწილში ცხოვრობს სასწავლო წლის განმავლობაში და კუნძულზე მხოლოდ არდადეგების თვეებში ბრუნდებიან, რათა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გაატარონ დრო.მიუხედავად იმისა, რომ კუნძულ რობინზონ-კრუზოზე მშვენიერი ბაღის მსგავსი მიდამოებია, ზოგი კუნძულელი სულიერ სიცარიელეს გრძნობს და უამრავი კითხვა აწუხებს. სხვები ფიქრობენ, რომ ისინი სულიერ ხსნას საჭიროებენ.
სულიერი ხსნა
ასეთ სულიერ ხსნასთან დაკავშირებული მოღვაწეობა ამ კუნძულზე დაახლოებით 1979 წელს დაიწყო. ერთი მანდილოსანი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას სანტიაგოში, კუნძულზე საცხოვრებლად გადავიდა და გაგებულის სხვებისთვის სწავლება დაიწყო. მოგვიანებით კრების უხუცესი, რომელიც კუნძულს პირადი საქმეების მოსაგვარებლად ეწვია, გაოცებული დარჩა, როცა ბიბლიის შემსწავლელთა პატარა ჯგუფი აღმოაჩინა, რომელიც ამ მანდილოსნის დახმარებით სულიერად წინ მიიწევდა. ამასობაში კი უხუცესი კვლავ ეწვია კუნძულს სამი თვის შემდეგ. ბიბლიის ეს მარტოდ მყოფი მასწავლებელი და მისი ორი მოწაფე მზად იყვნენ მოსანათლავად; ამიტომ უხუცესმა ხელმძღვანელობა გაუწია
იმას, რომ ისინი მონათლულიყვნენ. მოგვიანებით ერთ-ერთი ახალმონათლული ქრისტიანი გათხოვდა და თავის მეუღლესთან ერთად განაგრძო სხვების ძებნა, რომლებიც სულიერ ხსნას საჭიროებდნენ. მისმა მეუღლემ ხელმძღვანელობა გაუწია უბრალო სამეფო დარბაზის მშენებლობას, რომელიც კუნძულზე მცხოვრებ ამ პატარა ჯგუფს დღემდე ემსახურება. დროთა განმავლობაში ცუდი ეკონომიკური პირობების გამო მათ დატოვეს კუნძული რობინზონ-კრუზო და გადავიდნენ ჩილეს ცენტრალურ ნაწილში არსებულ კრებაში, სადაც ისინი კვლავაც აქტიურად ემსახურებიან იეჰოვას.თანდათანობით ამ კუნძულზე ეს პატარა ჯგუფი უფრო და უფრო იზრდებოდა, რადგან მათ ცრუ რელიგიისგან გამოხსნილი სხვა ადამიანებიც უერთდებოდნენ. მაგრამ, რადგან მოსწავლეებს კონტინენტზე გადასვლა უწევთ ხოლმე სკოლაში განათლების მისაღებად, ჯგუფში მხოლოდ ორი მონათლული და და ერთი გოგონა რჩება. ჯგუფი არდადეგების პერიოდში იზრდება, როცა ზოგი მშობელი კუნძულზე ბრუნდება. ეს ხელს უწყობს სამი მარტოდ დარჩენილი ქრისტიანის გამოცოცხლებას, რომლებიც მთელი წლის მანძილზე რჩებიან იქ. ამ დების გულმოდგინე მოღვაწეობის შედეგად იეჰოვას მოწმეები კარგად არიან ცნობილი კუნძულ რობინზონ-კრუზოზე. მართალია, კუნძულზე ზოგი წინააღმდეგობას უწევს მათ საქმიანობას და ცდილობენ, სხვებზეც მოახდინონ გავლენა, რომ უარი ათქმევინონ სამეფოს ცნობის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, გულწრფელი ადამიანების გულებში ჩათესილი ბიბლიური ჭეშმარიტების მარცვლები მაინც განაგრძობს ზრდას.
დახსნილთა გაძლიერება
მიმომსვლელი ზედამხედველი კუნძულს წელიწადში ერთხელ ინახულებს. როგორ ხდება შორეულ კუნძულზე თითზე ჩამოსათვლელი მოწმეების მონახულება? ერთი სარაიონო ზედამხედველი აღწერს თავის პირველ მონახულებას კუნძულ რობინზონ-კრუზოზე:
„ეს მოგზაურობა უჩვეულო და გასაოცარი იყო. ის დილის 7 საათზე დაიწყო; ჩვენ დავტოვეთ ვალპარაისო, რათა ავტომობილით სანტიაგოს სერიიოსის აეროპორტამდე მივსულიყავით. შემდეგ ავედით პატარა შვიდადგილიან თვითმფრინავში. 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში ფრენის შემდეგ შორ მანძილზე დავინახეთ მთის მწვერვალი, რომელიც ღრუბლებს შორის იყო ამოშვერილი. როდესაც მიწას მივუახლოვდით, ჰორიზონტზე კუნძული მასიურ კლდესავით მოჩანდა შუა ოკეანეში. ის თითქოს ზღვაში დაკარგული გემის მსგავსად დაცურავდა წყლის გაშლილ სივრცეში.
თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ ნავით გავცურეთ სოფლისკენ. აქეთ-იქით ზღვიდან ამოშვერილი მასიური კლდოვანი ადგილები პატარა კუნძულებს ქმნის, რომლებიც ხუან-ფერნანდესზე მობინადრე ზღვის კატების მოსასვენებელი ადგილებია. ცხოველთა ამ სახეობას იცავენ, რადგან მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. უცებ ნავთან ახლოს რაღაც ამოხტა წყლიდან და ისევ გაუჩინარდა ზღვაში. ეს მფრინავი თევზი იყო, რომლის დანაოჭებული ფარფლები ფრთებს წააგავს. როგორც ჩანს, ის მწერის დასაჭერად ხტებოდა წყლიდან. უდავოა, რომ ის, ვინც სხვებზე ნადირობს, ზოგჯერ თვითონაც აღმოჩნდება ხოლმე სხვისი მსხვერპლი; მისი წყლიდან ამოხტომა სხვა მტაცებლის ყურადღებას იქცევს, რომელიც მზად არის მის გადასაყლაპავად, როდესაც ის უკან ეშვება წყალში.
საბოლოოდ, ჩავედით სოფელ სან-ხუან-ბაუტისტაში (რაც წმინდა იოანე ნათლისმცემელს ნიშნავს). ნავმისადგომში უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი იდგა, რომლებიც შესაძლოა თავიანთ სტუმრებს ელოდებოდნენ ან, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო ინტერესდებოდნენ, თუ ვინ ჩამოვიდოდა ამჯერად. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა შესანიშნავმა ხედმა — დიდებულმა და უსწორმასწორო მთა ელ-იუნკემ (გრდემლი), რომელიც თითქოს მუქი მწვანე ხავერდით იყო დაფარული და მის უკან ნათელ, ლურჯ ცაზე თეთრი ღრუბლების მასა იყო მიმოფანტული.
ჩვენ მაშინვე შევნიშნეთ თანაქრისტიანი დებისა და მათი შვილების ჯგუფი, რომელიც ნავმისადგომში გველოდებოდა. იმ დროს არდადეგების პერიოდი იყო, ამიტომ ჯგუფი უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე. ერთმანეთს თბილად მივესალმეთ, რის შემდეგაც ლამაზ პატარა სახლში მიგვიყვანეს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი სახლი იქნებოდა.
ეს იყო განსაკუთრებული კვირა, რომელიც, როგორც მივხვდით, ძალიან მალე გაირბენდა. ჩვენ გონივრულად უნდა გამოგვეყენებინა დრო. იმავე დღეს, ზუსტად სადილის შემდეგ, ბიბლიის შემსწავლელს ვეწვიეთ, რომელიც მალე ჩვენი სულიერი და და ღვთის სულიერი სამოთხის მკვიდრი გახდებოდა. ის სიხარულისგან გაბრწყინებული იყო, მაგრამ ამავე დროს ცოტა აღელვებულიც. მას უკვე დიდი ხანია, მიზნად ჰქონდა დასახული მონათვლა, რაც ახლო მომავალში განხორციელდებოდა. ჩვენ მასთან ერთად განვიხილეთ საჭირო ინფორმაცია, რათა განგვესაზღვრა, შეეძლო თუ არა კეთილი ცნობის მაუწყებლად მსახურება. მომდევნო დღეს მან პირველად მიიღო მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. მესამე დღეს განვიხილეთ მასალა, რომლითაც დავადგენდით, თუ რამდენად შეესაბამებოდა მონათვლისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კვირის ბოლომდე ის მოინათლა.
ამ კვირის განმავლობაში ჩატარებულ კრების შეხვედრებზე აქტიურად მონაწილეობდა მაქსიმუმ 14 ადამიანი. ყოველდღიურად იგეგმებოდა სამქადაგებლო მსახურება, განმეორებითი მონახულებები, ბიბლიის შესწავლები და სამწყემსო მონახულებები. როგორი გამამხნევებელი იყო ეს იმ დებისთვის, რომლებიც თავად უძღვებიან მსახურებას მთელი წლის განმავლობაში!“
ამ კუნძულზე მამაკაცებს უფრო უჭირთ, გამოეხმაურონ ჭეშმარიტებას, რაც, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მათ მძიმედ შრომა უწევთ ქვეყნიურ სამუშაოზე. მათი ძირითადი საქმიანობაა ზღვის კიბოს დაჭერა, რაც ამ სამუშაოსადმი თავის მიძღვნას საჭიროებს. წინასწარ შექმნილი არასწორი აზრი უარყოფითად მოქმედებს ბევრზე. მაგრამ არსებობს იმის იმედი, რომ უფრო მეტი კუნძულელი მამაკაცი და ქალი გამოეხმაურება კეთილ ცნობას მომავალში.
დღემდე მაუწყებლებმა ათი პიროვნება იხსნეს იმით, რომ მათ ჭეშმარიტება და იეჰოვას განზრახვები გააცნეს. ზოგმა მათგანმა სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვა კუნძული. მაგრამ, მიუხედავად იმისა, კუნძულზე დარჩნენ თუ სხვაგან გადასახლდნენ, მათი სულიერი ხსნა ალექსანდრე სელკერკის ხსნაზე გაცილებით უფრო დიდმნიშვნელოვანია. სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ამჟამად სულიერ სამოთხეში არიან. დები და მათი შვილები, რომლებიც ჯერ კიდევ კუნძულზე იმყოფებიან, ბაღნარისმაგვარი მიდამოებით ტკბებიან, მაგრამ მათ უფრო მეტად სხვა რამ ახარებთ; მათ აქვთ იმედი, რომ მთელი დედამიწა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამოთხედ გადაიქცევა, რომელიც მსოფლიოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.
ხსნის მომტანი საქმიანობა გრძელდება
გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, კუნძულ რობინზონ-კრუზოზე იეჰოვას მოწმეების ეს პატარა ჯგუფი დანარჩენი სულიერი და-ძმებისგან ძალიან შორს ცხოვრობს. მაგრამ ისინი შოტლანდიელი მამაკაცის, სელკერკის, მსგავსად, თავს მიტოვებულად არ გრძნობენ. რეგულარულად თეოკრატიული ლიტერატურის მიწოდების, ვიდეოკასეტებზე კონგრესების პროგრამის ჩანაწერების (რომლებსაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ჩილეს ფილიალი წელიწადში სამჯერ უგზავნის მათ), ასევე ყოველწლიურად სარაიონო ზედამხედველის მონახულების წყალობით ისინი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ იეჰოვას ორგანიზაციასთან. ასე რომ, კვლავ რჩებიან ‘მსოფლიო საძმოს’ აქტიურ წევრებად (1 პეტრე 5:9).
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 ამ კუნძულის ოფიციალური სახელწოდებაა მას-ა-ტიერა.
[რუკები⁄სურათი 9 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ჩილე
სანტიაგო
კუნძული რობინზონ-კრუზო
სან-ხუან-ბაუტისტა
ელ-იუნკე
წყნარი ოკეანე
კუნძული სანტა-კლარა
[სურათი]
შორიდან კუნძული შთამბეჭდავად, მასიურ კლდესავით მოჩანს შუა ოკეანეში.
[საავტორო უფლება]
Map of Chile: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 8, 9 გვერდებზე]
დიდებული და უსწორმასწორო მთა ელ-იუნკე (გრდემლი).
[სურათი 9 გვერდზე]
სოფელი სან-ხუან-ბაუტისტა (წმინდა იოანე ნათლისმცემელი).
[სურათი 9 გვერდზე]
ზღვის კატები და ზღვის ლომები ამ პატარა კუნძულებზე ისვენებენ.
[სურათი 10 გვერდზე]
ჩვენ პატარა თვითმფრინავით გადავფრინდით სანტიაგოდან.
[სურათი 10 გვერდზე]
კუნძულ რობინზონ-კრუზოს დასერილი სანაპირო.
[სურათი 10 გვერდზე]
ამ კუნძულზე არსებული უბრალო სამეფო დარბაზი.