მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
იღებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სისხლის კომპონენტების შემცველ რომელიმე სამედიცინო პრეპარატს?
ამაზე ძირითადი პასუხი შემდეგია: იეჰოვას მოწმეები სისხლზე უარს ამბობენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ იეჰოვას კანონი სისხლთან დაკავშირებით შეცვლას არ საჭიროებს იმისათვის, რომ ცვალებად შეხედულებებს შეესაბამებოდეს. დღეს შესაძლებელია სისხლის დამუშავება — ოთხი ძირითადი კომპონენტისა და ამ კომპონენტების სხვადასხვა ფრაქციის ერთმანეთისგან გამოყოფა, რის გამოც წამოიჭრება ახალი საკითხები. იმის გადასაწყვეტად, მისაღებია თუ არა მსგავსი პრეპარატები ქრისტიანისთვის, საჭიროა, რომ მან სამედიცინო თვალსაზრისით სარგებლობასა და რისკზე ცოტა უფრო შორს გაიხედოს. მისი მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, თუ რას ამბობს ბიბლია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ყოვლისშემძლე ღმერთთან მის ურთიერთობაზე.
საქმის არსი საკმაოდ მარტივია. იმის დასანახად, რომ ეს ასეა, განვიხილოთ გარკვეული ბიბლიური, ისტორიული და სამედიცინო ცნობები.
იეჰოვამ ჩვენს საერთო წინაპარს, ნოეს, უთხრა, რომ სისხლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა (დაბადება 9:3, 4). მოგვიანებით, ისრაელებისთვის მიცემულ ღვთის რჯულშიც იყო გამოხატული აზრი სისხლის სიწმინდის შესახებ: „თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური. . . შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ“. ღვთის რჯულის უარყოფით ისრაელ ადამიანს სხვების წაბილწვაც შეეძლო; ამიტომაც ღმერთმა დასძინა: „მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან“ (ლევიანნი 17:10). მოგვიანებით კი იერუსალიმში შეკრებილ მოციქულთა და უხუცესთა მიერ გამოიცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, ‘თავი უნდა შევიკავოთ სისხლისაგან’. ასე მოქმედებას ისეთივე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, როგორიც სიძვისა და კერპთაყვანისმცემლობისგან თავშეკავებას (საქმეები 15:28, 29).
რას ნიშნავდა მაშინ ‘თავშეკავება’? ქრისტიანები არ იღებდნენ სისხლს, არც ახალს და არც შედედებულს; ისინი არც ისეთი ცხოველის ხორცს ჭამდნენ, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული. ასევე არ უნდა ეჭამათ საჭმელი, რომელშიც სისხლი იქნებოდა; მაგალითად, სისხლის შემცველი ძეხვი. ზემოთ მოყვანილი რომელიმე სახით სისხლის მიღება, ღვთის რჯულის დარღვევა იქნებოდა (პირველი მეფეთა 14:32 33).
როგორც ტერტულიანეს ნაშრომებში შეინიშნება (ახ. წ. II და III საუკუნეები), ძველ დროში უმეტესობას არ აწუხებდა ის, რომ სისხლს ჭამდა. ქრისტიანების მიერ სისხლის ჭამის შესახებ ცრუ ბრალდებაზე საპასუხოდ ტერტულიანემ მოიხსენია ტომები, რომლებიც ხელშეკრულებების დადების დროს სისხლს სვამდნენ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „არენებზე გამართული საბრძოლო სანახაობების შემდეგ, [ზოგი] მსხვერპლის სისხლს ხარბად ეწაფებოდა. . . რათა ეპილეფსიისგან განკურნებულიყო“.
ასეთი მოქმედება (მაშინაც კი, თუ რომელიმე რომაელი ამას ჯანმრთელობისთვის აკეთებდა) მიუღებელი იყო ქრისტიანებისთვის: „ჩვენ ცხოველთა სისხლსაც კი გამოვრიცხავთ ჩვენი კვების რაციონიდან“, — წერდა ტერტულიანე. რომაელები სისხლის შემცველ საკვებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა უმწიკვლოების გამოსაცდელად იყენებდნენ. ტერტულიანე განაგრძობდა: „ახლა გეკითხებით თქვენ, რა ჰქვია ამას, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მათთვის [ქრისტიანებისთვის] ყოვლად მიუღებელია ცხოველთა სისხლიც, თქვენ კი მათ ადამიანის სისხლის სმაში ადანაშაულებთ?“.
დღეს ცოტანი თუ იფიქრებდნენ, რომ ექიმების მიერ მათთვის სისხლის მიღების რჩევა რამენაირად ეხება ყოვლისშემძლე ღვთის კანონებს. მაშინ როდესაც ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, ნამდვილად გვსურს სიცოცხლის შენარჩუნება, ვალდებული ვართ, სისხლთან დაკავშირებით დავემორჩილოთ იეჰოვას კანონს. რას ნიშნავს ეს თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის შუქზე?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საყოველთაოდ გავრცელებული გახდა მთლიანი სისხლის გადასხმა, მაგრამ იეჰოვას მოწმეები ამ პროცედურას ღვთის კანონის დარღვევად მიიჩნევდნენ; მათი თვალსაზრისი დღესაც იგივეა. მას შემდეგ გავიდა დრო და შეიცვალა მედიცინაც. დღეს გადასხმების უმეტესობის დროს მთლიან სისხლს კი არ იყენებენ, არამედ მის ძირითად კომპონენტებს: 1) სისხლის წითელ უჯრედებს; 2) თეთრ უჯრედებს; 3) თრომბოციტებსა და 4) პლაზმას (სისხლის შრატს), სისხლის თხევად ნაწილს. მდგომარეობის შესაბამისად, ექიმმა შეიძლება პაციენტს სისხლის წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები, თრომბოციტები ან პლაზმა დაუნიშნოს. ამ ძირითადი კომპონენტების გადასხმის გამოყენება სისხლის ერთი ერთეულის უფრო მეტ პაციენტზე დანაწილების საშუალებას იძლევა. იეჰოვას მოწმეები მიიჩნევენ, რომ, როგორც მთლიანი სისხლის, ისე მისი ოთხი ძირითადი კომპონენტის მიღება ღვთის კანონის დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული ეს პოზიცია მათ სისხლით გადამდები მრავალი დაავადებისგან, და მათ შორის ჰეპატიტისა და შიდს-ისგან, იცავს.
მაგრამ, რადგან სისხლიდან ძირითადი კომპონენტების გამოყოფის შემდეგ მათი ხელახლა დამუშავება შეიძლება, ამ ძირითადი კომპონენტების დამუშავებით მიღებულ ფრაქციებთან დაკავშირებით იბადება კითხვა: როგორ იყენებენ ამ ფრაქციებს და რას უნდა დაუკვირდეს ქრისტიანი მათ მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით?
სისხლი რთული შედგენილობის სითხეა. პლაზმაც კი, რომლის 90 პროცენტს წყალი შეადგენს, მრავალი ჰორმონის, არაორგანული მარილების, ფერმენტებისა და საკვები *.
ნივთიერებების — მინერალური ნივთიერებებისა და შაქრების ჩათვლით — მატარებელია. პლაზმაში არის ისეთი ცილები, როგორიცაა ალბუმინი, სისხლის შედედების ფაქტორები და ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას აძლევს. ლაბორატორიებში გამოყოფენ და იყენებენ პლაზმის ცილებს. მაგალითად, შედედების VIII ფაქტორი ეძლევა ჰემოფილიით დაავადებულებს, რომელთაც ადვილად ეწყებათ სისხლდენები. ან როდესაც ვინმეს გარკვეული დაავადება აღმოაჩნდება, ექიმებმა შეიძლება ავადმყოფს გამაგლობულინის ინიექციები დაუნიშნონ; ამ უკანასკნელთ კი იმ ადამიანების სისხლის პლაზმიდან ღებულობენ, რომლებსაც უკვე აქვთ აღნიშნული დაავადებებისადმი იმუნიტეტი. მედიცინაში იყენებენ პლაზმის სხვა ცილებსაც, მაგრამ ზემოთ მოხსენიებული მაგალითები ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება სისხლის ძირითადი კომპონენტის (პლაზმა) დამუშავება და მისგან სხვადასხვა ფრაქციის გამოყოფაროგორც პლაზმა არის სხვადასხვა ფრაქციის წყარო, ისე სხვა ძირითადი კომპონენტებიც (წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები, თრომბოციტები), რომელთა დამუშავების შედეგად, შეიძლება უფრო მარტივი კომპონენტების მიღება. მაგალითად თეთრი უჯრედებისგან შეიძლება მიღებულ იქნეს ინტერფერონი და ინტერლეიკინი, რომლებიც ზოგიერთი ვირუსული დაავადებისა და კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. თრომბოციტების დამუშავებით კი მიიღება ჭრილობის განმკურნავი ფაქტორი. მუშაობენ სხვა მედიკამენტების დამზადებაზეც, რომელთა შორის იქნება (თავიდან მაინც) სისხლის კომპონენტებიდან მიღებული ნივთიერებები. ასეთი მედიკამენტებით მკურნალობა არ არის უშუალოდ ძირითადი კომპონენტების გადასხმა; მათში, ჩვეულებრივ, ამ კომპონენტების შემადგენელი ნაწილები ან სისხლის ფრაქციები შედის. უნდა მიიღონ ქრისტიანებმა სამკურნალოდ ეს ფრაქციები? ჩვენ ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვით. ბიბლიაში არ არის ამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემული, ამიტომაც ქრისტიანმა თვითონ, საკუთარი სინდისის საფუძველზე, უნდა მიიღოს ღვთის წინაშე გადაწყვეტილება.
ზოგმა შეიძლება უარი თქვას ყველაფერზე, რაც სისხლიდან არის მიღებული (დროებითი პასიური იმუნიტეტის მომცემ ფრაქციებზეც კი). ასე ესმით მათ ღვთის მითითება ‘თავი შეიკავონ სისხლისაგან’. მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ღვთის მიერ ისრალებისთვის მიცემული რჯული მოითხოვდა, ცოცხალი არსებებისგან გამოშვებული სისხლი ‘მიწაზე დაეღვარათ’ (მეორე რჯული 12:22—24). რატომ არის მათი ეს პოზიცია მნიშვნელოვანი? გამაგლობულინის, სისხლზე დამზადებული შედედების ფაქტორებისა და სხვათა დასამზადებლად საჭიროა სისხლის რამე ჭურჭელში შეგროვება და დამუშავება. ამიტომ ზოგი ქრისტიანი უარს ამბობს ასეთ პროდუქტებზე, სწორედ ისევე, როგორც უარს იტყოდა მთლიანი სისხლის ან მისი ოთხი ძირითადი კომპონენტის გადასხმაზე. ყველამ პატივი უნდა სცეს მათ ასეთ გულწრფელ, კეთილსინდისიერ მიდგომას.
სხვა ქრისტიანები სხვა გადაწყვეტილებას იღებენ. ისინიც არ ისხამენ მთლიან სისხლს, წითელ უჯრედებს, თეთრ უჯრედებს, თრომბოციტებსა თუ პლაზმას, მაგრამ ექიმებს უარს არ ეუბნებიან ძირითადი კომპონენტებიდან მიღებული ფრაქციებით მკურნალობაზე. აქაც კი შეინიშნება სხვაობები. ერთმა ქრისტიანმა შეიძლება გაიკეთოს გამაგლობულინის ინიექციები, მაგრამ უარი თქვას ინიექციებზე, რომელთა დროსაც წითელი ან თეთრი უჯრედებიდან მიღებულ ნივთიერებებს გაუკეთებდნენ. საერთოდ კი რამ შეიძლება მიიყვანოს ზოგი ქრისტიანი იმ დასკვნამდე, რომ სისხლის ფრაქციების მიღება შეუძლიათ?
1990 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ (ინგლ.) „მკითხველთა შეკითხვებში“ აღნიშნული იყო, რომ ორსული
ქალის სისხლის პლაზმის ცილები (ფრაქციები) გადადის ჩანასახის სისხლში, რომელსაც დამოუკიდებელი სისხლის მიმოქცევის სისტემა აქვს. ამგვარად, დედა იმუნოგლობულინს გადასცემს შვილს, რითაც მას ასე ძვირფასი იმუნიტეტით უზრუნველყოფს. თავის მხრივ, როდესაც ჩანასახის წითელი უჯრედები თავისი ნორმალური სიცოცხლის ციკლს დაასრულებს, მასში შემავალი ჟანგბადის მატარებელი ნივთიერება გარდაქმნას განიცდის. მისი გარკვეული ნაწილი გარდაიქმნება ბილირუბინად; ეს უკანასკნელი პლაცენტის გავლით დედის ორგანიზმში ხვდება და მისი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებთან ერთად გამოიყოფა. ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება დაასკვნას, რომ, ვინაიდან სისხლის ფრაქციები ბუნებრივად შეიძლება ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორეში გადავიდეს, მათაც შეუძლიათ მიიღონ სისხლის ფრაქციები, რომლებიც სისხლის პლაზმიდან ან უჯრედებიდანაა მიღებულიის ფაქტი, რომ არსებული შეხედულებები და კეთილსინდისიერად მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან განსხვავდება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა? არა. ეს ძალიან სერიოზული საქმეა. მაგრამ აქ შეინიშნება ერთი ძირითადი მარტივი რამ. ზემოთ მოხსენიებული მასალა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ, როგორც მთლიანი სისხლის, ისე სისხლის ძირითადი კომპონენტების გადასხმაზე. ბიბლია ქრისტიანებს მიუთითებს, ‘თავი შეიკავონ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამღრჩვალისა და სიძვისაგან’ (საქმეები 15:29). გარდა ამისა, როდესაც საქმე ეხება რომელიმე ძირითადი კომპონენტის ფრაქციებს, თითოეულმა ქრისტიანმა გულმოდგინედ აწონ-დაწონისა და ლოცვის შემდეგ პირადად უნდა მიიღოს კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება.
მრავალი ადამიანი სიამოვნებით განაცხადებდა თანხმობას ნებისმიერ მკურნალობაზე, რომელიც დაუყოვნებლივ გააუმჯობესებდა მათ მდგომარეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცნობილია, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის; ასეთებს შორის ერთ-ერთი სისხლის პროდუქტების გამოყენებაა. გულწრფელი ქრისტიანი ეცდება, უფრო ვრცელი, გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეს, რაშიც მხოლოდ საქმის ფიზიკური მხარეების ცოდნაზე მეტი რამ შედის. იეჰოვას მოწმეები აფასებენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას და გულმოდგინედ აანალიზებენ იმ რისკსა თუ დადებით მხარეებს, რომლებიც რომელიმე მკურნალობას მოაქვს. მაგრამ, როდესაც საქმე სისხლისგან მიღებულ პროდუქტებს ეხება, ისინი ყურადღებით უკვირდებიან ღვთის სიტყვებსა და სიცოცხლის მომცემ ღმერთთან თავიანთ ურთიერთობას (ფსალმუნი 35:10).
რამხელა კურთხევაა ქრისტიანებისთვის ისეთივე დაჯერებულობა, როგორიც ფსალმუნმომღერალს ჰქოდნა: „მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ. უფალო. . . ნეტარია კაცი შენზე მონდობილი“ (ფსალმუნი 83:12, 13).
[სქოლიოები]
^ აბზ. 12 იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ 1978 წლის 15 ივნისისა [ინგლ.] და 1994 წლის 1 ოქტომბრის [რუს.] „საგუშაგო კოშკი“. ფარმაცევტული მრეწველობა აწარმოებს სინთეზურ პროდუქტებს, რომლებიც სისხლისგან არ არის მიღებული და რომლებიც შეიძლება სისხლის ზოგი ფრაქციის ნაცვლად იქნეს გამოწერილი.
[ჩარჩო 30 გვერდზე]
კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ ექიმებს დაუსვათ
თუ ისეთი ოპერაცია უნდა გაიკეთოთ ან ისეთი მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ, რომელშიც, ჩვეულებრივ, სისხლის პროდუქტებს იყენებენ, ჰკითხეთ ექიმს:
იცის თუ არა მთელმა სამედიცინო პერსონალმა, რომ, როგორც იეჰოვას მოწმე, რა მდგომარეობაშიც უნდა ჩავვარდე, უარს ვამბობ სისხლის გადასხმაზე (მთლიანი, წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები, თრომბოციტები ან სისხლის პლაზმა)?
თუ შესაძლებელია, რომ რომელიმე თქვენთვის დანიშნული პრეპარატი სისხლის პლაზმიდან, წითელი ან თეთრი უჯრედებიდან ან თრომბოციტებიდან იყოს დამზადებული, იკითხეთ:
წამალი სისხლის ოთხი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთიდან ხომ არ არის დამზადებული? თუ ასეა, ხომ ვერ ამიხსნიდით, როგორ არის ეს წამალი დამზადებული?
რა რაოდენობითაა ეს სისხლზე დამზადებული პრეპარატი დანიშნული და რა გზით უნდა იქნეს ის ორგანიზმში შეყვანილი?
თუ სინდისი ნებას დამრთავს ამ ფრაქციის მიღებაზე, რა რისკთანაა ამ პრეპარატის მიღება დაკავშირებული?
თუ სინდისი ამ ფრაქციის მიღების უფლებას არ მაძლევს, სხვა რა მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი?
საკითხის გულმოდგინედ აწონ-დაწონის შემდეგ, როდის შემიძლია გაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილება?