პატივი ეცით ყველას, ვისაც თქვენი ხელმძღვანელობა აქვს დაკისრებული
პატივი ეცით ყველას, ვისაც თქვენი ხელმძღვანელობა აქვს დაკისრებული
„ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით“ (1 პეტრე 2:17).
1, 2. როგორ უყურებს ხალხი დღეს ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირებს? რატომ?
„ბავშვები საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. მშობლებისადმი არავითარი პატივისცემა არა აქვთ“, — გულისტკივილით აღნიშნავს ერთი დედა. „ვიკამათოთ ხელმძღვანელობაზე“, — მოგვიწოდებს მანქანაზე გასაკრავი ერთ-ერთი წარწერა. აქ მოყვანილია მხოლოდ ორი მაგალითი, რომელთა მსგავსიც, როგორც იცით, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით დღეს ფართოდ არის გავრცელებული. მშობლების, მასწავლებლების, დამსაქმებლებისა და მთავრობის ოფიციალურ პირთა მიმართ უპატივცემულობა მთელ მსოფლიოში ჩვეულებრივი მოვლენაა.
2 ზოგი, უბრალოდ, მხრებს იჩეჩავს და ამბობს: „ხელმძღვანელად დანიშნული პირები ჩემს თვალში პატივისცემას არ იმსახურებენ“. ზოგჯერ ძნელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს. დღეს უწყვეტ ნაკადად მოედინება ინფორმაცია კორუმპირებული მთავრობის წარმომადგენლების, ხარბი დამსაქმებლების, არაკომპეტენტური მასწავლებლებისა და მოძალადე მშობლების შესახებ. საბედნიეროდ, მცირედს თუ აქვს ქრისტიანებს შორის ხელმძღვანელობის მქონე პირთა მიმართ მსგავსი თვალსაზრისი (მათე 24:45—47).
3, 4. რატომ უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა ხელმძღვანელობის უფლების მქონე პირთა მიმართ პატივისცემა?
3 როგორც ქრისტიანებს, ჩვენ „გვმართებს“, პატივი ვცეთ საერო ხელმძღვანელობას. მოციქული პავლე ქრისტიანებს არიგებდა, რომ ‘დამორჩილებოდნენ უზენაეს ხელმწიფებას, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერ დადგენილია’ (რომაელთა 13:1, 2, 5, სსგ; 1 პეტრე 2:13—15). პავლემ იმის მყარი საფუძველიც მოიყვანა, თუ რატომ უნდა დავემორჩილოთ ოჯახში არსებულ ხელმძღვანელობას: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის“ (კოლასელთა 3:18, 20). კრების უხუცესები პატივისცემას იმსახურებენ, რადგან ისინი ‘მეთვალყურედ სულიწმიდამ დააყენა, რათა მწყემსავდნენ ღვთის ეკლესიას’ (საქმეები 20:28). იეჰოვასადმი პატივისცემიდან გამომდინარე პატივს ვცემთ ხელმძღვანელად დანიშნულ ადამიანებს. იეჰოვასთვის პატივის მიგება კი, ბუნებრივია, ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს (საქმეები 5:29).
4 მხედველობაში ვიქონიოთ იეჰოვას უზენაესი ხელმძღვანელობა და განვიხილოთ იმ რამდენიმე ადამიანის მაგალითი, რომელთაგან ზოგმა პატივი არ მიაგო ხელმძღვანელობის მქონე პირებს, ხოლო ზოგმა — პირიქით.
უპატივცემულობა მსჯავრდადებამდე მიმყვანია
5. როგორ გამოავლინა მელქოლამ დავითის მიმართ უპატივცემულობა და რა შედეგი მოჰყვა ამას?
5 მეფე დავითის ისტორიიდან შეგვიძლია დავინახოთ, როგორია იეჰოვას თვალსაზრისი მათ მიმართ, ვინც ზემოდან დაჰყურებს ღვთის მიერ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირებს. როდესაც დავითს აღთქმის კიდობანი იერუსალიმში გადაჰქონდა, მისმა ცოლმა, მელქოლამ, „დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში“. მელქოლას დავითი არა მარტო ოჯახის უფროსად უნდა ეცნო, არამედ ქვეყნის მეფედაც. მაგრამ მეორე მეფეთა 6:14—23).
მან სარკაზმით თქვა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მორჩილთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე“. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ მელქოლა უშვილო დარჩა (6. როგორი იყო იეჰოვას თვალსაზრისი კორახის მიერ მისი ცხებულების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენაზე?
6 ღვთის მიერ დადგენილი თეოკრატიული ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობის გამოვლენის აღმაშფოთებელი მაგალითი კორახი იყო. როგორც კეჰათის შთამომავალს, იეჰოვას კარავში მსახურების რაოდენ დიდებული პატივი ხვდა მას წილად! მიუხედავად ამისა, მან შარი მოსდო მოსესა და აარონს, რომლებიც ღვთის მიერ ისრაელის ხელმძღვანელებად იყვნენ დანიშნული. კორახი ისრაელის სხვა თავკაცებთან შეითქვა და უკმეხად ელაპარაკა მოსესა და აარონს: „წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?“. როგორ უყურებდა იეჰოვა კორახისა და მის მხარდამჭერთა პოზიციას? ღმერთმა მათი მოქმედება პირადად თავის მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობად მიიღო. მას შემდეგ, რაც კორახმა და 250-მა მის მხარეს მყოფმა თავკაცმა იხილეს, თუ როგორ დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ყველა მათი მომხრე, გამოვიდა იეჰოვასგან ცეცხლი და შთანთქა ისინიც (რიცხვნი 16:1—3, 28—35).
7. ჰქონდათ „მაღალ მოციქულებს“ პავლეს ხელმძღვანელობის გაკრიტიკების რამე საფუძველი?
7 პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თეოკრატიული ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობას ავლენდნენ. კორინთის კრების „მაღალ მოციქულებს“ პავლეს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი აკრიტიკებდნენ მისი მეტყველების უნარს და ამბობდნენ: „როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო“ (2 კორინთელთა 10:10; 11:5). მიუხედავად იმისა, მჭევრმეტყველი იყო პავლე თუ არა, როგორც მოციქული, ის იმსახურებდა პატივისცემას. მაგრამ მართლა არარაობა იყო პავლეს სიტყვა? ბიბლიაში ჩაწერილი მისი საჯარო გამოსვლები ცხადყოფს, თუ რამდენად დამაჯერებელი საუბარი ჰქონდა მოციქულს. დიახ, „იუდეველთა ყველა. . . სადავო საკითხის მცოდნე“ ჰეროდე აგრიპა II-თან მოკლე საუბრის შემდეგ, პავლემ იქამდე მიიყვანა მეფე, რომ ამ უკანასკნელმა უთხრა: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“! (საქმეები 13:15—43; 17:22—34; 26:1—28). მაგრამ კორინთის მაღალი მოციქულები მას ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, მისი სიტყვა არარაობააო! როგორი იყო მათი ასეთი დამოკიდებულების მიმართ იეჰოვას თვალსაზრისი? ეფესელთა კრების ზედამხედველთათვის განკუთვნილ ცნობაში იესო ქრისტე კეთილგანწყობილებით ლაპარაკობდა მათ შესახებ, ვინც ვერ გადაიბირეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ‘თავის თავზე ამბობდნენ, მოციქულები ვართო, და არ იყვნენ მოციქულები’ (გამოცხადება 2:2).
პატივი ეცით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები არიან
8. როგორ ცხადყო დავითმა, რომ პატივისცემით ეკიდებოდა საულისთვის იეჰოვას მიერ მიცემულ ხელმძღვანელობის უფლებას?
8 ბიბლიაში მრავლად არის მათი მაგალითები, რომლებიც პატივს მიაგებდნენ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთ მაშინაც კი, როდესაც ეს პირები არასწორად ან ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას. ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი დავითია. მეფე საულს, ვისაც დავითი ემსახურებოდა, შეშურდა მისი მიღწევები და მოკვლას უპირებდა (პირველი მეფეთა 18:8—12; 19:9—11; 23:26). მიუხედავად ამისა, როდესაც დავითს საულის მოკვლის შესაძლებლობა მიეცა, თქვა: „უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო“ (პირველი მეფეთა 24:4—7; 26:7—13). დავითმა იცოდა, რომ საული არასწორად იქცეოდა, მაგრამ მისი განსჯა იეჰოვას მიანდო (პირველი მეფეთა 24:13, 16; 26:22—24). ის შეურაცხმყოფლად არ ლაპარაკობდა საულის შესახებ და არც პირადად შეურაცხყოფდა მას.
9. ა) რას გრძნობდა დავითი მაშინ, როდესაც საული ცუდად ეპყრობოდა? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავითი ნამდვილად სცემდა პატივს საულს?
9 წუხდა დავითი იმის გამო, რომ ცუდად ეპყრობოდნენ? „მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი“, — შესტიროდა დავითი იეჰოვას (ფსალმუნი 53:5). ის გულს იეჰოვას წინაშე ცლიდა: „მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო. . . შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო. უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე“ (ფსალმუნი 58:2—5). ოდესმე მსგავს მდგომარეობაში ხომ არ გიგრძვნიათ თავი? ხომ არ გიგრძვნიათ, რომ ხელმძღვანელობის უფლების მქონე პიროვნებისთვის არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ ის მაინც ცუდად გეპყრობოდათ? დავითს საულისადმი უპატივცემულობა არასოდეს გამოუვლენია. როდესაც საული მოკვდა, დავითი სიხარულმა კი არ მოიცვა, არამედ სამგლოვიარო სიმღერა დაწერა: „საულ და იონათან! საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში. . . არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ. ისრაელის ასულნო! იტირეთ საული“ (მეორე მეფეთა 1:23, 24). თუმცა საული ცუდად ეპყრობოდა, იეჰოვას მიერ ცხებული ხელმძღვანელისადმი ჭეშმარიტი პატივისცემის გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა დავითმა!
10. ღვთის მიერ ხელმძღვანელი საბჭოსთვის ბოძებული ხელმძღვანელობის უფლებისადმი პატივისცემის რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ და რა შედეგი მოჰყვა ამას?
10 ქრისტიანულ ეპოქაში მცხოვრებთა შორისაც ვხვდებით ღვთის მიერ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთა მიმართ პატივისცემის გამოვლენის შესანიშნავ მაგალითებს. მაგალითად, განვიხილოთ პავლეს შემთხვევა. ის პატივისცემით ეკიდებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრების ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოტანილ გატაწყვეტილებებს. იერუსალიმში უკანასკნელად ყოფნის დროს ხელმძღვანელმა საბჭომ მოციქულს ურჩია, ცერემონიალურად განწმენდილიყო, რათა სხვებისთვის ეჩვენებინა, რომ მოსეს რჯულის მიმართ მტრულად სულაც არ იყო განწყობილი. პავლეს შეეძლო ეფიქრა: „ამ ძმებმა, ამას წინათ, როდესაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, იერუსალიმიდან წასვლა მირჩიეს. ახლა მათი სურვილია, საჯაროდ ვუჩვენო ყველას, რომ პატივს ვცემ მოსეს რჯულს. გალატელებისთვის უკვე მიწერილი მაქვს წერილი, სადაც ვურჩევდი, რომ აღარ მიჰყვნენ მოსეს რჯულს. თუ ტაძარში წავალ, სხვებმა შეიძლება არასწორად გაიგონ ჩემი მოქმედება და იფიქრონ, რომ წინადაცვეთილთა კლასთან რაღაც დათმობაზე მივდივარ“. მაგრამ პავლეს, როგორც ჩანს, ასე არ უფიქრია. ვინაიდან ამგვარი მოქმედებით ქრისტიანული პრინციპები არ ირღვეოდა, მან პატივისცემა გამოავლინა და შეასრულა პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მიცემული რჩევა. ამის შედეგად კი მაშინვე მოუწია იუდეველთა ბრბოსგან თავდახსნა და ორი წლის განმავლობაში ციხეში ყოფნა. საბოლოოდ კი ღვთის ნება შესრულდა. პავლემ დაამოწმა კესარიის მაღალი ჩინის მქონე პიროვნებების წინაშე, ხოლო შემდეგ მთავრობის ხარჯებით რომში წაიყვანეს, რათა თვით კეისრის წინაშე დაემოწმებინა (საქმეები 9:26—30; 21:20—26; 23:11; 24:27; გალატელთა 2:12; 4:9, 10).
ავლენთ თუ არა თქვენ პატივისცემას?
11. როგორ შეგვიძლია საერო სამსახურში მყოფ ხელმძღვანელთა მიმართ პატივისცემის გამოვლენა?
11 ავლენთ თუ არა თქვენ სათანადო პატივისცემას მათ მიმართ, ვისაც ხელმძღვანელობის უფლება აქვს? ქრისტიანებმა უნდა შეასრულონ მითითება: „მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის. . . ვისაც პატივი — პატივი“. მართლაც, ‘უმაღლესი ხელმწიფებისადმი’ მორჩილებაში არა მხოლოდ გადასახადების გადახდა შედის, არამედ საქციელითა და საუბრებით ხელმძღვანელებისადმი პატივისცემის გამოვლენაც (რომაელთა 13:1—7). როგორ ვრეაგირებთ, როდესაც ისეთ მთავრობის მოხელესთან გვიწევს შეხვედრა, რომელიც უხეშია? მექსიკაში, ჩიაპასის შტატში, ერთი დასახლების ხელმძღვანელობამ იეჰოვას მოწმეთა 57 ოჯახს მიწის ნაკვეთი ჩამოართვა იმის გამო, რომ ისინი გარკვეულ რელიგიურ დღესასწაულებში არ იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრებზე, რომლებზეც უნდა გადაჭრილიყო ეს საკითხი, მოწმეები ყოველთვის სუფთად და კოხტად ჩაცმულები მიდიოდნენ; აგრეთვე ყოველთვის ღირსეულად და პატივისცემით ლაპარაკობდნენ. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ საქმე მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყდა. მათმა დამოკიდებულებამ იმდენად იმოქმედა ზოგ დამსწრეზე, რომ ისინი პატივისცემით განიმსჭვალნენ და იეჰოვას მოწმედ გახდომის სურვილიც კი გამოთქვეს!
12. რატომ არის მნიშვნელოვანი ურწმუნო ქმრისადმი „ღრმა პატივისცემის“ გამოვლენა?
12 როგორ შეგიძლიათ ოჯახში ღვთის მიერ დადგენილი ხელმძღვანელობისადმი პატივისცემის გამოვლენა? მას შემდეგ, რაც პეტრეს მოჰყავს ბოროტთა მიერ იესოს ტანჯვის მაგალითი, აღნიშნავს: «ასევე ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით [„ღრმა პატივისცემით“, აქ]» (1 პეტრე 3:1, 2; ეფესელთა 5:22—24). პეტრე აქ ხაზს უსვამს ცოლების ქმრებისადმი „ღრმა პატივისცემით“ მორჩილებას მაშინაც კი, როდესაც ზოგი ქმარი მაინცდამაინც არ იმსახურებს ამას. ცოლმა ასეთი პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულებით შეიძლება ურწმუნო ქმრის გული მოიგოს.
13. როგორ შეუძლიათ ცოლებს ქმრებისადმი პატივისცემის გამოვლენა?
13 ამ მუხლების კონტექსტში პეტრე ჩვენს ყურადღებას სარას მაგალითზე ამახვილებს, რომლის ქმარს, აბრაამს, ბრწყინვალე რწმენა ჰქონდა (რომაელთა 4:16, 17; გალატელთა 3:6—9; 1 პეტრე 3:6). ურწმუნო ქმრების მიმართ ცოლების მიერ გამოვლენილ პატივისცემაზე ნაკლები პატივისცემა უნდა გამოავლინონ მორწმუნე ქმრების მიმართ ცოლებმა? რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც გარკვეულ საკითხში არ ეთანხმებით ქმარს? იესომ მოგვცა რჩევა, რომელიც ზოგადად შეიძლება ამ შემთხვევაში იქნეს გამოყენებული: „ვინც ერთ მილზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). პატივს სცემთ თქვენს ქმარს და ასრულებთ მის სურვილებს? თუ ეს გეძნელებათ, გაუზიარეთ ქმარს თქვენი გრძნობები. ნუ დაასკვნით, რომ მან ისედაც იცის, თუ რას გრძნობთ. მაგრამ, როდესაც საკუთარ სურვილებს უზიარებთ, ეს პატივისცემით გააკეთეთ. ბიბლია გვარიგებს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6).
14. რა შედის მშობლებისადმი პატივისცემაში?
14 რა შეიძლება ითქვას თქვენს შვილებთან დაკავშირებით? ღვთის სიტყვა მოგვითითებს: «დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. „პატივი ეცი შენს მამას და დედას — ეს არის პირველი მცნება აღთქმით“» (ეფესელთა 6:1—3). შენიშნეთ, მშობლებისადმი მორჩილება ‘მამისა და დედის პატივისცემასთან’ არის გაიგივებული. ბერძნული სიტყვა, რომელიც გადმოითარგმნა როგორც „პატივი ეცით“, „დიდად დაფასების“ მნიშვნელობასაც ატარებს. ამგვარად, მშობლებისადმი მორჩილებისთვის საკმარისი არ არის, უკმაყოფილოდ დაემორჩილოთ მათ ხელმძღვანელობას ისეთ საკითხებში, რომელთა შესრულებაც არაგონივრული გეჩვენებათ. ღმერთი მოითხოვს, დიდი პატივისცემით მოეპყროთ მათ და დააფასოთ მათი ხელმძღვანელობა (იგავნი 15:5).
15. როგორ შეუძლიათ შვილებს მშობლებისადმი პატივისცემის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც ფიქრობენ, რომ მშობლები ცდებიან?
15 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როდესაც მშობლები ისე იქცევიან, რომ მათდამი პატივისცემა გეკარგებათ? ეცადეთ, მათი პოზიციიდან შეხედოთ მდგომარეობას. განა მათ არ ‘გშობეს’ და უზრუნველგყვეს? (იგავნი 23:22). განა თქვენდამი სიყვარული არ ამოძრავებთ მათ? (ებრაელთა 12:7—11). პატივისცემით ელაპარაკეთ მშობლებს; თავმდაბლად აუხსენით, რას გრძნობთ. მაშინაც კი, თუ მათი რეაქცია არ მოგწონთ, თავი შეიკავეთ მათთან უპატივცემულოდ ლაპარაკისგან (იგავნი 24:29). გაიხსენეთ, როგორ შეინარჩუნა დავითმა საულისადმი პატივისცემა მაშინაც კი, როდესაც მეფემ ღვთის რჩევას გადაუხვია. სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ მოზღვავებულ გრძნობებთან გამკლავებაში. „თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე, — თქვა დავითმა, — ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“ (ფსალმუნი 61:9; გოდება იერემიასი 3:25—27).
პატივი ეცით ხელმძღვანელებს
16. რის სწავლა შეგვიძლია ცრუ მოძღვართა და ანგელოზთა მაგალითებიდან?
16 კრების უხუცესები, მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდით ინიშნებიან, არასრულყოფილები არიან და შეცდომებსაც უშვებენ (ფსალმუნი 129:3; ეკლესიასტე 7:20; საქმეები 20:28; იაკობი 3:2). ამის გამო კრებაში ზოგი შეიძლება უხუცესებით უკმაყოფილო იყოს. როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია, როდესაც ვფიქრობთ, რომ კრებაში რაღაც სამართლიანად არ წყდება ან გვეჩვენება, რომ ასე ხდება? შენიშნეთ, რა განსხვავება იყო პირველი საუკუნის ცრუ მოძღვრებსა და ანგელოზებს შორის: «[ცრუ მოძღვრები] ჯიუტნი და დიდებათა ლანძღვის ურიდნი [არიან], მაშინ, როცა ანგელოზებიც კი, რომელნიც მათზე მაგარნი და ძლიერნი არიან, არ დაუშვებენ უფლის წინაშე [„იეჰოვასადმი პატივისცემის გამო“, აქ], რომ შეურაცხმყოფელი [„შეურაცხმყოფლად“, აქ] ბრალი დასდონ მათ» (2 პეტრე 2:10—13). მაშინ როდესაც ცრუ მოძღვრები ‘დიდებათ’ — პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ უხუცესებს — ლანძღავდნენ, ანგელოზები ძმებს შორის დაყოფის გამომწვევ ცრუ მოძღვართა შესახებაც კი არ ლაპარაკობდნენ შეურაცხმყოფლად. ანგელოზებმა, რომლებსაც ადამიანებზე მაღალი მდგომარეობა ეჭირათ და მეტი სამართლიანობის გრძნობაც ჰქონდათ, იცოდნენ, თუ რა ხდებოდა კრებაში. მაგრამ „იეჰოვასადმი პატივისცემის გამო“ ისინი განაჩენის გამოტანას მხოლოდ ღმერთს მიანდობდნენ (ებრაელთა 2:6, 7; იუდა 9).
17. როგორ მოქმედებს თქვენი რწმენა, როდესაც ფიქრობთ, რომ გარკვეულ პრობლემასთან დაკავშირებით უხუცესები არასწორად იქცევიან?
17 მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს, განა იესო ქრისტესადმი, ქრისტიანული კრების ცოცხალი თავისადმი, რწმენა არ უნდა გამოვავლინოთ? განა მან არ იცის, რა ხდება მისსავე მსოფლიო კრებაში? განა პატივისცემა არ უნდა გამოვავლინოთ მდგომარეობის მისი მეთოდით გამოსწორებისათვის და არ უნდა ვცნოთ ყველაფრისთვის ხელმძღვანელობის გაწევის მისი უნარი? მართლაც, ‘ვინა ვართ ჩვენ, რომ განვსჯით მოყვასს?’ (იაკობი 4:12, სსგ; 1 კორინთელთა 11:3; კოლასელთა 1:18). რატომ არ უნდა გეთქვათ თქვენი საზრუნავის შესახებ იეჰოვასთვის ლოცვაში?
18, 19. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ, რომ უხუცესმა შეცდომა დაუშვა?
18 ადამიანური არასრულყოფილების გამო შეიძლება სირთულეები ან პრობლემები წამოიჭრას. ზოგჯერ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ უხუცესმა შეცდომა დაუშვას, ამან კი ვიღაცა გაანაწყენოს. ასეთ შემთხვევაში ნაჩქარევი მოქმედებით ჩვენ მდგომარეობას ვერ შევცვლით. ამით შეიძლება პრობლემა მხოლოდ გავართულოთ. სულიერი ხედვის მქონე ადამიანი საქმის იეჰოვას 2 ტიმოთე 3:16; ებრაელთა 12:7—11).
მიერ გამოსწორებას, მის მიერ სათანადო დროსა და სათანადო სახით საჭირო ზომების მიღებას, დაელოდებოდა (19 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც გარკვეული საკითხის გამო გულნატკენი დარჩით? ამაზე კრებაში სხვებთან საუბრის ნაცვლად, რატომ არ უნდა მისულიყავით უხუცესებთან, გამოგევლინათ მათდამი პატივისცემა და დახმარება გეთხოვათ? მოერიდეთ კრიტიკას და ისე შეეცადეთ აუხსნათ, როგორ იმოქმედა ამან თქვენზე. ყოველთვის ‘თანაუგრძნეთ’ მათ და საუბრის დროს შეინარჩუნეთ მათდამი პატივისცემა (1 პეტრე 3:8, აქ). ნუ იქნებით სარკასტულები, არამედ ენდეთ მათ ქრისტიანულ მოწიფულობას. დააფასეთ ბიბლიაზე დაფუძნებული ნებისმიერი გამამხნევებელი სიტყვა, რომელსაც კეთილმოსურნეობით გეუბნებიან. და თუ მაინც გგონიათ, რომ კიდევ არის საჭირო გამოსასწორებელი ზომები, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა უხელმძღვანელებს უხუცესებს და გააკეთებინებს იმას, რაც კარგი და სწორია (გალატელთა 6:10; 2 თესალონიკელთა 3:13).
20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 მაგრამ არის კიდევ სხვა მხარე, რომელიც ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთა მიმართ პატივისცემასთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ. უნდა გამოავლინონ თუ არა ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილებმა იმ ადამიანთა მიმართ პატივისცემა, რომლებზეც ისინი ზრუნავენ? მოდი ეს საკითხი მომდევნო სტატიაში განვიხილოთ.
როგორ უპასუხებდით?
• რა საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ პატივი ვცეთ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილთ?
• როგორ უყურებენ იეჰოვა და იესო მათ, ვინც პატივს არ სცემს ღვთის მიერ ბოძებულ ხელმძღვანელობის უფლებას?
• რა შესანიშნავი მაგალითები მოგვცეს მათ, ვინც პატივს სცემდა ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირებს?
• რის გაკეთება შეგვიძლია, თუ გვეჩვენება, რომ ჩვენზე ხელმძღვანელობის უფლების მქონე პიროვნება შეცდა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 12 გვერდზე]
სარა დიდი პატივისცემით ეკიდებოდა აბრაამის ხელმძღვანელობას და ბედნიერი იყო.
[სურათი 13 გვერდზე]
მელქოლამ პატივი არ სცა დავითის, როგორც ოჯახის უფროსისა და მეფის, ავტორიტეტს.
[სურათი 15 გვერდზე]
„უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე ხელი აღვმართო“.
[სურათი 16 გვერდზე]
რატომ არ უნდა გეთქვათ თქვენი საზრუნავის შესახებ იეჰოვასთვის ლოცვაში?