არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ვძლიოთ მაქსიმალიზმს?

რატომ უნდა ვძლიოთ მაქსიმალიზმს?

რატომ უნდა ვძლიოთ მაქსიმალიზმს?

ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობთ თუ არა ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოთ? ცხადია, ასე მოქმედება შეიძლება მრავალმხრივ სასარგებლო იყოს როგორც თქვენთვის, ისე თქვენს ირგვლივ მყოფთათვის; მაგრამ ზოგი მეტისმეტად ცდილობს და მაქსიმალისტი ხდება. რას ნიშნავს ეს?

სიტყვა „მაქსიმალიზმის“ ერთ-ერთი მნიშვნელობაა „რაიმე უკიდურესი მოთხოვნის წამოყენება“. თქვენ, ალბათ, შეხვედრიხართ ასეთი ხასიათის ადამიანებს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ სხვების მიმართ წაყენებული მათი მოთხოვნები მრავალ პრობლემას იწვევს, იმედგაცრუებულობისა და გულგატეხილობის მიზეზი ხდება. გაწონასწორებული თვალსაზრისის მქონე მრავალ ადამიანს ესმის, რომ მაქსიმალიზმი, უკიდურესობისა და ნებისმიერ საკითხში არაგონივრული მოთხოვნების წაყენების გაგებით, ნამდვილად არასასურველია. ამიტომ აუცილებელია მისი დაძლევა. მაგრამ სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ, როდესაც საქმე ჩვენს პირად აზროვნებას ან ხასიათს ეხება, შეიძლება გვიჭირდეს იმის გაცნობიერება, რომ ასეთი მიდრეკილება გვაქვს, ეს კი მის დაძლევას ართულებს.

ნელსონს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და მრავალი პრობლემა აქვს გადასაჭრელი. ის რეგულარულად ამოწმებს სტატისტიკურ მონაცემებს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელს. ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შრომის ბირჟაზე კონკურენციაში გასამარჯვებლად მაქსიმალიზმია აუცილებელი. ზოგი შეიძლება ძალიან აფასებდეს ნელსონის მიზანსწარფვას, მაგრამ პირადად მას მაქსიმალიზმმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეუქმნა; მაგალითად, თავის ტკივილი და სტრესი. ნელსონის პიროვნებაში საკუთარი თავი ხომ არ დაინახეთ?

ახალგაზრდებიც ექცევიან მაქსიმალიზმის გავლენის ქვეშ. ბავშვობისას რიო-დე-ჟანეიროელ რიტას ძალიან უყვარდა სკოლაში სიარული. ის ცდილობდა, სხვების თვალში ამბიციური არ გამოჩენილიყო, მაგრამ, თუ უმაღლეს შეფასებას არ მიიღებდა, თავს განადგურებულად გრძნობდა. რიტა ყვება: „ბავშვობიდან ყოველთვის მშურდა მათი, ვისაც ძალიან ბევრი დრო ჰქონდა, რადგან მე ყოველთვის დაძაბული ვიყავი და ყოველთვის რაღაც უნდა მომესწრო. არასოდეს მქონია თავისუფალი დრო დასვენებისთვის, რადგან ყოველთვის რაღაც მქონდა გასაკეთებელი“.

ბავშვობისას მარია გულაჩუყებული ტიროდა ხოლმე, როცა სხვებივით კარგად ვერ ხატავდა. მუსიკის სრულყოფილებამდე აყვანილ არტისტულ დონეზე შესრულების სურვილის გამო მას ხშირად დაკვრისა და მღერისგან სიამოვნების მიღების ნაცვლად, დაძაბულობა და ნერვიულობა იპყრობდა. ერთი ბრაზილიელი გოგონა, ტონია, რომელიც ცდილობდა, გონივრულად მოქცეულიყო და კონკურენციის სულისკვეთებას მორიდებოდა, აღიარებს, რომ საკუთარ თავს მაინც მეტისმეტ მოთხოვნებს უყენებდა, როგორც სკოლაში, ისე სახლში. ის ფიქრობდა, რომ, თუ ყველაფერს სრულყოფილად არ გააკეთებდა, ხალხის დიდ მოწონებას ვერ დაიმსახურებდა. გარდა ამისა, ზოგჯერ ტონი მეტისმეტს მოელოდა სხვებისგან, რასაც იმედგაცრუებულობამდე და დანაღვლიანებამდე მიჰყავდა.

თუმცა უნარიანობა, გულმოდგინება და საკუთარი თავით კმაყოფილების გრძნობა მნიშვნელოვანია, არაგონივრული მიზნების დასახვას შეიძლება უარყოფითი გრძნობები, მაგალითად, წარუმატებლობის შიში, მოჰყვეს. მშობლებმა ან სხვებმა შეიძლება ბავშვებს სწავლაში ან სპორტის რომელიმე სახეობაში ისეთი სრულყოფილი სტანდარტები დაუდგინონ, რომელთა მიღწევაც ძალიან ძნელია. მაგალითად, რიკარდოს დედა შვილისგან ძალიან ბევრს ელოდა; მას სურდა, რომ რიკარდო ექიმი გამხდარიყო, პიანინოზე დაკვრა სცოდნოდა და რამდენიმე ენას დაუფლებოდა. ხედავთ თუ არა, რომ ასეთი მიდგომა — უკიდურესობაში გადავარდნა — ხელს უწყობს პრობლემების წამოჭრასა და გულგატეხილობის განვითარებას?

რატომ უნდა ვერიდოთ მაქსიმალიზმს?

უმაღლეს დონეზე საქმის კეთება, პუნქტუალურობა და საქმეში დახელოვნება დღეს აუცილებელია, რადგან შრომის ბირჟაზე ხალხს კონკურენციაში მონაწილეობა უწევს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ადამიანს განსაკუთრებით მოწადინებულს ხდის, არის საარსებო წყაროს დაკარგვის შიში. ზოგი იმ ათლეტის მსგავსი ხდება, რომელიც მთელ ძალებს ახალი რეკორდის მიღწევას ახმარს. შემდეგ კი, როდესაც ხედავს, რომ სხვები გაცხარებით ეჯიბრებიან, საკუთარ თავს აიძულებს, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს და შესაძლებელია ამ მიზნის მისაღწევად ქიმიური ნივთიერებებიც მოიშველიოს, რათა მონაცემები გაიუმჯობესოს და, როგორც თვითონ იმედოვნებს, გაიმარჯვოს კიდეც. ნაცვლად იმისა, რომ დახელოვნების ჯანსაღი სურვილი ჰქონდეთ, მაქსიმალისტებს „წარუმატებლობის შიში“ ან „პირველობის სულისკვეთება“ ამოძრავებთ (The Feeling Good Handbook).

მართალია, ზოგის აზრით რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა ხელოვნებასა და სპორტში, გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ დ-რი რობერტ ელიოტი ამბობს, რომ „მაქსიმალიზმი არის იმის მოლოდინი, რაც არასოდეს შეესაბამება რეალობას“. შემდეგ კი დასძენს: „მისი წარმოშობის მიზეზი არის დანაშაულის გრძნობა, თავდაცვის სურვილი და დაცინვის შიში“. ამიტომ მართლაც რომ ჭეშმარიტია ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 4:4).

რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ატყობთ, რომ მაქსიმალიზმისკენ მიდრეკილება გაქვთ? განა მართალი არ არის, რომ, რაც უფრო მაქსიმალურად ცდილობთ რაღაცის კეთებას, მით უფრო გიცრუვდებათ იმედი? ნუთუ არ გსურთ, უფრო ნაკლებად მომთხოვნი და უფრო გაწონასწორებული იყოთ? რას ნიშნავს იყოთ სრულყოფილი? განა არ გსურთ, თქვენი პოტენციალის სრულად გამოყენება, ისე რომ მაქსიმალიზმს გვერდი აუაროთ? თუ არასრულყოფილ ადამიანებს შეუძლიათ ღვთის მიერ ბოძებული უნარის სხვების სასიკეთოდ გამოყენება, წარმოიდგინეთ, რამდენის მიღწევას შეძლებს კაცობრიობა სრულყოფილ გარემოში ღვთის ხელმძღვანელობით!

[სურათი 4 გვერდზე]

მშობლები ან სხვები შეიძლება ბავშვებს სრულყოფილებას სთხოვდნენ, რის მიღწევაც შვილებისთვის შეუძლებელია.