არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სკოლა „გალაადის“ 108-ე კლასი აღძრული იყო წმინდა მსახურების შესასრულებლად

სკოლა „გალაადის“ 108-ე კლასი აღძრული იყო წმინდა მსახურების შესასრულებლად

სკოლა „გალაადის“ 108-ე კლასი აღძრული იყო წმინდა მსახურების შესასრულებლად

ბიბლიაში ღვთისადმი თაყვანისცემა ხშირად გადმოიცემა გამოთქმით „წმინდა მსახურება“, [აქ]. ეს გამოთქმა გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ღვთისმსახურების შესრულებაზე მიუთითებს (რომაელთა 9:4). 5 562-მა დამსწრემ, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 108-ე კლასის გამოსაშვებ პროგრამას ესწრებოდნენ, მოისმინა, თუ რა პრაქტიკული რჩევა მისცეს მომხსენებლებმა კურსდამთავრებულებს, რაც მათ იეჰოვა ღმერთისთვის მისაღები წმინდა მსახურების შესრულებაში დაეხმარებოდა *.

პროგრამას თავმჯდომარეობდა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, თეოდორ იარაჩი. პროგრამა გაიხსნა 52-ე სიმღერით „ჩვენი მამის სახელი“. ამ სიმღერის მეორე კუპლეტში ნათქვამია: „ვცდილობთ, რომ შენი სახელი წმინდავყოთ და ვადიდოთ“. ეს ნამდვილად გამოხატავდა გამოსაშვები კლასის (10 ქვეყნიდან ჩამოსული) სტუდენტების გულწრფელ სურვილს, მიღებული ცოდნა თავიანთი მისიონერული დანიშნულებების შესრულებისას 17 სხვადასხვა ქვეყანაში გამოეყენებინათ.

თავის შესავალ სიტყვებში ძმა იარაჩმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტების მიერ გავლილ ხუთთვიან გაძლიერებულ ბიბლიის შესწავლის კურსზე, რომელმაც ისინი უცხო ტერიტორიებზე მსახურებისთვის მოამზადა. ეს დაეხმარა მათ, რომ ‘ყველაფერი გამოეცადათ’, კერძოდ, ღვთის სიტყვის სინათლის შუქზე გულდასმით გამოეკვლიათ ის, რაც წინათ ისწავლეს და ‘კეთილს ჩაჭიდებოდნენ’ (1 თესალონიკელთა 5:21). მან წაახალისა ისინი, რომ ბოლომდე იეჰოვას, მისი სიტყვისა და თავიანთი დანიშნულების ერთგული დარჩენილიყვნენ, რის შესასრულებლადაც დასწავლება მიიღეს. რა დაეხმარება მათ ყოველივე ამის შესრულებაში?

პრაქტიკული რჩევა წმინდა მსახურების შესასრულებლად

ბეთელის სამმართველო კომიტეტის წევრმა, ლონ შილინგმა, წარმოთქვა მოხსენება თემაზე „გამოავლენთ კეთილგონიერებას?“ მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კეთილგონივრულად მოქმედება, რაც ღვთიურ სიბრძნეს ირეკლავს (იაკობი 3:17, აქ). კეთილგონიერებაში ის იგულისხმება, რომ იყო დამთმობი, სამართლიანი, ზომიერი, ყურადღებიანი და თავშეკავებული. „კეთილგონიერი ადამიანები გაწონასწორებული არიან სხვებთან ურთიერთობისას. ისინი არ ვარდებიან უკიდურესობებში“, — აღნიშნა ძმა შილინგმა. რა დაეხმარება მისიონერს კეთილგონიერების გამოვლენაში? მოწიწებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, სხვების მოსმენისა და მათგან რაიმეს სწავლის შესაძლებლობის უპირატესობად მიჩნევა და სხვების შეხედულებების გასათვალისწინებლად მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ არ ირღვევა ღვთის პრინციპები (1 კორინთელთა 9:19—23).

პროგრამის მომდევნო ნაწილი, ინტერესის აღმძვრელი სათაურის მქონე მოხსენება „ნუ დაივიწყებთ საკვების მიღებას!“, წარმოადგინა ხელმძღვანელი საბჭოს სხვა წევრმა, სამუელ ჰერდმა. მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარგი სულიერი კვება იმისათვის, რომ კარგ ფორმაში იყო წმინდა მსახურების შესასრულებლად. „თქვენი სულიერი მოღვაწეობა, — აღნიშნა ძმა ჰერდმა, — მალე გაძლიერდება, როდესაც მთელი გულით შეუდგებით თქვენი დანიშნულების შესრულებას, რომელიც დაკავშირებულია ქადაგებასა და სხვების დასწავლებასთან. ამიტომ საჭიროა, უფრო მეტი სულიერი საკვები მიიღოთ, რათა შეინარჩუნოთ წონასწორობა და მოიკრიბოთ ძალები“. სულიერი საკვების განუწყვეტლად მიღება დაეხმარება მისიონერს, თავი აარიდოს სულიერ გულგატეხილობასა და ნოსტალგიას. მისი საშუალებით ქრისტიანი კმაყოფილებას იგრძნობს და გადაწყვეტილებით აღივსება, უერთგულოს წმინდა მსახურებასთან დაკავშირებულ დანიშნულებას (ფილიპელთა 4:13).

სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა, ლორენს ბოუენმა, კურსდამთავრებულებს შემდეგი სიტყვებით მოუწოდა: „დაუბრუნდით სათავეს“. რას გულისხმობდა ის? მან ყველა მსმენელის ყურადღება გაამახვილა იგავნის 1:7-ზე, რომელშიც აღნიშნულია: „უფლის შიში ცოდნის სათავეა“. მომხსენებელმა განმარტა: „ნებისმიერი რამ, რაც უგულებელყოფს იეჰოვას არსებობის დიდმნიშვნელოვან ფაქტს, ვერასდროს მიგვიყვანს ვერც ჭეშმარიტ შემეცნებამდე და ვერც მის სათანადო გაგებამდე“. ძმა ბოუენმა ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ცალკეული დეტალები თავსატეხი სურათის ცალკეულ ნაწილებს შეადარა. როდესაც ამ ნაწილებს ერთად ეყრება თავი, მთლიანი სურათი იქმნება. რაც უფრო მეტი ნაწილია თავმოყრილი, მით უფრო ნათელი და გამოკვეთილი ხდება სურათი და ადამიანისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი და დასაფასებელია. ეს დაეხმარება ყველას ღვთისათვის წმინდა მსახურების შესრულებაში.

მოხსენებათა სერია „გალაადის“ სკოლის მდივანმა, უოლას ლივერანსმა, დაასრულა. ის გამოვიდა თემით „მადლობა შესწირე ღმერთს“ და ყურადღება გაამახვილა იესოსთან დაკავშირებულ შემთხვევაზე, როცა მან ათი კეთროვანი განკურნა (ლუკა 17:11—19). მათ შორის მხოლოდ ერთი მობრუნდა, რომ განედიდებინა ღმერთი და მადლიერება გამოეხატა იესოსადმი. „უეჭველია, სხვებიც აღტაცებული იყვნენ თავიანთი განკურნებით. ისინი კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, მათ ყველაზე მეტად ის სურდათ, რომ მღვდლისგან გამოცხადებულიყვნენ განწმენდილად“, — შენიშნა ძმა ლივერანსმა. სულიერი სისუფთავისთვის, რომელიც ჭეშმარიტების შესწავლის შედეგად მიიღწევა, ადამიანი მადლიერებით უნდა იყოს აღვსილი და აღიძრას, მადლიერება გამოხატოს ღვთის მიმართ მის მიერ გამოვლენილი სიკეთისთვის. სკოლა „გალაადის“ 108-ე კლასის სტუდენტებს მოუწოდეს, დაფიქრებულიყვნენ ღვთის ყველანაირ საქმიანობასა და მის მიერ გამოვლენილ სიკეთეზე, რათა მათ მიერ შესრულებული მსახურება და გაღებული მსხვერპლი ღვთის მიმართ მადლიერების გამომხატველი ყოფილიყო (ფსალმუნი 49:14, 23; 115:3, 8).

წმინდა მსახურების შესრულებასთან დაკავშირებული შემთხვევები და ინტერვიუები

სკოლა „გალაადის“ სხვა მასწავლებელმა, მარკ ნიუმარმა, პროგრამის მომდევნო ნაწილი წარმოადგინა. ეს ეხებოდა ამ კლასის სწავლის პერიოდში მომხდარ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სამქადაგებლო საქმიანობასთან. სტუდენტებმა საშუალოდ 12 წელზე მეტი გაატარეს სრული დროით მსახურებაში „გალაადის“ სკოლაში სწავლამდე. სკოლაში ყოფნის დროს მათ სხვადასხვა წარმოშობის ბევრ ადამიანთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა, რითაც ცხადყვეს, რომ იცოდნენ, როგორ ‘გამხდარიყვნენ ყველასთვის ყველაფერი’ (1 კორინთელთა 9:22).

ამის შემდეგ ჩარლზ მოლოჰენმა და უილიამ სამუელსონმა ინტერვიუ აიღეს ბეთელის ოჯახის ზოგი წევრისა და მიმომსვლელი ზედამხედველებისგან, რომლებიც სწავლობდნენ „გალაადის“ სკოლაში. მათ ინტერვიუ აიღეს ერთი ძმისგან, რობერტ პევისგან, რომელიც სკოლა „გალაადის“ 51-ე კლასის დამთავრების შემდეგ ფილიპინებში მსახურობდა. მან შეახსენა კლასს: „როდესაც პრობლემა იჩენს თავს, ყველა თქვენ გარშემო მყოფი მოგცემთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაჭრათ პრობლემა. ასეთ დროს ყოველთვის გამოჩნდება ვინმე თქვენზე საზრიანი, რომელიც უკეთეს იდეას მოგაწოდებთ. მაგრამ, თუ ბიბლიას მიმართავთ და შეეცდებით დაინახოთ, როგორი თვალსაზრისი აქვს ღმერთს ამ საკითხზე, არავის რჩევა არ შეედრება ამას. სწორედ ბიბლიაში იპოვით ყოველთვის სწორ პასუხს“.

შესანიშნავი სულიერი პროგრამის დამამთავრებელი მოხსენებით, თემაზე „შეასრულეთ იეჰოვასთვის მისაღები წმინდა მსახურება“, გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ჯონ ბარი. მან ახსნა, როგორ შეიძლება წმინდა მსახურების შესრულება სამქადაგებლო მსახურებით, რაც ეხმარება გულწრფელ ადამიანებს, თაყვანი სცენ ღმერთს ისე, როგორც მას მოსწონს. მას შემდეგ, რაც ძმა ბარმა ყურადღება გაამახვილა მათეს 4:10-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებზე, თქვა: «თუ ჩვენ გვსურს, მხოლოდ იეჰოვას ვცეთ თაყვანი, თავი უნდა ავარიდოთ ყველანაირ მაცდურ კერპთაყვანისმცემლობას, როგორიცაა სიხარბე, გამდიდრებისა და საკუთარი თავის განდიდების სურვილი. რამხელა სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ ჩვენი მისიონერები 1940 წლიდან მოყოლებული მრავალი წლის მანძილზე შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ ამ მხრივ! და ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, სკოლა „გალაადის“ 108-ე კლასის კურსდამთავრებულებო, უეჭველად მიბაძავთ მათ კარგ მაგალითს! თქვენ მიზნად გაქვთ დასახული წმინდა მსახურების შესრულება იეჰოვასთვის, რომელიც ერთადერთია ასეთი მსახურების ღირსი».

ეს მოხსენება აღმშენებლობითი პროგრამის კულმინაცია იყო. შემდეგ მოისმინეს კეთილმოსურნეთა მისალმებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გადასცეს დიპლომები და წაიკითხეს კლასის წერილი, რომელშიც მიღებული დასწავლებისთვის მადლიერება იყო გამოთქმული. კურსდამთავრებულებს მოუწოდეს, თავიანთი დანიშნულებისა და იეჰოვასთვის მსახურების ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ყველა დამსწრე, მათ შორის 25 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი, პროგრამის დასასრულს სიმღერასა და წარმოთქმულ ლოცვას შეუერთდა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 პროგრამა 2 000 წლის 11 მარტს ჩატარდა პატერსონში არსებულ „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში (ნიუ-იორკი).

[ჩარჩო 23 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 10

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 17

სტუდენტების რაოდენობა: 46

საშუალო ასაკი: 34

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12

[სურათი 24 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 108-ე გამოსაშვები კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) ე. ამადორი, ო. კუკი, მ. ბერნი, ა. ლი. 2) დ. ნუისამი, ა. პედერძოლი, ჰ. ბიგრა, ტ. კატოუ, დ. გეითვუდი. 3) დ. იდი, ჯ. იდი, ს. უელსი, ჯ. ჯეიმისონი, მ. გონსალესი, ჯ. გონსალესი. 4) ტ. კატოუ, დ. ლოუნი, ი. ნიკლოსი, ს. პრაისი, პ. ფოსტერი, ჟ. იბარა. 5) მ. ამადორი, მ. მენინგი, მ. ჯეიმზი, ა. ბუსტრემი, ბ. გეითვუდი, დ. ნუისამი. 6) ბ. ფოსტერი, რ. ჯეიმისონი, ა. ჰიფინგერი, ს. კოუფელი, ტ. კოუფელი, ჯ. ბერნი. 7) კ. ჰიფინგერი, კ. მენინგი, ჯ. კუკი, ჯ. ბუსტრემი, ე. ლოუნი, ა. პედერძოლი. 8) ა. ჯეიმზი, ლ. უელსი, დ. პრაისი, ი. ნიკლოსი, მ. ლი, პ. იბარა, ი. ბიგრა.