„ყველანი ძმები ხართ“
„ყველანი ძმები ხართ“
„თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8).
1. რომელი საკითხი იპყრობს ჩვენს ყურადღებას?
„ვინ იმსახურებს მეტ პატივისცემას, მისიონერი თუ ბეთელელი?“, — გულუბრყვილოდ ჰკითხა ერთმა აზიელმა ქრისტიანმა ქალმა ავსტრალიელ მისიონერს. მას სურდა, გაეგო, თუ ვინ იყო მეტად პატივსაცემი — სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მისიონერი თუ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში მომსახურე ადგილობრივი მორწმუნე. ამ გულუბრყვილო კითხვამ, რომელშიც საზოგადოების ფენებად დაყოფა ირეკლებოდა, მისიონერი გააოცა. მაგრამ კითხვა, ვინ არის უფრო დიდი, იმის ცოდნის სურვილიდან მომდინარეობს, თუ ვის რა ძალაუფლება და გავლენა აქვს.
2. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს თანაქრისტიანებზე?
2 ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის. იესოს მოწაფეებს შორისაც კი იყო გაუთავებელი დავა იმის შესახებ, თუ ვინ იყო უდიდესი (მათე 20:20—24; მარკოზი 9:33—37; ლუკა 22:24—27). ისინიც პირველი საუკუნის იუდაიზმის ფენებად დაყოფილი საზოგადოების შვილები იყვნენ. ასეთი საზოგადოება ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც მოწაფეებს ურჩია: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). რელიგიური ტიტული „რაბი“, რაც „მოძღვარს“ ნიშნავს, „მათში, ვისაც ამ ტიტულით მიმართავენ, სიამაყისა და უპირატესობის გრძნობას იწვევს, ხოლო სხვებში კი შურისა და უფრო დაბალ საფეხურზე დგომის გრძნობას; მთელი ეს სული და ტენდენცია კი ეწინააღმდეგება იმ უბრალოებას, რომელიც ქრისტეშია“, — აღნიშნავს ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი. მართლაც, ქრისტიანები ზედამხედველებს არ მიმართავენ: „უხუცესო ესა და ეს“, და სიტყვა „უხუცესს“ ყურის საამებელ ტიტულად არ იყენებენ (იობი 32:21, 22). მეორე მხრივ, უხუცესები იესოს მიერ მოცემული რჩევისამებრ იქცევიან და პატივს მიაგებენ კრების წევრებს, სწორედ ისე, როგორც იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა თავის ერთგულ მსახურებს, იესო ქრისტე კი — თავის ერთგულ მიმდევრებს.
იეჰოვასა და იესოს მაგალითი
3. როგორ ეპყრობოდა პატივისცემით იეჰოვა თავის სულიერ ქმნილებებს?
3 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ‘უზენაესია’, თავიდანვე პატივისცემით ეპყრობოდა თავის ქმნილებებს და თავის საქმეებში მონაწილეობის ნებას რთავდა მათ (ფსალმუნი 82:19). პირველი ადამიანის შექმნისას იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე მოიშველია „როგორც ოსტატი“ (იგავნი 8:27—30; დაბადება 1:26). იეჰოვამ, როდესაც ბოროტი მეფე აქაბის განადგურება გადაწყვიტა, ზეციერ ანგელოზებს შესთავაზა კიდეც, გამოეთქვათ თავიანთი აზრი, როგორ გაეკეთებინათ ეს (მესამე მეფეთა 22:19—23).
4, 5. როგორ ეპყრობა პატივისცემით იეჰოვა ადამიანებს?
4 იეჰოვა მეფობს როგორც სამყაროს უზენაესი მმართველი (მეორე რჯული 3:24, აქ). მას არ სჭირდება ადამიანებისგან რჩევა-დარიგება. მაგრამ ის, ასე ვთქვათ, ზეციდან ქვევით იხრება და ანგარიშს უწევს მათ. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას, წამოაყენოს მტვრიდან საწყალი “ (ფსალმუნი 112:5—8).
5 სოდომისა და გომორის განადგურების წინ იეჰოვამ მოისმინა აბრაამის მიერ დასმული კითხვები და დააკმაყოფილა მისი სამართლიანობის გრძნობა (დაბადება 18:23—33). თუმცა იეჰოვამ თავიდანვე იცოდა, რით დასრულდებოდა აბრაამის თხოვნა, მაგრამ მაინც მოთმინებით უსმენდა და გაითვალისწინა მისი აზრები.
6. რა მოჰყვა შედეგად იეჰოვას მიერ აბაკუმისადმი პატივისცემის გამოვლენას, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა კითხვა დაუსვა ღმერთს?
6 იეჰოვა აბაკუმსაც უსმენდა, რომელმაც ჰკითხა: „როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე?“ ჩათვალა ეს იეჰოვამ თავისი ხელმძღვანელობის უფლების არად ჩაგდებად? არა, რადგან ის აბაკუმის მიერ დასმულ კითხვებს წინასწარმეტყველის გონებაში წამოჭრილ ეჭვებად მიიჩნევდა, რის გამოც გაუმხილა თავისი განზრახვა, რომ ქალდეველებს აღძრავდა გამოტანილი განაჩენის აღსასრულებლად. მან აბაკუმი დაარწმუნა, რომ ‘ნაწინასწარმეტყველები განაჩენი უსათუოდ მოვიდოდა, არ დაბრკოლდებოდა’ (აბაკუმი 1:1, 2, 5, 6, 13, 14; 2:2, 3). აბაკუმის საზრუნავისადმი სერიოზულად მიდგომითა და მის კითხვაზე პასუხის გაცემით, იეჰოვამ პატივი მიაგო წინასწარმეტყველს. შედეგად, დარდისგან გათანგული აბაკუმი გამოცოცხლდა და გამხიარულდა; მთლიანად მიენდო თავის მხსნელ ღმერთს. ეს კი აისახა ღვთის შთაგონებით დაწერილ მის წინასწარმეტყველურ წიგნში, რომელიც დღეს იეჰოვასადმი რწმენას გვინმტკიცებს (აბაკუმი 3:18, 19).
7. რატომ არის ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს მიერ შესრულებული როლი მნიშვნელოვანი?
7 სხვებისადმი პატივისცემის გამოვლენის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი იესო ქრისტემ მოგვცა. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მათე 10:32, 33). გაცემის ღამეს ყველა მოწაფემ მიატოვა იგი, ხოლო მოციქულმა პეტრემ სამჯერ უარყო (მათე 26:34, 35, 69—75). მაგრამ იესომ მხოლოდ ის როდი დაინახა, რაც გარეგნულად ჩანდა, არამედ მხედველობაში მიიღო პეტრეს ღრმა გრძნობები, მისი გულწრფელი მონანიება (ლუკა 22:61, 62). მხოლოდ 51 დღე გავიდა მას შემდეგ და ქრისტემ განადიდა თავისი მომნანიებელი მოციქული — საშუალება მისცა იესოს 120 მოწაფის სახელით გამოსულიყო ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და „ცათა სასუფევლის“ პირველი გასაღები გამოეყენებინა (მათე 16:19; საქმეები 2:14—40). მოციქულს მიეცა შესაძლებლობა, ‘განემტკიცებინა ძმები’ (ლუკა 22:31—33, სსგ).
პატივი მივაგოთ ოჯახის წევრებს
8, 9. ცოლისადმი პატივისცემის გამოვლენით როგორ შეუძლია ქმარს, იეჰოვასა და იესოს მიბაძოს?
8 ქმრები და მშობლები კარგად იქცევიან, როდესაც ღვთის მიერ ბოძებული ხელმძღვანელობის უფლების გამოყენების დროს იეჰოვასა და იესო ქრისტეს ჰბაძავენ. პეტრე გვირჩევს: „თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით“ (1 პეტრე 3:7). წარმოიგინეთ, რომ ხელში აიღეთ ნატიფი ფაიფურის ჭურჭელი, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად მსხვრევადია, ვიდრე ხის ჭურჭელი. განა უფრო დიდი სიფრთხილით არ მოეკიდებოდით მას? ქმარს შეუძლია მიჰბაძოს იეჰოვას და ასე მოიქცეს, რაც ოჯახური საკითხების გადაჭრისას ცოლის თვალსაზრისის მოსმენაში გამოიხატება. გაიხსენეთ, რომ იეჰოვამ გარკვეული დრო დაუთმო აბრაამთან საუბარს. არასრულყოფილების გამო ქმარმა შეიძლება საკითხი ყოველი მხრიდან ვერ დაინახოს. ამიტომ განა გონივრული არ იქნებოდა, ქმარს პატივისცემა გამოევლინა ცოლის მიმართ და გულწრფელად გაეთვალისწინებინა მისი თვალსაზრისი?
9 იმ ქვეყნებში, სადაც მამაკაცის მეთაურობა მყარად არის დამკვიდრებული, ქმარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ცოლს შეიძლება უზარმაზარი ბარიერის გადალახვა მოუწიოს, რათა გულის სიღრმეში არსებული გრძნობები ხმამაღლა გამოთქვას. მიჰბაძეთ დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტეს მოქმედებას მოწაფეების, თავისი მომავალი პატარძლის კლასის წევრების, მიმართ. ის ზრუნავდა მათზე, მხედველობაში იღებდა მათ ფიზიკურ და სულიერ შეზღუდულ შესაძლებლობებს მანამდეც კი, სანამ ისინი რამეს იტყოდნენ თავიანთი მოთხოვნილებების შესახებ (მარკოზი 6:31; იოანე 16:12, 13; ეფესელთა 5:28—30). გარდა ამისა, დააკვირდით, თუ რას აკეთებს ცოლი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის და გამოხატეთ მადლიერება როგორც სიტყვით, ისე საქმით. იეჰოვა და იესო — ორივე აფასებდნენ, აქებდნენ და აკურთხებდნენ ღირსეულ ადამიანებს (მესამე მეფეთა 3:10—14; იობი 42:12—15; მარკოზი 12:41—44; იოანე 12:3—8). ერთმა აზიელმა ქრისტიანმა ქალმა, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე იეჰოვას მოწმე გახდა, თქვა: „ჩემი ქმარი ჩემზე ყოველთვის სამი-ოთხი ნაბიჯით წინ მიდიოდა ხოლმე, მე კი დატვირთული უკან მივყვებოდი. ახლა მას დააქვს ჩანთები და მადლიერებას გამოხატავს იმ საოჯახო საქმეებისთვის, რასაც მე ვასრულებ!“ გულწრფელი მადლიერების გამომხატველი სიტყვებიც ძალიან დაეხმარება თქვენს ცოლს იმის შეგრძნებაში, რომ აფასებენ (იგავნი 31:28).
10, 11. რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს ისრაელთან, თავის მოჯანყე ერთან, იეჰოვას ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითიდან?
10 შვილების აღზრდაში, განსაკუთრებით კი მათი გამოსწორების მცდელობისას, მშობლებმა ღვთის მაგალითს უნდა მიბაძონ. „აფრთხილებდა უფალი [იეჰოვა] ისრაელს და იუდას“, რომ მოქცეულიყვნენ თავიანთი უკუღმართი გზებიდან, მაგრამ ისინი „გაჯიუტდნენ“ (მეოთხე მეფეთა 17:13—15). ისრაელები „ელაქუცებოდნენ“ კიდეც „და ენით ეცრუებოდნენ მას“. მრავალი მშობელი ფიქრობს, რომ ზოგჯერ მათი შვილებიც ასე იქცევიან. ისრაელები „სცდიდნენ“ და შეურაცხყოფდნენ „უფალს“, რითაც ტკივილს აყენებდნენ მას. მაგრამ იეჰოვა ‘გულმოწყალე იყო; უნდობდა ცოდვას და არ სპობდა მათ’ (ფსალმუნი 77:36—41).
11 იეჰოვა ისრაელებს სთხოვდა: „მოდით და ცილობა ვყოთ. . . მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება“ (ესაია 1:18). თუმცა იეჰოვას ბრალი არაფერში მიუძღვოდა, ის მოჯანყე ერს იწვევდა, გულახდილად განეხილათ საქმე. რა შესანიშნავი მისაბაძი დამოკიდებულებაა მშობლებისთვის შვილების აღზრდის საკითხში! საჭიროების შემთხვევაში, ღირსეულად მოექეცით შვილებს და მოუსმინეთ, თუ რას იტყვიან ისინი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; იმსჯელეთ მათთან და დაანახვეთ, თუ რატომ არის ცვლილების მოხდენა აუცილებელი.
12. ა) რატომ არ უნდა დავაყენოთ შვილებისადმი პატივისცემა იეჰოვასადმი პატივისცემაზე წინ? ბ) რა არის საჭირო იმისათვის, რომ შენიშვნის მიცემისას შვილების ღირსებას პატივისცემით მოვეკიდოთ?
12 რა თქმა უნდა, ზოგჯერ საჭიროა, ბავშვებს მკაცრი გაფრთხილება მიეცეთ. მშობლები ელის მსგავსად არ უნდა მოიქცნენ, რომელმაც ‘[იეჰოვას] თავს საკუთარი შვილები ამჯობინა’ (პირველი მეფეთა 2:29). აგრეთვე აუცილებელია, ბავშვებმა დაინახონ, რომ დასჯა სიყვარულით არის ნაკარნახევი. შვილებს უნდა შეეძლოთ იმის გაგება, რომ მშობლებს უყვართ. პავლე მამებს არიგებს: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). მაშინ როდესაც მამა მშობლის მოვალეობას ასრულებს, საჭიროა, არ შელახოს შვილების ღირსება და მეტისმეტად მკაცრად არ მოექცეს მათ. დიახ, ბავშვების პირადი ღირსების გრძნობის გათვალისწინებას მშობლების მხრიდან დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ასე მოქმედება ღირს გაღებულ მსხვერპლად.
13. როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ოჯახის ხანდაზმული წევრების შესახებ?
13 ოჯახის წევრებისადმი პატივისცემა მხოლოდ ცოლ-შვილისადმი ღირსეულად მოპყრობით არ შემოიფარგლება. „თუ მოხუცდით, შვილებს დაემორჩილეთო“, — ამბობს იაპონური ანდაზა. ამ ანდაზის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხანდაზმულმა მშობლებმა თავი შეიკავონ იმისგან, რომ მეტისმეტად უხელმძღვანელონ შვილებს და გაითვალისწინონ უკვე ზრდადასრულებული შვილების ნათქვამი. მაშინ როდესაც ბიბლიის საფუძველზე მშობლებმა პატივი უნდა სცენ შვილებს და ყური დაუგდონ მათ, შვილებმაც უპატივცემულობა არ უნდა გამოავლინონ თავიანთი ოჯახის ხანდაზმული წევრების მიმართ. „ნუ შეურაცხყოფ ოდეს დაბერდეს დედა შენი“, — ამბობს იგავნი 23:22 („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). მეფე სოლომონი ამ იგავის შესაბამისად ცხოვრობდა და პატივისცემა გამოავლინა დედის მიმართ, როდესაც ეს უკანასკნელი მასთან თხოვნით მივიდა. სოლომონმა თავისი ტახტის მარჯვნივ ტახტი დაადგმევინა და ისე მოუსმინა ხანდაზმულ დედას, ბათშებაყს (მესამე მეფეთა 2:19, 20).
14. როგორ შეგვიძლია კრების ხანდაზმული წევრების მიმართ პატივისცემის გამოვლენა?
14 ჩვენს დიდ სულიერ ოჯახში შესანიშნავი საშუალება გვაქვს, კრების ხანდაზმული წევრებისადმი ‘პატივისცემაში ერთმანეთს დავასწროთ’ (რომაელთა 12:10). მათ შეიძლება იმდენი ვერ გააკეთონ, რამდენსაც ადრე აკეთებდნენ და ეს გულს უტეხდეთ (ეკლესიასტე 12:1—7). ერთმა ხანდაზმულმა ცხებულმა მოწმემ, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და საავადმყოფოში იწვა, ერთხელ გულდაწყვეტით თქვა: „ნეტავ როდის მოვკვდები, რომ კვლავ დავუბრუნდე აქტიურ მოქმედებას“. ასეთი ხანდაზმულების დაფასებამ და პატივისცემის გამოვლენამ შეიძლება მათ დახმარება გაუწიოს. ისრაელებს შემდეგი მითითება უნდა შეესრულებინათ: „ჭაღარას წამოუდექი ფეხზე, პატივი მიაგე მოხუცს“ (ლევიანნი 19:32). პატივი მიაგეთ ხანდაზმულებს და აგრძნობინეთ, რომ ისინი საჭირო და დასაფასებლები არიან. „წამოდგომა“ შეიძლება მათთან დაჯდომას და იმის მოსმენასაც ნიშნავდეს, თუ რას მიაღწიეს გასულ წლებში. ეს პატივს მიაგებს ხანდაზმულებს და გაამდიდრებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას.
„პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“
15. რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს კრების წევრებისთვის პატივის მისაგებად?
15 კრების წევრები წარმატებებს აღწევენ, როდესაც უხუცესები კარგ მაგალითს იძლევიან (1 პეტრე 5:2, 3). მიუხედავად თავიანთი გადატვირთული გრაფიკისა, მზრუნველი უხუცესები ყოველთვის პოულობენ დროს, რათა, აქვთ თუ არა პრობლემა, მაინც დაელაპარაკონ ახალგაზრდებს, ოჯახის უფროსებს, მარტოხელა დედებს, დიასახლისებსა თუ ხანდაზმულებს. უხუცესები უსმენენ კრების წევრებს და აქებენ იმისათვის, რის კეთებაც მათ შეუძლიათ. დაკვირვებული უხუცესი, რომელიც მადლიერებას გამოთქვამს ძმის ან დის შესახებ, ჰბაძავს იეჰოვას, რომელიც აფასებს თავის მიწიერ ქმნილებებს.
16. რატომ უნდა მივაგოთ უხუცესებსაც ისეთივე პატივი, როგორიც — კრების სხვა წევრებს?
16 იეჰოვას მიბაძვით უხუცესები სამაგალითოდ ასრულებენ პავლეს დარიგებას: „ძმათმოყვარეობაში — ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10). ეს შეიძლება უჭირდეთ იმ უხუცესებს, რომლებიც ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოების ფენებად დაყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად, აზიის ერთ ქვეყანაში „ძმა“ შეიძლება ორი სხვადასხვა სიტყვით გადმოიცეს; ერთს პატივსაცემ პირთა მიმართ იყენებენ, მეორეს — რიგითი ადამიანების მიმართ. არც ისე დიდი ხნის წინათ კრების წევრები უხუცესებსა და ხანდაზმულებს პატივსაცემ პირთათვის გამოსაყენებელი სიტყვით მიმართავდნენ, ხოლო დანარჩენებს — ჩვეულებრივად. მაგრამ მათ ურჩიეს, რომ ყველასთვის ჩვეულებრივად მიემართათ, რადგან იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). თუმცა სხვა ქვეყნებში ასეთი დაყოფა არ შეინიშნება, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხალხის ფენებად დაყოფის მიდრეკილება გვაქვს (იაკობი 2:4, სსგ).
17. ა) რატომ უნდა იყოს უხუცესებთან მისვლა ადვილი? ბ) კრების წევრებთან დამოკიდებულებაში რა მხრივ შეიძლება უხუცესებმა მიჰბაძონ იეჰოვას?
17 მართალია, პავლე მოგვიწოდებდა, რომ ზოგ უხუცესს ‘ორმაგი პატივით’ მოვპყრობოდით, მაგრამ ისინი მაინც ძმები არიან (1 ტიმოთე 5:17). თუ შეგვიძლია „თამამად მივეახლოთ“ უზენაესი მმართველის „მადლის ტახტს“, განა არ უნდა შეგვეძლოს მივიდეთ უხუცესებთან, რომლებიც იეჰოვას უნდა ჰბაძავდნენ? (ებრაელთა 4:16; ეფესელთა 5:1). ზედამხედველ უხუცესებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რამდენად ადვილად შეუძლიათ სხვებს მათთან მისვლა, თუ დააკვირდებიან, რამდენად ხშირად მიმართავენ მათ რჩევის მისაღებად ან სხვადასხვა წინადადებით. იეჰოვასგან ისწავლეთ ის, თუ რამდენად ხშირად რთავს თავის გეგმებში სხვებს. ღმერთი პასუხისმგებლობებს აკისრებს სხვებს, რითაც პატივს მიაგებს მათ. მაშინაც კი, როდესაც სხვა მოწმის მიერ მოცემული რჩევა არაპრაქტიკულად ეჩვენებათ, უხუცესებმა უნდა დააფასონ ამ მოწმის მიერ გამოვლენილი მზრუნველობა. გაიხსენეთ, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა აბრაამს, როდესაც ის კითხვებს უსვამდა; ისიც გაიხსენეთ, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა აბაკუმის გოდებაზე.
18. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იეჰოვას და გამოსწორებაში დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება?
18 ზოგ თანაქრისტიანს გამოსწორება სჭირდება (გალატელთა 6:1). მიუხედავად ამისა, ისინი იეჰოვას თვალში ძვირფასნი და პატივისცემით მოპყრობის ღირსნი არიან. „როდესაც რჩევის მომცემი პატივისცემით მეპყრობა, მასთან ურთიერთობა არ მიძნელდება“, — თქვა ერთმა მოწმემ. უმრავლესობა რჩევას მაშინ იღებს, როდესაც მათ ღირსებას არ ლახავენ. ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ, როდესაც არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანი ხედავს, რომ აზრის გამოთქმის საშუალება აქვს, უფრო ადვილად იღებს ნებისმიერ საჭირო რჩევას. გახსოვდეთ, სიბრალულიდან გამომდინარე, როგორ ელაპარაკებოდა იეჰოვა ისრაელებს და რომ ამას არაერთხელ აკეთებდა (მეორე ნეშტთა 36:15; ტიტე 3:2). მთელი გულითა და თანაგრძნობით მიცემული რჩევა ადვილად შეაღწევს მათ გულებში, ვისაც დახმარება სჭირდება (იგავნი 17:17; ფილიპელთა 2:2, 3; 1 პეტრე 3:8).
19. როგორ უნდა ვუყურებდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ ქრისტიანულ მრწამსს?
19 პატივისცემა მათ მიმართაც უნდა გამოვავლინოთ, რომლებიც შეიძლება მომავალში ჩვენი სულიერი ძმები გახდნენ. ასეთები, შესაძლებელია, ჯერ აყოვნებენ ჩვენ მიერ მიწოდებული ცნობის მიღებას, მაგრამ მოთმინებით მოპყრობასა და თავიანთი პირადი ღირსების გრძნობის აღიარებას საჭიროებენ. იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). განა ისეთივე თვალსაზრისი არ უნდა გვქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს? ყოველთვის კეთილმოსურნეობით მოქმედების მცდელობით შეიძლება ქადაგებისთვის გზა გავიკვალოთ. რა თქმა უნდა, ისეთებთან ახლო ურთიერთობას არ დავამყარებთ, რომლებმაც შეიძლება ჩვენს სულიერობას ზიანი მიაყენონ (1 კორინთელთა 15:33). მაგრამ ჩვენ ვავლენთ „კაცთმოყვარეობას“ და არ გვძულს ის, ვინც ჩვენს მრწამსს არ იზიარებს (საქმეები 27:3).
20. რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვასა და იესო ქრისტეს მაგალითმა?
20 დიახ, იეჰოვა და იესო ქრისტე თითოეულ ჩვენგანს პატივისცემის ღირსად მიგვიჩნევენ. ყოველთვის გვახსოვდეს, როგორ იქცევიან ისინი და მსგავსადვე პატივისცემაში ერთმანეთს დავასწროთ. და ყოველთვის გვახსოვდეს იესო ქრისტეს სიტყვები: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8).
როგორ უპასუხებდით?
• როგორი თვალსაზრისი უნდა გქონდეთ თანაქრისტიანთა მიმართ?
• როგორ აღგძრავთ იეჰოვასა და იესოს მაგალითი სხვებისადმი პატივისცემის გამოსავლენად?
• როგორ შეუძლიათ ქმრებსა და მშობლებს პატივისცემის გამოვლენა?
• როგორი მოქმედებისკენ აღძრავს უხუცესებს თანაქრისტიანების საკუთარ ძმებად ჩათვლა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
მადლიერების გამომხატველი სიტყვებით პატივი ეცით თქვენს ცოლს.
[სურათი 18 გვერდზე]
პატივისცემით მოეპყარით შვილებს და მოუსმინეთ მათ.
[სურათი 18 გვერდზე]
პატივისცემით მოეპყარით კრების წევრებს.