არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სარგებლობთ კარგი მაგალითებით?

სარგებლობთ კარგი მაგალითებით?

სარგებლობთ კარგი მაგალითებით?

„გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში“, — ეს სიტყვები მისწერა მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ერთგულ ქრისტიანებს. თანამორწმუნეთათვის მათ მიერ მიცემული მაგალითი მართლაც რომ საქებარი იყო. თავის მხრივ, თესალონიკელები პავლესა და მის თანამსახურთა მაგალითს ჰბაძავდნენ. პავლემ თქვა: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის თქვენთვის. თქვენ გახდით ჩვენი. . . მომბაძავნი“ (1 თესალონიკელთა 1:5—7).

დიახ, პავლე ქადაგებაზე უფრო მეტს აკეთებდა. სწორედ მისი ცხოვრება იყო შთამაგონებელი — რწმენის, მოთმინებისა და თავგანწირვის მაგალითი. ამის გამო ახდენდნენ დიდ გავლენას პავლე და მისი თანამსახურები თესალონიკელთა ცხოვრებაზე, აღძრავდნენ მათ, მიეღოთ ჭეშმარიტება „დიდ გასაჭირში“. მაგრამ მხოლოდ პავლე და მისი თანამშრომლები არ ახდენდნენ დადებით გავლენას ამ მორწმუნეებზე. მათი მაგალითებიც, რომლებიც გასაჭირს იტანდნენ, გამამხნევებელი იყო. პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ — იუდეველთაგან“ (1 თესალონიკელთა 2:14).

იესო ქრისტე — საუკეთესო მისაბაძი მაგალითი

თუმცა პავლე კარგ მისაბაძ მაგალითად ითვლებოდა, არ ავიწყდებოდა იმისთვის ხაზის გასმა, რომ იესო ქრისტე იყო ძირითადი მაგალითი, ვისთვისაც ქრისტიანებს უნდა მიებაძათ (1 თესალონიკელთა 1:6). ქრისტე იყო და არის საუკეთესო მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21).

მაგრამ იესომ თავისი ადამიანური ცხოვრება თითქმის 2000 წლის წინათ დაასრულა. ახლა ის „მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში“, როგორც უკვდავი სულიერი ქმნილება. ასეთ მდგომარეობაში ის „არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა“ (1 ტიმოთე 6:16). მაშ, როგორ შეგვიძლია მას მივბაძოთ? ამის ერთი საშუალება იესოს ცხოვრების შესახებ ოთხი ბიბლიური ცნობის, სახარებების, შესწავლაა. ისინი საშუალებას გვაძლევენ, ჩავწვდეთ მის პიროვნებას, ცხოვრებასა და „აზრებს“ (ფილიპელთა 2:5—8). დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია წიგნის „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის“ ყურადღებით შესწავლით, რომელიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწვრილებით აღწერს იესოს ცხოვრების მოვლენებს *.

იესოს თავგანწირვის მაგალითმა ძლიერი გავლენა მოახდინა მოციქულ პავლეზე. მან კორინთელ ქრისტიანებს უთხრა: „მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენი სულებისათვის“ (2 კორინთელთა 12:15). რაოდენ ჰგავს ეს ქრისტეს დამოკიდებულებას! იესოს სრულყოფილ მაგალითზე ფიქრისას, ჩვენც აღძრული უნდა ვიყოთ, რომ მივბაძოთ მას ჩვენი ცხოვრებით.

მაგალითად, იესო გვასწავლიდა, რომ ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს ღვთის დანაპირების, რომ მატერიალურად უზრუნველგვყოფს. მაგრამ ის მხოლოდ სიტყვებით არ კმაყოფილდებოდა. ის ასეთ რწმენასა და ნდობას ყოველდღე ავლენდა. მან თქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათე 6:25; 8:20). მატერიალურზე ზრუნვა დომინირებს შენს ფიქრებსა და მოქმედებებში? თუ შენი ცხოვრება ცხადყოფს, რომ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებ? რა შეიძლება ითქვას იეჰოვასთვის მსახურებისადმი შენს დამოკიდებულებაზე? არის ის ჩვენი მაგალითის მომცემის, იესოს, დამოკიდებულების მსგავსი? ბიბლია გვიჩვენებს, რომ იესო არა მხოლოდ ქადაგებდა გულმოდგინებაზე, არამედ მრავალჯერ გამოავლინა კიდეც მგზნებარე გულმოდგინება (იოანე 2:14—17). შემდეგ კი სიყვარულის რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა! მან სიცოცხლე თავისი მოწაფეების გულისთვის გასწირა! (იოანე 15:13). ჰბაძავ იესოს ქრისტიანი ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენით? თუ ნებას აძლევ ზოგიერთის მიერ გამოვლენილ არასრულყოფილებას, რომ მათდამი სიყვარულში შეგიშალოს ხელი?

ქრისტეს მაგალითის მიბაძვისას შეიძლება ხშირად მარცხი განვიცადოთ. მაგრამ უეჭველია, იეჰოვას სიამოვნებს ჩვენი მცდელობა, რომ ‘შევიმოსოთ უფალი ქრისტე’ (რომაელთა 13:14).

‘მაგალითი სამწყსოსთვის’

არიან თუ არა დღეს კრებაში ისეთები, რომლებიც შეიძლება ჩვენთვის სამაგალითონი იყვნენ? რაღა თქმა უნდა, არიან! პასუხისმგებელი ძმები განსაკუთრებით სამაგალითონი უნდა იყვნენ. ტიტეს, რომელიც კრეტის კრებებს ემსახურებოდა და იქ ზედამხედველებს ნიშნავდა, პავლემ უთხრა, რომ თითოეული დანიშნული უხუცესი „უმწიკვლო“ უნდა იყოს (ტიტე 1:5, 6). მოციქულმა პეტრემაც მსგავსი რჩევა-დარიგება მისცა ‘უხუცესებს’, რომ ‘სამწყსოსათვის მაგალითი ყოფილიყვნენ’ (1 პეტრე 5:1—3). რა შეიძლება ითქვას სამსახურებრივ თანაშემწეებზე? ისინი აგრეთვე „კეთილად მომსახურენი“ უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:13).

რა თქმა უნდა, არარეალურია მოველოდეთ, რომ ყოველი უხუცესი და სამსახურებრივი თანაშემწე ქრისტიანული მსახურების ყველა სფეროში გამორჩეულად იქნება დახელოვნებული. პავლემ რომაელ ქრისტიანებს უთხრა: „ჩვენთვის მოცემული მადლისამებრ სხვადასხვა ნიჭი გვაქვს“ (რომაელთა 12:6, სსგ). ძმები სხვადასხვაგვარად გამოირჩევიან სხვადასხვა სფეროში. გონივრული არ არის მოველოდეთ, რომ უხუცესები სრულყოფილად გააკეთებენ და იტყვიან ყველაფერს. „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ, — ამბობს ბიბლია იაკობის 3:2-ში, — ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“. მაგრამ, მიუხედავად არასრულყოფილებისა, უხუცესებს მაინც შეუძლიათ ტიმოთეს მსგავსად ‘მორწმუნეთათვის ნიმუში [იყვნენ] სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში’ (1 ტიმოთე 4:12). როდესაც უხუცესები ასე იქცევიან, სამწყსოს წევრები ადვილად მიიღებენ ებრაელთა 13:7-ში ჩაწერილ შეგონებას: «გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები. . . მათი სიცოცხლის აღსასრულის [„ქცევის ნაყოფის“, აქ] შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას».

დღევანდელი სხვა მაგალითები

უკანასკნელ ათწლეულებში უამრავმა ადამიანმა დაამტკიცა, რომ სამაგალითონი არიან. რის თქმა შეგიძლიათ იმ ათასობით თავდაუზოგავი მისიონერის შესახებ, რომლებმაც ‘მიატოვეს სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები’, რომ შეესრულებინათ ქრისტიანული დავალება სხვა ქვეყნებში (მათე 19:29). გაიხსენეთ აგრეთვე მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი ცოლები, მამაკაცები და ქალები, რომლებიც მოხალისეებად მსახურობენ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალებში და პიონერები, რომლებიც კრებებში მსახურობენ. შეუძლია ასეთ მაგალითებს სხვების აღძვრა? ერთი აზიელი ქრისტიანი მქადაგებელი იხსენებს ერთ-ერთ მისიონერს, რომელმაც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-8 კლასი დაამთავრა. მან თქვა, რომ ეს ერთგული ძმა „მონდომებული იყო, გაეძლო კოღოების გუნდებისა და მაღალი ტენიანობისთვის. . . ყველაზე შთამბეჭდავი კი ის იყო, რომ შეეძლო შეთავაზებები გაეკეთებინა ჩინურ და მალაურ ენებზე, თუმცა თვითონ ინგლისელი იყო“. რა შედეგი ჰქონდა ამ მშვენიერ მაგალითს? ძმა დასძენს: „მისმა სიმშვიდემ და დაჯერებულობამ შთამაგონა მეოცნება, რომ, როცა გავიზრდებოდი, მისიონერი გავმხდარიყავი“. გასაკვირი არ არის, რომ ეს ძმა მისიონერი გახდა.

«„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელში» მოცემულია იმ უამრავი ბიოგრაფიის სია, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ეს ბიოგრაფიები მოგვითხრობენ ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებმაც მიატოვეს ქვეყნიური კარიერა და მიზნები, დაძლიეს სისუსტეები, სასწაულებრივად შეიცვალნენ, შეინარჩუნეს დადებითი განწყობილება გაჭირვებისას და გამოავლინეს შრომისმოყვარეობა, მოთმინება, ერთგულება, თავმდაბლობა და თავგანწირვის სულისკვეთება. ერთმა მკითხველმა ამის შესახებ შემდეგი სიტყვები მოგვწერა: „იმის წაკითხვა, რასაც ისინი იტანდნენ, უფრო თავმდაბალ და მადლიერ ქრისტიანად მხდის და მეხმარება, არ ვიქონიო ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა და არ ვიყო ეგოისტი“.

გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ თქვენს კრებაში მყოფთა კარგი მაგალითებიც: ოჯახის უფროსები, რომლებიც ოჯახის როგორც სულიერ, ისე მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნავენ; დები, მარტოხელა დედების ჩათვლით, რომლებიც ზრდიან შვილებს და ამასთანავე, აქტიურად მონაწილეობენ მსახურებაში; ასაკოვანი და მოხუცებული და-ძმები, რომლებიც, მიუხედავად სისუსტისა და ჯანმრთელობის გაუარესებისა, ერთგულად განაგრძობენ მსახურებას. განა დადებით გავლენას არ ახდენს შენზე ასეთი მაგალითები?

რა თქმა უნდა, წუთისოფელი სავსეა ცუდი მაგალითებით (2 ტიმოთე 3:13). მიუხედავად ამისა, გავიხსენოთ იუდაში მცხოვრები ქრისტიანებისადმი პავლეს მოწოდება. ძველი დროის სამაგალითო უამრავი მორწმუნე მამაკაცისა და ქალის გახსენების შემდეგ მოციქულმა პავლემ მათ მოუწოდა: „ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს. . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს“ (ებრაელთა 12:1, 2). ქრისტიანები დღესაც წარსულის თუ დღევანდელი კარგი მაგალითების „ღრუბლებით“ არიან გარემოცული. ნამდვილად იღებთ მათგან სარგებლობას? თქვენ შეგიძლიათ სარგებლობის მიღება, თუ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, იყოთ „არა ბოროტის მიმბაძველი, არამედ კეთილის“ (3 იოანე 11, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

[ჩანართი 20 გვერდზე]

არარეალურია მოველოდეთ, რომ ყოველი უხუცესი და სამსახურებრივი თანაშემწე ქრისტიანული მსახურების ყველა სფეროში გამორჩეულად იქნება დახელოვნებული.

[სურათები 21 გვერდზე]

უხუცესები უნდა იყვნენ ‘მაგალითი სამწყსოსთვის’.