არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სინათლის მატარებელი მრავალ ერში

სინათლის მატარებელი მრავალ ერში

ბიოგრაფია

სინათლის მატარებელი მრავალ ერში

ჯორჯ იანგის ბიოგრაფია მოგვითხრო რუთ იანგ-ნიკოლსონმა

„მაშ, რატომ არიან ჩვენი მქადაგებლები ჩუმად?.. როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ, თუ განვაგრძობთ დუმილს მას შემდეგ, რაც გავიგეთ იმის შესახებ, რასაც ვწერ, რომ ჭეშმარიტებაა? მოდი არ დავტოვოთ ხალხი უმეცრებაში და თამამად ვამცნოთ ჭეშმარიტება“.

ეს სიტყვები მამაჩემის 33-ფურცლიანი წერილის ნაწილია, რომელშიც ითხოვდა, ეკლესიის სარეგისტრაციო წიგნიდან ამოეწერათ. იდგა 1913 წელი. იმ დროიდან მოყოლებული მამამ მნიშვნელოვანი მოვლენებით აღსავსე ცხოვრება დაიწყო, რომელმაც ის მრავალი ერისთვის სინათლის მატარებელი გახადა (ფილიპელთა 2:15). პატარაობიდანვე დავიწყე მამაჩემის შესახებ ამბების შეგროვება ისტორიული მასალებიდან, ნათესავებსა და მეგობრებში, რომლებიც დამეხმარნენ, მთლიანობაში წარმომედგინა მისი ცხოვრება. ბევრ რამეში მამაჩემის ცხოვრება მოციქულ პავლეს ცხოვრებას მაგონებს. როგორც ეს „სხვა ერთა მოციქული“, მამაც მზად იყო წასულიყო ნებისმიერ ქვეყანასა და კუნძულზე იეჰოვას ცნობის გასავრცელებლად (რომაელთა 11:13, აქ; ფსალმუნი 106:1—3). ნება მიბოძეთ, მოგითხროთ მამაჩემის, ჯორჯ იანგის, შესახებ.

ადრეული წლები

მამაჩემი შოტლანდიელი პრესვიტერიანელების, ჯონ და მარგარეტ იანგების, უმცროსი ვაჟი იყო. ის 1886 წლის 8 სექტემბერს დაიბადა, სულ მალე მას შემდეგ, რაც ოჯახი ედინბურგიდან (შოტლანდია) ბრიტანეთის კოლუმბიაში (დასავლეთ კანადა) საცხოვრებლად გადავიდა. მისი სამი უფროსი ძმა — ალექსანდრე, ჯონი და მალკოლმი — რამდენიმე წლით ადრე შოტლანდიაში დაიბადნენ. მერიონი, ბიჭების ნაბოლარა დაიკო, რომელსაც ძმები მეტსახელად ნელის ეძახდნენ, მამაჩემზე ორი წლით უმცროსი იყო.

საანიჩში მდებარე ფერმაზე, რომელიც არცთუ ისე შორს იყო ვიქტორიიდან (ბრიტანეთის კოლუმბია), ბავშვები დროს მხიარულად ატარებდნენ. ამავე დროს მათ ისწავლეს პასუხისმგებლობებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ასე რომ, როდესაც მშობლები ვიქტორიიდან ბრუნდებოდნენ ხოლმე, სახლის გარეთა სამუშაოები შესრულებული და სახლი დალაგებული ხვდებოდათ.

დროთა განმავლობაში მამაჩემი და მისი ძმები სამთო მრეწველობითა და ხეტყით ვაჭრობით დაინტერესდნენ. ძმებმა იანგებმა კარგი რეპუტაცია შეიქმნეს, როგორც ხეტყის ტაქსატორებმა (სპეციალისტები, რომლებიც მიწის ნაკვეთს ათვალიერებენ ხეტყის პროდუქტიულობის შეფასების მიზნით) და მასალის მყიდველ-გამყიდველებმა. მამა ფინანსურ გარიგებებს ხელმძღვანელობდა.

ბოლოს მამაჩემს სულიერი საკითხებისადმი მიდრეკილებამ უბიძგა იმის გადასაწყვეტად, რომ პრესვიტერიანელი მსახური გამხდარიყო. მაგრამ დაახლოებით იმ დროს გაზეთში გამოქვეყნებულმა „სიონის საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტის, ჩარლზ ტეიზ რასელის, ქადაგებამ სერიოზულად იმოქმედა მის ცხოვრებაზე. იმან, რაც მან გაიგო, აღძრა, დაეწერა და გაეგზავნა ეკლესიის მიტოვების შესახებ ზემოხსენებული წერილი.

მამა თავაზიანად, მაგრამ ოსტატურად იყენებდა ბიბლიურ მუხლებს, ეკლესიის ისეთი სწავლებების უარსაყოფად, როგორიცაა სულის უკვდავება და ღვთის მიერ ადამიანთა სულების ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად ტანჯვა. მას აგრეთვე სააშკარაოზე გამოჰქონდა სამების დოგმატი იმ მტკიცებით, რომ ის არაქრისტიანული წარმოშობის იყო და საღვთო წერილთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. იმ დროიდან მოყოლებული იესო ქრისტეს მიბაძვით გახდა ქრისტიანი მსახური და თავმდაბლად იყენებდა თავის უნარსა და ძალას იეჰოვას განსადიდებლად.

1917 წელს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მითითებით მამამ პილიგრიმად (მაშინ ასე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელ ზედამხედველებს) დაიწყო მსახურება. ის კანადის დიდ და პატარა ქალაქებში კითხულობდა ლექციებს და აჩვენებდა „შემოქმედების ფოტოდრამას“, რომელიც კინოფილმებისა და სლაიდებისგან შედგებოდა. როდესაც მამაჩემი გამოდიოდა მოხსენებით, თეატრები გადაჭედილი იყო. მისი მონახულებების პროგრამა 1921 წლამდე „საგუშაგო კოშკში“ ქვეყნდებოდა.

უინიპეგის გაზეთები იტყობინებოდა, რომ მქადაგებელ იანგს 2 500 ადამიანი უსმენდა და დარბაზში უადგილობის გამო ბევრმა ვერ მოუსმინა. ოტავაში საუბრობდა თემაზე „ჯოჯოხეთისკენ და ჯოჯოხეთიდან“. ერთი ასაკოვანი მამაკაცი იხსენებს: „როდესაც საუბარი დაასრულა, ჯორჯ იანგმა სცენაზე მღვდლები მიიწვია ამ საკითხის განსახილველად, მაგრამ არავინ დაიძრა ადგილიდან. მაშინ მივხვდი, რომ ვიპოვე ჭეშმარიტება“.

მამაჩემი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო სულიერი საქმიანობით დაკავებული პილიგრიმული მონახულებების დროს. მოხსენების შემდეგ ჩქარობდა, რომ მატარებლისთვის მიესწრო, რათა სხვაგან გამგზავრებულიყო სიტყვით გამოსასვლელად. როდესაც მანქანით მგზავრობდა, თავისი შემდგომი დანიშნულების ადგილისკენ დილაუთენია გადიოდა. გარდა იმისა, რომ მამას გულმოდგინე პიროვნებად იცნობდნენ, ყურადღებიან ადამიანადაც მიიჩნევდნენ და მისი ქრისტიანული საქმეები და დიდსულოვნებაც ცნობილი იყო.

პირველი კონგრესებიდან მოყოლებული ის ბევრ კონგრესს ესწრებოდა, მისთვის განსაკუთრებით დაუვიწყარი კი ის იყო, რომელიც 1918 წელს ედმონტონში (ალბერტას პროვინცია) ჩატარდა. მთელი მისი ოჯახი იქ იყო, რადგან ნელი ინათლებოდა. აგრეთვე ბიჭებიც უკანასკნელად იყვნენ ერთად. ორი წლის შემდეგ მალკოლმი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თავისი მამისა და სამი ძმის მსგავსად მალკოლმს ზეციური ცხოვრების იმედი ჰქონდა და ყველა სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა (ფილიპელთა 3:14).

უცხო ქვეყნებში

1921 წლის სექტემბერში კანადაში თავისი სამქადაგებლო მოგზაურობის შემდეგ მამამ ჯოზეფ რუტერფორდისგან, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელი პრეზიდენტისგან, მიიღო დავალება, კარიბის კუნძულებზე გადასულიყო. მამა ყველგან აჩვენებდა „შემოქმედების ფოტოდრამას“, რომელსაც ყველგან კარგად იღებდნენ. ის კუნძულ ტრინიდადიდან იწერებოდა: „შენობა ხალხით იყო სავსე და ბევრმა დასწრება ვერ შეძლო. შენობა მეორე საღამოსაც გადაჭედილი იყო“.

1923 წელს მამა ბრაზილიაში გაგზავნეს. იქ ის დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდიოდა თარჯიმნის დახმარებით. 1923 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა: „1 ივნისიდან 30 სექტემბრამდე ძმა იანგმა ჩაატარა 21 საჯარო შეხვედრა, რომელსაც მთლიანობაში 3 600 ადამიანი დაესწრო, გაუძღვა 48 კრების შეხვედრებს, რომლებსაც 1 100 ესწრებოდა და უფასოდ გაავრცელა ლიტერატურის 5 000 ეგზემპლარი პორტუგალიურ ენაზე“. ბევრი ინტერესით გამოეხმაურა, მის მოხსენებას „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“.

ბრაზილიაში 1997 წლის 8 მარტს ფილიალის ახალი შენობების მიძღვნისას, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით გამოცემულ ბროშურაში ნათქვამი იყო: „1923: ჯორჯ იანგი ჩამოდის ბრაზილიაში. ის აყალიბებს ფილიალს რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში“. თუმცა ბიბლიური ლიტერატურა ესპანურ ენაზე ხელმისაწვდომი იყო, აქ აგრეთვე მოთხოვნილება იყო ბრაზილიის ძირითად ენაზე, პორტუგალიურზე. ამიტომ 1923 წლის 1 ოქტომბრიდან „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა პორტუგალიურ ენაზეც დაიწყო.

მამაჩემს ბევრი დაუვიწყარი ნაცნობობა ჰქონდა ბრაზილიაში. ამ ნაცნობთაგან ერთ-ერთი იყო შეძლებული მამაკაცი, ჟასინტო-პიმენტელ კაბრალი, რომელმაც შესთავაზა, რომ შეხვედრები მის სახლში ჩაეტარებინათ. ჟასინტომ მყისვე მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება და მოგვიანებით ბრაზილიის ბეთელის ოჯახის წევრი გახდა. მეორე იყო მანუელ დე სილვა ჟორდანო, ახალგაზრდა პორტუგალიელი მებაღე. მან მოუსმინა მამაჩემის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას, რომელმაც აღძრა, დაბრუნებულიყო პორტუგალიაში, რათა წიგნების დამტარებლად ემსახურა (ადრე ასე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სრული დროით მსახურობდნენ).

მამა ბევრს მგზავრობდა რკინიგზით მთელს ბრაზილიაში და ხელმძღვანელობდა დაინტერესებულთა ადგილსამყოფლის დადგენას. ერთ-ერთი მგზავრობისას ბონი და კატარინა გრინებს შეხვდა, ორი კვირა დარჩა მათთან და საღვთო წერილს უხსნიდა. მათი ნათესავებიდან დაახლოებით შვიდი ადამიანი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა.

1923 წელს მან გაიცნო სარა ბელონა ფერგისონი. 1867 წელს ეს გოგონა თავის ძმა ერაზმ ფულტონ სმიტთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად შეერთებული შტატებიდან ბრაზილიაში გადმოსახლებულა. 1899 წლიდან ის რეგულარულად იღებდა ფოსტით ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“. მამაჩემის მონახულება სარასთვის, მისი ოთხი შვილისა და ვინმე, როგორც მამა ამბობდა, დეიდა სელისთვის დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა იყო იმის გამო, რომ უნდა მონათლულიყვნენ. ეს იყო 1924 წლის 11 მარტს.

მალე მამაჩემი სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში ქადაგებდა. 1924 წლის 8 ნოემბერს ის პერუდან იწერებოდა: „ეს-ეს არის დავამთავრე ქალაქ ლიმასა და კალიაოში 17 000 ტრაქტატის გავრცელება“. შემდეგ ის ბოლივიაში გაემგზავრა ტრაქტატების გასავრცელებლად. მან ამ მონახულების შესახებ მოგვწერა: „ჩვენი ზეციერი მამა ამ ძალისხმევას კურთხევას არ აკლებს. ერთი ინდიელი მეხმარება. ის ცხოვრობს იქ, სადაც მდინარე ამაზონი იღებს სათავეს. მას 1 000 ტრაქტატი და რამდენიმე წიგნი მიაქვს“.

მამაჩემის ძალისხმევით ბიბლიური ჭეშმარიტების მარცვლები ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში გავრცელდა. 1924 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ იტყობინებოდა: „ორ წელზე მეტია, რაც ჯორჯ იანგი სამხრეთ ამერიკაში იმყოფება. . . ამ საყვარელ ძმას წილად ხვდა პატივი, გაევრცელებინა ჭეშმარიტების შესახებ ცნობა მაგელანის სრუტეში მდებარე ქალაქ პუნტა-არენასში“. მან აგრეთვე დაიწყო სამქადაგებლო საქმიანობა ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის კოსტა-რიკა, პანამა და ვენესუელა. მიუხედავად იმისა, რომ მალარია შეეყარა და ჯანმრთელობა შეერყა, მამა ქადაგებას არ წყვეტდა.

ევროპა

1925 წლის მარტში მამა ევროპაში გემით გაემგზავრა. იმედოვნებდა, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში 300 000 ბიბლიურ ტრაქტატს გაავრცელებდა და ძმა რუტერფორდის საჯარო ლექციებისთვის ნიადაგს შეამზადებდა. მაგრამ ესპანეთში ჩასულმა, რელიგიური შეუწყნარელბლობა რომ იხილა, თანახმა აღარ იყო, რომ ძმა რუტერფორდს ასეთი ლექციები ჩაეტარებინა.

ძმა რუტერფორდმა მამას ესაიას 51:16-ში მოცემული სიტყვებით მისწერა: „ჩავდევი ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა დავნერგო ახალი ცა და დავაფუძნო ახალი მიწა, რომ ვუთხრა სიონს: ჩემი ერი ხარ!“. ამის წაკითხვის შემდეგ მამამ დაასკვნა: „ნამდვილად ღვთის ნებაა, რომ წინ გავწიო და შედეგები მას მივანდო“.

1925 წლის 10 მაისს ძმა რუტერფორდმა თარჯიმნის დახმარებით ლექცია წაიკითხა ნოვედადესის თეატრის შენობაში (ბარსელონა). 2 000-ზე მეტი დამსწრე ისმენდა ამ მოხსენებას, მათ შორის — მთავრობის წარმომადგენელი სპეციალურ მცველთან ერთად. მადრიდშიც იგივე გამეორდა, სადაც 1 200 კაცი ესწრებოდა. ამ მოხსენებებით გამოწვეული ინტერესის საფუძველზე ესპანეთში ფილიალი დაარსდა, რომელსაც, როგორც „იეჰოვას მოწმეთა 1978 წლის წელიწდეულშია“ ნათქვამი, „ჯორჯ იანგი ხელმძღვანელობდა“.

1925 წლის 13 მაისს ძმა რუტერფორდმა მოხსენება წაიკითხა ლისაბონში (პორტუგალია). მიუხედავად სამღვდელოების მცდელობისა, ყურთასმენის წამღები ყვირილითა და სკამების ბრახუნით ჩაეშალათ შეხვედრა, მის მონახულებას აქაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ესპანეთსა და პორტუგალიაში ძმა რუტერფორდის ლექციების შემდეგ მამა „ფოტოდრამას“ უჩვენებდა ხოლმე. მან იმაზეც იზრუნა, რომ გამოცემულიყო და ამ ადგილებში გავრცელებულიყო ბიბლიური ლიტერატურა. 1927 წელს ის იტყობინებოდა, რომ კეთილი ცნობა „ესპანეთის ყველა პატარა თუ დიდ ქალაქში გავრცელდა“.

ქადაგება საბჭოთა კავშირში

1928 წლის 28 აგვისტოს მამაჩემი შემდეგი მისიონერული დანიშნულებით საბჭოთა კავშირში გაემგზავრა. წერილში, რომელიც 1928 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება, ის წერდა:

«რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ მართლაც მთელი გულით ვლოცულობ: „მოვიდეს სუფევა შენი“. ენას ვსწავლობ, მაგრამ ნელა. ჩემი თარჯიმანი მეტად არაჩვეულებრივი კაცია. ებრაელია, მაგრამ სწამს იესო და უყვარს ბიბლია. რამდენიმე საინტერესო შემთხვევა უკვე მქონდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს მექნება აქ დარჩენის საშუალება. გასულ კვირას უწყება მივიღე, რომ 24 საათში დამეტოვებინა აქაურობა, მაგრამ ყველაფერი გაირკვა და შემიძლია უფრო დიდხანს დავრჩე აქ“.

ხარკოვში, ახლა უკრაინის უდიდეს ქალაქში, ბიბლიის ზოგიერთ მკვლევარს დაუკავშირდნენ, თბილმა ურთიერთობამ მათ თვალებზე სიხარულის ცრემლი ააკიაფა. პატარა კონგრესი ყოველღამ შუაღამემდე ტარდებოდა. ძმებთან ამ შეხვედრების შესახებ მამა გვწერდა: „ძმები ღარიბები არიან. მთავრობის წარმომადგენლები წიგნებს ართმევენ და მტრულად ეკიდებიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძმები სიხარულს არ კარგავენ“.

საბჭოთა კავშირში მამაჩემის მსახურების შესახებ მოთხრობილი იყო სპეციალურ ბროშურაში, რომელიც მომზადდა 1997 წლის 21 ივნისს სანკტ-პეტერბურგში ახალი ფილიალის მიძღვნაზე მისულ დამსწრეთათვის. ბროშურაში ნათქვამია, რომ მამა მოსკოვში იქნა გაგზავნილი და მიიღო ნებართვა, რომ «დაბეჭდილიყო ბროშურების „მშვიდობა ხალხთათვის“ და „სად არიან მიცვალებულები?“ 15 000 ეგზემპლარი რუსეთში გასავრცელებლად».

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მამა შეერთებულ შტატებში დანიშნეს პილიგრიმად. მან სამხრეთ დაკოტაში მოინახულა ნელენა და ვერბა პულები, ღვიძლი დები, რომლებიც წლების შემდეგ მისიონერები გახდნენ პერუში. მათ სიყვარულით გამოხატეს მადლიერება მამის დაუღალავი მსახურების მიმართ და აღნიშნეს: „ძმებს იმ დროს, უეჭველია, პიონერული სული ჰქონდათ, როდესაც უცხო მხარეებში მცირე ბარგით, მაგრამ იეჰოვასადმი სიყვარულით სავსე გულით მიემგზავრებოდნენ. სწორედ ეს უბიძგებდა მათ იმ საქმის ბოლომდე მისაყვანად, რასაც აკეთებდნენ“.

ქორწინება და მეორე მოგზაურობა

წლების მანძილზე მამას და კუნძულ მანიტულინზე (ონტარიო) მცხოვრებ კლარა ჰუბერტს მიმოწერა ჰქონდათ. ორივე ესწრებოდა კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ კონგრესს 1931 წლის 26 ივლისს, როდესაც ბიბლიის მკვლევარებმა ახალი სახელი, იეჰოვას მოწმეები, მიიღეს (ესაია 43:10—12). ერთი კვირის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მალე მამა კვლავ წავიდა თავის მეორე მისიონერულ მოგზაურობაში კარიბის კუნძულებზე. აქ ის ეხმარებოდა კრებების ჩამოყალიბებასა და კარდაკარ მსახურებაში გამოცდილების შეძენაში.

დედაჩემი იღებდა სურათებს, ღია ბარათებსა და წერილებს სურინამიდან, სანტ-კითსიდან და სხვა მრავალი ადგილიდან. წერილებში მამა გვამცნობდა სამქადაგებლო საქმიანობის წარმატებებზე, ზოგჯერ გვიყვებოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ, რომლებიც იმ ქვეყანაში იყვნენ, სადაც იმყოფებოდა. 1932 წლის ივნისში მამამ დაამთავრა თავისი დანიშნულების შესრულება კარიბის კუნძულებზე და კანადაში, როგორც ყოველთვის, გემით ყველაზე იაფი კლასის კაიუტით დაბრუნდა. მას შემდეგ ის და დედა ერთად მსახურობდნენ სრული დროით და სრული დროით მსახურთა დიდ ჯგუფთან ერთად 1932—1933 წლების ზამთარი ოტავაში გაატარეს.

ხანმოკლე ოჯახური ცხოვრება

1934 წელს ჩემი ძმა, დეივიდი, დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც დედაჩემის ქუდების ყუთზე დგებოდა და „მოხსენებას“ კითხულობდა. მამასავით ისიც მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის მსახურებისადმი გულმოდგინებას ავლენდა. როდესაც კანადის აღმოსავლეთი სანაპიროდან დაწყებული დასავლეთ სანაპირომდე კრებებს ინახულებდნენ, სამივე მოგზაურობდა მანქანით, რომელსაც სახურავზე ხმის გამაძლიერებელი ჰქონდა დამაგრებული. მე 1938 წელს დავიბადე, როდესაც მამაჩემი ბრიტანეთის კოლუმბიაში მსახურობდა. დეივიდი იხსენებს, როგორ მაწვენდა მამა საწოლზე, თვითონ და დედ-მამა კი ჩემს გარშემო როგორ იდგნენ მუხლმოყრილები, როცა ჩემი დაბადებისთვის მამა მადლობას უხდიდა იეჰოვას.

1939 წლის ზამთარში ვანკუვერში ვცხოვრობდით, სანამ მამა ამ მხარეში არსებულ კრებებს ინახულებდა. წლების მანძილზე მამის მიერ მოწერილ მრავალრიცხოვან წერილს შორის, რომლებსაც ვინახავდით, ერთ-ერთი დათარიღებულია 1939 წლის 14 იანვრით, როდესაც ის ვერნონში (ბრიტანეთის კოლუმბია) იმყოფებოდა. მამა გვწერდა: კლარას, დეივიდსა და რუთს: „გკოცნით და გეხვევით“. ეს წერილი თითოეული ჩვენგანისთვის იყო დაწერილი. ის ამბობდა, სამკალი ბევრია, მაგრამ მუშაკი — ცოტაო (მათე 9:37, 38).

ვანკუვერში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ მამამ კრების შეხვედრაზე გრძნობა დაკარგა. დიაგნოზმა აჩვენა, რომ ტვინში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. 1939 წლის 1 მაისს მამამ თავისი მიწიერი ცხოვრება დაასრულა. მე მხოლოდ ცხრა თვის ვიყავი, დეივიდი კი ხუთიოდე წლის. ჩვენი საყვარელი დედა, რომელსაც აგრეთვე ზეციერი იმედი ჰქონდა და სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩა, 1963 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა.

ის, თუ როგორ ფიქრობდა მამაჩემი თავისი უპირატესობის, მრავალ ქვეყანაში კეთილი ცნობის გავრცელების, შესახებ, შესანიშნავად ჩანს დედისადმი მიწერილი ერთ-ერთი წერილიდან. ის წერდა: „იეჰოვამ მოწყალება მოიღო და ნება დამრთო, რომ წავსულიყავი ამ ქვეყნებში, როგორც სამეფოს ცნობის სინათლის მატარებელი, რათა მისი წმინდა სახელი განდიდებულიყო. სუსტისა და არაკომპეტენტურის მეშვეობით მისი დიდება ბრწყინავს“.

დღეს ჯორჯ და კლარა იანგის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც ემსახურებიან ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას. მითხრეს, რომ მამა ხშირად ციტირებდა ებრაელთა 6:10-ს, რომელიც ამბობს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“. არც ჩვენ ვივიწყებთ მამის საქმეებს.

[სურათი 23 გვერდზე]

მამაჩემი (მარჯვნივ) თავის სამ ძმასთან ერთად.

[სურათები 25 გვერდზე]

მამა (დგას) ძმებთან: ვუდვორთან, რუტერფორდთან და მაკმილანთან ერთად;

ქვემოთ: მამა (მარცხნივ ბოლოში) ჯგუფურ სურათში ძმა რასელთან ერთად.

[სურათები 26 გვერდზე]

დედ-მამა;

ქვემოთ: ქორწილის დღეს.

[სურათი 27 გვერდზე]

დეივიდთან და დედასთან ერთად მამის სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ.