არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანო მწყემსებო, ‘გაშალეთ თქვენი გულები’!

ქრისტიანო მწყემსებო, ‘გაშალეთ თქვენი გულები’!

ქრისტიანო მწყემსებო, ‘გაშალეთ თქვენი გულები’!

„უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება“. ამ სიტყვებით დავითმა თავისი ღვთისადმი სრული ნდობა გამოხატა. სულიერი გაგებით, იეჰოვა მიუძღოდა მას „ხასხასა მოლისკენ“, „წყნარი წყლებისკენ“ და „სიმართლის კვალზე“ დაატარებდა. როცა მოწინააღმდეგეთა მიერ იყო გარშემორტყმული, დავითმა მხარდაჭერა და გამხნევება მიიღო, რამაც იეჰოვასთვის შემდეგი სიტყვების სათქმელად აღძრა: „ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან“. ვინაიდან დავითს ასეთი უზენაესი მწყემსი ჰყავდა, გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, ‘დამკვიდრებულიყო იეჰოვას სახლში დღენი მრავალნი’ (ფსალმუნი 22:1—6).

ღვთის მხოლოდშობილი ძეც გრძნობდა იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას და სრულყოფილად ირეკლავდა ამ თვისებას დედამიწაზე ყოფნისას თავის მოწაფეებთან ურთიერთობაში. ამიტომ მოიხსენიებს საღვთო წერილი მას „კეთილ მწყემსად“, „დიდ მწყემსად“ და „მწყემსმთავრად“ (იოანე 10:11; ებრაელთა 13:20; 1 პეტრე 5:2—4).

იეჰოვა და იესო კვლავაც მწყემსავენ თავიანთ მოყვარულთ. გარკვეულწილად, მათი მწყემსვა გამოიხატება სიყვარულით გაწეული ღონისძიებით — კრებებში დანიშნული დამხმარე მწყემსებით. პავლე ასეთ მწყემსებს მიმართავდა, როცა ამბობდა: «გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი [„ძის“, აქ] სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28).

ადვილი არ არის მწყემსვა იმ მაგალითის მიხედვით, რომელიც მოგვცეს იეჰოვამ და იესო ქრისტემ, მაგრამ დღეს ეს საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესღაც. იფიქრეთ ერთ მილიონზე მეტ მოწმეზე, რომლებიც გასული სამი წლის განმავლობაში მოინათლნენ. ამ ახლებს არა აქვთ ის სულიერი გამოცდილება, რომელიც მრავალწლიან მოღვაწეობას მოჰყვება. აგრეთვე იფიქრეთ იმ მოწმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები ან მოზარდები არიან. მათ ყურადღება ესაჭიროებათ არა მხოლოდ მშობლების მხრიდან, არამედ კრებაში დანიშნული მწყემსების მხრიდანაც.

ყოველი ქრისტიანი გარეშე ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მათ შორის თანატოლების ზეგავლენის ქვეშაც. ყველა მთელი ძალებით უნდა შეეწინააღმდეგოს წუთისოფლის ეგოისტური გზებით სიარულის ძლიერ სურვილს. ზოგ ქვეყანაში სამეფოს მაუწყებლები შეიძლება გულგატეხილი არიან, რადგან ცოტა ეხმაურება მათ ქადაგებას. მრავალ მაუწყებელს სერიოზულად აწუხებს ჯანმრთელობა. ფინანსური გაჭირვება ხალისს უკარგავს ზოგიერთს, რომ უპირველესად სამეფო ეძიონ. სინამდვილეში, ყოველი ჩვენგანი, ისინიც კი, ვინც დიდი ხანია რწმენაში, საჭიროებენ და იმსახურებენ კიდეც მოსიყვარულე მწყემსების დახმარებას.

სწორი აღძვრები

პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდებდნენ, ‘გაეშალათ გულები’ (2 კორინთელთა 6:11—13). ქრისტიანი უხუცესები კარგად იქცევიან, თუ მისდევენ ამ რჩევას მწყემსების მოვალეობათა შესრულებისას. როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება? რა შეიძლება ითქვას სამსახურებრივ თანაშემწეებზე, რომელთაგანაც მრავალი მომავალი უხუცესია?

სამწყსოსთვის რომ კურთხევა მოჰქონდეთ, ქრისტიან უხუცესებს მხოლოდ მოვალეობის გრძნობა არ უნდა ამოძრავებდეთ. ბიბლია მათ ურჩევს: „მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტრე 5:2). მაშასადამე, კარგ მწყემსვაში სხვებისთვის მსახურებაში მზადყოფნა და გულმოდგინება იგულისხმება (იოანე 21:15—17). ეს ნიშნავს ცხვრების მოთხოვნილებათა დანახვასა და სწრაფ რეაგირებას. ეს ნიშნავს სხვებთან ურთიერთობაში კარგი ქრისტიანული თვისებების გამოვლენას, რომლებიც ღვთის სულის ნაყოფებად არის ცნობილი (გალატელთა 5:22, 23).

მწყემსვაში ძმების სახლებში მონახულება შედის *. მაგრამ მწყემსები, რომლებიც ‘თავიანთ გულს შლიან’, მთელ ძალებს ახმარენ ამას ანუ ისინი დროდადრო სამწყემსო მონახულებებზე უფრო მეტს აკეთებენ. უხუცესები ყოველ შესაძლებლობას იყენებენ, სამწყსოს წევრები რომ მწყემსონ.

ასწავლეთ სხვებს, რომ მწყემსები გახდნენ

ნებისმიერ ძმას, ასაკის მიუხედავად, რომელსაც «ეპისკოპოსობა [„ზედამხედველად მსახურება“, აქ] სურს, კეთილი საქმე ნდომია» (1 ტიმოთე 3:1). მრავალმა სამსახურებრივმა თანაშემწემ გამოავლინა მზადყოფნა დამატებითი პასუხისმგებლობების თავის თავზე ასაღებად. ამიტომ უხუცესები სიხარულით ეხმარებიან ამ ძმებს, რათა მათ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან — ‘იმსახურონ ზედამხედველებად’. ეს ნიშნავს მათ გაწვრთნას, ეფექტური მწყემსები რომ გახდნენ.

რადგან იეჰოვას ქრისტიანული კრება ერთგულად იცავს ღვთის მაღალ ნორმებს, ის არ არის დაუძლურებული ცრუ მწყემსებით, მაგალითად ისეთებით, რომლებიც ეზეკიელის 34:2—6-ში არიან აღწერილი. იეჰოვას თვალში ისინი სიძულვილს იმსახურებდნენ. სამწყსოს ნაცვლად, ისინი საკუთარ თავს მწყემსავდნენ. არ აძლიერებდნენ დაუძლურებულთ, არ კურნავდნენ დასნეულებულთ, არ უხვევდნენ ჭრილობებს და არ აბრუნებდნენ დაფანტულებსა და დაკარგულებს; ისინი ჩაგრავდნენ ცხვრებს, რადგან უფრო მგლებივით იქცეოდნენ, ვიდრე მწყემსებივით. იმ მწყემსებს არც კი აინტერესებდათ ის, რომ ცხვარი დაფანტული იყო, უმიზნოდ დაეხეტებოდა და მათზე არავინ ზრუნავდა (იერემია 23:1, 2; ნაუმი 3:18; მათე 9:36).

იმ ორგული მწყემსებისგან განსხვავებით, ქრისტიანი მწყემსები იეჰოვას მაგალითს ჰბაძავენ. ისინი ეხმარებიან მათ სულიერი „ხასხასა მოლისა“ და „წყნარი წყლებისკენ“ სვლაში. ცდილობენ, „სიმართლის კვალზე“ დააყენონ ისინი იმით, რომ ეხმარებიან იეჰოვას სიტყვის სწორი გაგების შეძენასა და ამ ცოდნის გამოყენებაში. ამის გაკეთებას ეფექტურად ახერხებენ, ვინაიდან ‘დამმოძღვრავები’ არიან (1 ტიმოთე 3:2).

უხუცესები კრების შეხვედრების დროს უმთავრესად სცენიდან ასწავლიან სხვებს, მაგრამ ისინი პირადადაც ასწავლიან ცხვრებს. რა თქმა უნდა, ზოგს უფრო უკეთ შეუძლია ვინმეს ასწავლოს, როცა პირადად ესაუბრება, ზოგს კი იმის ნიჭი აქვს, რომ წარმოთქვას მოხსენებები. თუ რომელიმე უხუცესი უნარიანი არ არის სწავლების ამა თუ იმ მხარეში, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ უხუცესს არ შეუძლია სხვებს ასწავლოს. უხუცესები ყველა იმ საშუალებას იყენებენ, რომლებზეც მათ მიუწვდებათ ხელი, მწყემსვის ჩათვლით. ზოგჯერ მწყემსვა შეიძლება უფრო ოფიციალურ დონეზე ტარდებოდეს, მაგალითად, როცა უხუცესი მონახულებებს გეგმავს. უმეტესწილად, მწყემსვა არაფორმალურ ვითარებაშიც შეიძლება ტარდებოდეს და ამასაც შეუძლია დიდი სარგებლობის მოტანა.

მწყემსები და მასწავლებლები მუდამჟამს

თავისი საქმე რომ შეასრულოს, ექიმს ცოდნა და გამოცდილება ესაჭიროება. მაგრამ მისი პაციენტები ამას მაშინ აფასებენ, როცა ის ავლენს სიკეთეს, თანაგრძნობას, მზრუნველობასა და გულწრფელ ინტერესს. ეს თვისებები მისი პიროვნების ნაწილი უნდა იყოს. მსგავსი თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელსა და მწყემსს; და ამას ის ყოველდღე უნდა ავლენდეს. ნამდვილი მასწავლებელი მზად იქნება, ასწავლოს თავის გარშემო მყოფთ, როცა კი საჭიროა. „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ — ნათქვამია იგავნის 15:23-ში. „დროულად“ — ესე იგი, როცა ის სცენიდან ლაპარაკობს, როცა კარდაკარ ქადაგებს ან როცა ესაუბრება ვინმეს სამეფო დარბაზში, ან ელაპარაკება ტელეფონით. კარგი მწყემსი ცდილობს შესანიშნავი, მზრუნველი თვისებების გამოვლენას ნებისმიერ დროს და არა მხოლოდ მაშინ, როცა სამწყემსო მონახულებებს აკეთებს. ვინაიდან ‘მისი გული გაშლილია’, ის ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ დამწყემსოს ცხვრები და დროულად მიაქციოს მათ საჭირო ყურადღება. ცხვრები ამის გამო შეიყვარებენ მას (მარკოზი 10:43).

ვოლფგანგი, ამჟამად უხუცესი, სამსახურებრივი თანაშემწისა და მისი მეუღლის მიერ მისი ოჯახის მეგობრულ მონახულებას იხსენებს. ის ამბობს: „ჩვენს შვილებს ძალიან მოეწონათ, რომ მათ მიმართ ყურადღება გამოიჩინეს და რომ ყველამ კარგი დრო გავატარეთ. ისინი დღემდე იხსენებენ ამას“. დიახ, იმ სამსახურებრივმა თანაშემწემ ცხადყო თავისი მზრუნველობა; მან ‘გაშალა თავისი გული’.

‘ჩვენი გულის გაშლის’ სხვა შესაძლებლობებს წარმოადგენს ავადმყოფების მონახულება, მათთვის მოკლე გამამხნევებელი ბარათის გაგზავნა ან ტელეფონით საუბარი — ნებისმიერი საშუალება, რათა დავანახვოთ მათ, რომ ვზრუნავთ მათზე! რაშიც საჭიროა, დახმარება შესთავაზე. თუ შენთან საუბარი სურთ, ყურადღებით მოუსმინე. ესაუბრე დადებით, სასიხარულო თეოკრატიულ საქმეებზე, რაც ადგილობრივ კრებაში ან სხვაგან მიმდინარეობს. დაეხმარე მათ, თვალი მიაპყრონ დიდებულ მომავალს, რომელიც იეჰოვას თავის მოყვარულთათვის აქვს გათვალისწინებული (2 კორინთელთა 4:16—18).

სამწყემსო მონახულებების გარდა

როცა გვახსოვს მწყემსვის მიზანი, ნათელია, რომ, მწყემსების მიერ ძმების მონახულება მათ სახლებში თუმცა მნიშვნელოვანია, ამით როდი შემოიფარგლება ყველაფერი. მოსიყვარულე მწყემსი ფართოდ ‘შლის გულს’ იმით, რომ ყოველთვის მზად არის მოუსმინოს ყველას ნებისმიერ დროსა და ვითარებაში. თბილი ურთიერთობა, რომელსაც ის ავითარებს სულიერ ძმებთან, არწმუნებს მათ იმაში, რომ განსაცდელის დროს მათ არაფრის უნდა ეშინოდეთ, რადგან იციან, რომ მათი მოსიყვარულე ძმა, ქრისტიანი მწყემსი, ზრუნავს მათზე (ფსალმუნი 22:4).

ასე რომ, ქრისტიანო მწყემსებო, ყველამ ფართოდ ‘გაშალეთ გულები’. თქვენი ძმებისადმი წრფელი სიყვარული გამოავლინეთ — გაამხნევეთ ისინი, შემატეთ ძალები, სულიერად განამტკიცეთ ყველანაირად, როგორც კი შეგიძლიათ. დაეხმარეთ მათ, რომ მტკიცენი იყვნენ რწმენაში (კოლასელთა 1:23). ცხვარს არაფერი მოაკლდება, როცა კურთხეულია ‘გულგაშლილი’ ქრისტიანი მწყემსებით. დავითის მსგავსად, ისინიც იქნებიან იმ გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ დამკვიდრდნენ იეჰოვას სახლში დღენი მრავალნი (ფსალმუნი 22:1, 6). მეტი რაღა უნდა სურდეს მოსიყვარულე მწყემსს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 რჩევები, თუ როგორ კეთდება სამწყემსო მონახულებები, შეგიძლიათ იხილოთ 1993 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 20—23 (რუს.), და 1996 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 24—27 (რუს.).

[ჩარჩო 30 გვერდზე]

ქრისტიანი მწყემსები

• მსახურობენ გულმოდგინედ და მზადყოფნით

• კვებავენ სამწყსოს და ზრუნავენ მასზე

• სხვებსაც ეხმარებიან მწყემსებად გახდომაში

• აკითხავენ ავადმყოფებს და ზრუნავენ მათზე

• ყოველთვის მზად არიან ძმების დასახმარებლად

[სურათები 31 გვერდზე]

სადაც უნდა იყვნენ, სამქადაგებლო მსახურებაში, კრების შეხვედრებსა თუ მეგობრულ შეხვედრებზე, უხუცესები ყოველთვის მწყემსებად რჩებიან.