შეგიძლიათ ჰპოვოთ შინაგანი სიმშვიდე?
შეგიძლიათ ჰპოვოთ შინაგანი სიმშვიდე?
ათას რვაას ორმოცდათოთხმეტ წელს ამერიკელი მწერალი ჰენრი თოროუ წერდა: „მრავალი ადამიანი სასოწარკვეთილია, მაგრამ ამის შესახებ ხმას არ იღებენ“.
როგორც ჩანს, ამ მწერლის თანამედროვეების უმეტესობას შინაგანი სიმშვიდე დაკარგული ჰქონდა. მაგრამ ეს თითქმის 150 წლის წინათ იყო. დღეისთვის შეიცვალა მდგომარეობა? თუ თოროუს სიტყვები დღევანდელობასაც ეხება? რა შეიძლება ითქვას თქვენზე? გრძნობთ თუ არა კმაყოფილებას, შინაგან სიმშვიდეს? თუ თავს უმწეოდ გრძნობთ და დარწმუნებული არა ხართ, რას მოგიტანთ მომავალი ანუ, თოროუს სიტყვებით რომ ვთქვათ, ‘სასოწრაკვეთილი ხართ და ამის შესახებ ხმას არ იღებთ’?
სამწუხაროდ, წუთისოფელში არის მრავალი ისეთი რამ, რაც ადამიანს შინაგან სიმშვიდეს აკარგვინებს. მოვიხსენიოთ მხოლოდ რამდენიმე მათგანი. მრავალ ქვეყანაში არის უმუშევრობა და დაბალი შემოსავალი, რაც სიღარიბისა და ეკონომიკის მოშლის მიზეზია. სხვა ქვეყნებში მრავალი თავისი ენერგიის უმეტეს ნაწილს ფულისა და მატერიალური სიმდიდრის დაგროვებას ახმარს. მაგრამ ხშირად ასეთ ცხოვრების წესს, სადაც კონკურენციას უჭირავს პირველი ადგილი, ზედმეტი საზრუნავი მოაქვს და არა სიმშვიდე. გარდა ამისა, ადამიანს სიმშვიდეს აკარგვინებს ავადმყოფობა, ომი, დამნაშავეობა, უსამართლობა და ჩაგვრა.
შინაგანი სიმშვიდის ძიებაში
მრავალი ვერ ურიგდება წუთისოფელში არსებულ მდგომარეობას. ანტონიო * სან-პაოლოს (ბრაზილია) ერთი დიდი ქარხნის მუშათა ლიდერი იყო. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ის საპროტესტო აქციებსა და დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ამან სულის სიმშვიდე ვერ მოუტანა.
ზოგი იმედოვნებს, რომ ქორწინება მოუტანს შვებას, მაგრამ მათ შეიძლება იმედები გაუცრუვდეთ. მარკოსი წარმატებული ბიზნესმენი იყო. მან პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობა დაიწყო და ერთი დიდი ინდუსტრიული ქალაქის მერი გახდა, მაგრამ მის ოჯახურ ცხოვრებას უბედურება დაატყდა თავს. შვილები სახლიდან წავიდნენ, ხოლო გაუთავებელი უთანხმოებების გამო მეუღლე გაშორდა.
გერზონი, ქუჩაში გაზრდილი სალვადორელი (ბრაზილია) ბავშვი, თავგადასავლების მაძიებელი იყო. ის სატვირთო მანქანის მძღოლებს ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა.
მალე ნარკომანი გახდა და ხალხის ძარცვა დაიწყო, რათა ამ მანკიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ფული ეშოვა. რამდენჯერმე პოლიციამ დააკავა. აგრესიული და მოძალადე ბუნების მიუხედავად, გერზონს შინაგანი სიმშვიდე სწყუროდა. ოდესმე იპოვიდა ის ამ სიმშვიდეს?ვეინია ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა და ოჯახსა და ავადმყოფ დაზე მზრუნველობა ტვირთად დააწვა მხრებზე. გოგონა ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ თავს ღვთისგან მიტოვებულად გრძნობდა. ვეინიას ნამდვილად დაკარგული ჰქონდა სულის სიმშვიდე.
გვინდა, მოვიხსენიოთ მარსელოც, რომელსაც დროის გატარების მეტი არაფერი აინტერესებდა. ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან გართობა — ცეკვა, სმა და ნარკოტიკების მიღება. ერთხელ ერთ ახალგაზრდასთან ჩხუბი მოუვიდა და დაჭრა. შემდეგ კი სინანულმა მოიცვა და ღმერთს დახმარებას ევედრებოდა. მასაც სწყუროდა სულის სიმშვიდე.
ეს მაგალითები თვალსაჩინოდ გვიჩვენებს იმ შემთხვევებს, რომლებმაც შეიძლება სულის სიმშვიდე დაგვაკარგვინოს. არსებობდა თუ არა რამე გზა, რომელიც იმ მუშათა ლიდერს, პოლიტიკოსს, ქუჩაში გაზრდილ ბავშვს, ჯაფით წელგაწყვეტილ გოგონასა და გართობის მოყვარულ ახალგაზრდას ნანატრ შინაგან სიმშვიდეს მოუტანდა? გვასწავლის თუ არა რამეს ის, რაც მათ თავს გადახდათ? როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ორივე კითხვაზე პასუხი დადებითია.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.
[სურათი 3 გვერდზე]
გწყურიათ შინაგანი სიმშვიდე?