არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია

უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია

უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია

მამაკაცი შავგვრემანი და ლამაზი იყო. ქალი ნიჭიერი და მშვენიერი. ისინი ერთ კომპანიაში მუშაობდნენ. ქალი მამაკაცს ყურადღებას არ აკლებდა. ის კი კომპლიმენტებით ავსებდა ქალს. ერთმანეთს საჩუქრებს აძლევდნენ; მალე საყვარლები გახდნენ. მამაკაცმა ცოლი ამ ქალში გაცვალა. ბოლოს ქალმა გადაწყვიტა, ქმართან დარჩენილიყო და იმ მამაკაცთან ურთიერთობა გაეწყვიტა. მამაკაცი, ყოველი შემთხვევისთვის, ცდილობდა ცოლთან დაბრუნებას, მაგრამ, რადგან გულწრფელად არ ინანიებდა, ამას ვერ მიაღწია. მართალია, ყოველი მათგანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, უკვალოდ არ ჩაუვლია.

სექსუალური მორალი ამ წუთისოფელში აღარ მიაჩნიათ ზნეობრიობად. სიამოვნებისა და კმაყოფილებისკენ ყოვლად თავშეუკავებელი სწრაფვა დღეს ჩვეულებრივი რამ გახდა. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „მრუშობა, როგორც ჩანს, ისევე საყოველთაოდ გავრცელებულია და, ზოგ შემთხვევაში კი, ისევე ჩვეულებრივი, როგორც ქორწინება“.

მაგრამ იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ქორწინება „ღირსეული. . . იყოს ყველასი, [სსგ]“ და ცოლქმრული სარეცელი — „შეუბილწავი“ (ებრაელთა 13:4). საღვთო წერილი აცხადებს: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). ამიტომ ღვთის კეთილგანწყობილების მისაღებად ამ უზნეო წუთისოფელში მორალური სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.

როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ჩვენს გარშემო არსებული გამხრწნელი გავლენისგან? ბიბლიის წიგნში „იგავნი სოლომონისა“, მე-5 თავში ძველი ისრაელის მეფე სოლომონი გვპასუხობს ამ კითხვაზე. მოდი ვნახოთ, რას ამბობს.

განსჯის უნარის შენარჩუნება

„ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, — იწყებს ისრაელის მეფე, შემდეგ დასძენს, — ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური, რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენმა ბაგეებმა“ (იგავნი 5:1, 2).

უზნეობის ჩადენის ცდუნებას თავი რომ დავაღწიოთ, გვესაჭიროება სიბრძნე — საღვთო წერილიდან მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი — და გამჭრიახობა, ანუ ძალა, რომ განვასხვაოთ სწორი არასწორისაგან და სწორი კურსი ავირჩიოთ. ბიბლია გვირჩევს, ყური მივაპყროთ სიბრძნესა და გამჭრიახობას, რათა განსჯის უნარი შევინარჩუნოთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? როდესაც ვსწავლობთ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ მოქმედებს იეჰოვა, და გულისყურით უნდა მოვეკიდოთ მის ნება-სურვილსა და განზრახვებს. ასე მოქცევით ჩვენს აზროვნებას სწორი მიმართულებით წარვმართავთ. ამგვარად შეძენილი განსჯის უნარი თანხმობაში იქნება ღვთიურ სიბრძნესა და შემეცნებასთან. ეს უნარი, მისი სწორი გამოყენების შემთხვევაში, უზნეობის მახეში გაბმისგან დაგვიცავს.

მოერიდე გასლექილ სასას

იმის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის განსჯის უნარი მნიშვნელოვანი ამ უწმინდურ წუთისოფელში მორალური სიწმინდის შენარჩუნებისას, ის არის, რომ უზნეო ადამიანი მაცდურია. სოლომონი გვაფრთხილებს: „თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება“ (იგავნი 5:3, 4).

ამ იგავში გზასაცდენილი ადამიანი აღწერილია როგორც „უცხო ქალი“ — მეძავი *. მისი მაცდუნებელი სიტყვები მსხვერპლისთვის თაფლივით ტკბილი და ზეითუნის ზეთზე უფრო გასლექილია. განა უმეტეს შემთხვევაში აქედან არ იწყება უზნეო საქციელამდე მიმყვანი არშიყობა? მაგალითად, განვიხილოთ 27 წლის მიმზიდველი მდივნის, ემის, მაგალითი. ის ყვება: „ჩემი თანამშრომელი მამაკაცი დიდ ყურადღებას მაქცევს და ყოველი შესაძლებლობისას მაქებს. კარგია, როდესაც ყურადღებას გაქცევენ, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ მისი ჩემდამი ინტერესი მხოლოდ სექსისკენ იხრება. არ ვაპირებ მისი მაცდური წინადადებების მიღებას“. მაცდურთა საამური სიტყვები, ჩვეულებრივ, მიმზიდველია, როდესაც ვერ ვხვდებით, სინამდვილეში რისთვის არის ისინი გამიზნული. სწორედ ამიტომ უნდა განვივითაროთ განსჯის უნარი.

უზნეობის შედეგები აბზინდასავით მწარე და ორლესული მახვილივით მჭრელია — მტანჯველი და მომაკვდინებელი. ასეთ საქციელს ხშირად საშინელი შედეგები მოსდევს: სინდისის ქენჯნა, არასასურველი ფეხმძიმობა ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. დაფიქრდით აგრეთვე ორგულობით მეუღლისათვის მიყენებულ უდიდეს ემოციურ ტკივილზე. ღალატმა შეიძლება ისეთი ჭრილობა მიაყენოს ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოიშუშებს. დიახ, უზნეობა გულს გვტკენს.

გზასაცდენილი ქალის ცხოვრების შესახებ ბრძენი მეფე ამბობს: „მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები. ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზა-კვალი, არ იცის სად მიდის“ (იგავნი 5:5, 6). უზნეო ქალი თავის ცხოვრებას სიკვდილისკენ მიჰყავს — ის შეოლისკენ, კაცობრიობის საერთო სამარისკენ, მიაბიჯებს. თუ გავიხსენებთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, განსაკუთრებით კი შიდს-ს, მართლაც რომ ჭეშმარიტია ეს სიტყვები! ამ ქალსა და მასთან ერთად არასწორი გზებით მავალთ ერთი და იგივე რამ მოელით.

მეფე მთელი გულით მოგვიწოდებს: „ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს: შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს“ (იგავნი 5:7, 8).

რამდენადაც ეს შესაძლებელია, უზნეო ხალხისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. მოდი ნუ დავრთავთ საკუთარ თავს იმის ნებას, რომ მათ გზას გავყვეთ გამხრწნელი მუსიკის მოსმენით, ზნეობრივად გამრყვნელი გასართობი პროგრამების ან პორნოგრაფიული მასალის გავლენის ქვეშ მოქცევით (იგავნი 6:27; 1 კორინთელთა 15:33; ეფესელთა 5:3—5). რამხელა უგუნურება იქნებოდა, მათი ყურადღება მიგვეპყრო არშიყობით ან გამომწვევი ჩაცმულობითა და გარეგნობით! (1 ტიმოთე 4:8; 1 პეტრე 3:3, 4).

ძალიან ძვირი ჯდება

გარდა ამისა, რატომ უნდა მოვერიდოთ გზასაცდენილ ადამიანებს? სოლომონი გვპასუხობს: „რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები — დაუნდობელს, რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით — მტრის სახლში. ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი“ (იგავნი 5:9—11).

სოლომონი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რა ძვირი ჯდება უზნეობა. მრუშობა და ღირსების ანუ საკუთარი თავისადმი პატივისცემის დაკარგვა ხელიხელჩაკიდებული არიან. განა ნამდვილად დამამცირებელი არ არის, დავემორჩილოთ მხოლოდ ჩვენს ან სხვა ვინმეს უზნეო ვნებებს? განა თავმოყვარეობის არქონაზე არ მიუთითებს ისეთ ადამიანთან სქესობრივი სიახლოვე, რომელზეც არა ვართ დაქორწინებული?

მაგრამ რა იგულისხმება ‘წლების, დოვლათისა და ჭირნახულის მტრისთვის ანუ უცხოსთვის მიცემაში’? ერთი ცნობარი აღნიშნავს: „ამ მუხლების აზრი ნათელია: ღალატი შეიძლება ძვირი დაჯდეს; რისთვისაც ადამიანი იღვწოდა — თანამდებობა, ძალაუფლება, ეკონომიკური კეთილდღეობა — დაიკარგება ან ქალის გამფლანგველობით, ან კიდევ სკანდალით. უზნეო ურთიერთობები შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს!

ღირსებისა და მატერიალური დოვლათის დაკარგვის შემდეგ, უგუნური ოხვრით ამბობს: „როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება! არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო. რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!“ (იგავნი 5:12—14).

დროთა განმავლობაში ეს ცოდვილი ადამიანი გამოხატავს იმას, რასაც ერთი სწავლული უწოდებს «„ნეტავ“-ის გრძელ სიას: „ნეტავ მამაჩემისთვის გამეგონა; ნეტავ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ მქონოდა; ნეტავ რჩევისთვის ყური დამეგდო“». მაგრამ ამას გვიან ხვდებიან. ბიწიერი ადამიანის ცხოვრება ინგრევა და მისი სახელი იბღალება. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის უზნეობაში ჩაფლობამდე გავითვალისწინოთ ის, თუ რა ძვირად დაგვიჯდება ეს!

„სვი წყალი შენი აუზიდან“

იკავებს თავს ბიბლია სქესობრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისგან? არავითარ შემთხვევაში. მამაკაცსა და ქალს შორის რომანტიკული სიყვარულის გამომხატველი გრძნობები და ექსტაზი ღვთისგან ბოძებული ძღვენია. მაგრამ ამ სიახლოვით მხოლოდ ცოლ-ქმარი უნდა დატკბეს. ცოლიან მამაკაცებს სოლომონი მოუწოდებს: «სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, [„განა გარეთ უნდა“, აქ] იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე — წყლის ნაკადები[?] მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ» (იგავნი 5:15—17).

„შენი აუზი“ და „შენი ჭა“ საყვარელი ცოლის ლირიკული მეტაფორაა. მასთან სქესობრივი ურთიერთობა გამაგრილებელი წყლის სმასთან არის შედარებული. იმ წყლისგან განსხვავებით, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებშია, აუზი ან ჭა კერძო საკუთრებაა. მამაკაცებს ეძლევათ რჩევა, რომ შინ ცოლისგან იყოლიონ შვილები და არა მოედნებზე მიმოაბნიონ თავიანთი თესლი, კერძოდ კი, სხვა ქალებთან. ნათელია, მამაკაცისთვის მიცემული რჩევა ის არის, რომ ცოლის ერთგული იყოს.

ბრძენი მამაკაცი განაგრძობს: „კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით“ (იგავნი 5:18, 19).

„წყარო“ მიუთითებს სექსუალური კმაყოფილების წყაროზე. ცხოვრების თანამგზავრთან სქესობრივი სიამოვნება ღვთის ‘კურთხევაა’. ამიტომ მამაკაცს ეძლევა რჩევა, გაიხაროს თავის სიყმაწვილის ცოლთან. ქმრისთვის ცოლი შველივით მოყვარული და ტურფა, ქურციკივით მიმზიდველი და მომხიბვლელია.

შემდეგ სოლომონი ორ რიტორიკულ კითხვას სვამს: „რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?“ (იგავნი 5:20). დიახ, რატომ უნდა იქონიოს სქესობრივი კავშირი დაქორწინებულმა სხვა ადამიანთან: თანამშრომელთან, თანასკოლელთან თუ კიდევ სხვასთან?

დაქორწინებულ ქრისტიანებს მოციქული პავლე ასეთ რჩევას აძლევს: „ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი“ (1 კორინთელთა 7:29). რას ნიშნავს ეს? იესო ქრისტეს მიმდევრები ‘უწინარეს ღვთის სასუფეველს [სამეფოს, აქ] ეძიებენ’ (მათე 6:33). ამიტომ ცოლ-ქმარი იმდენად არ უნდა იყოს ერთმანეთით გატაცებული, რომ სამეფოს ინტერესები მათთვის მეორეხარისხოვანი გახდეს.

აუცილებელია თავშეკავება

სქესობრივი სურვილების დაოკება შესაძლებელია. მათ, ვისაც სურთ იეჰოვას მოწონების დამსახურება, უნდა შეძლონ ეს. „ღვთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით“, — გვირჩია მოციქულმა პავლემ (1 თესალონიკელთა 4:3, 4).

მაშ, ახალგაზრდები ნაჩქარევად არ უნდა დაქორწინდნენ, როდესაც მათში ეს-ეს არის იღვიძებს სქესობრივი წადილი. ქორწინება ვალდებულებებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს და ასეთი პასუხისმგებლობისთვის მოწიფულობაა საჭირო (დაბადება 2:24). უკეთესია მოცდა მანამ, სანამ პიროვნება ‘სიყმაწვილის ასაკს გადასცდება’ — პერიოდს, როდესაც სექსუალური გრძნობები მოზღვავებულია, რასაც ადამიანის საღი აზროვნების დაჩლუნგება შეუძლია (1 კორინთელთა 7:36). რა არაგონივრული და არასწორი იქნებოდა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც დაქორწინება სურს, უზნეობა ჩაედინა, უბრალოდ იმის გამო, რომ ცხოვრების შესაძლო თანამგზავრს ვერ პოულობს!

„საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს“

იმის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის სექსუალური უზნეობა არასწორი, ის არის, რომ იეჰოვას — სიცოცხლის მომცემსა და ადამიანთათვის სქესობრივი უნარის მიმნიჭებელს — არ მოსწონს იგი. უმწიკვლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით დაბეჯითებული მოწოდების შემდეგ, მეფე სოლომონი ამბობს: „რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება“ (იგავნი 5:21). დიახ, ვერაფერს დავუმალავთ ღმერთს, „ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4:13). სექსუალური უზნეობის ნებისმიერი გამოხატულება, როგორი გასაიდუმლოებულიც უნდა იყოს და როგორი ფიზიკური თუ სოციალური შედეგებიც უნდა ჰქონდეს, იეჰოვასთან ურთიერთობას გვიფუჭებს. რა უგუნურებაა უკანონო წამიერი სიამოვნების განცდისთვის ღმერთთან მშვიდობის დაკარგვა!

შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ის, ვინც უტიფრად ადგას უზნეობის გზას, დაუსჯელი რჩება. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება. სოლომონი აღნიშნავს: „საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება. ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება“ (იგავნი 5:22, 23).

მაშ, რატომ უნდა აებნას რომელიმე ჩვენგანს გზა? ბოლოს და ბოლოს, იგავნის წიგნი გვაფრთხილებს წუთისოფლის მაცდური გზების შესახებ. ის გვიჩვენებს, რა ფასად დაგვიჯდება უზნეობის ჩადენა — ჯანმრთელობის, ფინანსების, ძალისა და საკუთარი ღირსების გრძნობის დაკარგვის ფასად. თუ ასეთი ნათელი განჭვრეტის უნარი გვექნება, არასდროს ჩავვარდებით ისეთ ვითარებაში, რომ აღმოგვხდეს: „ახ, ნეტავ“. დიახ, იეჰოვას სიტყვაში მოცემული რჩევის თანახმად მოქცევით შეგვიძლია უმწიკვლოები დავრჩეთ ამ უზნეო წუთისოფელში.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 სიტყვა „უცხო“ გამოიყენებოდა მათთან დაკავშირებით, რომლებმაც რჯულს ზურგი აქციეს და ჩამოსცილდნენ იეჰოვას. აქედან გამომდინარე, მეძავი მოხსენიებულია, როგორც „უცხო ქალი“.

[სურათები 30 გვერდზე]

უზნეობის შედეგები აბზინდასავით მწარეა.

[სურათები 31 გვერდზე]

„იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან“.