არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იარაღის წარმოებიდან ადამიანთა ხსნამდე

იარაღის წარმოებიდან ადამიანთა ხსნამდე

ბიოგრაფია

იარაღის წარმოებიდან ადამიანთა ხსნამდე

მოგვითხრო ისიდოროს ისმაილიდისმა

დაჩოქილი ვიყავი და ცრემლები ლოყებზე ღვარად მდიოდა. „ო, ღმერთო, სინდისი მეუბნება, რომ იარაღის საწარმოში ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას, — ვამბობდი ლოცვაში. — გამალებული დავეძებ ახალ სამუშაოს, მაგრამ ვერ ვშოულობ. ხვალ სამსახურს თავს ვანებებ. გთხოვ, იეჰოვა, რომ ჩვენს შვილებს ლუკმაპური არ მოაკლო“. რატომ გადავწყვიტე ასე მოქცევა?

ცხოვრება მშვიდად და უბრალოდ მიედინებოდა დრამაში (ჩრდილოეთი საბერძნეთი), სადაც 1932 წელს დავიბადე. მამაჩემი მესაუბრებოდა ხოლმე იმის შესახებ, თუ რა სურდა, რომ გამეკეთებინა. მირჩევდა, წავსულიყავი შეერთებულ შტატებში და განათლება მიმეღო. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთი გაიძარცვა, აქ, ბერძნებში, ერთი ანდაზა გავრცელდა, შეიძლება ქონება მოგპარონ, მაგრამ ცოდნას ვერასდროს მოგვპარავენო. გადაწყვეტილი მქონდა უმაღლესი განათლების მიღება და ისეთი რამის შეძენა, რასაც ვერასდროს ვერავინ მომპარავდა.

ბავშვობიდანვე ახალგაზრდების იმ სხვადასხვა ჯგუფში ვერთიანდებოდი ხოლმე, რომლებსაც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია სპონსორობდა. აქ გვაფრთხილებდნენ, მოვრიდებოდით საშიშ სექტებს. მოხსენიებულთაგან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთ–ერთი მათგანი — იეჰოვას მოწმეები — რადგან ამბობდნენ, რომ ისინი თითქოს ანტიქრისტეები იყვნენ.

1953 წელს, ათენში ტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გერმანიაში წავედი ისეთი სამუშაოს საძებრად, რომელიც იმავდროულად სწავლის გაგრძელების საშუალებასაც მომცემდა. მაგრამ ვერაფერი გავაწყვე და სხვა ქვეყნებს მივაშურე. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჯიბეგამოფხეკილმა, ბელგიის პორტში ამოვყავი თავი. მახსოვს, შევედი ერთ–ერთ ეკლესიაში, დავჯექი იატაკზე და ისე მწარედ ავტირდი, რომ ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. ვლოცულობდი, რომ, თუ ღმერთი შეერთებულ შტატებში წასვლაში დამეხმარებოდა, არ გამოვედევნებოდი მატერიალიზმს, არამედ განათლებას მივიღებდი და ვეცდებოდი, კარგი ქრისტიანი და მოქალაქე ვყოფილიყავი. ბოლოს, 1957 წელს, ამერიკაში ჩავედი.

ახალი ცხოვრება შეერთებულ შტატებში

შეერთებულ შტატებში იმ ემიგრანტისთვის ცხოვრება, რომელმაც არც ენა იცოდა და არც ფული ჰქონდა, ძნელი იყო. ღამღამობით ორ სამუშაოზე ვმუშაობდი, დღისით კი ყველანაირად ვცდილობდი, სკოლაში მევლო; რამდენიმე კოლეჯში დავდიოდი, ცოდნის დონე ავიმაღლე. შემდეგ ლოს–ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე და გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით დავამთავრე. მამაჩემის სიტყვები, განათლების მიღებასთან დაკავშირებით, ყოველთვის მეხმარებოდა, ამ მძიმე წლებში ფარ–ხმალი არ დამეყარა.

დაახლოებით ამ დროს გავიცანი მშვენიერი ბერძენი ქალიშვილი, ეკატერინი, და 1964 წელს დავქორწინდით. სამი წლის შემდეგ ჩვენი პირველი ვაჟი დაიბადა, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე კი კიდევ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეგვეძინა. ოჯახის რჩენა და იმავდროულად უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად ძნელი საქმე იყო.

მე სანივეილში (კალიფორნია) შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალებისთვის რეაქტიული რაკეტების დამამზადებელ კომპანიაში ვმუშაობდი. სხვადასხვა საჰაერო და კოსმოსური პროექტის შემუშავებაში ვმონაწილეობდი, „აჯენასა“ და „აპოლონის“ პროექტების ჩათვლით. „აპოლონ–8“–სა და „აპოლონ–11“–ის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მედლებითაც კი დამაჯილდოეს. ამის შემდეგ განვაგრძე განათლების მიღება და აქტიურად ჩავები სხვადასხვა სამხედრო–საჰაერო პროექტის შექმნაში. ბედნიერი ვიყავი — მყავდა მოსიყვარულე მეუღლე, ოთხი შვილი, მქონდა პრესტიჟული სამსახური და დიდებული სახლი.

შეუპოვრობა

1967 წლის დამდეგს სამსახურში გავიცანი ჯიმი, ძალზე თავმდაბალი და კეთილი მამაკაცი. ყოველთვის იღიმებოდა და არასდროს ამბობდა უარს შესვენების რამდენიმე წუთის ჩემთან ერთად გატარებაზე. ის ამ შესაძლებლობებს ჩემთვის ბიბლიური ინფორმაციის გასაზიარებლად იყენებდა. ჯიმმა მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას.

ძალიან შემაცბუნა იმის გაგებამ, რომ ჯიმი ამ რელიგიურ ჯგუფში მოხვდა. ნუთუ შესაძლებელი იყო, ასეთი კარგი ადამიანი ანტიქრისტიანულ სექტას შეცდომაში შეეყვანა? მიუხედავად ამისა, მისთვის ხელი არ მიკრია, რადგან ჩემს მიმართ ინტერესს იჩენდა და, ამავე დროს, კეთილი იყო. ჯიმს თითქმის ყოველდღე მოჰქონდა ჩემთვის სხვადასხვა წასაკითხი მასალა. მაგალითად, ერთხელ ჩემს ოფისში შემოვიდა და მითხრა: «ისიდოროს, „საგუშაგო კოშკის“ ამ სტატიაში ოჯახის განმტკიცებაზეა საუბარი. წაიღე სახლში და შენს ცოლთან ერთად წაიკითხე». ვუთხარი რომ წავიკითხავდი, მაგრამ მოგვიანებით საპირფარეშოში შევედი და ნაკუწებად ქცეული ჟურნალი ნაგვის ყუთში ჩავაგდე.

სამი წლის მანძილზე ჯიმი რა წიგნებსა და ჟურნალებსაც მაძლევდა, ვანადგურებდი. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ვიყავი განწყობილი, მაგრამ ვცდილობდი, არ შემეწყვიტა ჯიმისთან მეგობრობა, რადგან ვფიქრობდი, რომ უკეთესი იყო მისი ნალაპარაკები ერთი ყურიდან შემეშვა და მეორიდან გამეშვა.

მაგრამ მასთან საუბრებისას დავინახე, რომ იმის უმეტესობა, რაც მწამდა და რასაც ვაკეთებდი, ბიბლიასთან არ იყო თანხმობაში. გავიგე, რომ სამების, ჯოჯოხეთის ცეცხლისა და სულის უკვდავების შესახებ სწავლებები არაბიბლიურია (ეკლესიასტე 9:10; ეზეკიელი 18:4; იოანე 20:17). როგორც ამაყ ბერძენ მართლმადიდებელს, არ მსურდა იხტიბარი გამეტეხა და მეღიარებინა, რომ ჯიმი მართალი იყო. მაგრამ, რადგან ის ყოველთვის ბიბლიას იყენებდა და თავის შეხედულებას არასოდეს მახვევდა თავს, ბოლოს ვაღიარე, რომ ეს კაცი ბიბლიიდან ფასდაუდებელ ცნობას მიზიარებდა.

ჩემმა მეუღლემ იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა და მკითხა, ჩემს მეგობართან ხომ არ ვსაუბრობდი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან იყო დაკავშირებული. როდესაც დავეთანხმე, მითხრა: „რომელ ეკლესიაშიც გინდა, წავიდეთ, ოღონდ იეჰოვას მოწმეებთან არა“. მაგრამ მალე მე და ჩემი ცოლი, ჩვენს შვილებთან ერთად, რეგულარულად ვესწრებოდით მოწმეების კრების შეხვედრებს.

ძნელი გადაწყვეტილება

ბიბლიის შესწავლის დროს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წავიკითხე: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4). „როგორ შემიძლია ვემსახურო მშვიდობის მოყვარულ ღმერთს და იმავდროულად ვიმუშაო გამანადგურებელი იარაღის დასაპროექტებლად და საწარმოებლად“, — ვკითხე ჩემს თავს (ფსალმუნი 45:10). დიდი ხანი არ დამჭირვებია იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სამუშაო უნდა გამომეცვალა.

გასაგებია, ეს ძალიან ძნელი საქმე იყო. პრესტიჟული სამსახური მქონდა; წლების მანძილზე ვიბრძოდი ამისთვის — მძიმედ ვშრომობდი, ვსწავლობდი და ამის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი; გავხდი მაღალი თანამდებობის პირი და ახლა უნდა დამეტოვებინა ყოველივე ეს. მაგრამ ბოლოს იეჰოვას სიყვარულმა და მისი ნების შესრულების დიდმა სურვილმა გაიმარჯვა (მათე 7:21).

გადავწყვიტე, სიეტლის (ვაშინგტონი) ერთ–ერთ კომპანიაში დამეწყო მუშაობა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მალე მივხვდი, რომ ახლა უფრო ჩაბმული ვიყავი ისეთ საქმიანობაში, რომელიც არ ესაბამებოდა ესაიას 2:4–ს. ჩემი ძალისხმევა, რომ მხოლოდ სხვა პროექტებზე მემუშავა, უშედეგო აღმოჩნდა და კვლავ მაწუხებდა სინდისი. ნათლად ვხედავდი, რომ არ შემეძლო სამსახურში დავრჩენილიყავი და ამავე დროს სუფთა სინდისი მქონოდა (1 პეტრე 3:21).

ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოგვეხდინა. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ცხოვრების წესი შევიცვალეთ და საოჯახო ხარჯები გავანახევრეთ. ჩვენი დიდებული სახლი გავყიდეთ და დენვერში (კოლორადო) ერთი პატარა სახლი ვიყიდეთ. ახლა უკვე მზად ვიყავი, საბოლოოდ მიმეტოვებინა სამსახური. სამსახურიდან გასათავისუფლებლად განცხადება დავწერე, სადაც წასვლის მიზეზს ვხსნიდი. იმ ღამეს, ბავშვებმა რომ დაიძინეს, მე და ჩემი მეუღლე მუხლმოყრილი ვლოცულობდით იეჰოვასადმი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე.

თითქმის ერთი თვის შემდეგ დენვერში გადავსახლდით, ხოლო ორი კვირის შემდეგ, 1975 წლის ივლისში, მე და ჩემი მეუღლე მოვინათლეთ. ექვსი თვის განმავლობაში სამუშაო ვერ ვიშოვე, დანაზოგს კი ნელ-ნელა ვხარჯავდით. მეშვიდე თვეს საბანკო ანგარიშზე სახლის ყოველთვიურ გადასახადზე მცირე თანხაღა გვქონდა. დავიწყე ნებისმიერი სამუშაოს ძებნა, მაგრამ მალე ინჟინრად მოვეწყვე. ხელფასი იმის ნახევარი მქონდა, რასაც ადრე ვიღებდი, მაგრამ ბევრად უფრო მეტი იყო იმაზე, რაც იეჰოვას ვთხოვე. რარიგ ვხარობდი, რომ სულიერი ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენე! (მათე 6:33).

ბავშვებისთვის იეჰოვას სიყვარულის ჩანერგვა

ამასთანავე მე და ეკატერინი დაკავებული ვიყავით მეტად რთული საქმით — ღვთის პრინციპების მიხედვით ოთხი შვილის აღზრდით. საბედნიეროდ, იეჰოვას დახმარებით, თითოეული მათგანი მოწიფული ქრისტიანი გახდა, თავიანთი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნეს ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგების მნიშვნელოვან საქმეს. ჩვენმა სამმა ვაჟმა — ხრისტოსმა, ლაკისმა და გრიგორისმა — სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა დაამთავრა და ახლა სხვადასხვა დანიშვნით მსახურობენ — ინახულებენ და აძლიერებენ კრებებს. ჩვენი ქალიშვილი, ტულა, კი ნიუ–იორკში არსებულ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში მოხალისედ მსახურობს. სიხარულით გვევსება გული, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენმა შვილებმა კარიერასა და მაღალი ანაზღაურების სამუშაოებს იეჰოვასთვის მსახურება ამჯობინეს.

ბევრი კითხულობს, თუ რაში მდგომარეობს შვილების წარმატებით აღზრდის საიდუმლო. რა თქმა უნდა, შვილების აღსაზრდელად რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდით, რომ მათთვის იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული ჩაგვენერგა (მეორე რჯული 6:6, 7; მათე 22:37—39). ბავშვებმა გაიგეს, რომ ვერ შევძლებდით იეჰოვასთვის გვეთქვა გვიყვარხარო, თუ ჩვენი საქციელი არ დაამტკიცებდა ჩვენს სიტყვებს.

კვირაში ერთ დღეს, ჩვეულებრივ, შაბათობით, მთელი ოჯახი ერთად ვმონაწილეობდით მსახურებაში. ორშაბათ საღამოობით, ვახშმის შემდეგ ოჯახურ შესწავლას რეგულარულად ვატარებდით. აგრეთვე თითოეულთან ცალ–ცალკეც გვქონდა ბიბლიის შესწავლა. როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ვატარებდით ხანმოკლე შესწავლებს, ხოლო როცა გაიზარდნენ — კვირაში ერთხელ, ხანგრძლივად. ამ შესწავლების დროს ბავშვები გულს გვიხსნიდნენ და თავისუფლად გვესაუბრებოდნენ თავიანთ პრობლემებზე.

გარდა ამისა, მთელ ოჯახს გამახალისებელი გართობაც გვქონდა. გვიყვარდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ერთად დაკვრა; თითოეულ ბავშვს უყვარდა თავისი საყვარელი სიმღერის შესრულება. ზოგჯერ შაბათ–კვირაობით სხვა ოჯახებს ვეპატიჟებოდით დროის ერთად გასატარებლად. არდადეგებზე მთელი ოჯახი ერთად ვმოგზაურობდით. ერთ–ერთი ასეთი მოგზაურობისას ორი კვირა კოლორადოს მთებში გავატარეთ და ადგილობრივ კრებასთან ვთანამშრომლობდით სამქადაგებლო მსახურებაში. ჩვენი შვილები სიამოვნებით იხსენებენ საოლქო კონგრესების დროს სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობასა და სამეფო დარბაზების მშენებლობაში მიხმარებას. როდესაც ბავშვები საბერძნეთში ნათესავების გასაცნობად წავიყვანეთ, მათ აგრეთვე საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ ბევრ ერთგულ მოწმეს, რომლებიც რწმენის გამო ციხეში ისხდნენ. ამან მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაეხმარა იმის გადაწყვეტაში, რომ რწმენაში უდრეკები და გაბედულები დარჩენილიყვნენ.

რა თქმა უნდა, ხანდახან ზოგი მათგანი არასწორად იქცეოდა ან არასწორად ირჩევდნენ მეგობრებს. ზოგჯერ კი ჩვენ ვუქმნიდით პრობლემებს — შესაძლოა, ზოგიერთ რამესთან დაკავშირებით მეტისმეტი შეზღუდვით. მაგრამ ბიბლიაში მოცემული ‘უფლის დარიგება’ გვეხმარებოდა, თითოეული ჩვენგანი სწორად რომ მოვქცეულიყავით (ეფესელთა 6:4; 2 ტიმოთე 3:16, 17).

ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიხარულო პერიოდი

როდესაც ჩვენმა შვილებმა სრული დროით მსახურება დაიწყეს, მე და ეკატერინიმ სერიოზულად დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა სიცოცხლის გადამრჩენი მსახურების გასაფართოებლად. ამიტომ 1994 წელს, მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავედი, ორივემ პიონერად დავიწყეთ მსახურება. ჩვენს სამსახურებრივ ტერიტორიაზე, კოლეჯები და უნივერსიტეტებია, სადაც ვქადაგებთ სტუდენტებთან; ზოგიერთ მათგანთან ბიბლიის შესწავლასაც კი ვიწყებთ. რადგან მესმის, თუ რა სიძნელეებს ხვდებიან ისინი — მეც ხომ მათ დღეში ვიყავი არცთუ ისე დიდი ხნის წინათ — და ამიტომ დიდი წარმატებით დავეხმარე, რომ გაეგოთ, ვინ არის იეჰოვა. როგორი სასიხარულო იყო იმ სტუდენტებთან ბიბლიის შესწავლა, რომლებიც ბოლივიიდან, ბრაზილიიდან, ეგვიპტიდან, ეთიოპიიდან, თურქეთიდან, მექსიკიდან, ტაილანდიდან, ჩილედან და ჩინეთიდან იყვნენ! მე ტელეფონითაც ვქადაგებ, განსაკუთრებით კი მათთან, რომლებიც ჩემს მშობლიურ ენაზე საუბრობენ.

ძლიერი ბერძნული აქცენტი და ასაკი დიდ სირთულეებს მიქმნის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ იმის გაკეთებას, რაც შემიძლია. ვცდილობ, მქონდეს ესაიას სულისკვეთება, რომელმაც განაცხადა: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). ბევრს დავეხმარეთ იეჰოვასთვის თავის მიძღვნაში; ეს ნამდვილად უბედნიერესი დროა ჩვენთვის.

ოდესღაც მთელი ჩემი ცხოვრება ადამიანთა გამანადგურებელი საშინელი იარაღის კეთებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ იეჰოვამ დაუმსახურებელი სიკეთით გზა გაგვიხსნა მე და ჩემს ოჯახს, რომ მისადმი მიძღვნილი მსახურები გავმხდარიყავით და ჩვენი ცხოვრება ხალხისთვის დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესახებ კეთილი ცნობის გაცნობისთვის მიგვეძღვნა. როდესაც ვიხსენებ იმ რთულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებაც მომიხდა, მახსენდება მალაქიას 3:10–ში ჩაწერილი სიტყვები: „გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად“ (მალაქია 3:10). ის ასეც აკეთებს ჩვენს დასაკმაყოფილებლად.

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

ლაკისი: მამაჩემს არ უყვარდა ფარისევლობა. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ასეთი არ ყოფილიყო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ოჯახს კარგ მაგალითს აძლევდა. ის ხშირად გვეუბნებოდა: „თუ იეჰოვას მიუძღვენით თავი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მზად უნდა იყოთ იეჰოვასთვის მსხვერპლის გასაღებად. აი ამას ნიშნავს ქრისტიანობა“. ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვდა და მეხმარებოდა, იეჰოვასათვის მსხვერპლის გაღებაში მამისთვის მიმებაძა.

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

ხრისტოსი: მე დიდად ვაფასებ იეჰოვასადმი ჩემი მშობლების ერთგულებასა და მშობლის პასუხისმგებლობებისადმი მათი მხრიდან სერიოზულ დამოკიდებულებას. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით მთელი ოჯახი, მსახურებიდან დაწყებული დასვენებით დამთავრებული. თუმცა მათ ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ, ცდილობდნენ, უბრალოდ ეცხოვრათ და ყურადღება მსახურებაზე გაემახვილებინათ. დღეს მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან მთლიანად დაკავებული ვარ იეჰოვასთვის მსახურებით.

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

გრიგორისი: მსახურება რომ გამეფართოებინა, მშობლების წამახალისებელ სიტყვებზე მეტად მათი მაგალითი და იეჰოვასთვის მსახურებაში მათი სიხარული დამეხმარა, გადამეხედა ჩემი მდგომარეობისთვის და ჩამომეცილებინა სრული დროით მსახურების დაწყებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სადარდებელი და უფრო მეტი მონაწილეობა მიმეღო იეჰოვას საქმეში. მადლობელი ვარ მშობლების, რომ დამეხმარნენ იმ სიხარულის პოვნაში, რომელსაც ახლა განვიცდი.

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

ტულა: ჩემი მშობლები ყოველთვის ხაზგასმით გვეუბნებოდნენ, რომ იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა ყველაზე ძვირფასი იყო და ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ იეჰოვასთვის ყოველივე იმის გაკეთებით მიიღწეოდა, რაც შეგვეძლო. მათ ჩვენთვის იეჰოვა ძალზე რეალური გახადეს. მამა ხშირად გვეუბნებოდა, ენით აღუწერელია ის გრძნობები, რომლებიც მაშინ გეუფლება, როდესაც სუფთა სინდისით იძინებ და იცი, რომ ეცადე, ყველაფერი გაგეკეთებინა იეჰოვას გულის გასახარად.

[სურათი 25 გვერდზე]

სამხედროში მსახურების დროს (საბერძნეთი, 1951 წელი).

[სურათი 25 გვერდზე]

მე და ეკატერინი 1966 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩემი ოჯახი 1996 წელს (მარცხნიდან მარჯვნივ, უკან): გრიგორის, ხრისტოსი, ტულა, (წინ) ლაკისი, ეკატერინი და მე.