იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან მისი მოყვარული ადამიანები
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
იეჰოვასთვის ძვირფასნი არიან მისი მოყვარული ადამიანები
ლიბანი თავისი ბუნებრივი რესურსებით ბიბლიური დროიდან არის ცნობილი (ფსალმუნი 71:16; ესაია 60:13). განსაკუთრებულ მონაპოვრად მისი დიდებული კედრის ხეები ითვლებოდა, რომლებზეც, როგორც საშენ მასალაზე, მათი სილამაზის, სურნელებისა და გამძლეობის გამო, დიდი მოთხოვნილება იყო. პირველ საუკუნეში უფრო ძვირფასი რამ იქნა აღმოჩენილი ლიბანში. მარკოზის სახარება გვამცნობს, რომ ლიბანის ძველ ტერიტორიაზე არსებული ქალაქებიდან, ტვიროსიდან და სიდონიდან, „მრავალი ხალხი მოვიდა მასთან [იესოსთან]. . . როცა შეიტყვეს რა მოიმოქმედა მან“ (მარკოზი 3:8).
ლიბანი დღესაც იძლევა იეჰოვასთვის მეტად ძვირფას ნაყოფს. ამას შემდგომი შემთხვევები ცხადყოფს:
• ახალგაზრდა მოწმეს, სახელად ვისამს, სთხოვეს, რომ 30–წუთიანი მოხსენებით გამოსულიყო სკოლაში თავისი კლასის წინაშე. მისი აზრით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა დასამოწმებლად. ამ მიზნით მან გამოიყენა წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ და მოხსენების თემად შემოქმედების საკითხი მოამზადა. როდესაც ვისამის მასწავლებელმა მასალას გადახედა, აღნიშნა, რომ ვისამს შეეძლო თავისი გამოსვლა 45 წუთამდე გაეგრძელებინა, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
როდესაც ვისამმა სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, მასწავლებელმა შეაწყვეტინა და სკოლის დირექტორის მოსაყვანად გააგზავნა. მალე დირექტორიც მოვიდა და ვისამმა ხელახლა დაიწყო. როდესაც მან მოისმინა ვისამის მიერ თემის შესავალში დასმული კითხვები, აღფრთოვანებულმა თქვა, რომ ყველა მოსწავლეს უნდა მიეღო ამ მოხსენების ფოტოპირი.
ცოტა ხნის შემდეგ სხვა მასწავლებელი, რომელმაც გვერდით ჩაუარა საკლასო ოთახს და იქიდან ხმაური მოესმა, დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა. როცა გაიგო საქმის ვითარება, იკითხა, რის დამტკიცებას ცდილობდა ვისამი — შემოქმედების თუ ევოლუციის. „შემოქმედების“, — იყო პასუხი. როცა მასწავლებელმა გაიგო, რომ ვისამი იეჰოვას მოწმე იყო, კლასს უთხრა: „მისი თემიდან დაინახავთ, რომ მეცნიერება მხარს უჭერს შემოქმედებას და არა ევოლუციას“.
აღმოჩნდა, რომ ამ მასწავლებელს წიგნ „შემოქმედების“ ეგზემპლარი ჰქონია და მას უნივერსიტეტში ლექციების ჩასატარებლად იყენებდა! წასვლამდე მან იკითხა, შეეძლო თუ არა მომდევნო დღეს თავის სტუდენტებთან ერთად დაბრუნებულიყო, რათა ვისამს მათთანაც ესაუბრა იგივე თემაზე. ამის შედეგად მას კიდევ ერთხელ მიეცა იეჰოვას შესახებ შესანიშნავად დამოწმების საშუალება.
• 22 წლის ნინა ჭეშმარიტებას იყო მოწყურებული. ერთხელ მისმა მამიდაშვილმა ბიბლია მისცა და ორმოცდაათიანელთა ეკლესიის სწავლებები გააცნო. ის ბიბლიას სიამოვნებით კითხულობდა და წაკითხულის საფუძველზე გაიგო, რომ ქრისტიანებმა უნდა იქადაგონ და საუბარი დაიწყო თავის ნაცნობებთან. ყველა, ვისაც ესაუბრებოდა, ეკითხებოდა: „იეჰოვას მოწმე ხომ არა ხარ?“. ეს კითხვა მას საგონებელში აგდებდა.
ექვსი წლის შემდეგ ნინას სახლში იეჰოვას მოწმეები ეწვივნენ და ესაუბრნენ ღვთის სამეფოს შესახებ. თავდაპირველად ის ცდილობდა, რაღაც არასწორი ეპოვა მათ სწავლებაში. მაგრამ შენიშნა, რომ ყველა მათი პასუხი ლოგიკური და ბიბლიაზე დაფუძნებული იყო.
იმან, რაც მან საბოლოოდ გაიგო — კერძოდ, ღვთის სახელის, იეჰოვას, სამეფოს კურთხევებისა და სხვა მრავალი რამის შესახებ — დაარწმუნა იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მან თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა. ბოლო შვიდი წლის მანძილზე ნინა სრული დროით მქადაგებლად მსახურობდა. მართლაც რომ კურთხევას არ აკლებს იეჰოვა მათ, ვისაც იგი ნამდვილად უყვარს (1 კორინთელთა 2:9).