კადნიერებას დამცირება მოჰყვება
კადნიერებას დამცირება მოჰყვება
«ამპარტავნობას [„კადნიერებას“, აქ] დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან [„მოკრძალებულებთან“, აქ] კი სიბრძნეა» (იგავნი 11:2).
1, 2. რა არის კადნიერება და რანაირად არის ის უბედურებამდე მიმყვანი?
შურიან ლევიანს მოჯანყე ბრბო იეჰოვას მიერ ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილი პირების წინააღმდეგ გამოჰყავს. პატივმოყვარე უფლისწული მამის ტახტის ხელში ჩასაგდებად მზაკვრულ გეგმას ადგენს. სულსწრაფი მეფე ღვთის წინასწარმეტყველის ნათელ დარიგებებს უგულებელყოფს. ამ სამ ისრაელს ერთი რამ აერთიანებს — კადნიერება.
2 კადნიერება ადამიანის გულიდან მომდინარეობს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ყველას (ფსალმუნი 19:13, აქ [18:14]). კადნიერი ადამიანი თავისუფლად აკეთებს იმას, რის გაკეთების უფლებაც არა აქვს, რასაც ხშირად უბედურება მოჰყვება ხოლმე. ფაქტობრივად, კადნიერებამ დასცა მეფეები და იმპერიები (იერემია 59:29, 31, 32; დანიელი 5:20). ის მახედ იქცა იეჰოვას ზოგი მსახურისთვისაც კი და დაღუპვამდე მიიყვანა ისინი.
3. როგორ შეგვიძლია გავიგოთ კადნიერების საშიშროების შესახებ?
3 ბიბლია საფუძვლიანად ამბობს, რომ «ამპარტავნობას [„კადნიერებას“, აქ] დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან [„მოკრძალებულებთან“, აქ] კი სიბრძნეა» (იგავნი 11:2). საღვთო წერილი ამ იგავის სიტყვების ჭეშმარიტების დამადასტურებელ არაერთ მაგალითს გვთავაზობს. ზოგი მათგანის გამოკვლევა დადგენილი საზღვრების გადალახვის საშიშროების დანახვაში დაგვეხმარება. ამიტომ, განვიხილოთ, როგორ მიიყვანა შურმა, პატივმოყვარეობამ და სულსწრაფობამ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული სამი მამაკაცი კადნიერ მოქმედებამდე და შემდეგ კი დამცირებამდე.
კორახი — შურიანი მოჯანყე
4. ა) ვინ იყო კორახი და, უსათუოდ, რომელ ისტორიულ მოვლენებში მონაწილეობდა? ბ) წლების შემდეგ რა ცუდი საქმისკენ წამქეზებელი აღმოჩნდა კორახი?
4 კორახი კეჰათიანი ლევიანი, მოსესა და აარონის ბიძაშვილი იყო. როგორც ჩანს, ათეული წლების განმავლობაში, ის იეჰოვას ერთგული მსახური იყო. მას წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც სასწაულებრივად გადალახეს წითელი ზღვა; იგი, ალბათ, სინაის მთასთან ხბოს თაყვანისმცემელთათვის იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის შესრულებაშიც მონაწილეობდა (გამოსვლა 32:26). მაგრამ ბოლოს მოსესა და აარონის წინააღმდეგ ამხედრებული რეუბენიანი დათანის, აბირამის, ონისა და 250 ისრაელი თავკაცის წინამძღოლი გახდა *. „გეყოფათ! — უთხრეს მათ მოსესა და აარონს, — წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?“ (რიცხვნი 16:1—3).
5, 6. ა) რატომ აჯანყდა კორახი მოსესა და აარონის წინააღმდეგ? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ კორახი, როგორც ჩანს, არ აფასებდა ღვთის ორგანიზაციაში თავის ადგილს?
5 წლების განმავლობაში ერთგულად მსახურების შემდეგ, რატომ აჯანყდა კორახი? ფაქტია, რომ მოსეს მმართველობა ისრაელებისთვის სამძიმო არ ყოფილა, რადგან ის „უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე“ (რიცხვნი 12:3). მაგრამ, როგორც ჩანს, კორახს შეშურდა მოსესა და აარონის, მოსვენებას უკარგავდა მათი სახელგანთქმულობა, რამაც უმართებულოდ ათქმევინა, რომ ისინი თვითნებურად და ეგოისტურად ამაღლდნენ ღვთის კრებულზე (ფსალმუნი 105:16).
6 სავსებით მოსალოდნელია, რომ კორახის პრობლემა ისიც იყო, რომ სათანადოდ არ აფასებდა ღვთის ორგანიზაციაში საკუთარ ადგილს. მართალია, კეჰათიანი ლევიანები მღვდლები არ იყვნენ, მაგრამ ღვთის რჯულის მასწავლებლებს წარმოადგენდნენ. მათსავე ვალდებულებაში შედიოდა, საჭიროების შემთხვევაში, კარვის მოწყობილობისა და ჭურჭლის ტარებაც. ეს არ იყო უმნიშვნელო დავალება, რადგან წმინდა ჭურჭლის გადატანა მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც რელიგიურად და ზნეობრივად განწმენდილი იყო (ესაია 52:11). ამიტომ მოსემ კორახს თავის პასუხში, ფაქტობრივად, ჰკითხა: „უმნიშვნელო რამედ ხომ არ მიიჩნევ შენს დავალებას, რომ მღვდლობასაც ესწრაფვი?“ (რიცხვნი 16:9, 10). კორახს არ ესმოდა, რომ უდიდესი პატივი დანიშნულებისამებრ იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება იყო და არა რამე განსაკუთრებული მდგომარეობის მიღწევა (ფსალმუნი 83:11).
7. ა) როგორ მოექცა მოსე კორახსა და მის ხალხს? ბ) კორახისთვის რა სავალალო შედეგით დასრულდა მისი აჯანყება?
7 მოსემ კორახსა და მის კაცებს შესთავაზა, მომდევნო მეორე რჯული 11:6; რიცხვნი 16:16—35; 26:10). კორახის მიერ კადნიერების გამოვლენას მისი უაღრესად დიდი დამცირება — ღვთის რისხვა — მოჰყვა!
დღეს დილით სადღესასწაულო კარავთან შეკრებილიყვნენ და თან საცეცხლურები და საკმეველი მიეტანათ. მათ არ ჰქონდათ საკმევლის კმევის უფლება, რადგან ისინი მღვდლები არ იყვნენ. თუ ისინი დილით საცეცხლურებითა და საკმევლებით მივიდოდნენ, ეს იმის აშკარა მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ისინი კვლავაც ძველებურად ფიქრობდნენ, რომ მათ თითქოს ჰქონდათ მღვდლებივით მოქმედების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის გადასახედად მთელი ღამე ჰქონდათ მიცემული. დილით, როდესაც ისინი გამოცხადნენ, იეჰოვა სამართლიანად განრისხდა მათზე. რეუბენის ძეთა ფეხქვეშ „დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი“. დანარჩენები კი, კორახის ჩათვლით, ღვთისგან გამოსულმა ცეცხლმა შთანთქა (წინ აღუდექით ‘შურისადმი’ მიდრეკილებას
8. როგორ შეიძლება ქრისტიანებს შორის გამოვლინდეს ‘შურიანობა’?
8 კორახის შემთხვევა ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითია. ვინაიდან „შური“ არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელია, ის შეიძლება ქრისტიანულ კრებაშიც კი გამოვლინდეს (იაკობი 4:5). მაგალითად, ჩვენ შეიძლება ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ ამა თუ იმ პასუხისმგებლობას. კორახის მსგავსად, შეიძლება გვშურდეს მათი, ვისაც ჩვენთვის სასურველი მდგომარეობა უკავია. ან შეიძლება პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანს, დიოტრიფეს, დავემსგავსოთ. ის აკრიტიკებდა მოციქულების ხელმძღვანელობას, რადგან თავად სურდა უფროსობა. დიახ, იოანე დიოტრიფეზე წერდა, რომ ის „პირველობის მოყვარე“ იყო (3 იოანე 9).
9. ა) კრებაში პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით რა განწყობილებას უნდა მოვერიდოთ? ბ) რომელია სწორი შეხედულება ღვთის ორგანიზაციაში ჩვენს ადგილთან დაკავშირებით?
9 რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი იმაში, რომ ქრისტიანი მამაკაცი კრებაში პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფოდეს. პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა კიდეც ამისკენ (1 ტიმოთე 3:1). მაგრამ მსახურებაში უპირატესობებს საპატიო ნიშნის მიღებასავით არ უნდა ვუყურებდეთ; არ უნდა გვეგონოს, რომ მათი მიღწევა წარმატების კიბეზე კიდევ ერთი საფეხურით წინ წაწევაა. გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათე 20:26, 27). ცხადია, არასწორი იქნებოდა მეტი პასუხისმგებლობის მქონეთა მიმართ შურის განვითარება, თითქოს ღვთის თვალში ჩვენი ფასი იმ „მდგომარეობით“ განისაზღვრებოდეს, რომელიც მის ორგანიზაციაში გვაქვს. იესომ თქვა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). დიახ, მაუწყებელსა თუ პიონერს, ახალმონათლულსა თუ უმწიკვლოების დიდი ხნის მანძილზე შემნარჩუნებელს — ყველას, ვინც იეჰოვას მთელი გულით ემსახურება — მის ორგანიზაციაში ღირებული ადგილი უკავია (ლუკა 10:27; 12:6, 7; გალატელთა 3:28; ებრაელთა 6:10). მართლაც კურთხევაა, იმ მილიონების მხარდამხარ მსახურობდე, ვინც ცდილობს, მიჰყვეს ბიბლიურ რჩევას: „შეიმოსეთ თავმდაბლობა“ (1 პეტრე 5:5).
აბესალომი — პატივმოყვარე მოწინააღმდეგე
10. ვინ იყო აბესალომი და პირფერობით როგორ მოიგო მეფესთან სამართლის საძიებლად მისულთა გული?
10 მეფე დავითის მესამე ვაჟის, აბესალომის, ცხოვრება პატივმოყვარეობის თვალსაჩინო გაკვეთილია. ეს ვერაგი მოწინააღმდეგე მეფესთან სამართლის საძიებლად მისულთა მიმართ პირფერობით მათი გულის მოგებას ცდილობდა. მან ჯერ გადაკვრით ცილი დასწამა დავითს, თითქოს მეფე ხალხის საქმეებს არად აგდებდა. შემდეგ თავი ანება ცბიერებას და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. „ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! — ამბობდა ის, — ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი“. აბესალომის თვალთმაქცობას საზღვარი არ ჰქონდა. „თაყვანის საცემად მისულ კაცს, — ამბობს ბიბლია, — ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის“. რა შედეგი გამოიღო ამან? „ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული“ (მეორე მეფეთა 15:1—6).
11. როგორ ცდილობდა აბესალომი დავითის სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას?
11 აბესალომის მიზანი იყო, ხელში ჩაეგდო მამის სამეფო ტახტი. ხუთი წლის წინათ აბესალომმა დის, თამარის, გაუპატიურების გამო ვითომ შური იძია და მოკლა დავითის უფროსი ვაჟი, ამნონი (მეორე მეფეთა 13:28, 29). მაგრამ მაშინაც კი აბესალომს შეიძლება მეფის ტახტზე ეჭირა თვალი და ამნონის მოკვლა მეტოქის მოსაცილებლად მოსახერხებელ საშუალებად მიაჩნდა *. ასე იყო თუ ისე, როგორც კი სიტუაცია მომწიფდა, აბესალომი ამოქმედდა. მან მთელი ქვეყნის მეფედ გამოაცხადა თავი (მეორე მეფეთა 15:10).
12. ახსენით, თუ როგორ მიიყვანა კადნიერებამ აბესალომი დამცირებამდე.
12 დროებით აბესალომმა წარმატებას მიაღწია, რადგან „გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ“. გარკვეული დროის შემდეგ მეფე დავითი იძულებული გახდა, გაქცევით ეშველა თავისთვის (მეორე მეფეთა 15:12—17). მაგრამ აბესალომის წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა; ის იოაბმა მოკლა, შემდეგ ორმოში ჩააგდეს და ქვები დააყარეს. წარმოიდგინეთ, ამ პატივმოყვარე მამაკაცს, რომელიც მეფობას ელტვოდა, ადამიანურად დამარხვაც კი არ ეღირსა! * კადნიერებამ აბესალომი ნამდვილად დამცირებამდე მიიყვანა (მეორე მეფეთა 18:9—17).
მოერიდეთ ეგოისტურ პატივმოყვარეობას
13. როგორ შეიძლება პატივმოყვარეობის სულისკვეთებამ ქრისტიანის გულში ფესვი გაიდგას?
13 აბესალომის აღზევება და შემდეგ დაცემა ჩვენთვის გაკვეთილია. დღევანდელ ულმობელ წუთისოფელში ხელმძღვანელი პირისადმი პირფერობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას იმიტომ მიმართავენ, რომ მათი გული მოიგონ, რათა მათზე, უბრალოდ, კარგი შთაბეჭდილება დატოვონ ან კიდევ რამე უპირატესობას, ან დაწინაურებას მიაღწიონ. ამავე დროს პირფერები შეიძლება თავიანთ ხელქვეითებთან ტრაბახობდნენ იმ იმედით, რომ ამ ხალხის თვალში კარგ პიროვნებად გამოჩნდნენ ან მათი მხარდაჭერა მოიპოვონ. თუ ყურადღებით არ ვიქნებით, პატივმოყვარეობის ასეთი სულისკვეთება ჩვენს გულებშიც გაიდგამს ფესვებს. როგორც ჩანს, მსგავსი რამ პირველ საუკუნეში მცხოვრებთა შორისაც შეინიშნებოდა, რამაც აუცილებელი გახადა მოწაფეებისთვის მკაცრი გაფრთხილების მიცემა, მორიდებოდნენ ასეთ ადამიანებს (გალატელთა 4:17; 3 იოანე 9, 10).
14. რატომ უნდა მოვერიდოთ პატივმოყვარეობისა და თვითგანდიდების სულისკვეთებას?
14 იეჰოვას თავის ორგანიზაციაში თვითგანდიდების მსურველ ‘დიდების მაძიებელ’ ვერაგთათვის ადგილი არა აქვს (იგავნი 25:27, აქ). მართლაც, ბიბლია გვაფრთხილებს: „მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს“ (ფსალმუნი 11:4). აბესალომს ქლესა ბაგეები ჰქონდა. ის მაღალფარდოვნად ელაპარაკებოდა მათ, ვისი კეთილგანწყობილებაც სჭირდებოდა, რათა ესოდენ სასურველი ძალაუფლება ხელში ჩაეგდო. ამის საპირისპიროდ, რამდენად კურთხეული ვართ საძმოში, სადაც პავლეს რჩევას ასრულებენ: „არაფერი გააკეთოთ ჯიბრით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“ (ფილიპელთა 2:3).
საული — სულსწრაფი მეფე
15. როგორ გამოავლინა საულმა ერთ დროს მოკრძალება?
15 საული ერთ დროს, ისრაელის მეფედ გახდომამდე, მოკრძალებული კაცი იყო. მაგალითად, განვიხილოთ, თუ რა მოხდა მის ახალგაზრდობაში. როდესაც ღვთის წინასწარმეტყველი სამუელი კეთილგანწყობით ელაპარაკა, საულმა თავმდაბლად უპასუხა: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომის კაცი; ჩემი საგვარეულოც ხომ მცირეა ბენიამინის ტომის საგვარეულოთა შორის? რისთვის მეუბნები ამას?“ (პირველი მეფეთა 9:21).
16. როგორ გამოავლინა საულმა სულსწრაფობა?
16 მაგრამ მოგვიანებით საულის მოკრძალება სადღაც გაქრა. ფილისტიმელებთან ომში, როდესაც ისრაელებმა უკან დაიხიეს და გილგალში მოიყარეს თავი, საული სამუელს უნდა დალოდებოდა, რათა წინასწარმეტყველს ღვთისთვის მსხვერპლი შეეწირა და ისრაელი ერი შეევედრებინა. როდესაც სამუელი დანიშნულ დროს არ მივიდა, საული კადნიერად მოიქცა და თავად აღავლინა მსხვერპლი. ამის გაკეთებისთანავე სამუელიც მივიდა. „რა გააკეთე? — ჰკითხა წინასწარმეტყველმა. — მიუგო საულმა: დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. . . თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე აღსავლენი მსხვერპლი“ (პირველი მეფეთა 13:8—12).
17. ა) ერთი შეხედვით, რატომ შეიძლება საულის მოქმედების გამართლება? ბ) რატომ განსაჯა იეჰოვამ სულსწრაფობისთვის საული?
17 ერთი შეხედვით, საულის მოქმედების გამართლება შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ღვთის ხალხს „გაუჭირდა“, „გაწვალდა“ და მდგომარეობის უიმედობამ შიშის ზარი დასცა (პირველი მეფეთა 13:6, 7). ცხადია, არაფერია ცუდი იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა *. მაგრამ გაიხსენეთ, იეჰოვას ხომ გულების წაკითხვა და გულის კუნჭულში ღრმად მიმალული აღძვრების დანახვა შეუძლია (პირველი მეფეთა 16:7). ამიტომ საულში ის დაინახავდა ისეთ რამეებს, რაც ბიბლიაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული. მაგალითად, იეჰოვამ შეიძლება დაინახა, რომ საულის სულსწრაფობის მიზეზი სიამაყე იყო. შესაძლებელია, საული ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ის, მთელი ისრაელის მეფე, ისეთ ადამიანს უნდა დალოდებოდა, რომელსაც ხანდაზმულ, ზოზინა წინასწარმეტყველად მიიჩნევდა! ასეა იყო თუ ისე, საულმა ჩათვალა, რომ სამუელის დაგვიანება მისი მოვალეობის საკუთარ ხელში აღების უფლებას აძლევდა და არად ჩააგდო მისთვის ნათლად ნათქვამი დარიგება. რა მოჰყვა ამას შედეგად? სამუელმა არ მოიწონა საულის მიერ ინიციატივის გამოვლენა. პირიქით, მან მსჯავრი დასდო მეფეს: „ვეღარ იმყარებს შენი მეფობა. . . რაკი შენ არ დაიცავი, რაც ნაბრძანები ჰქონდა შენთვის უფალს (პირველი მეფეთა 13:13, 14). კიდევ ერთხელ, კადნიერებას დამცირება მოჰყვა.
ნუ იქნებით სულსწრაფნი
18, 19. ა) აღწერეთ, როგორ შეიძლება ღვთის დღევანდელ მსახურს სულსწრაფობამ კადნიერი მოქმედებისკენ უბიძგოს. ბ) რა უნდა გვახსოვდეს ქრისტიანული კრების მართვასთან დაკავშირებით?
18 საულის კადნიერი საქციელის შესახებ ღვთის სიტყვაში ჩვენს სასარგებლოდ არის ჩაწერილი (1 კორინთელთა 10:11). ძალიან ადვილად შეიძლება გაგვაღიზიანოს ჩვენი ძმების არასრულყოფილებამ. საულის მსგავსად, შესაძლებელია, ჩვენც სულსწრაფნი გავხდეთ და ვიფიქროთ, რომ, თუ გვინდა საქმე სათანადოდ გაკეთდეს, მას აუცილებლად ჩვენ უნდა მივხედოთ. მაგალითად, დავუშვათ, რომ ერთი ძმა ორგანიზაციულ საკითხებში განსაკუთრებით არის დახელოვნებული. ის პუნქტუალურია, ფეხდაფეხ მიჰყვება კრებისთვის გამიზნულ მითითებებს და განსაკუთრებულ ნიჭს ავლენს საუბრებსა თუ სწავლებაში. ამავე დროს გრძნობს, რომ სხვები ვერ შეესაბამებიან მის ყოველ წვრილმანში საგულდაგულოდ აწონ–დაწონილ სტანდარტებს და ვერაფერს აკეთებენ ისე, როგორც ის მათგან მოელის. აძლევს ეს მას სულსწრაფობის გამოვლენის უფლებას? უნდა გააკრიტიკოს მან თავისი ძმები, რაც შესაძლებელია იმით გამოიხატოს, რომ გადაკვრით თქვას, რასაც მე არ გავაკეთებ, არაფერი გაკეთდება და კრების საქმე შეფერხდება? ეს კადნიერება იქნებოდა!
19 სინამდვილეში, რა განაპირობებს ქრისტიანული კრების ერთიანობას? ორგანიზატორული ნიჭი, უნარიანობა თუ ღრმა ცოდნა? ცხადია, ყოველივე ეს ხელს უწყობს კრების შეუფერხებლად საქმიანობას (1 კორინთელთა 14:40; ფილიპელთა 3:16; 2 პეტრე 3:18). მაგრამ იესომ თქვა, რომ თავის მიმდევრებს, ძირითადად, ურთიერთსიყვარულით ამოიცნობდნენ (იოანე 13:35). ამიტომაც მზრუნველ უხუცესებს ესმით, რომ კრების საქმიანობა არ არის რაღაც კომერციული საქმიანობა, რომლისთვისაც მკაცრი მმართველია საჭირო; კრება შედგება ცხვრებისგან, რომლებსაც დიდი მზრუნველობით მოვლა ესაჭიროებათ (ესაია 32:1, 2; 40:11). ასეთი პრინციპების უგულებელყოფა და კადნიერების გამოვლენა ხშირად განხეთქილების მიზეზი ხდება ხოლმე. ამის საპირისპიროდ, ღვთიურ წესრიგს მშვიდობა მოაქვს (1 კორინთელთა 14:33; გალატელთა 6:16).
20. რა იქნება მომდევნო სტატიაში განხილული?
20 ბიბლიური ცნობა კორახის, აბესალომისა და საულის შესახებ ნათლად ცხადყოფს, რომ, როგორც იგავნის 11:2–შია ნათქვამი, კადნიერებას დამცირება მოჰყვება. მაგრამ იგივე ბიბლიური მუხლი დასძენს: «თვინიერებთან [„მოკრძალებულებთან“, აქ] კი სიბრძნეა». რა არის მოკრძალება? რომელმა ბიბლიურმა მაგალითებმა შეიძლება მოჰფინოს შუქი ამ თვისებას და როგორ შეგვიძლია დღეს მისი გამოვლენა? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ვინაიდან რეუბენი იაკობის პირმშო იყო, მისი შთამომავლები, რომლებმაც კორახის მხარე დაიკავეს და შეითქვნენ, შეიძლება განაწყენებული იყვნენ, რომ მოსე — ლევის შთამომავალი — მეთაურობდა.
^ აბზ. 11 დავითის მეორე ვაჟი, ქილაბი, დაბადების შემდეგ აღარ მოიხსენიება. ის, შესაძლებელია, აბესალომის ამბოხებამდე გარდაიცვალა.
^ აბზ. 12 ბიბლიურ დროში გარდაცვლილთა დაკრძალვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამიტომ დაუმარხავად დატოვება უბედურება და ხშირად ღვთისგან დაგმობის მაჩვენებელი იყო (იერემია 25:32, 33).
^ აბზ. 17 მაგალითად, ფინხასი დაუყოვნებლივ ამოქმედდა, რათა შეწყვეტილიყო ისრაელთა განადგურება, რომლის დროსაც ათი ათასობით ისრაელი დაიხოცა, ხოლო დავითმა თავისთან ერთად მყოფ დამშეულ მამაკაცებს „ღვთის სახლში“ ნაკურთხი პურის ჭამა შესთავაზა. არც ერთი შემთხვევა ღმერთს არ განუსჯია და კადნიერებად არ ჩაუთვლია (მათე 12:2—4; რიცხვნი 25:7—9; პირველი მეფეთა 21:2—7).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა არის კადნიერება?
• როგორ აღძრა შურმა კორახი კადნიერი მოქმედებისკენ?
• რის სწავლა შეგვიძლია აბესალომის პატივმოყვარეობის შესახებ ცნობიდან?
• როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ სულსწრაფობას, რომელიც საულმა გამოავლინა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 10 გვერდზე]
საულმა მოთმინება დაკარგა და კადნიერად მოიქცა.