არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არა ჰყავთ მათ შვილები?

რატომ არა ჰყავთ მათ შვილები?

რატომ არა ჰყავთ მათ შვილები?

ცოლ-ქმარი, დელე და ფოლა *, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ნიგერიის ფილიალში ცხოვრობდა და მუშაობდა. აქ მსახურების დაწყებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მათ ფოლას დედა ესტუმრა. ის შორიდან ჩამოვიდა, რათა მათთან თავისთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა, რომელიც ღამით ძილს უკარგავდა.

„ასე კარგად მექცევით, — უთხრა მან. — მიგზავნით საჩუქრებს და მინახულებთ ხოლმე. ეს ყველაფერი ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ ამასთანავე ნაღველი მაწევს გულზე, რადგან ყოველთვის ვფიქრობ, თქვენ ვინღა მოგექცევათ ასე, როდესაც მოხუცდებით? უკვე ორი წელია, რაც დაქორწინდით და ჯერ ბავშვები არ გყავთ. არ ფიქრობთ, რომ დროა, დატოვოთ ბეთელი და შვილები იყოლიოთ?“.

დედა ასე მსჯელობდა: დელემ და ფოლამ საკმარისი დრო გაატარეს ბეთელში. ახლა კი დროა, რომ საკუთარ მომავალზე იფიქრონ. სხვებსაც შეუძლიათ მათი სამუშაოს შესრულება. დელესა და ფოლას სრული დროით მსახურების მიტოვება არ მოუწევთ, მათ შეუძლიათ სხვა სახის სრული დროით მსახურების დაწყება, რომელიც საშუალებას მისცემს, იყოლიონ შვილები და გამოსცადონ მშობლად ყოფნის სიხარული.

დედის წუხილი

დედის წუხილი გასაგები იყო. ყველა კულტურასა და დროში შვილის ყოლის სურვილი ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ არის. ბავშვის დაბადება სიხარულისა და იმედის წყაროა. ‘მუცლის ნაყოფი გასამრჯელოა [„ჯილდოა“, აქ]’, — ამბობს ბიბლია. დიახ, ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედისგან ბოძებული ძვირფასი ძღვენია (ფსალმუნი 126:3).

ბევრგან საზოგადოება უდიდეს ზეწოლას ახდენს ცოლ-ქმარზე იმისათვის, რომ შვილები იყოლიონ. მაგალითად, ნიგერიაში, სადაც ქალი საშუალოდ ექვს შვილს აჩენს, ჩვეულებისამებრ ქორწილებში ახალდაქორწინებულებს ასე უსურვებენ ხოლმე: „იმედია, ცხრა თვის შემდეგ თქვენი სახლიდან ბავშვის ტირილის ხმას გავიგონებთ“. ნეფე-პატარძალს შეიძლება ბავშვის საწოლიც კი აჩუქონ. დედამთილები გულდასმით უყურებენ კალენდარს და, თუ პატარძალი ერთი წლის მანძილზე არ დაფეხმძიმდა, იწყებენ მიზეზის დადგენას, რომ პრობლემა გადაჭრან.

ბევრი დედისთვის წყვილის გაბედნიერება იმას ნიშნავს, რომ გააჩინონ ბავშვები და გააგრძელონ საგვარეულო ხაზი. ფოლას დედამ თავის ქალიშვილს უთხრა: „რატომ გათხოვდი, თუ შვილების ყოლა არ გინდოდა? ვიღაცამ ხომ გაგაჩინა შენ; შენც უნდა იყოლიო შვილები“.

ამაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებობს ანგარიშგასაწევი პრაქტიკული მხარეები. აფრიკის ბევრ ქვეყანაში მოხუცებულებს სახელმწიფო ნაკლებად უზრუნველყოფს. ჩვეულებრივ, შვილები უვლიან ხანდაზმულ მშობლებს, ისევე როგორც მშობლები უვლიდნენ მათ, როდესაც ისინი პატარები იყვნენ. ფოლას დედა ფიქრობდა, რომ, თუ მის შვილებს თავიანთი ბავშვები არ ეყოლებოდათ, მოგვიანებით არავისთვის იქნებოდნენ სასურველი; სიმარტოვისა და სიღატაკის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ და დამმარხავიც არავინ ეყოლებოდათ.

აფრიკის უმეტეს ნაწილში უშვილობა წყევლად მიაჩნიათ. ზოგან იმასაც კი მოითხოვენ, ქალებმა ქორწინებამდე დაამტკიცონ, რომ შესწევთ ბავშვების ყოლის უნარი. ბევრი ქალი, რომლებსაც შვილი არ უჩნდებათ, გამწარებით ეძებს წამლებსა და სხვა საშუალებებს, რათა როგორმე დაფეხმძიმდნენ.

ამ დამოკიდებულების გათვალისწინებით, იმ დაქორწინებულ წყვილზე, რომლებიც განგებ იკავებენ თავს ბავშვების ყოლისგან, ფიქრობენ, რომ ისინი თავიანთ თავს რაღაც კარგს ჰპარავენ. მათ ხშირად უცნაურ და საცოდავ ადამიანებად თვლიან, რომლებსაც განჭვრეტის უნარი არა აქვთ.

სიხარული და პასუხისმგებლობა

იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ბავშვის დაბადებას სიხარულთან ერთად პასუხისმგებლობებიც მოსდევს. ბიბლია 1-ლი ტიმოთეს 5:8-ში ამბობს: „ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“.

მშობლებმა ოჯახის წევრების როგორც მატერიალურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე უნდა იზრუნონ, რასაც საკმაოდ დიდი დრო და ძალა მიაქვს. ისინი არ მიიჩნევენ, რომ, რადგან ღვთის ნებით იბადებიან ბავშვები, თვითონ ღმერთმა უნდა იზრუნოს მათზე. მათ ესმით, რომ შვილების აღზრდა ბიბლიური პრინციპების თანახმად, ღვთისგან ბოძებული დავალებაა მშობლებისთვის, ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება სხვას გადააბარო (მეორე რჯული 6:6, 7).

ბავშვების გაზრდა განსაკუთრებით ძნელია ამ ‘საზარელი ჟამის უკანასკნელ დღეებში’ (2 ტიმოთე 3:1—5). გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, საზოგადოებაში უღმერთოების გავრცელებაც ემატება დღეს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ სიძნელეებს. მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში უთვალავი ქრისტიანი ცოლ-ქმარი ჰკიდებს ხელს ამ საძნელო საქმეს და წარმატებით ზრდის ღვთისმოშიშ შვილებს „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). იეჰოვას უყვარს ასეთი მშობლები და აკურთხებს კიდეც მათ მძიმე შრომისთვის.

რატომ წყვეტს ზოგი, არ იყოლიოს შვილი

მეორე მხრივ, ბევრ ქრისტიან წყვილს არა ჰყავს შვილები. ზოგ მათგანს არ უჩნდება ბავშვი, მაგრამ შვილად მაინც არავინ აჰყავთ. სხვა წყვილები კი, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის გაჩენა, ამისგან თავს იკავებენ. ასეთი წყვილები იმიტომ კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არ იყოლიონ შვილები, რადგან თავს არიდებენ პასუხისმგებლობას ან ეშინიათ სიძნელეების, რომლებიც მშობლად ყოფნას სდევს თან, არამედ მათ გადაწყვეტილი აქვთ, მთელი ყურადღება გადაიტანონ რომელიმე სახის სრული დროით მსახურებაზე, რომლის შესრულების საშუალებასაც ბავშვის აღზრდა არ მისცემს. ზოგი მისიონერად მსახურობს, ზოგი იეჰოვას მიმომსვლელ ზედამხედველად ემსახურება ან ბეთელში მსახურობს.

როგორც ყველა ქრისტიანს, მათაც ესმით, რომ გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი. იესომ თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“. ეს სამუშაო დღეს სრულდება და მნიშვნელოვანი საქმეა, რამდენადაც „აღსასრული“ ნიშნავს მათ განადგურებას, ვინც კეთილ ცნობას არად ჩააგდებს (მათე 24:14; 2 თესალონიკელთა 1:7, 8).

ჩვენ იმ დროის ანალოგიურ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ნოე და მისი ოჯახი იმ გიგანტურ კიდობანს აშენებდნენ, რომელმაც ისინი წარღვნის დროს დაღუპვას გადაარჩინა (დაბადება 6:13—16; მათე 24:37). თუმცა ნოეს სამი ვაჟი დაქორწინებული იყო, არც ერთს არ ჰყოლია შვილი წარღვნამდე. ამის ერთი მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მათ სურდათ, მთელი ყურადღება და ენერგია ამ საქმისთვის დაეთმოთ. მეორე მიზეზი კი, ალბათ, ის იყო, რომ არ სურდათ შვილების აღზრდა გარყვნილ და ძალადობით აღსავსე წუთისოფელში, სადაც „იმატა ადამიანთა უკეთურებამ. . . [და] უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:5).

თუმცა ამაში არ იგულისხმება ის, რომ დღეს შვილების ყოლა არ არის გამართლებული, ბევრმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, არ იყოლიონ შვილები და მეტი დრო დაუთმონ გადაუდებელ საქმეს, რომლის შესრულებაც იეჰოვამ თავის ხალხს დაავალა. ზოგი ცოლ-ქმარი არ ჩქარობს შვილის გაჩენას, სხვები კი წყვეტენ, არ იყოლიონ შვილი და ფიქრობენ, რომ შვილებს იეჰოვას ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში გააჩენენ. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი შორს არ იყურებიან? კარგავენ ისინი რამე განსაკუთრებულს ცხოვრებაში? საცოდავები არიან?

უსაფრთხო და სიხარულით აღსავსე ცხოვრება

დელე და ფოლა, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ახლა უკვე ათ წელზე მეტია, დაქორწინებული არიან და გადაწყვეტილი აქვთ, ჯერჯერობით არ იყოლიონ შვილი. „ჩვენი ნათესავები კვლავ ცდილობენ, ზეგავლენა მოახდინონ ჩვენზე, რომ ვიყოლიოთ შვილები, — ამბობს დელე. — მათ ძირითადად ჩვენი მომავალი აწუხებთ. ჩვენ ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავთ მათი ყურადღებისთვის, მაგრამ ტაქტიანად ვუხსნით, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს იმით, რასაც ვაკეთებთ. ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოებას, ვპასუხობთ, რომ იეჰოვაზე ვართ მინდობილი, რომელიც ზრუნავს ყველა თავისი ერთგულის კეთილდღეობაზე. აგრეთვე ვუხსნით, რომ შვილების ყოლა სულაც არ იძლევა გარანტიას, რომ ისინი მოხუცებულ მშობლებზე იზრუნებენ. ზოგი იშვიათად ეხმარება მშობლებს, ზოგს ამის გაკეთებაც არ შეუძლია, ზოგი კი მშობლებზე ადრე კვდება. ჩვენი მომავალი კი, თუ იეჰოვასთან ვიქნებით, საიმედოა“.

დელესა და კიდევ სხვებს ერთნაირად მტკიცედ სწამთ იეჰოვას მიერ ერთგულ მსახურთათვის მიცემული დანაპირები: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5). აგრეთვე სწამთ, რომ „არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს“ (ესაია 59:1).

ნდობის კიდევ ერთი მიზეზი იმაზე დაკვირვებიდან გამომდინარეობს, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს. მეფე დავითმა დაწერა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“. დაფიქრდით ამაზე. გინახავთ იეჰოვას რომელიმე ერთგული მსახური „მიტოვებული“? (ფსალმუნი 36:25, კს).

იმის მაგივრად, რომ სინანულით იყურონ უკან, ისინი, რომლებმაც იეჰოვასთვის მსახურებას მიუძღვნეს თავიანთი სიცოცხლე, და მათი თანაქრისტიანები კმაყოფილებით იხსენებენ მსახურებას. ძმა ირო უმამ სრული დროით მსახურებაში 45 წელი გაატარა და ახლა მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს ნიგერიაში. ის ამბობს: „თუმცა მე და ჩემს ცოლს შვილი არა გვყავს, გვჯერა, რომ იეჰოვა ყოველთვის იზრუნებს ჩვენზე სულიერად თუ მატერიალურად. ჩვენ არაფერი გვაკლია. როცა მოვხუცდებით, ის არ მიგვატოვებს. სრული დროით მსახურებაში გატარებული წლები ყველაზე ბედნიერი წლები იყო ჩვენს ცხოვრებაში. მადლიერი ვართ, რომ შეგვიძლია ვემსახუროთ ჩვენს ძმებს, ისინი კი, თავის მხრივ, აფასებენ ჩვენს ძალისხმევას და გვეხმარებიან“.

იმ წყვილებს, რომლებიც წყვეტენ უშვილოდ დარჩენას, სხვაგვარი შვილები ჰყავთ — ქრისტიანი მოწაფეები, რომლებიც იეჰოვას სცემენ თაყვანს. იოანე მოციქული თითქმის 100 წლის იყო, როდესაც დაწერა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4). იოანეს „შვილების“ ერთგულება, რომლებსაც ის „ჭეშმარიტებას“ ასწავლიდა, დიდ სიხარულს ჰგვრიდა.

ასეთივე სიხარულს დღესაც ბევრი განიცდის. ნიგერიელი ბერნისი 19 წელია გათხოვილია და ურჩევნია, ბავშვი არ იყოლიოს. ბოლო 14 წელი პიონერად მსახურობს. მიუხედავად იმისა, რომ მალე იმ ასაკში შეაბიჯებს, როდესაც ღვიძლი შვილის ყოლის შესაძლებლობა აღარ ექნება, ის არ ნანობს, რომ თავისი ცხოვრება მოწაფეების მომზადებას მიუძღვნა. ის ამბობს: „ბედნიერად ვგრძნობ თავს, ჩემი სულიერი შვილების ზრდას რომ ვუყურებ. საკუთარი შვილებიც რომ მყოლოდა, მეეჭვება, ისე ახლოს ყოფილიყვნენ ჩემთან, როგორც ისინი, რომლებსაც ჭეშმარიტების შესწავლაში დავეხმარე. ისინი ისე მექცევიან, თითქოს მათი ღვიძლი დედა ვიყო: მიზიარებენ თავიანთ სიხარულსა და პრობლემებს, მთხოვენ რჩევებს, მწერენ წერილებს და ერთმანეთს ვინახულებთ.

ზოგი უშვილობას წყევლად მიიჩნევს. ისინი მეუბნებიან, როცა მოხუცდები, დაიტანჯებიო. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ, სანამ მთელი გულით ვემსახურები იეჰოვას, ის დამაჯილდოებს და მომივლის. ის არ მკრავს ხელს, როდესაც მოვხუცდები“.

ღვთისთვის ძვირფასი და საყვარელი

ისინი, ვისაც შეეძინათ და აღზარდეს შვილები, რომლებიც „ჭეშმარიტებით დადიან“, ამისათვის დიდად მადლიერი უნდა იყვნენ. გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია ამბობს: „მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ“ (იგავნი 23:24, 25).

ის ქრისტიანები, რომლებსაც ამ წუთისოფელში შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული არ განუცდიათ, სხვა მხრივ იყვნენ კურთხეული. ამ წყვილებიდან მრავალი ძალიან ბევრს შრომობდა სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად. წლების მანძილზე მათ შეიძინეს გამოცდილება, სიბრძნე და სხვადასხვა უნარი, რომლებითაც სამეფოს საქმისთვის ძვირფასი შესაწირავის გაღების საშუალება ეძლევათ. ზოგი ამ საქმის წინა ხაზზეა.

თუმცა ისინი სამეფოს ინტერესების გამო უშვილოებად დარჩნენ, იეჰოვამ აკურთხა ისინი მოსიყვარულე სულიერი ოჯახით, რომელიც დიდად აფასებს მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს. ამის შესახებ იესომ თქვა: «არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს [სიტყვასიტყვით, „დაეთმოს“] სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა, და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და ყანები. . . ხოლო მომავალ საუკუნეში — საუკუნო სიცოცხლე» (მარკოზი 10:29, 30).

რამდენად ძვირფასია იეჰოვასთვის ყველა ერთგული! ყველას, ვისაც ჰყავს შვილები და ვისაც არა ჰყავს, მოციქულ პავლეს სიტყვები არწმუნებს, რომ „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 სახელები შეცვლილია.

[სურათები 23 გვერდზე]

უშვილო წყვილები კურთხეული არიან მოსიყვარულე სულიერი ოჯახით.