რატომ გვმართებს კეთილგონიერების გამოვლენა რაღაცის მოლოდინის დროს?
რატომ გვმართებს კეთილგონიერების გამოვლენა რაღაცის მოლოდინის დროს?
როცა ჩვენი მოლოდინი მართლდება და ნატვრა გვისრულდება, კმაყოფილებას ვგრძნობთ. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ჩვენი სურვილისამებრ არ გვიხდება ოცნება და არ გვიმართლდება მოლოდინი. ცხოვრებაში განცდილი იმედგაცრუების გახსენების შედეგად შეიძლება საკუთარ თავზე ან სხვებზეც კი გავღიზიანდეთ. ერთმა ბრძენმა მართებულად შენიშნა: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (იგავნი 13:12).
რომელია ზოგი ის ფაქტორი, რამაც შეიძლება იმედგაცრუების გრძნობა გამოიწვიოს? როგორ შეგვიძლია კეთილგონიერების გამოვლენა რაღაცის მოლოდინის დროს? და რატომ არის ჩვენთვისაც სასარგებლო ასეთი მოქმედება?
მოლოდინი და იმედგაცრუება
რაც უფრო მეტად ვცდილობთ, დღევანდელი ცხოვრების სწრაფ რიტმს მივყვეთ, მით უფრო გვგონია, რომ ვერაფერს ვასწრებთ. ჩვენ ბევრი დრო და ენერგია გვეხარჯება და, როდესაც დასახულ მიზანს ვერ ვაღწევთ, შესაძლოა, საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. შეიძლება ისეთი გრძნობაც კი დაგვეუფლოს, რომ სხვებს წარმოდგენა ეკარგებათ ჩვენზე. სინთია, მეუღლე და დედა, რომელმაც იცის, რა სირთულეებს აწყდება მშობელი, ამბობს: „როცა უსამართლოდ ვსჯი შვილებს და ვგრძნობ, რომ სათანადოდ არ ვწვრთნი მათ, მოთმინებას ვკარგავ“. ერთი მოზარდი, სახელად სტეფანი, სწავლასთან დაკავშირებით შენიშნავს: „საკმარისი დრო არა მაქვს იმისათვის, რომ ჩემი სურვილისამებრ ყველაფრის გაკეთება მოვასწრო და ამის გამო მოუთმენელი ვხდები“.
თუ არაგონივრულად ძალიან ბევრს მოველით, ადვილი შესაძლებელია, ყველაფერში სრულყოფილების მიღწევის მიდრეკილება განგვივითარდეს, რის შედეგადაც, შესაძლოა, უაღრესად აგვიცრუვდეს გული. ახალგაზრდა დაქორწინებული მამაკაცი, სახელად ბენი, აღიარებს: „როდესაც ვუკვირდები საკუთარ ქცევებს, აზროვნებას ან გრძნობებს, ყოველთვის ვხედავ, როგორ შეიძლება გავუმჯობესდე. მუდამ სრულყოფილებას მოველი საკუთარი თავისგან, რის შედეგადაც მოთმინებიდან გამოვდივარ, იმედი მიცრუვდება და გული მიტყდება“. გეილი, ქრისტიანი მეუღლე, ამბობს: „როცა ყველაფრის სრულყოფილად კეთების სურვილი გაქვს, თავს უფლებას არ აძლევ, რომ მარცხი განიცადო. გვინდა, საუკეთესო დედები და მეუღლეები ვიყოთ. გვსურს, ბედნიერები გავხდეთ, მაგრამ ფუჭი ძალისხმევა გვაღიზიანებს“.
არსებობს სხვა ფაქტორებიც, რამაც შეიძლება გულგატეხილობა გამოიწვიოს; ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ადამიანი ბერდება და მისი ჯანმრთელობა უარესდება. მოძრაობის უნარის დაკარგვისა და დაუძლურების შემთხვევაში უფრო ვიზღუდებით, რის შედეგადაც იმედგაცრუება გვეუფლება. „საკუთარ თავზე ვბრაზობ ხოლმე, რადგან აღარ შემიძლია იმის გაკეთება, რაც ძალიან ადვილი და ზუსტად საჩემო იყო მანამ, სანამ დავსნეულდებოდი“, — აღიარებს ელიზაბეთი.
ზემოთ ნახსენები იყო, თუ რა იწვევს გულგატეხილობის გრძნობას. თუ საკუთარ თავს კონტროლს არ გავუწევთ, ასეთმა გრძნობებმა შეიძლება ისიც კი გვაფიქრებინოს, რომ სხვები აღარ გვაფასებენ. რა დადებითი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ გულგატეხილობას და ვიმუშაოთ კეთილგონიერების გამოვლენაზე რაღაცის მოლოდინის დროს?
როგორ ვიმუშაოთ კეთილგონიერების გამოვლენაზე რაღაცის მოლოდინის დროს
პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა კეთილგონიერია და ესმის ჩვენი მდგომარეობა. ფსალმუნის 102:14 შეგვახსენებს: „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“. იეჰოვა, რომელმაც იცის ჩვენი შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ, მხოლოდ იმას მოელის ჩვენგან, რის გაკეთებაც შეგვიძლია. და ერთადერთი, რასაც ის მოითხოვს ჩვენგან, ის არის, რომ ‘მოწიწებით ვიაროთ ჩვენი უფლის წინაშე’ (მიქა 6:8).
რომაელთა 12:12; 1 თესალონიკელთა 5:17). მაგრამ როგორ დაგვეხმარება ლოცვა? ლოცვის შედეგად საღი აზროვნება და გაწონასწორებული თვალსაზრისი გვექმნება. მხურვალე ლოცვით ცხადვყოფთ, რომ დახმარება გვესაჭიროება — ეს კი თავმდაბლობასა და კეთილგონიერებაზე მეტყველებს. იეჰოვას დიდი სურვილი აქვს, გამოეხმაუროს ჩვენს ლოცვებს და გვიბოძოს თავისი სულიწმიდა, რომლის ნაყოფიცაა სიყვარული, სახიერება, სიკეთე და თავშეკავება (ლუკა 11:13; გალატელთა 5:22, 23). ლოცვას აგრეთვე დარდის განქარვება და იმედის ჩანერგვა შეუძლია. ლოცვის შედეგად „პოვებ ნუგეშს, რომელსაც სხვა ვერც ერთი წყაროდან ვერ მიიღებ“, — აღნიშნა ელიზაბეთმა. კევინი იმავე აზრს გამოთქვამს: „ვლოცულობ, რათა მორჩილი გული და საღი აზროვნების უნარი მქონდეს იმისათვის, რომ პრობლემას გავუმკლავდე. იეჰოვა არასდროს მიმატოვებს გასაჭირში“. მოციქულმა პავლემ იცოდა ლოცვის ფასი. სწორედ ამიტომ შემდეგი რჩევა მოგვცა: „აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). დიახ, იეჰოვასთან ურთიერთობით ნამდვილ დახმარებას მივიღებთ, რათა ვიმუშაოთ კეთილგონიერების გამოვლენაზე, როცა საკუთარი თავისგან ან სხვებისგან მოველით რამეს.
ამავე დროს, იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ მას ლოცვით მივმართოთ (მაგრამ ზოგჯერ ჩვენთვის აუცილებელია, რომ უშუალოდ ვიღაცამ გვანუგეშოს. კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა. სანდო და მოწიფულ მეგობართან გულახდილი საუბარი დაგვეხმარება, სრულიად სხვაგვარად შევხედოთ იმას, რის გამოც დავმწუხრდით ან გული გაგვიტყდა (იგავნი 15:23; 17:17; 27:9). ის ახალგაზრდები, რომლებიც გულგატეხილობას ებრძვიან, ხვდებიან, რომ მშობლის რჩევის გათვალისწინება დაეხმარება მათ გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში. მადლიერების გრძნობით აღძრული კენდი აღიარებს: „ჩემი მშობლების სიყვარულით აღსავსე ხელმძღვანელობის წყალობით კეთილგონიერი და გაწონასწორებული გავხდი და სხვებისთვის უფრო სასიამოვნო გახდა ჩემთან ურთიერთობა“. დიახ, იგავნის 1:8, 9–ში ჩაწერილი შეხსენება ძალიან დროულია: „ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია“.
თუ რას მოიმკის ის ადამიანი, რომელსაც ყველაფრის სრულყოფილად გაკეთების სურვილი ამოძრავებს, კარგად არის გამოთქმული ერთ ანდაზაში: „თუ გვსურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენებურად წარიმართოს, გულგატეხილობა არ აგვცდება“. ამისგან თავის ასარიდებლად საჭიროა ჩვენი აზროვნების შეცვლა. თავმდაბლობა და მოკრძალებულობა — რეალისტური თვალსაზრისი ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით — რაღაცის მოლოდინის დროს უდავოდ დაგვეხმარება გაწონასწორებულობისა და კეთილგონიერების გამოვლენაში. ამის შესაბამისად, რომაელთა 12:3–ში ჩვენს საყურადღებოდ შემდეგი გაფრთხილებაა ჩაწერილი: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“. ამავე დროს ფილიპელთა 2:3–ში შემდეგი მოწოდებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყოთ თავმდაბლები და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენოთ სხვები.
ზემოთ მოხსენიებული ელიზაბეთი ავადმყოფობის გამო საკუთარ თავზე იყო გაღიზიანებული. მას დრო ესაჭიროებოდა, რომ იეჰოვას თვალსაზრისით შეეხედა თავისი მდგომარეობისთვის და დამშვიდებულიყო იმის ცოდნით, რომ ღმერთი არ ივიწყებს ჩვენს მსახურებას. კოლინს სერიოზული ავადმყოფობის გამო მოძრაობის უნარი წაერთვა. თავდაპირველად ის ფიქრობდა, რომ მისი მსახურება თითქმის არაფრის მომცემი იყო იმასთან შედარებით, რასაც ჯანმრთელად ყოფნის დროს აკეთებდა. ერთ ბიბლიურ მუხლზე — მე–2 კორინთელთა 8:12–ზე — დაფიქრების შედეგად მან შეძლო ასეთი აზრების თავიდან ამოგდება. ამ მუხლში ნათქვამია: „როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“. „მართალია, ამჟამად გაცილებით ნაკლების გაკეთება შემიძლია, — ამბობს კოლინი, — მაგრამ ჯერ კიდევ შემწევს რაღაცის გაკეთების უნარი და ეს სიამოვნებს იეჰოვას“. ებრაელთა 6:10 შეგვახსენებს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“.
მაშ, როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ კეთილგონიერებას ვავლენთ რაღაცის მოლოდინის დროს? შეეკითხეთ საკუთარ თავს: „ისევე მოველი რაღაცას, როგორც ღმერთი მოელის ამას?“. გალატელთა 6:4–ში აღნიშნულია: „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავისით და არა სხვისით“. გაიხსენეთ იესოს ნათქვამი: „ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“. დიახ, ჩვენ როგორც ქრისტიანებს, უღელი გვაქვს სატარებელი, მაგრამ ის „საამურია“ და „მსუბუქი“; იესო შეგვპირდა, რომ ის გამომაცოცხლებელი იქნებოდა, თუ სათანადოდ ვატარებდით (მათე 11:28—30).
კეთილგონიერების გამოვლენა რაღაცის მოლოდინის დროს დამაჯილდოებელია
რაღაცის მოლოდინის დროს კეთილგონიერების გამოვლენაზე მუშაობისას ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევის მოსმენასა და მის პრაქტიკულად გამოყენებას დაუყოვნებლივ მოაქვს ხანგრძლივი ჯილდო. პირველ ყოვლისა, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჯენიფერი, რომელმაც იეჰოვას შეხსენებებით სარგებლობა მიიღო, ამბობს: „უფრო ენერგიული და სიცოცხლით სავსე გავხდი“. შესაბამისად, იგავნის 4:21, 22 მოგვიწოდებს, რომ გულითა და თვალით გავამახვილოთ ყურადღება იეჰოვას სიტყვებზე, „რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა“.
ამავე დროს, გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობითაც დავჯილდოვდებით. „როდესაც ღვთის სიტყვა ჩემს გულსა და გონებაზე მოქმედებს, ვგრძნობ, რომ გაცილებით უფრო ბედნიერი ადამიანი ვარ“, — ამბობს ტერეზა. მართალია, ჩვენ შეიძლება ისევ დაგვეუფლოს გულგატეხილობის გრძნობა, მაგრამ უფრო ადვილად შევძლებთ მასთან გამკლავებას. „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“, — მოგვიწოდებს იაკობის 4:8. იეჰოვა იმასაც გვპირდება, რომ გაგვაძლიერებს სირთულეების პირისპირ ყოფნის დროს და გვაკურთხებს მშვიდობით (ფსალმუნი 28:11).
კეთილგონიერების გამოვლენა რაღაცის მოლოდინის დროს სულიერ სიმტკიცეს შეგვინარჩუნებს. ამასაც კურთხევები მოაქვს. ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე შევაჩეროთ ყურადღება (ფილიპელთა 1:10). ამის შედეგად ჩვენი მიზნები რეალისტური და მისაღწევი იქნება, რაც დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოგვიტანს. უფრო დიდი სურვილი გვექნება, მივენდოთ იეჰოვას, იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის საუკეთესოდ მოაგვარებს საქმეებს. „მაშ, დამდაბლდით ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის დროზე“, — ამბობს პეტრე (1 პეტრე 5:6). განა შეიძლება იეჰოვას მიერ ჩვენ დაფასებაზე უფრო დიდი ჯილდო არსებობდეს?
[სურათები 31 გვერდზე]
კეთილგონიერების გამოვლენა რაღაცის მოლოდინის დროს დაგვეხმარება გულგატეხილობისა და იმედგაცრუების გრძნობასთან გამკლავებაში.