ღვთიური სიბრძნე — როგორ ვლინდება ის?
ღვთიური სიბრძნე — როგორ ვლინდება ის?
„უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის სიტყვებს ყურს არავინ უგდებს“. ამ სიტყვებით დაასრულა ბრძენმა მეფე სოლომონმა ამბავი უპოვარ ბრძენ კაცზე, რომელმაც მთელი ქალაქი იხსნა განადგურებისგან, თუმცა, სამწუხაროდ, „უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია“ (ეკლესიასტე 9:14—16).
ადამიანები მიდრეკილი არიან, ზემოდან უყურონ უბრალო ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ხალხი დიდსულოვნად მოქმედებდეს. ეს სიტყვები გამართლდა იესოზე. ესაია წინასწარმეტყველებდა მის შესახებ: „საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული“ (ესაია 53:3). იესო მოძულებული იყო ზოგიერთი ადამიანის მხრიდანაც, რადგან მას არ ჰქონდა მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა თავისი დროის გამოჩენილ წინამძღოლთა მსგავსად, მაგრამ ის ფლობდა სიბრძნეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა ნებისმიერი ცოდვილი ადამიანის ცოდნას. იესოს მშობლიურ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა არ დააფასეს ‘ხუროს ძის’ მიერ გამოვლენილი ასეთი სიბრძნე და ძლევამოსილი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა. ეს კი სერიოზული შეცდომა იყო. ცნობაში შემდგომ ნათქვამია, რომ იესოს „არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო“. რამხელა რამ დაკარგეს ამ ადამიანებმა! (მათე 13:54—58).
დაე ჩვენ მსგავსი შეცდომა არასდროს დავუშვათ. „სიბრძნე საქმეებითაა გამართლებული“, — თქვა იესომ. ისინი, ვინც ღვთის საქმეს ასრულებენ და ღვთიურ სიბრძნეს უზიარებენ სხვებს, ცნობილი არიან არა თავიანთი მაღალი საზოგადოებრივი ან სოციალური მდგომარეობით, არამედ ‘კარგი ნაყოფით’, ანუ ბიბლიიდან გამომდინარე რწმენითა და საქმეებით (მათე 7:18—20; 11:19).