ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ასე იშვიათი?
ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ასე იშვიათი?
„აშკარა დაუმორჩილებლობა ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ — იქნება ეს სასულიერო თუ საერო, სოციალური თუ პოლიტიკური — როგორც მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული ფენომენი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უკანასკნელი ათლწეულის ყველაზე დამახასიათებელ მოვლენად ჩაითვალოს“.
ახლა წლებია გასული მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის 60–იან წლებში, ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ჰენა არენდტმა ზემოთ მოყვანილ სიტყვებში ათწლეული მოიხსენია და ის ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ უპატივცემულობასთან დააკავშირა, რაც დღეს სხვა დროსთან შედარებით ყველაზე მეტადაა გამოხატული.
მაგალითად, ლონდონის „ტაიმზი“ არც ისე დიდი ხნის წინათ იუწყებოდა: „ზოგი მშობელი არ სცნობს თავის შვილზე მასწავლებლების მიერ ხელმძღვანელობის გაწევის უფლებას და უკმაყოფილებას გამოხატავს, როდესაც ეს უკანასკნელნი მათი შვილების დისციპლინებას ცდილობენ“. ხშირად, როდესაც მასწავლებელი მოსწავლის მიმართ დისციპლინურ ზომებს მიმართავს, მშობლები სკოლაში მხოლოდ მუქარით კი არ მიდიან, არამედ მასწავლებლებზე შეტევაზეც გადადიან.
ბრიტანეთის „სკოლის დირექტორთა ეროვნული ასოციაციის“ წარმომადგენელმა აღნიშნა: «ხალხი, ჩვეულებრივ, ამბობს: „უფლება მომეცა“, ნაცვლად იმისა, რომ თქვას: „პასუხისმგებლობა დამეკისრა“ ». გარდა იმისა, რომ შვილებს ხელმძღვანელობისადმი პატივისცემას არ უნერგავენ, ზოგი მშობელი შენიშვნასაც კი არ აძლევს შვილს და სხვასაც უშლის ამის გაკეთებას. ბავშვების თქმით, მათ აქვთ „უფლება“, არად ჩააგდონ როგორც მშობლების, ისე მასწავლებლების უფლებამოსილება, რის შედეგის განჭვრეტაც ძნელი არ არის; ეს არის „ახალი თაობა, რომელსაც ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ არავითარი პატივისცემა არა აქვს და არც ის იცის, რა არის სწორი და რა — არასწორი“, — წერს ჟურნალისტი მარგარეტ დრისკოლი.
ჟურნალ „ტაიმზმა“ სტატიაში „დაკარგული თაობა“ აღნიშნა, რომ მრავალ რუს ახალგაზრდას ყველაფრისადმი რწმენა აქვს დაკარგული და მოყვანილია პოპულარული რეპვარსკვლავის სიტყვები: „როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც არაფერია მდგრადი და არაფერი კეთდება პატიოსნად, ადამიანს საზოგადოების სჯეროდეს?“. ამ განაცხადს სოციოლოგი მიხეილ ტოპალოვი ადასტურებს: „ეს ახალგაზრდები უჭკუოები არ არიან. მათ ნახეს, თუ როგორ დარჩნენ მათი მშობლები სახელმწიფოსგან მოტყუებული — როგორ დაკარგეს თავიანთი დანაზოგი და სამუშაო. შეიძლება ამ ახალგაზრდებისგან ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემას მოველოდეთ?“.
მაგრამ არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობა მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვის არის დამახასიათებელი. დღეს ყველა ასაკის ადამიანები ნებისმიერ ხელმძღვანელობას ეჭვის თვალით და, შეიძლება ითქვას, ზიზღითაც კი უყურებენ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არავითარი ხელმძღვანელობა არ იმსახურებს ნდობას? სწორად განხორციელებულმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც „მართვის, სამართალდაცვისა თუ სხვათა მოქმედების აკრძალვის უფლება“ აქვს, შეიძლება დადებითი შედეგები გამოიღოს. ის შეიძლება სასარგებლო იყოს როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, თუ რატომ არის ეს ასე.