არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთადერთი საშუალება სიძულვილის აღმოსაფხვრელად

ერთადერთი საშუალება სიძულვილის აღმოსაფხვრელად

ერთადერთი საშუალება სიძულვილის აღმოსაფხვრელად

„არ არსებობს სიძულვილი შიშის გარეშე. . . ჩვენ გვძულს ის, რისიც გვეშინია, და სადაც სიძულვილია, იქ შიშიც არის სადღაც მიმალული“ (სირილ კონოლი, კრიტიკოსი და რედაქტორი).

მრავალ სოციოლოგს სჯერა, რომ სიძულვილს ადამიანის ქვეცნობიერებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. „მისი [სიძულვილის] საკმაოდ დიდი ნაწილი შეიძლება დაპროგრამებულიც კი იყოს“ ანუ ჩაკირული იყოს ადამიანთა ბუნებაში, — აღნიშნავს ერთი მეცნიერ-პოლიტიკოსი.

გასაკვირი არ არის, რომ ადამიანთა ბუნების შემსწავლელები ასეთ დასკვნამდე მიდიან. მათ შესასწავლ ობიექტს წარმოადგენენ მამაკაცები და ქალები, რომლებიც, ბიბლიის ინსპირირებული ცნობის თანახმად, ‘ნაკლიანი’ და ‘ცოდვაში’ შობილნი არიან (ფსალმუნი 51:5, აქ [50:7]). თავად ჩვენმა შემოქმედმაც კი არასრულყოფილი ადამიანი ათასწლეულების წინათ შემდეგნაირად შეაფასა: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:5).

წინასწარ შექმნილი აზრი, დისკრიმინაცია და მათ შედეგად წარმოქმნილი სიძულვილი ადამიანების მიერ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისა და ეგოიზმის ნაყოფებია (მეორე რჯული 32:5). სამწუხაროდ, ადამიანთა არც ერთ წარმომადგენლობას ან მთავრობას, აღებული პოლიტიკური კურსის მიუხედავად, არ შეუძლია ასეთ საკითხებში ადამიანთა გულების შეცვლა. უცხოეთში მომსახურე კორესპონდენტმა, ჯოუანა მაკგირმა, აღნიშნა: «არანაირ „მსოფლიო პოლიციას“, ძალიან ძლიერსაც კი, არ შეუძლია მოსპოს სიძულვილი, რომელმაც ბოსნიასა და სომალიში, კაშმირსა და კავკასიაში საშინელი სისხლის ღვრა გამოიწვია».

მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებელი საშუალებების ძიების დაწყებამდე, ძირითადად, უნდა გვესმოდეს, რა დგას სიძულვილის გამოვლინების უკან.

შიშით ნასაზრდოები სიძულვილი

არსებობს მრავალგვარი სიძულვილი და თითოეულ მათგანს უამრავი ნიუანსი აქვს. მწერალი ენდრიუ სალივანი ამას სათანადოდ აჯამებს: „არსებობს სიძულვილი, რომელიც შიშის საფუძველზეა წარმოქმნილი და სიძულვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიზღით არის გამოწვეული; არსებობს სიძულვილი, რომელიც ძალის გამოვლენის საშუალებაა და სიძულვილი, რომელსაც უძლურება წარმოშობს; არსებობს შურისძიებითა და შურით განპირობებული სიძულვილი. . . არსებობს მჩაგვრელისა და ჩაგრულის სიძულვილი. არის სიძულვილი, რომელიც უფრო და უფრო იზრდება და სიძულვილი, რომელიც ცხრება. არის სიძულვილი, რომელიც დუღს და გადმოდუღს და სიძულვილი, რომელიც არასოდეს ვლინდება“.

ეჭვგარეშეა, დღეს სიძულვილის საფუძველზე კონფლიქტების წარმოქმნას, ძირითადად, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები იწვევს. მყარი წინასწარშექმნილი აზრისა და სიძულვილის მკვეთრი გამოვლინება ხშირად იქ ხდება, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობით განებივრებული უმცირესობის ირგვლივ ღარიბები ცხოვრობენ. გარდა ამისა, ხშირად სიძულვილი ფეხს იკიდებს იქ, სადაც საზოგადოების გარკვეულ წევრთა ცხოვრების პირობებს დიდი რაოდენობით მოსული უცხოელების მხრიდან საფრთხე ემუქრება.

ზოგი ფიქრობს, რომ ეს ახალმოსულები კონკურენციას გაუწევენ სამუშაოს მხრივ, რადგან უცხოელები შედარებით დაბალ გასამრჯელოზეც თანხმდებიან ან კიდევ მათ გამო ქონების ფასდაკლება ხდება. გამართლებულია თუ არა ასეთი შიში, სხვა საქმეა, მაგრამ ეკონომიკური ზარალისა და საზოგადოების ცხოვრების დონის დაცემის შიში მნიშვნელოვანი ფაქტორებია წინასწარშექმნილი აზრისა და სიძულვილის განვითარებაში.

რა უნდა იყოს სიძულვილის აღმოსაფხვრელად გადადგმული პირველი ნაბიჯი? აზროვნების შეცვლა.

აზროვნების შეცვლა

„ნამდვილი ცვლილებები მხოლოდ ადამიანთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული“, — შენიშნავს მაკგირი. მაშ, როგორ შეიძლება ადამიანთა ნება-სურვილის შეცვლა? გამოცდილება ცხადყოფს, რომ სიძულვილის განვითარების წინააღმდეგ უძლიერესი ბიძგის მოცემა და ხანგრძლივი გავლენის მოხდენა ღვთის სიტყვას, ბიბლიას, შეუძლია. „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12).

ცხადია, წინასწარშექმნილი აზრისა და სიძულვილის აღმოფხვრა არც ავტომატურად და არც თვალის დახამხამებაში ხდება, მაგრამ ეს შესაძლებელია. იესო ქრისტემ, გულებზე უდიდესი გავლენის მომხდენმა და სინდისის ამამოქმედებელმა, შეძლო ცვლილებების მოსახდენად ადამიანთა აღძვრა. მილიონებმა მიაღწიეს წარმატებას, როდესაც მიჰყვნენ იესო ქრისტეს რჩევას: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები“ (მათე 5:44).

თავისი სწავლების თანახმად, იესომ ყველაზე სანდო მეგობრებს შორის აირჩია მათეც, ყოფილი მებაჟე, რომელიც იუდეველთა საზოგადოების მიერ მოძულებული და განდევნილი იყო (მათე 9:9; 11:19). გარდა ამისა, იესომ დაამკვიდრა წმინდა თაყვანისმცემლობა, რომელშიც საბოლოოდ ათასობით ყოფილი ათვალწუნებული და მოძულებული წარმართიც უნდა გაერთიანებულიყო (გალატელთა 3:28). ადამიანები, იმ დროისათვის ცნობილი მთელი მსოფლიოს ყველა ხალხიდან, იესო ქრისტეს მიმდევრები გახდნენ (საქმეები 10:34, 35). ისინი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდნენ (იოანე 13:35). როდესაც სიძულვილით მოცულმა ადამიანებმა იესოს მოწაფე სტეფანე ჩაქოლეს, ამ უკანასკნელის სიტყვები იყო: „უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას“. სტეფანეს ყოველივე საუკეთესო სურდა თავის მოძულეთათვის (საქმეები 6:8—14; 7:54—60).

თანამედროვე ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ამნაირადვე ეხმაურებიან იესოს რჩევას — სიკეთე უყონ არა მხოლოდ ქრისტიან ძმებს, არამედ თავიანთ მოძულეთაც (გალატელთა 6:10, სსგ). ქრისტეს მიმდევრები ყველაფერს აკეთებენ ბოროტებით აღსავსე სიძულვილის თავიანთი ცხოვრებიდან განსადევნად. მათთვის ცნობილია იმ ძლიერი ძალების არსებობის შესახებ, რომლებსაც სიძულვილის ჩანერგვა შეუძლიათ მათში, და დადებით ნაბიჯებს დგამენ სიძულვილის სიყვარულით შესაცვლელად. დიახ, როგორც ძველი დროის ბრძენი მამაკაცი ამბობდა: „სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს“ (იგავნი 10:12).

მოციქულმა იოანემ აღნიშნა: „ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია“ (1 იოანე 3:15). იეჰოვას მოწმეებს სჯერათ ამ სიტყვების. ამიტომ ისინი ახლა ეთნიკური, კულტურული, რელიგიური თუ პოლიტიკური წარმომავლობის მიუხედავად, ერთიანდებიან საზოგადოებაში, ნამდვილად მსოფლიო საძმოში, რომლიდანაც სიძულვილი განდევნილია (იხილეთ ჩარჩოები).

სიძულვილი აღმოიფხვრება!

„ყოველივე ეს შესანიშნავია, — შეიძლება თქვათ თქვენ. — მაგრამ ეს მთელ დედამიწაზე სიძულვილს ვერ მოსპობს“. მართალია, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არავინ სძულს, შეიძლება თავად გახდეს სიძულვილის მსხვერპლი. ამიტომ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამ გლობალურ პრობლემას ღმერთი გადაჭრის.

ღვთის განზრახვა ის არის, რომ მალე გააქროს დედამიწაზე სიძულვილის ყოველგვარი ნიშანწყალი. ეს მოხდება ზეციერი სამეფოს მმართველობის დროს, რომლის შესახებ ლოცვასაც იესო გვასწავლიდა: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10).

როდესაც ამ ლოცვაზე პასუხი ბოლომდე იქნება გაცემული, სიძულვილის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები აღარ იარსებებს. მოისპობა მისი გამჩაღებელი ფაქტორებიც. პროპაგანდას, უმეცრებასა და წინასწარშექმნილ აზრს შეცვლის განათლება, ჭეშმარიტება და სამართლიანობა. მაშინ კი ღმერთი მართლაც „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:1—4).

აი, კიდევ უკეთესი ახალი ამბავი! არსებობს იმის უტყუარი მტკიცება, რომ ჩვენ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ. ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ძალიან მალე დავინახავთ დედამიწიდან სიძულვილის აღმოფხვრას (2 ტიმოთე 3:1—5; მათე 24:3—14). ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ნამდვილი ძმობის ატმოსფერო იქნება გამეფებული, რადგან ადამიანებს სრულყოფილება დაუბრუნდებათ (ლუკა 23:43; 2 პეტრე 3:13).

მაგრამ ჭეშმარიტი ძმობით ტკბობისთვის თქვენ იმ დრომდე ლოდინი არ მოგიწევთ. ფაქტობრივად, როგორც ჩარჩოშია ნათქვამი, ქრისტიანული სიყვარული უკვე დამკვიდრდა იმ მილიონობით ადამიანთა გულებში, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიძულვილით იქნებოდა აღსავსე. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ამ მოსიყვარულე საძმოს ნაწილი!

[ჩარჩო 5 გვერდზე]

„რას გააკეთებდა იესო?“

1998 წლის ივნისში ტეხასის ერთ სოფელში თეთრკანიანები თავს დაესხნენ შავკანიან მამაკაცს, ჯეიმზ ბერდ უმცროსს. შორს, უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს, სცემეს და ფეხები შეუკრეს, შემდეგ პატარა სატვირთო მანქანას გამოაბეს და ნელი სვლით 5 კილომეტრი ათრიეს, ვიდრე მისი სხეული ბეტონის წყალსადენ მილს არ შეასკდა. ეს მოვლენა იმ ათწლეულში (90-იანი წლები) სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ ყველაზე შემაძრწუნებელ ბოროტმოქმედებად იქნა აღიარებული.

ჯეიმზ ბერდის სამი და იეჰოვას მოწმეა. რას გრძნობდნენ ისინი ამ საშინელი ბოროტმოქმედების ჩამდენთა მიმართ? მათ თქვეს: „საყვარელი ადამიანის წამებამ და ლინჩის წესით მოკვლამ უსაზღვრო დანაკლისისა და ტკივილის გრძნობა დაგვიტოვა. როგორი შეიძლება იყოს ადამიანის რეაქცია ესოდენ მხეცურ მოქმედებაზე? შურისძიება, ლანძღვა და სიძულვილის გამღვივებელი აზრები გონებაშიც კი არ გაგვივლია. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, თუ რას გააკეთებდა იესო, როგორი იქნებოდა მისი რეაქცია? პასუხი დღესავით ნათელი იყო. იესო მშვიდობასა და იმედზე ილაპარაკებდა“.

იმ ბიბლიურ მუხლებს შორის, რომლებმაც მათ გულებში სიძულვილის განვითარებას შეუშალა ხელი, იყო რომაელთა 12:17—19. იქ მოციქულმა პავლემ ჩაწერა: «ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“ ».

ამ დებმა ზემოთ მოყვანილ სიტყვებს დასძინეს: „გავიხსენეთ ჩვენს პუბლიკაციებში მოყვანილი არაერთი რეალისტური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგი უსამართლობა და ბოროტმოქმედება იმდენად შემზარავია, რომ ადამიანს უძნელდება, თქვას: მიპატიებია; შემდეგ კი დაივიწყოს მომხდარი. ასეთ შემთხვევებში მიტევება ადამიანს საშუალებას აძლევს, გულისწყრომა გულში არ ჩაიტოვოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ატაროს და ამის გამო ფიზიკურად და ფსიქიკურად არ დაავადდეს“. რა შესანიშნავად მეტყველებს ეს მაგალითი ბიბლიის ძალაზე, საშუალება არ მისცეს სიძულვილს, ღრმად გაიდგას ფესვები ადამიანის გულში!

[ჩარჩო 6 გვერდზე]

მტრობა მეგობრობამ შეცვალა

ბოლო წლების განმავლობაში სამუშაოს საშოვნელად საბერძნეთს ათასობით იმიგრანტი მიაწყდა, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა იქაც შემცირდა, რამაც ამ მიზნით ჩასულთა შორის მეტოქეობა გააძლიერა. შედეგად, რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა. ამის ტიპობრივი მაგალითია ალბანელ და ბულგარელ იმიგრანტებს შორის გამართული კონკურენცია. საბერძნეთის მრავალ რაიონში ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის ხშირად ხდება ხოლმე მძაფრი მოცილეობა.

პელოპონესის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კიატოში ბულგარელთა ოჯახმა და ალბანელმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და ერთმანეთიც გაიცნეს. ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ მოსპო ის მტრობა, რომელიც ამ ორი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის არსებობს. ამ პრინციპების გამოყენებამ მოხსენიებულ ადამიანთა შორის ნამდვილად მეგობრობის განვითარებასაც შეუწყო ხელი. ბულგარელი ივანე ალბანელ ლიულის თავის მეზობლად საცხოვრებელი ადგილის პოვნაშიც კი დაეხმარა. ეს ორი ოჯახი ხშირად თავის საკვებსა და მწირ მატერიალურ ქონებას ერთმანეთს უზიარებს. ორივე მამაკაცი ახლა იეჰოვას მონათლული მოწმეა და კეთილი ცნობის ქადაგებისას ერთმანეთის მხარდამხარ მსახურობენ. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს ქრისტიანული მეგობრობა მეზობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

[სურათი 7 გვერდზე]

ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით დედამიწაზე ყოველგვარი სიძულვილის ნიშანწყალი გაქრება.