არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ესაიას 53-ე თავი შეიცავს ცნობილ წინასწარმეტყველებას მესიის შესახებ. მე-10 მუხლში ნათქვამია: „უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა“. რას ნიშნავს ეს?

ძნელი გასაგები არ არის, თუ რატომ უნდა წამოჭრილიყო კითხვა ესაიას 53:10-თან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ფიქრობენ, რომ ჩვენს თანამგრძნობ და მოსიყვარულე ღმერთს ესიამოვნებოდა ვინმეს ტანჯვა და ვინმესთვის სნების შეყრა. ბიბლია დაბეჯითებით გვარწმუნებს, რომ ღმერთს არ სიამოვნებს უდანაშაულოთა ტანჯვა (მეორე რჯული 32:4; იერემია 7:30, 31). საუკუნეების განმავლობაში იეჰოვამ შეიძლება ზოგ შემთხვევაში დაუშვა ტანჯვა გარკვეული მიზეზებით, რომლებიც მის სიბრძნესა და სიყვარულს შეესაბამებოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მან არ აიძულა თავისი საყვარელი ძე, იესო, რომ დატანჯულიყო. მაშ, სინამდვილეში რას გულისხმობს ეს მონაკვეთი?

აზრის გაგებაში დაგვეხმარება ამ მუხლის მთლიანობაში განხილვა და ყურადღების მიქცევა სიტყვებისთვის „ინება“ და „ნება“. ესაიას 53:10-ში ვკითხულობთ: „უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს [შთამომავალს], გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება“.

ბიბლიის ძირითადი ცნობა მიუთითებს იმაზე, რომ „იეჰოვას ნება“, რომელიც მოხსენიებულია მუხლის დასასრულს, ყურადღებას ამახვილებს მისი განზრახვის შესრულებაზე სამეფოს მეშვეობით. იეჰოვას მიერ ამ ნების შესრულებით გამართლდება მისი უზენაესობა და შესაძლებელი გახდება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის — ჩვენი ცოდვის — ჩამოშორება მორჩილი ადამიანებისგან (პირველი ნეშტთა 29:11; ფსალმუნი 82:19; საქმეები 4:24; ებრაელთა 2:14, 15; 1 იოანე 3:8). ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ ღვთის ძის დედამიწაზე ადამიანად მოვლინებითა და გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებით. როგორც ვიცით, იესომ ტანჯვა-წამება გადაიტანა. ბიბლია გვეუბნება, რომ მან „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება“. ასე რომ, იესომ სარგებლობაც კი მიიღო ამ ტანჯვიდან (ებრაელთა 5:7—9).

იესომ წინასწარ იცოდა, რომ ის კეთილშობილური გზა, რომელსაც დაადგა, ფიზიკურ ტანჯვას მოუტანდა. ეს ნათელია მისი სიტყვებიდან, რომლებიც ჩაწერილია იოანეს 12:23, 24-ში, სადაც ვკითხულობთ: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება. და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოისხამს“. დიახ, იესომ იცოდა, რომ მას უმწიკვლობა უნდა შეენარჩუნებინა თვით სიკვდილამდე. ცნობაში შემდეგ ნათქვამია: «ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე სახელი შენი! ზეციდან მოვიდა ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ ». (იოანე 12:27, 28; მათე 26:38, 39).

ეს ის კონტექსტია, რომლითაც შეგვიძლია ესაიას 53:10-ის გაგება. იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ მის ძეს ტანჯვა მოუწევდა. მაგრამ დიდებული და ხანგრძლივი შედეგის გათვალისწინებით, იეჰოვამ ინება, რომ ეს ყოველივე იესოზე აღსრულებულიყო. აი, რა გაგებით ‘ინება იეჰოვამ მისი [ანუ მესიის] ტანჯვა’. იესომაც ინება ის, რის გაკეთებაც შეეძლო და გააკეთა კიდეც. მართლაც, როგორც ესაიას 53:10 ამთავრებს: „უფლის ნება მისი ხელით წარიმართება“.