რა შეიძლება გვასწავლოს მეზღვაურმა
რა შეიძლება გვასწავლოს მეზღვაურმა
ღია ზღვაში გემით მარტოდ მგზავრობა შეიძლება დამღლელი იყოს. დაღლილობის გამო მეზღვაური შეიძლება ადვილად გადაეყაროს ხიფათს — დაუშვას შეცდომები და მიიღოს არასწორი გადაწყვეტილებები. თავისი გამოცდილების წყალობით მან იცის ღუზის ფასი. ის შესაძლებლობას აძლევს მეზღვაურს, დაისვენოს და ძალები აღიდგინოს; მას აღარც სახიფათო დინება გაიყოლებს. ამავე დროს ღუზა აძლიერებს წინა ნაწილს, რომ გაუძლოს ქარსა და ტალღებს, და გემს ერთ ადგილზე აკავებს.
მეზღვაურების მსგავსად, რომლებიც მრავალ საშიშროებას ხვდებიან ზღვაში, ქრისტიანებიც განიცდიან წუთისოფლისგან მომდინარე მუდმივ ზეწოლას და საჭიროებენ დასვენებას. ერთხელ იესომაც ურჩია თავის მოწაფეებს: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“ (მარკოზი 6:31). დღეს ზოგიერთმა შეიძლება რამდენიმე კვირით იმოგზაუროს ან შაბათ-კვირას თავის ოჯახთან ერთად დაისვენოს. ასეთი დასვენება გამომაცოცხლებელი და ძალების მომცემი იქნება. მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ, რომ ასეთ დროს ჩვენს სულიერ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება? რამ შეიძლება გაგვიწიოს სულიერი ღუზის მაგივრობა, რათა დაგვეხმაროს, გავუძლოთ დინებას და სიმტკიცე შევინარჩუნოთ?
იეჰოვამ თავისი სიკეთით უზრუნველგვყო თავისი წმინდა სიტყვით, ბიბლიით. ყოველდღიურად მისი კითხვა დაგვეხმარება, იეჰოვასთან ახლოს ვიყოთ და არასოდეს ჩამოვშორდეთ. მის რჩევა-დარიგებებს შეუძლია ჩვენი განმტკიცება და ძალების მოცემა, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანისა და მისი წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს. ბიბლიის კითხვის რეგულარული პროგრამის მიხედვით კითხვას, მაშინაც კი, თუ განრიგიდან ამოვვარდით, შეუძლია სულიერად განგვამტკიცოს (იესო ნავეს ძე 1:7, 8; კოლასელთა 2:7).
ფსალმუნმომღერალი შეგვახსენებს, რომ „ნეტარია კაცი“, რომლის ‘მისწრაფება უფლის რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს დღედაღამ’ (ფსალმუნი 1:1, 2). ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა მოგვიტანს ‘ნეტარებას’, ანუ ბედნიერებას, რაც გამომაცოცხლებელი ახალი ძალების მიღების შედეგია, და ეს იმისთვისაც გვამზადებს, რომ განვაგრძოთ სიარული ქრისტიანულ გზაზე.