არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიძულვილის ეპიდემია

სიძულვილის ეპიდემია

სიძულვილის ეპიდემია

„ადამიანები ვერასოდეს უგებენ მათ, ვინც სძულთ“ (ჯეიმზ რასელ ლოუელი, ესეისტი და დიპლომატი).

სიძულვილი, როგორც ჩანს, დღეს ყველგან არის გავრცელებული. ისეთ სახელწოდებებს, როგორიცაა აღმოსავლეთ ტიმორი, კოსოვო, ლიბერია, ლიტლტონი და სარაევო, აგრეთვე ნეონაცისტი, „თავგადაპარსულთა ბანდა“, უკიდურესი რასისტები, ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი აქვთ დატოვებული და არაერთ ნგრევას, ახლად გათხრილ მასობრივ სასაფლაოებსა და დაღუპულთა გვამებს წარმოგვისახავს.

ოცნებები სიძულვილის, კონფლიქტებისა და ძალადობისგან თავისუფალი მომავლის შესახებ დაიმსხვრა. ქალბატონმა მიტერანმა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ, თავისი ახალგაზრდობის გახსენებისას აღნიშნა: „ხალხი ოცნებობდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებაზე, სადაც ძმური სიყვარულის საფუძველზე თავისუფლად მიენდობოდნენ ერთმანეთს; უნდოდათ, ჰქონოდათ როგორც შინაგანი სიმშვიდე, ისე სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა; ოცნებობდნენ ჯანსაღ, მშვიდობიან და ღირსეულ ცხოვრებაზე ძლიერ და მდიდარ მსოფლიოში, რომელიც მათზე იზრუნებდა“. რა მოუვიდა ამ იდეალებს? ქალბატონმა მიტერანმა სინანულით აღნიშნა: „უნდა ვაღიაროთ, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩვენი ოცნებები ეჭვქვეშ მოექცა“.

დღეს, უბრალოდ, შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ სიძულვილის განახლებული ძალებით შემოტევაზე. ის საყოველთაოდ არის გავრცელებული და უფრო და უფრო საშინელი სახით ვლინდება. ქრება პირადი უსაფრთხოების გრძნობა, რომელსაც მილიონები ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ, და ეს ხდება სიძულვილით გამოწვეული ქმედებების გამო, რომელთაგან თითოეული წინამორბედთან შედარებით სულ უფრო შემაძრწუნებელია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს სახლებსა თუ ქვეყანაში სიძულვილს არ ვაწყდებით, ის შეიძლება სადმე სხვაგან იყოს ჩასაფრებული. შესაძლებელია, თითოეული ყოველდღიურად ვხედავთ ამის დამადასტურებელ ფაქტებს ტელევიზორის ეკრანებიდან ახალ ამბებში და ამის შესახებ გვესმის რადიო გადაცემებიდან. ამ ინფორმაციებიდან ზოგი ინტერნეტის საშუალებითაც კი ვრცელდება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

გასული ათწლეული ნაციონალიზმის არნახული ზრდის მოწმე იყო. „ნაციონალიზმი, — შენიშნავს ჯოზეფ ნაი უმცროსი, ჰარვარდის საერთაშორისო საქმეთა ცენტრის დირექტორი, — მსოფლიოს უმეტეს ნაწილში კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება. მსოფლიო არ გახდა ერთი დიდი სოფელი. ნაცვლად ამისა, დედამიწის ზურგზე მიმოფანტულია პატარ-პატარა სოფლები, რომლებიც ერთმანეთს გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს. ეს კი, თავის მხრივ, კონფლიქტების წარმოშობის შესაძლებლობებს ზრდის“.

სიძულვილის სხვა ფორმები უფრო შენიღბულია და ქვეყნის საზღვრებს ან ზოგჯერ მეზობლებთან შეზღუდულ ურთიერთობებსაც კი არის ამოფარებული. როდესაც კანადაში „თავგადაპარსულთა ბანდის“ ხუთმა წევრმა სიკჰიზმის მიმდევარი ხანდაზმული მამაკაცი მოკლა, ეს მოვლენა „იმის აღმნიშვნელი იყო, რასაც ზოგი სიძულვილის აღორძინებად მიიჩნევს, და ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ხშირად თავისი რასობრივი შემწყნარებლობითაა ცნობილი“. გერმანიაში, მას შემდეგ, რაც წინა წლებში განუწყვეტლივ მცირდებოდა რასობრივი შეტაკებები, 1997 წელს ექსტრემისტების მიერ ამ განახლებულ შეტაკებათა რაოდენობამ 27%-ით იმატა. „ეს გულდასაწყვეტი ფაქტია“, — აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი მანფრედ კანტერი.

ჩრდილოეთ ალბანეთიდან მიღებულმა ცნობამ ცხადყო, რომ 6 000-ზე მეტი ბავშვი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში აღმოჩნდა, რადგან პატარებს ეშინიათ, ქუჩაში ოჯახის მტრის ტყვიის მსხვერპლი არ გახდნენ. ეს ბავშვები სისხლის აღების ადათის მსხვერპლნი არიან, „რომელმაც ათასობით ოჯახის არაერთი წევრის სიცოცხლე შეიწირა“. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) ანგარიშის თანახმად, „გფბ-ს მიერ 1998 წელს დაფიქსირებული სიძულვილის მიზეზით გამოწვეული 7 755 ბოროტმოქმედების ნახევარზე მეტი რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე იქნა ჩადენილი“. სიძულვილის მიზეზით გამოწვეული დანარჩენი ბოროტმოქმედებები რელიგიური, ეთნიკური თუ ნაციონალისტური წარმოშობის ან კიდევ დაავადებების საფუძველზე მოხდა.

გარდა ამისა, საგაზეთო წერილების სათაურები ყოველდღიურად მიუთითებენ ქსენოფობიის ეპიდემიაზე, რომელიც უშუალოდ ლტოლვილთა წინააღმდეგ არის მიმართული. ლტოლვილთა რიცხვი კი დღესდღეობით 21 მილიონს აღემატება. სამწუხაროა, მაგრამ უცხოელთა მოძულეების უმეტესობას ის ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებსაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და განტევების ვაცის მაძიებლები აქეზებენ. იმავე ფენომენის შედარებით ნაკლებად შესამჩნევ ნიშანს უნდობლობა, შეუწყნარებლობა და გარკვეული სტანდარტების მარწუხებში იმ ადამიანთა მოქცევის მცდელობა შედის, რომლებიც განსხვავებული არიან.

რა არის სიძულვილის ეპიდემიის ზოგი მიზეზი? რის გაკეთება შეიძლება მის აღმოსაფხვრელად? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში განიხილება.

[საავტორო უფლება 2 გვერდზე]

Cover, top: UN PHOTO 186705/J. Isaac

[საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Daud/Sipa Press