წყნარი ოკეანის კუნძულებზე წასვლა სამუშაოდ!
წყნარი ოკეანის კუნძულებზე წასვლა სამუშაოდ!
ბრიზბენისა და სიდნეის (ავსტრალია) საერთაშორისო აეროპორტების მოსაცდელებში ჩვეულებრივზე უფრო მეტად შეიმჩნეოდა ჩოჩქოლი. 46 კაცისგან შემდგარი ჯგუფი მზად იყო მზიან სამოაში გასაფრენად, სადაც ახალი ზელანდიიდან, ჰავაიდან და შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ სხვა 39 ადამიანს შეხვდებოდნენ. მათ ძალზე უჩვეულო ბარგი ჰქონდათ, რომელიც ძირითადად ისეთი სამუშაო იარაღებისგან შედგებოდა, როგორიცაა ჩაქუჩი, ხერხი და ელექტრობურღი; საერთოდ, ასეთ საგნებს არავინ წაიღებდა წყნარი ოკეანის მშვენიერ კუნძულებზე გამგზავრების დროს. მაგრამ მათ განსაკუთრებული მისია ეკისრათ.
ისინი საკუთარი თანხებით გაემგზავრნენ, რათა, როგორც მოხალისეებს, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეთა ავსტრალიის ფილიალის რეგიონალური საინჟინრო ოფისის ხელმძღვანელობით, ანაზღაურების გარეშე მიეღოთ მონაწილეობა სამშენებლო პროგრამაში. ეს პროგრამა, რომელიც ნებაყოფლობითი შენაწირებით ფინანსდება, ითვალისწინებს სამეფო და საკონგრესო დარბაზების, მისიონერთა სახლებისა და მთარგმნელთა ოფისების მშენებლობას იეჰოვას მოწმეთა სწრაფად მზარდი კრებებისთვის წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მოდი გავეცნოთ ზოგ მოხალისე მუშას, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში სამეფო დარბაზის მშენებელთა ბრიგადის წევრები იყვნენ.
მაქსი, რომელიც პროფესიით მხურავია, ახალი სამხრეთ უელსის ქალაქ კაურადან (ავსტრალია) ჩამოვიდა. მას ცოლი და ხუთი შვილი ჰყავს. არნოლდი ჰავაიდან არის. მას და მის მეუღლეს ორი ვაჟი ჰყავთ; გარდა ამისა, არნოლდი პიონერიც არის, ანუ სრული დროით მსახური. ისევე როგორც მაქსი, არნოლდიც უხუცესად მსახურობს თავის კრებაში. როგორც ჩანს, ეს მამაკაცები, რომლებიც პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელებაში იღებენ მონაწილეობას, არ არიან მოხალისეები იმიტომ, რომ მათ ბევრი თავისუფალი დრო არა აქვთ. უბრალოდ, ისინი და მათი ოჯახები ხედავენ ამის საჭიროებას და სურვილი აქვთ, თავიანთი შესაძლებლობისამებრ წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.
სხვადასხვა ეროვნების მუშები აკმაყოფილებენ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას
ერთ-ერთი ადგილი, სადაც მათი ოსტატობა და მომსახურება სჭირდებოდათ, ტუვალუ იყო — წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო, სადაც დაახლოებით 10 500 ადამიანი ცხოვრობს. ეს სახელმწიფო შორეულ ცხრა მარჯნის კუნძულზეა, რომლებიც ახლოს არის ეკვატორთან და სამოას ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. თითოეული კუნძულის ფართობი დაახლოებით 2,5 კვადრატული კილომეტრია. 1994 წლისთვის 61 მოწმეს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ახალი სამეფო დარბაზი და უფრო დიდი მთარგმნელობითი განყოფილების შენობა.
წყნარი ოკეანის ამ ტროპიკულ ნაწილში შენობები ისეთი პროექტით უნდა აშენდეს, რომ გაუძლოს ქარიშხლებსა და
ციკლონებს. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხარისხიანი საშენი მასალაა ხელმისაწვდომი ამ კუნძულებზე. როგორ შეიძლება გამოსავლის მოძებნა? ყველაფერი, რაც საჭიროა — გადასახურავი თუნუქის ფურცლები, ავეჯისა და ფარდების სამაგრები, საპირფარეშოში დასადგმელი ნიჟარები, საშხაპეები, ხრახნები და ლურსმნები — ავსტრალიიდან ჩამოაქვთ კონტეინერებით.მასალის ჩამოტანამდე პატარა ჯგუფმა წინასწარ მოამზადა სამშენებლო მოედანი და შენობას საძირკველი ჩაუყარა. შემდეგ კი აქ ჩამოსულმა სხვადასხვა ეროვნების მუშებმა ააშენეს, შეღებეს და მოაწყვეს შენობები.
ამ საქმიანობამ ტუვალუში ადგილობრივი მღვდლის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც რადიოთი განაცხადა, რომ მოწმეები „ბაბილონის გოდოლს“ აშენებდნენ! მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? „ბიბლიური ბაბილონის გოდლის შენებისას ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ, რადგან ღმერთმა აურია ენები. მათ მიატოვეს მშენებლობა და გოდოლიც დაუმთავრებელი დარჩა“, — შენიშნავს ერთ-ერთი მოხალისე, სახელად გრეიმი (დაბადება 11:1—9). „სრულიად საპირისპიროდ ხდება ყველაფერი, როდესაც საქმე იეჰოვა ღმერთისთვის კეთდება. მიუხედავად ენობრივი და კულტურული სხვაობისა, პროექტები ყოველთვის ბოლომდე სრულდება“. ეს ამ პროექტზეც შეიძლება ითქვას, რომელიც სულ რაღაც ორ კვირაში დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიძღვნასთან დაკავშირებულ ცერემონიას 163 კაცი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ცოლიც, ესწრებოდა.
დეგი, პროექტის ზედამხედველი, მუშაობის დროს მიღებულ გამოცდილებას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „სასიხარულო იყო სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოხალისეებთან ერთად მუშაობა. ჩვენ სხვადასხვანაირად ვმუშაობდით, სხვადასხვა ტერმინოლოგია გვქონდა, განზომილებათა სისტემაც კი განსხვავდებოდა, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია“. რამდენადაც ის ამის მსგავს რამდენიმე პროექტზე მუშაობს, დასძენს: „ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ იეჰოვას მხარდაჭერით მის ხალხს შეუძლია შენობების აგება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, როგორი შორეული ადგილიც უნდა იყოს ან რა სირთულეებიც უნდა არსებობდეს იქ. მართალია, ბევრი ნიჭიერი ძმა გვყავს, მაგრამ ეს საქმე იეჰოვას სულით ხორციელდება“.
ღვთის სული აღძრავს კუნძულებზე მცხოვრებ მოწმეთა ოჯახებს, რომ მოხალისეები საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყონ, რაც ზოგის მხრიდან საკმაოდ დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ამის გამო უზომოდ მადლიერი არიან ისინი, რომელთა მიმართაც ასეთ სტუმართმოყვარეობას იჩენენ. კენი, რომელიც მელბურნიდან (ავსტრალია) არის, მსგავს პროექტზე მუშაობდა საფრანგეთის პოლინეზიაში. ის შენიშნავს: „ჩვენ ჩამოვედით როგორც მომსახურეები, მაგრამ ისე გვექცეოდნენ, როგორც მეფეებს“. იქ, სადაც შესაძლებელია, მათ ადგილობრივი მოწმეებიც ეხმარებიან მშენებლობაში. სოლომონის კუნძულებზე ქალები ბეტონს ხელით ურევდნენ. ასი ქალი და მამაკაცი ნაწვიმარ მთის ფერდობზე ადიოდა და 40 ტონაზე მეტი ხე-ტყე ჩამოჰქონდა. მათ ახალგაზრდებიც ეხმარებოდნენ. ერთი ახალზელანდიელი მუშა იხსენებს: „მახსოვს, ერთი კუნძულელი ძმა, რომელიც ერთდროულად ორ-სამ ტომარა ცემენტს ეზიდებოდა. ის მთელი დღის მანძილზე ხვეტდა ხრეშს დარსა და ავდარში“.
მშენებლობაში ადგილობრივი მოწმეების მონაწილეობას სხვა სარგებლობაც მოაქვს. საზოგადოება „საგუშაგო
კოშკის“ სამოას ფილიალი იტყობინება: „კუნძულელი ძმები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ სამეფო დარბაზების ასაშენებლად და ციკლონის გადავლის შემდეგ შენობების გასარემონტებლად და აღსადგენად. ეს შეიძლება მათ თავის რჩენაშიც კი დაეხმაროს იმ დასახლებაში, სადაც ბევრი აწყდება ამ სირთულეს“.სამშენებლო პროგრამის საშუალებით კარგი დამოწმება ხდება
კოლინი ჰონიარაში იყო და სოლომონის კუნძულებზე საკონგრესო დარბაზის მშენებლობა იხილა. შთაბეჭდილებებით აღსავსემ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს ჰიბრიდული ინგლისურით მისწერა: „ყველა გაერთიანებულია, არავინ არის გაღიზიანებული, ისინი ერთი ოჯახივით არიან“. ამის შემდეგ ძალიან მალე, როცა 40 კილომეტრით დაშორებულ თავის სოფელ არულიგოში დაბრუნდა, მან და მისმა ოჯახმა თვითონ ააშენეს სამეფო დარბაზი. შემდეგ მათ სხვა რამ აცნობეს ოფისს: „ჩვენი სამეფო დარბაზი, ასევე მომხსენებლის პიუპიტრიც, უკვე მზად არის; შეგვიძლია თუ არა აქ შეხვედრების ჩატარება?“. ეს საქმე სწრაფად მოგვარდა და ამ დარბაზში 60-ზე მეტი ადამიანი რეგულარულად ესწრება შეხვედრებს.
ერთხელ ევროკავშირის მრჩეველმა ტუვალუს პროექტი ნახა. „ალბათ, ყველა ამას გეუბნებათ, — ამ სიტყვებით მიმართა მან ერთ მუშას, — მაგრამ ჩემთვის ეს მართლაც სასწაულია!“. ერთმა მანდილოსანმა, რომელიც სატელეფონო სადგურში მუშაობს, სხვა ჩამოსულ მოხალისეს ჰკითხა: „როგორ შეგიძლიათ ყველა ასე გახარებული იყოთ? აქ ხომ საშინლად ცხელა!“. თავდაუზოგავი და მიზანდასახული მუშაობის შედეგად მათთვის ცხადი გახდა, თუ რას ნიშნავდა ჭეშმარიტი ქრისტიანობა.
მსხვერპლის გაღება დაუნანებლად
„ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის“, — ნათქვამია ბიბლიაში, მე-2 კორინთელთა 9:6-ში. მუშები, მათი ოჯახები და კრებები განაგრძობენ გულუხვად თესვას წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრები თანამორწმუნეების დასახმარებლად. „ჩემმა კრებამ თვითმფრინავის ბილეთის ფასის მესამედი გადამიხადა, — ამბობს როსი, სიდნეისთან ახლოს მდებარე კინკემბერში მომსახურე უხუცესი, — გარდა ამისა, ჩემმა სიძემ, რომელიც ჩემთან ერთად წამოვიდა, 500 დოლარი მაჩუქა. სხვა მუშამ, იმისათვის, რომ გამგზავრებულიყო, საკუთარი მანქანა გაყიდა. სხვამ კი მიწის ნაკვეთის ნაწილი გაყიდა. კევინს დამატებით 900 დოლარი სჭირდებოდა, რის გამოც გადაწყვიტა 16 მტრედის გაყიდვა, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში ზრდიდა. ნაცნობის დახმარებით მან მიაგნო ისეთ მყიდველს, რომელმაც მას ზუსტად 900 დოლარი შესთავაზა მტრედებისთვის.
„ღირდა ამისთვის თვითმფრინავით მგზავრობა — მთლიანობაში 6 000 დოლარის დახარჯვა, რაც არ აგინაზღაურდათ? — ჰკითხეს დენისა და შერილს. „დიახ! ორმაგიც რომ დაგვჯდომოდა, მაინც ღირდა წასვლა“, — მიუგეს მათ. ალანმა, რომელიც ნელსონიდან (ახალი ზელანდია) არის, დასძინა: „იმ თანხით, რომლითაც ტუვალუში გავემგზავრე, შემეძლო ევროპაში წავსულიყავი და ფულიც მომრჩებოდა. მაგრამ განა ვიგრძნობდი თავს ბედნიერად, შევიძენდი სხვადასხვა წარმოშობის მეგობრებს ან იმის მაგივრად, რომ ჩემს თავს მოვმსახურებოდი, გავაკეთებდი ვიღაცისთვის უფრო მეტს? არა! მართალია, ჩვენი კუნძულელი ძმებისთვის რაღაც გავიღე, მაგრამ სანაცვლოდ მათგან ბევრად უფრო მეტი მივიღე“.
ამ სამშენებლო პროგრამის წინსვლისთვის სხვა ხელშემწყობი ფაქტორია ოჯახის მხარდაჭერა. მაშინ როდესაც ზოგ ქალს შეუძლია თან ახლდეს თავის ქმარს და მშენებლობაშიც კი დაეხმაროს მას, სხვებს, იმის გამო, რომ სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ, მოეთხოვებათ მათზე ზრუნვა ან საოჯახო საქმეების კეთება. „ჩემი ცოლი მზად იყო, ეზრუნა ბავშვებსა და ოჯახზე, სანამ მე შინ არ ვიქნებოდი, — ამბობს კლაი, — ამიტომ მან უფრო მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე მე“. მართლაც, ყველა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთი ცოლების თან წაყვანა, სრულიად დაეთანხმებოდა ამ სიტყვებს.
მას შემდეგ, რაც ტუვალუში პროექტი დასრულდა, მოხალისე მუშებმა სამეფო და საკონგრესო დარბაზები, მისიონერთა სახლები და მთარგმნელობითი ოფისები ააშენეს ფიჯიში, ტონგაში, პაპუა-ახალ გვინეაში, ახალ კალედონიასა და სხვა ადგილებში. ბევრი პროექტი, რომელთაგანაც ზოგიერთის აშენება აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგეგმება, ჯერ კიდევ ნახაზების სახით არის. საკმარისად იქნებიან მუშები ამ მშენებლობის დროს?
ალბათ, ამის გამო არ შეიქმნება პრობლემა. „ყველამ, ვინც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში, გვთხოვა, რომ კვლავ მოგვეწვია, როცა სხვა მშენებლობა დაიგეგმებოდა“, — იწერებიან ჰავაის ფილიალის ოფისიდან. — როგორც კი სახლში ბრუნდებიან, ისინი საკუთარი თანხების დაზოგვას იწყებენ“. შეუძლებელია, რომ პროგრამა არ იყოს წარმატებით განხორციელებული მაშინ, როდესაც ამ ყოველივეს ის ემატება, რომ იეჰოვა უხვად გვაფრქვევს თავის კურთხევებს ამ საქმისადმი უანგაროდ თავის მიძღვნის გამო.
[სურათი 9 გვერდზე]
სამშენებლო მასალები.
[სურათები 9 გვერდზე]
მუშათა ბრიგადა სამშენებლო მოედანზე.
[სურათები 10 გვერდზე]
პროექტები დასრულდა და გვიხაროდა, რომ ყველაფერი ღვთის სულით განხორციელდა.