ჭეშმარიტების თესლის მორწყვა ჩილეში
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ჭეშმარიტების თესლის მორწყვა ჩილეში
ჩრდილოეთ ჩილეს უდაბნოში შეიძლება წლებმა ისე გაიაროს, რომ ერთხელაც კი არ გაწვიმდეს. ხოლო როცა წვიმა მოდის, გამხმარი მიწა ნაირფეროვანი ყვავილების ნამდვილ ხალიჩას ემსგავსება. ეს შთამბეჭდავი სანახაობა ტურისტებს ყველა ქვეყნიდან იზიდავს.
მაგრამ ამაზე მეტად საინტერესო რამ ხდება ჩილეში მცხოვრებთა შორის. ბიბლიური ჭეშმარიტების წყლები ქვეყნის ყოველ კუთხეში მიედინება და ნაყოფიც არ აყოვნებს — ბევრი გულწრფელი ადამიანი იესო ქრისტეს მოწაფე ხდება. ჭეშმარიტების წყლების გასავრცელებლად ტელეფონით ქადაგება ერთ-ერთი საშუალებაა. შემდეგი შემთხვევები თვალსაჩინოდ გვიჩვენებს დადებით შედეგებს, რომლებიც მიღწეული იყო დამოწმების ამ მეთოდით.
• სრული დროით მსახურს, სახელად კარინას, სთხოვეს, ეჩვენებინა სარაიონო კონგრესზე, როგორ შეიძლებოდა ტელეფონით ქადაგება. მაგრამ კარინას არასოდეს მიეღო მონაწილეობა ასეთ ქადაგებაში. იმისათვის, რომ გაემხნევებინათ, უხუცესმა და მისმა მეუღლემ კარინასთან ერთად განიხილეს ტელეფონით დამოწმების რამდენიმე პუნქტი. აგრეთვე გაამხნევეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვასთვის ხელმძღვანელობა ეთხოვა ლოცვაში. ისიც ასე მოიქცა და საბოლოოდ გადაწყვიტა, ეცადა დარეკვა.
კარინამ ამოარჩია ახლომდებარე სოფლის ერთ-ერთი ტელეფონის ნომერი. ტელეფონზე უპასუხეს და კარინამ დარეკვის მიზანი აუხსნა. გამოხმაურება დადებითი იყო და მოილაპარაკეს, რომ სამ დღეში კვლავ ისაუბრებდნენ. ტელეფონით განმეორებითი მონახულებისას ბიბლიის შესწავლა დაიწყო ბროშურის „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ გამოყენებით. მას შემდეგ მათ საინტერესო და გამამხნევებელი შესწავლა აქვთ. გარდა ამისა, კარინამ ლიტერატურა გაუგზავნა ამ ქალბატონს მის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
• ბერნარდამ ინიციატივა აიღო, დაემოწმებინა ერთი კაცისთვის, რომელმაც შეცდომით აკრიბა მისი ტელეფონის ნომერი. უკმაყოფილების ნაცვლად მან თავი წარუდგინა, როგორც ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, და დახმარება შესთავაზა. საუბარი შედგა და ამ კაცმა გაიგო, თუ როგორ მოსპობდა მალე ღვთის სამეფო უსამართლობას. ამ მამაკაცმა მისცა მას თავისი ტელეფონის ნომერი და ბერნარდამ ტელეფონით გააკეთა განმეორებითი მონახულებები. ერთ-ერთი საუბრის დროს მან დაინტერესებულ მამაკაცს წაუკითხა ნაწყვეტი წიგნიდან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მამაკაცი დაინტერესდა იმით, თუ როგორ შეეძლო ამ წიგნის ეგზემპლარის მიღება. ბერნარდამ გაუგზავნა მას პირადი ეგზემპლარი ბიბლიასთან ერთად. ადგილობრივ ძმას სთხოვეს, მოენახულებინა მამაკაცი; ეს ძმა ამჟამად აგრძელებს ამ აღმოცენებული „მცენარის მორწყვას“.
დიახ, ამ წუთისოფლის უნაყოფო სულიერ ნიადაგში დამალული თესლი ელოდება აღმოცენებას, როცა მასთან მაცოცხლებელი ჭეშმარიტების წყლები მიაღწევს. ათასობით მწყურვალი აგრძელებს იეჰოვას ერთგულ მსახურად „აღმოცენებასა“ და „აყვავებას“ (ესაია 44:3, 4).