ხანგრძლივი ძიება დაჯილდოვდა
ხანგრძლივი ძიება დაჯილდოვდა
„იეჰოვა? ვინ არის იეჰოვა?“. 8 წლის სილვიამ ეს სახელი ნახა სომხურ ბიბლიაში, ოჯახის განძში, რომელიც მას სხვა პატარა გოგონამ უჩვენა. მან ყველას ჰკითხა, მაგრამ ერევანში, სადაც ის ცხოვრობდა, არავის შეეძლო ეპასუხა მისთვის, ვინ იყო იეჰოვა — არც მის მშობლებს, არც მის მასწავლებლებს, არც ადგილობრივი ეკლესიის მსახურებს.
სილვია გაიზარდა, დაამთავრა სკოლა და მუშაობა დაიწყო, მაგრამ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, ვინ იყო იეჰოვა. ზრდადასრულებულ სილვიას სომხეთის დატოვება მოუწია და რამდენიმე ხანში პოლონეთში აღმოჩნდა, სადაც სხვა ლტოლვილებთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრობდა. ერთ-ერთ მათგანს რეგულარულად მოსდიოდნენ სტუმრები. „ვინ არიან შენი სტუმრები?“ — ჰკითხა სილვიამ. „ისინი იეჰოვას მოწმეები არიან, და ბიბლიას მასწავლიან,“ — უპასუხა მან.
სილვიას გული სიხარულისგან აუფანცქალდა, როცა ღვთის სახელი გაიგო. საბოლოოდ, მან შეძლო იმის გაგება, თუ ვინ და რაოდენ მოსიყვარულე ღმერთი იყო იეჰოვა. მაგრამ სილვიამ მალე პოლონეთი დატოვა. ის თავშესაფარს დანიაში, ბალტიის ზღვის გაღმა, ეძებდა. მან მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო, მაგრამ მათ შორის იყო იეჰოვას მოწმეთა ბიბლიური ლიტერატურა. ერთ-ერთი პუბლიკაციის ბოლო გვერდზე სილვიამ იპოვა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალების მისამართები. ეს იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ — ის გზა, რომელიც იეჰოვასთან მიიყვანდა!
დანიაში სილვია ლტოლვილთა ბანაკში მოხვდა და დაუყოვნებლივ დაიწყო იეჰოვას მოწმეების ძებნა. მისამართებიდან გაიგო, რომ დანიაში, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალი ქალაქ ჰოლბეკში მდებარეობდა. მაგრამ სად იყო ეს ქალაქი? სილვია მატარებლით სხვა ბანაკში გადაიყვანეს და მატარებელმა ჰოლბეკში გაიარა! მისი გული კვლავ სიხარულისგან აფანცქალდა.
მცირე ხანში, ერთ მზიან დღეს, სილვია მატარებლით ჰოლბეკში დაბრუნდა და სადგურიდან ფილიალამდე ფეხით იარა. ის იხსენებს: „როცა ეზოში შევედი, სკამზე ჩამოვჯექი და საკუთარ თავს ვუთხარი: ეს ნამდვილი სამოთხეა!“. იქ მას თბილად შეხვდნენ და, საბოლოოდ, მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
მაგრამ სილვიას რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ლტოლვილთა ბანაკებიდან მას იეჰოვას მოწმეების მოძებნა და ბიბლიის შესწავლის კვლავ და კვლავ დაწყება უწევდა. ორი წლის შემდეგ მას საკმარისი შემეცნება ჰქონდა საიმისოდ, რომ თავისი სიცოცხლე იეჰოვასთვის მიეძღვნა. ის მოინათლა და ამის შემდეგ სულ მალე დაიწყო სრული დროით მსახურება. დანიის ხელისუფლებამ 1998 წელს მას თავშესაფარი მისცა.
ახლა სილვია 26 წლისაა და მსახურობს იმ ადგილას, რომელიც მან სამოთხეს შეადარა — იეჰოვას მოწმეთა დანიის ფილიალში. „რის თქმა შემიძლია?“ — ამბობს ის. „მე ბავშვობიდანვე ვეძებდი იეჰოვას. ახლა კი ვიპოვე. ვოცნებობდი, რომ სიცოცხლე მის სამსახურში გამეტარებინა და ამჟამად ბეთელში ვარ. ვლოცულობ იმაზე, რომ ეს ჩემი ადგილსამყოფელი იყოს წლების მანძილზე!“.