არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გვმართებს თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა?

რატომ გვმართებს თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა?

რატომ გვმართებს თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა?

ორმოცდაათი წლის ბილი სამშენებლო ტექნოლოგიის ინსტრუქტორია. მთელი წლის განმავლობაში ის საკუთარი ხარჯებით კვირებს უთმობს იმას, რომ წვლილი შეიტანოს იეჰოვას მოწმეთა კრებებისთვის სამეფო დარბაზების პროექტების შედგენასა და მათ მშენებლობაში. ემა კარგი განათლებისა და გამოცდილების მქონე 22 წლის გასათხოვარი ახალგაზრდაა. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ პირადი მიზნების განხორციელებასა და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე იფიქროს, ის, როგორც ღვთის მსახური, ყოველთვიურად 70 საათზე მეტს ანდომებს იმას, რომ ხალხს ბიბლიის გაგებაში დაეხმაროს. მორისი და ბეტი პენსიონერები არიან. იმის მაგივრად, რომ უფრო მშვიდი ცხოვრება დაეწყოთ, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, რათა იქ მცხოვრებ ხალხს დედამიწასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის გაგებაში დაეხმარონ.

ეს ადამიანები არ თვლიან, რომ განსაკუთრებულები და გამორჩეულები არიან. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და აკეთებენ იმას, რის გაკეთებასაც მართებულად მიიჩნევენ. რატომ ახმარენ ისინი თავიანთ დროს, ენერგიას, უნარსა და სახსრებს სხვების ინტერესებს? ამის გასაკეთებლად მათ ღვთისა და მოყვასისადმი დიდი სიყვარული აღძრავს. ამ სიყვარულმა წარმოშვა თითოეულ მათგანში თავგანწირვის სულისკვეთება.

როგორ გვესმის თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა? თავგანწირვა არ მოითხოვს მკაცრ ან ასკეტურ ცხოვრებას. ეს არ ნიშნავს საკუთარი თავის სრულ უარყოფას, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას დაგვაკარგვინებდა. „ოქსფორდის მოკლე ინგლისური ლექსიკონის“ თანახმად, თავგანწირვა, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს „საკუთარ ინტერესებზე, სურვილებსა და ბედნიერებაზე უარის თქმას სხვების საკეთილდღეოდ“.

იესო ქრისტე — საუკეთესო მაგალითი

ღვთის მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, თავგანწირვის სულისკვეთების მქონე ადამიანის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. განკაცებამდე მისი ცხოვრება უსაზღვროდ გამამხნევებელი და დამაკმაყოფილებელი უნდა ყოფილიყო. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის მამასთან და სულიერ ქმნილებებთან. უფრო მეტიც, ღვთის ძე თავის უნარს იმისათვის იყენებდა, რომ, „როგორც ოსტატი“, ჩაბმულიყო საინტერესო და ამაღელვებელ საქმიანობაში (იგავნი 8:30, 31). უდავოა, რომ იესოს ცხოვრების პირობები ბევრად აღემატებოდა იმ პირობებს, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ უმდიდრეს ადამიანს შეეძლო შეექმნა თავისთვის. იეჰოვა ღმერთის შემდეგ მას ყველაზე მაღალი და პრივილეგიური მდგომარეობა ეკავა ზეცაში.

მიუხედავად ამისა, ღვთის ძემ „წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა“ (ფილიპელთა 2:7) მან მზადყოფნით თქვა უარი ყველა უპირატესობაზე, გახდა ადამიანი და საკუთარი სიცოცხლე გაიღო, როგორც გამოსასყიდი, რათა სატანის მიერ გამოწვეული უბედურება აღმოეფხვრა (დაბადება 3:1—7; მარკოზი 10:45). ეს იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა ეცხოვრა ცოდვილ ადამიანებს შორის წუთისოფელში, რომელიც სატანა ეშმაკის ძალაუფლებაში იყო (1 იოანე 5:19). ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მას ცუდ პირობებში ცხოვრება და სირთულეების წინაშე დგომა მოუწევდა. იესო ქრისტე გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, რა ფასადაც უნდა დაჯდომოდა, შეესრულებინა თავისი მამის ნება (მათე 26:39; იოანე 5:30; 6:38). იესოს უმწიკვლობა და სიყვარული ბოლომდე გამოიცადა. რამდენად იყო ის მზად თავგანწირვის სულისკვეთების გამოსავლენად? „დაიმდაბლა თავი, — აღნიშნა მოციქულმა პავლემ, — და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:8).

„ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც“

იესოს მაგალითს ჩვენც ხალისით უნდა მივყვეთ. „ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც“, — მოგვიწოდებს პავლე (ფილიპელთა 2:5). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ‘თითოეულმა მარტო თავის თავზე კი არ იზრუნოს, არამედ სხვებზეც’ (ფილიპელთა 2:4). ნამდვილი სიყვარული „თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:5).

მზრუნველ ადამიანებს ხშირად დაუმტკიცებიათ, რომ უანგაროდ ემსახურებიან სხვებს. მაგრამ დღეს მრავალი ეგოისტურ სულისკვეთებას ავლენს. წუთისოფელში პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებენ. ამიტომ საჭიროა, წინ აღვუდგეთ წუთისოფლის სულს, რადგან, თუ ის ზეგავლენას მოახდენს ჩვენს აზროვნებასა და შეხედულებებზე, ადვილი შესაძლებელია, რომ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესი გახდეს ჩვენთვის. ეს კი იქამდე მიგვიყვანს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ — როგორ გამოვიყენებთ დროს, ენერგიასა და სახსრებს — უპირველესად ეგოისტური ინტერესების დაკმაყოფილებას შევწირავთ. ამიტომ მთელი ძალით უნდა შევეწინააღმდეგოთ ასეთ ზეგავლენას.

კეთილი განზრახვით მოცემულმა რჩევამაც კი შეიძლება დროდადრო შეგვაფერხოს თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენაში. როდესაც მოციქული პეტრე მიხვდა, თუ სადამდე მიიყვანდა იესოს თავგანწირვის სულისკვეთება, უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო!“ (მათე 16:22). როგორც ჩანს, მას უჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ იესო თავისი მამის უზენაეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინტერესების დასაცავად და კაცობრიობის დასახსნელად სასიკვდილოდაც კი მზად იყო. ამიტომ ის შეეცადა, იესოსთვის უარი ეთქმევინებინა ამ არჩევანზე.

საკუთარი თავის უარყოფა

როგორი იყო ამაზე იესოს რეაქცია? სახარება გვაუწყებს: „ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ვინაიდან ღვთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას“. შემდეგ იესომ მოუხმო თავმოყრილ ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მარკოზი 8:33, 34).

დაახლოებით 30 წლის შემდეგ, რაც მან იესოს ეს რჩევა მისცა, პეტრემ ცხადყო, რომ იმ დროისთვის მას უკვე ესმოდა თავგანწირვის მნიშვნელობა. ის არ მოუწოდებდა თანამორწმუნეებს, რომ მოდუნებულიყვნენ და შეებრალებინათ საკუთარი თავი. ნაცვლად ამისა, ის აღძრავდა მათ, მოეკრიბათ გონება და არ აჰყოლოდნენ უმეცრების დროინდელ ქვეყნიურ გულისთქმებს. გამოცდების მიუხედავად, მათ ღვთის ნების შესრულება პირველ ადგილზე უნდა დაეყენებინათ ცხოვრებაში (1 პეტრე 1:6, 13, 14; 4:1, 2).

თითოეული ჩვენთაგანისთვის ყველაზე უფრო მეტად კურთხევების მომტანი ის იქნება, რომ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, იეჰოვას ხელს მივანდოთ, ერთგულად მივყვეთ იესო ქრისტეს კვალს და მივცეთ ღმერთს საშუალება, უხელმძღვანელოს ჩვენს საქმიანობას. ამ მხრივ, პავლემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. გადაუდებლობის გრძნობითა და იეჰოვასადმი მადლიერებით აღძრულმა უარი თქვა ქვეყნიურ მისწრაფებებსა თუ პერსპექტივებზე, რაც შეიძლება მისთვის დამაბრკოლებელი ყოფილიყო ღვთის ნების შესრულებაში. „ამიტომაც, — თქვა მან, — ხალისით დავიხარჯები და თავს არ დავზოგავ“ სხვების ინტერესებითვის (2 კორინთელთა 12:15, სსგ). პავლემ თავისი შესაძლებლობები ღვთის ინტერესებისთვის გამოიყენა და არა პირადი მიზნების განსახორციელებლად (საქმეები 20:24; ფილიპელთა 3:8).

როგორ შეგვეძლო შეგვემოწმებინა საკუთარი თავი იმის გამოსარკვევად, გვაქვს თუ არა ისეთი თვალსაზრისი, როგორიც პავლეს ჰქონდა? ამისათვის შეგვეძლო, გვეკითხა საკუთარი თავისთვის: როგორ ვიყენებ საკუთარ დროს, ენერგიას, შესაძლებლობებსა და სახსრებს? ვიყენებ ზემოთ ჩამოთვლილსა და სხვა ძვირფას საბოძვარს მხოლოდ პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად თუ სხვებს ვეხმარები? დავფიქრებულვარ იმის შესახებ, რომ უფრო სრულად მიმეღო მონაწილეობა კეთილი ცნობის გაცხადებაში — გადამრჩენ საქმიანობაში, თუნდაც სრული დროით სამეფოს მაუწყებლად მემსახურა? შემეძლო თუ არა, უფრო მეტი მონაწილეობა მიმეღო ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა სამეფო დარბაზების მშენებლობა ან მოვლა-პატრონობა? როცა შესაძლებლობა მომეცემა, ვეხმარები გაჭირვებულებს? საუკეთესოს ვწირავ იეჰოვას? (იგავნი 3:9).

„გაცემა მეტი ნეტარებაა“

მაგრამ ნამდვილად გონივრულია თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენა? რასაკვირველია! პავლემ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ასეთი სულის გამოვლენა უხვი კურთხევების მომტანი იყო. ის ამან უზომოდ ბედნიერი გახადა და უდიდესი კმაყოფილება მიანიჭა. პავლე ამის თაობაზე ეფესელ უხუცესებს ესაუბრა, როდესაც მილეტში შეხვდა მათ. პავლემ თქვა: «ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით [თავგანწირვის სულისკვეთებით] უნდა შეეწეოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“» (საქმეები 20:35). ამჟამად მილიონობით ადამიანი ავლენს ასეთ სულისკვეთებას და ამას დღესვე მოაქვს დიდი ბედნიერება. ეს აგრეთვე სიხარულის მომტანი იქნება მომავალში, როდესაც იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც ღვთისა და სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებს (1 ტიმოთე 4:8—10).

როდესაც ბილს ჰკითხეს, რატომ ახმარდა მთელ თავის ძალ-ღონეს იმას, რომ სხვებს სამეფო დარბაზების მშენებლობაში დახმარებოდა, ასეთი აზრი გამოთქვა: „შედარებით პატარა კრებებისთვის ასეთი დახმარების აღმოჩენა დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. მსიამოვნებს, როცა ჩემს უნარსა და პროფესიას სხვების სასარგებლოდ ვიყენებ“. რატომ გადაწყვიტა ემმა, თავისი ენერგია და შესაძლებლობები მიეძღვნა იმისათვის, რომ სხვებს დახმარებოდა ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში? „სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. სანამ ახალგაზრდა ვარ და ამის გაკეთების უნარი მაქვს, მსურს, გავაკეთო იმდენი, რამდენიც შემიძლია, რათა ვასიამოვნო იეჰოვას და დავეხმარო სხვებს. მატერიალური ინტერესების დათმობა დიდი არაფერია. მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ვალდებული ვარ, რომ გავაკეთო იმის მხედველობაში მიღებით, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩემთვის“.

მორისი და ბეტი არ ნანობენ, რომ არ ჰქონდათ იოლი ცხოვრება; წლების განმავლობაში ისინი გულმოდგინედ ირჯებოდნენ, რათა აღეზარდათ შვილები და უზრუნველეყოთ თავიანთი ოჯახი. ამჟამად ისინი პენსიონერები არიან, მაგრამ სურთ, რომ ცხოვრებაში რაღაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი აკეთონ. „ჩვენ არ გვინდა, რომ უსაქმოდ ვისხდეთ, — ამბობენ ისინი, — როდესაც უცხო ქვეყნებში სხვებს ვეხმარებით იეჰოვას გაცნობაში, შესაძლებლობა გვეძლევა, კვლავაც განვაგრძოთ მნიშვნელოვანი საქმის კეთება“.

ხართ თუ არა გადაწყვეტილებით აღსავსე თავგანწირვის სულისკვეთების გამოსავლენად? ეს არ იქნება ადვილი. ჩვენს ადამიანურ არასრულყოფილ სურვილებსა და ღვთისთვის სიამოვნების მინიჭების ჩვენს გულწრფელ სურვილს შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს (რომაელთა 7:21—23). მაგრამ ამ ბრძოლაში შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ იეჰოვას ჩვენი ცხოვრების წარმართვის საშუალებას მივცემთ (გალატელთა 5:16, 17). ის, უეჭველად, გაიხსენებს თავის სამსახურში ჩვენს თავგანწირულ შრომას და უხვად გვაკურთხებს. მართლაც, იეჰოვა ღმერთი ‘გაგვიხსნის ცის საქანელთ და გადმოგვიცლის კურთხევას აუწყველად“ (მალაქია 3:10; ებრაელთა 6:10).

[სურათი 23 გვერდზე]

იესო თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენდა. ავლენთ თუ არა თქვენც?

[სურათები 24 გვერდზე]

პავლემ დიდი ძალ-ღონე მოახმარა სამეფოსთან დაკავშირებულ სამქადაგებლო საქმიანობას.