ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება ფიჯის კუნძულებზე
ჩვენ მორწმუნენი ვართ
ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება ფიჯის კუნძულებზე
ერთხელ იესო ქრისტე ორ სხვადასხვა მიმართულების გზაზე საუბრობდა, რომელთაგანაც ერთი ფართო და დაღუპვამდე მიმყვანია, ხოლო მეორე ვიწრო, მაგრამ სიცოცხლემდე მიმყვანი (მათე 7:13, 14). იეჰოვა ღმერთის განზრახვა იყო, რომ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა ნაქადაგები ყოფილიყო მთელ მსოფლიოში, რითაც ყველა ადამიანს მიეცემოდა სწორი გზის არჩევის შესაძლებლობა (მათე 24:14). ამგვარად, ხალხი ყველგან ისმენს სამეფოს შესახებ ცნობას და, საბოლოო ჯამში, ზოგი სიცოცხლეს ირჩევს იმით, რომ ხდებიან „მორწმუნენი სულის სახსნელად“ (ებრაელთა 10:39). გთავაზობთ, გაეცნოთ, თუ როგორ აირჩია სიცოცხლის გზა ფიჯისა და წყნარი ოკეანის სამხრეთით სხვა მის ახლოს მდებარე კუნძულების ზოგმა მცხოვრებმა.
ისინი მინდობილი იყვნენ იეჰოვაზე
მერე ჯერ კიდევ მოსწავლე გოგონა იყო, როცა პირველად, 1964 წელს, მოისმინა ცნობა სამეფოს შესახებ. დაშორებულ კუნძულზე ცხოვრების გამო მას იშვიათად ჰქონდა კონტაქტი იეჰოვას მოწმეებთან. მაგრამ საბოლოოდ შეძლო ზუსტი ბიბლიური შემეცნების მიღება. იმ დროისთვის ის გათხოვილი იყო მამაკაცზე, რომელიც საგვარეულოს მეთაური იყო სოფელში. რადგან მერემ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება ირჩია, მისი ქმარი და მეუღლის ნათესავები სასტიკად ეპყრობოდნენ; თანასოფლელები კი შეურაცხყოფდნენ. მიუხედავად ამისა, ის 1991 წელს მოინათლა.
მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მერეს ქმარმა, ჯოსუამ, შეიცვალა დამოკიდებულება და როცა მერე ბავშვებთან ერთად განიხილავდა ბიბლიას, ისიც უსმენდა ხოლმე. მან მიატოვა მეთოდისტთა ეკლესია. მაგრამ როგორც მეთაური, ჯერ კიდევ უძღვებოდა სოფლის ყოველკვირეულ შეკრებას. თანასოფლელების აზრით ის არ იყო ერთგული, რადგან მეთოდისტთა ეკლესია ფიჯის სოფლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამიტომ ადგილობრივი მოძღვარი დაჟინებით სთხოვდა მას, დაბრუნებოდა თავის ყოფილ რელიგიას.
ჯოსუამ გაბედულად განაცხადა, რომ მან და მისმა ოჯახმა გააკეთეს არჩევანი და მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, თაყვანი ეცათ იეჰოვა ღმერთისთვის „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:24). სოფლის მომდევნო შეკრებაზე ზემდგომმა მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯოსუასა და მის ოჯახს, როგორც განდევნილებს, დაეტოვებინათ სოფელი. მათ შვიდი დღე მისცეს, რათა დაეტოვებინათ კუნძული, საკუთარი სახლი, მიწა და მოსავალი — დიახ, მთელი თავიანთი სარჩო-საბადებელი.
ჯოსუასა და მისი ოჯახის დასახმარებლად სხვა კუნძულიდან სულიერი ძმები ჩამოვიდნენ; მათ ისინი უზრუნველყვეს საცხოვრებელი ადგილითა და მიწით, რომელზეც მოსავალს მოიყვანდნენ. ჯოსუა და მისი უფროსი ვაჟი ამჟამად მონათლულები არიან, ხოლო მეორე ვაჟი კეთილი ცნობის მოუნათლავ მაუწყებლად მსახურობს. ახლახან მერე პიონერთა (სამეფოს სრული დროით მაუწყებელი) რიგებს შეუერთდა. იეჰოვასთვის მსახურება მათ თავიანთი მდგომარეობისა და მატერიალური ქონების დაკარგვის ფასად დაუჯდათ, მაგრამ პავლე მოციქულის მსგავსად, თვლიან, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ შეიძინეს (ფილიპელთა 3:8).
სინდისის კარნახით გაკეთებული არჩევანი
ბიბლიით განსწავლული სინდისით მოქმედება რწმენასა და გაბედულებას მოითხოვს. ეს ნათლად ჩანს ერთი ახალმონათლული ახალგაზრდა ქალის, სურაანგის, შემთხვევიდან, რომელიც კირიბატის ერთ-ერთ კუნძულზე, ტარავაზე, ცხოვრობს. სურაანგი მედდად მუშაობდა საავადმყოფოში და ითხოვდა, რომ თავისი სამუშაოს გარკვეული მხარე არ შეესრულებინა. მისი თხოვნა თავისი სურვილისამებრ არ დაკმაყოფილებულა, რის გამოც ის იზოლირებულ კუნძულზე არსებულ პატარა სამედიცინო ცენტრში გაგზავნეს სამუშაოდ, სადაც სხვა თანამორწმუნეებს იყო მოწყვეტილი.
ამ კუნძულზე წესად აქვთ, რომ ყველა ახალჩამოსულმა მსხვერპლი შესწიროს ადგილობრივ „სულს“.
იქაურ მცხოვრებლებს სწამთ, რომ, თუ ისინი ამ რიტუალს არ შეასრულებენ, მოკვდებიან. რადგან სურაანგმა უარი განაცხადა, რომ ეს კერპთაყვანისმცემლური რიტუალი მისთვის ან მასთან ერთად მყოფთათვის შესრულებულიყო, სოფლელები მოელოდნენ, რომ განაწყენებული სული მოგუდავდა მას. ვინაიდან როგორც სურაანგი, ისე მასთან ერთად მყოფნი უვნებლები დარჩნენ, მას ბევრთან მიეცა შესანიშნავი დამოწმების შესაძლებლობა.მაგრამ სურაანგის გამოცდა ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. კუნძულზე მცხოვრები ზოგი ახალგაზრდა მამაკაცი სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდა ქალების შეცდენას ცდილობს. მაგრამ სურაანგი წინ აღუდგა მათ უზნეო შეთავაზებებს და ღვთის წინაშე უმწიკვლობა შეინარჩუნა. ის პიონერად მსახურობდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი, როგორც მედდა, საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამეში 24 საათი მზად იყო სხვების დასახმარებლად.
სურაანგის პატივსაცემად მოწყობილ წვეულებამდე, როცა ის კუნძულის დასატოვებლად ემზადებოდა, სოფლის უხუცესებმა აღნიშნეს, რომ სურაანგი პირველი ნამდვილი მისიონერი იყო, რომელიც მათ ესტუმრა. იმის გამო, რომ ის ბოლომდე ერთგულად იცავდა ბიბლიურ პრინციპებს, კუნძულის სხვა მცხოვრებლები დადებითად გამოეხმაურნენ ცნობას სამეფოს შესახებ.
ფიზიკური სირთულეები
ზოგი სოფელი საკმაოდ შორ მანძილზე მდებარეობს, რის გამოც იეჰოვას ხალხს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება მსახურებაში მონაწილეობა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. განვიხილოთ ოთხი მონათლული მოწმის — ერთი მამაკაცისა და სამი ქალის — მაგალითი, რომლებიც საათობით მგზავრობენ კრებაზე წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად. მათ ყოველთვის სამი მდინარის გადალახვა უწევთ. როდესაც მდინარე დიდდება, ძმა პირველი კვეთს მას ცურვით და თან დიდ საჭმლის ქვაბს ეზიდება, რომელშიც მათი ჩანთები, წიგნები და შეხვედრაზე ჩასაცმელი ტანსაცმელი დევს. შემდეგ ის უკან ბრუნდება და ეხმარება სამ დას მდინარის გადაკვეთაში.
სხვა პატარა ჯგუფი, რომელიც შეხვედრებს კირიბატის შორეულ კუნძულ ნონოუტზე ესწრება, სხვა სირთულეებს აწყდება. სახლი, რომელშიც ისინი იკრიბებიან, მხოლოდ შვიდ ან რვა ადამიანს იტევს. სხვები კი შეხვედრებს გარედან ისმენენ და შიგნით მავთულის ბადით გაკეთებული კედლიდან იყურებიან. შეხვედრის ადგილი თვალში მოსახვედრია სხვა სოფლელებისთვის, რომლებიც თავიანთ შთამბეჭდავ ეკლესიებში მიდიან ან იქიდან ბრუნდებიან. რასაკვირველია, იეჰოვას მსახურებს ესმით, რომ სინამდვილეში ღვთისთვის შენობები კი არა, ადამიანები არიან სასურველნი (ანგია 2:7). ამ კუნძულის მკვიდრი ერთი მონათლული და მოხუცებულობის გამო ვერ დადის შორ მანძილზე. მაგრამ ერთი ახალგაზრდა ქალი, მოუნათლავი მაუწყებელი, ეხმარება მას მსახურებაში, რომელიც მას ხელის ურიკით დაატარებს. რაოდენ დიდ მადლიერებას ავლენენ ისინი ჭეშმარიტებისთვის!
2 100-ზე მეტი მაუწყებელი, რომლებიც ფიჯის კუნძულებზე მსახურობენ, გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, განაგრძონ ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჯერ კიდევ ბევრი გახდება ‘მორწმუნე სულის სახსნელად’.
[რუკა 8 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ავსტრალია
ფიჯი