არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის კითხვა — სასარგებლო და სასიამოვნო საქმე

ბიბლიის კითხვა — სასარგებლო და სასიამოვნო საქმე

ბიბლიის კითხვა — სასარგებლო და სასიამოვნო საქმე

«დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე [„უნდა კითხულობდე მას“, აქ]» (იესო ნავეს ძე 1:8).

1. რა გარკვეული სარგებლობა მოაქვს, საერთოდ, კითხვას და განსაკუთრებით კი ბიბლიის კითხვას?

ღირებული მასალის კითხვა სასარგებლო საქმეა. ფრანგი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი მონტესკიე (შარლ ლუი დე სეკონდა) წერდა: „ჩემთვის სწავლა ცხოვრებით მოქანცულობის საუკეთესო წამალია. არასოდეს მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ერთი საათის განმავლობაში კითხვას ჩემი ნებისმიერი სადარდებელი არ გაექარვებინოს“. ამ სიტყვების ჭეშმარიტება განსაკუთრებით ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით მართლდება. ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა თქვა: „რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ“ (ფსალმუნი 18:8, 9).

2. რატომ შემოინახა ღმერთმა საუკუნეების განმავლობაში ბიბლია და ამ წიგნისადმი რა დამოკიდებულებას მოელის ხალხისგან?

2 იეჰოვა ღმერთმა, როგორც ბიბლიის ავტორმა, ეს წიგნი საუკუნეების განმავლობაში რელიგიური თუ საერო მტრების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად დღემდე შემოგვინახა. რადგან მისი ნებაა, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“, ღმერთი მეთვალყურეობას უწევს იმას, რომ მისი სიტყვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს (1 ტიმოთე 2:4). ვარაუდობენ, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტი შეძლებდა ნებისმიერი ლიტერატურის წაკითხვას, მხოლოდ 100 ენაზე რომ ყოფილიყო ის თარგმნილი. დღეს მთლიანი ბიბლია 370 ენაზე არსებობს, ხოლო საღვთო წერილის ნაწილების წაკითხვა სხვა 1 860 ენასა და დიალექტზეა შესაძლებელი. იეჰოვას სურს, რომ მისმა ხალხმა იკითხოს მისი სიტყვა. ღმერთი აკურთხებს თავის მსახურებს, რომლებიც ყურად იღებენ მის სიტყვას; დიახ, ყოველდღე კითხულობენ ბიბლიას (ფსალმუნი 1:1, 2).

ზედამხედველებს ბიბლიის კითხვა მოეთხოვებოდათ

3, 4. რას მოითხოვდა იეჰოვა ისრაელი მეფეებისგან და რა მიზეზები არსებობს იმისათვის, რომ დღეს ქრისტიანი უხუცესებიც დაემორჩილონ ამ მოთხოვნას?

3 იეჰოვამ ისრაელებს იმ დროის შესახებ, როდესაც მეფედ ადამიანი ეყოლებოდათ, უთხრა: „როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან. თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს, რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ“ (მეორე რჯული 17:18—20).

4 შენიშნეთ, თუ რა მიზეზების გამო სთხოვდა იეჰოვა ისრაელის მომავალ მეფეებს ღვთის რჯულის ყოველდღიურად კითხვას: 1) ‘რათა ესწავლათ უფლის, თავიანთი ღმერთის შიში და დაეცვათ ამ რჯულის ყოველი სიტყვა და ამ წესების შემსრულებელნი ყოფილიყვნენ’; 2) ‘რომ არ გამედიდურებოდნენ თავიანთ მოძმეებს’; 3) ‘არ გადაეხვიათ ანდერძისთვის არც მარჯვნივ და არც მარცხნივ’. განა ქრისტიან ზედამხედველებს დღეს არ სჭირდებათ იეჰოვასადმი შიში, მისი რჯულის მორჩილება, ძმებზე გამედიდურებისგან თავშეკავება და იეჰოვას ანდერძის ანუ მითითებების დაცვა? ბიბლიის ყოველდღიური კითხვა მათთვის ნამდვილად არ არის იმაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ისრაელი მეფეებისთვის იყო.

5. რა მისწერა ხელმძღვანელმა საბჭომ არც ისე დიდი ხნის წინათ ფილიალის კომიტეტის წევრებს ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით და რატომ არის ქრისტიანი უხუცესებისთვისაც გონივრული ამ რჩევის მხედველობაში მიღება?

5 დღეს ქრისტიანი უხუცესები ძალიან დატვირთული არიან; ამიტომ მათთვის ადვილი არ არის ის, რომ ბიბლიის კითხვის გეგმას მიჰყვნენ. მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოსა და მთელ მსოფლიოში ფილიალების კომიტეტების წევრები ძალიან დაკავებული არიან, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინათ ხელმძღვანელი საბჭოსგან ყველა ფილიალის კომიტეტებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმული იყო ბიბლიის ყოველდღიურად კითხვისა და სწავლის კარგი ჩვევების განვითარების აუცილებლობა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ეს გაგვიღრმავებს იეჰოვასა და ჭეშმარიტებისადმი სიყვარულს და „რწმენის, სიხარულისა და დიდებულ აღსასრულამდე მდგრადობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“. ყოველივე ეს სჭირდებათ იეჰოვას მოწმეთა ყველა კრების უხუცესებსაც. საღვთო წერილის ყოველდღიურად კითხვა მათ ‘წარმატებით, [„გონივრულად“, აქ] ’ მოქმედებაში დაეხმარება (იესო ნავეს ძე 1:7, 8). მათთვის განსაკუთრებით არის ბიბლიის კითხვა ‘სასარგებლო სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში’ (2 ტიმოთე 3:16).

აუცილებელი როგორც ხანდაზმულთათვის, ისე ახალგარზდებისთვის

6. რატომ კითხულობდა იესო ნავეს ძე ხმამაღლა ისრაელის ტომებისა და მდგმურთა წინაშე იეჰოვას რჯულის ყოველ სიტყვას?

6 ძველ დროს ყველას არ ჰქონდა საღვთო წერილის პირადი ეგზემპლარი. ამიტომაც საჭირო იყო ხალხის ერთად თავმოყრა და მათთვის ბიბლიის კითხვა. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ჰაღაიზე გამარჯვება მოაპოვებინა, იესო ნავეს ძემ ისრაელთა შტოები ღებალისა და გერიზიმის მთებთან შეკრიბა. შემდეგ კი, როგორც ცნობა გვეუბნება: „წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში. არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად“ (იესო ნავეს ძე 8:34, 35). ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს, ადგილობრივებსა და მდგმურებს, ასე ვთქვათ, გულსა და გონებაში უნდა ჩაებეჭდათ, თუ როგორი მოქმედება მოუტანდა მათ იეჰოვას კურთხევასა და როგორი — შეჩვენებას. ბიბლიის რეგულარულად კითხვა ამაში ჩვენც დაგვეხმარება.

7, 8. ა) ვინ არის დღეს „მდგმური“ და რატომ არის მათთვის აუცილებელი ბიბლიის ყოველდღიური კითხვა? ბ) რა მხრივ შეუძლიათ იეჰოვას ხალხში მყოფ „ბავშვებს“, მიჰბაძონ იესოს მაგალითს?

7 დღეს იეჰოვას მილიონობით მსახური სულიერი გაგებით იმ ‘მდგმურთა’ მსგავსია. ერთ დროს ისინი წუთისოფლის ნორმების შესაბამისად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ შეიცვალეს ცხოვრების წესი (ეფესელთა 4:22—24; კოლასელთა 3:7, 8). მათთვის აუცილებელია, გამუდმებით შეახსენონ საკუთარ თავს იეჰოვას ნორმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ბოროტი და კეთილი (ამოსი 5:14, 15). ამაში კი მათ ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვა დაეხმარება (ებრაელთა 4:12; იაკობი 1:25).

8 იეჰოვას ხალხში არის მრავალი ‘ბავშვიც’, რომლებსაც იეჰოვას ნორმებს მშობლები ასწავლიან, მაგრამ რომლებმაც საჭიროა, თვითონ ირწმუნონ ღვთის ნების სამართლიანობა (რომაელთა 12:1, 2). როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება? ისრაელში მღვდლებსა და უხუცესებს ღვთისგან შემდეგი მითითება მიეცათ: „წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად. შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა. მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა“ (მეორე რჯული 31:11—13). იესომ, რომელიც რჯულის შესაბამისად ცხოვრობდა, 12 წლის ასაკშივე გამოავლინა თავისი მამის რჯულისადმი დიდი ინტერესი (ლუკა 2:41—49). მოგვიანებით, მას ჩვეულებად ექცა სინაგოგაში საღვთო წერილის მოსმენა და კითხვაში მონაწილეობის მიღება (ლუკა 4:16; საქმეები 15:21). კარგი იქნებოდა, ახალგაზრდებს იესოსთვის მიებაძათ ღვთის სიტყვის ყოველდღიურად კითხვასა და შეხვედრებზე, სადაც ბიბლიას კითხულობენ და სწავლობენ, რეგულარულად დასწრებაში.

ბიბლიის კითხვისთვის პრიორიტეტის მინიჭება

9. ა) რატომ არის აუცილებელი საკითხავი მასალის შერჩევა? ბ) რა თქვა ამ ჟურნალის დამფუძნებელმა ბიბლიის შესასწავლ დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებით?

9 ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „ყურად იღე: ბევრი წიგნების წერას ბოლო არ ექნება და ზედმეტი ფიქრი სხეულს ადუნებს“ (ეკლესიასტე 12:12). ამ სიტყვებს ერთი რამ შეიძლება დაემატოს — დღეს გამოქვეყნებული მრავალი წიგნის კითხვა არა მარტო სხეულის მომადუნებელია, არამედ, გულახდილად რომ ვთქვათ, გონებისთვისაც საშიშია. ამიტომ საკითხავი მასალის შერჩევა მნიშვნელოვანია. ბიბლიის შესასწავლი პუბლიკაციების კითხვის გარდა, საჭიროა თვითონ ბიბლია ვიკითხოთ. ამ ჟურნალის დამფუძნებელმა თავის მკითხველებს დაუწერა: «არასოდეს დავივიწყოთ, რომ ბიბლია არის ჩვენი ეტალონი და რა დამხმარე საშუალებებსაც უნდა გვაძლევდეს ღმერთი, ისინი მაინც „დამხმარეა“ და ბიბლიას ვერ შეცვლის *». ამიტომ, მაშინაც კი როდესაც არ უგულებელვყოფთ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, საჭიროა ვიკითხოთ თვითონ ბიბლია.

10. როგორ ამახვილებს ყურადღებას „ერთგული და გონიერი მონა“ ბიბლიის კითხვის მნიშვნელოვნებაზე?

10 „ერთგულ და გონიერ მონას“ ესმის ამის აუცილებლობა და ამიტომ რამდენიმე წელია, რაც ბიბლიის კითხვის გეგმა ყველა კრების თეოკრატიული სამსახურის სკოლის პროგრამაში შეიტანა (მათე 24:45). ამ გეგმის მიხედვით დღესდღეობით ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვას დაახლოებით შვიდი წელი სჭირდება. ეს გეგმა სასარგებლოა ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით იმ ახლებისთვის, რომლებსაც მთელი ბიბლია თავიდან ბოლომდე არა აქვთ წაკითხული. „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადისა“ და სამსახურებრივი დახელოვნების სკოლის სტუდენტებს, ასევე ბეთელის ოჯახის ახალ წევრებს მთელი ბიბლიის ერთი წლის განმავლობაში წაკითხვა მოეთხოვებათ. რომელ გეგმასაც უნდა მიჰყვებოდეთ პირადად თქვენ თუ თქვენი ოჯახი, მის შესასრულებლად საჭიროა, ბიბლიის კითხვას მიენიჭოს პრიორიტეტი.

რას ცხადყოფს თქვენს მიერ გამომუშავებული კითხვის ჩვევა?

11. როგორ და რატომ უნდა ვიკვებოთ ყოველდღიურად იეჰოვას პირიდან მომდინარე სიტყვით?

11 თუ გიჭირთ ბიბლიის კითხვა გეგმის მიხედვით, კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის დაგესვათ კითხვა: „რა გავლენას ახდენს სხვა ლიტერატურის კითხვა ან ტელევიზორის ყურება იმაზე, თუ როგორ ვკითხულობ იეჰოვას სიტყვას? გახსოვდეთ, რა დაწერა მოსემ და გაიმეორა იესომ: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4; მეორე რჯული 8:3). როგორც პურის ან სხვა საკვების მიღებაა ყოველდღიურად საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი ფიზიკური სხეულის ფუნქციონირება არ შეწყდეს, ასევე საჭიროა, ყოველდღიურად ავითვისოთ იეჰოვას აზრები, რათა სულიერობა შევინარჩუნოთ. ღვთის აზრების გაგება კი ყოველდღიურად საღვთო წერილის კითხვით შეგვიძლია.

12, 13. ა) როგორ გვიჩვენებს თვალსაჩინოდ მოციქული პეტრე, რომ ღვთის სიტყვა უნდა გვწყუროდეს? ბ) პეტრესგან განსხვავებით როგორ იყენებს პავლე რძესთან დაკავშირებულ ილუსტრაციას?

12 თუ ბოლომდე გვესმის, რომ ბიბლია არის ‘არა კაცთა სიტყვა, არამედ ღვთის სიტყვა’, ის ისევე მიგვიზიდავს, როგორც ბავშვს — დედის რძე (1 თესალონიკელთა 2:13). მოციქულმა პეტრემ სწორედ ასეთი შედარება გააკეთა: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის. რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი“ (1 პეტრე 2:2, 3). თუ პირადი გამოცდილების საფუძველზე ნამდვილად დავინახეთ, რომ „ტკბილია უფალი“, ბიბლიის კითხვის დიდ სურვილს განვივითარებთ.

13 აღსანიშნავია, რომ პეტრე ამ ადგილას რძესთან ანალოგიას პავლესგან განსხვავებულად იყენებს. ახალშობილისთვის რძე სრულფასოვანი საკვებია. პეტრეს მიერ მოყვანილი ილუსტრაცია ცხადყოფს, რომ ღვთის სიტყვა შეიცავს ყველაფერს, რაც ‘ხსნისათვის გასაზრდელად’ გვჭირდება. მეორე მხრივ, პავლე რძეს იმის თვალსაჩინო მაგალითად იყენებს, რომ რძით კვება დამაკმაყოფილებელი არ არის იმ ადამიანისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ სულიერად მოწიფულია. ებრაელთა მიმართ მიწერილ წერილში პავლე წერდა: „დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით. მაგრამ თქვენ კვლავ უნდა გასწავლონ ღვთის სიტყვის პირველი საწყისები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც რძით იკვებება, გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგან ჩვილია. მაგარი საჭმელი განკუთვნილია სრულთათვის, რომელთა გრძნობანი ჩვევით გაწაფულია კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ (ებრაელთა 5:12—14). ბიბლიის გულმოდგინედ კითხვას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია გრძნობათა ჩვევით გაწაფვასა და სულიერი ფასეულობებისადმი ინტერესის განვითარებაში.

როგორ ვიკითხოთ ბიბლია

14, 15. ა) რა პრივილეგიას გვთავაზობს ბიბლიის ავტორი? ბ) როგორ შეგვიძლია ღვთიური სიბრძნით სარგებლობა? (მოიყვანეთ მაგალითები).

14 ბიბლიის კითხვა ყველაზე მეტად სასარგებლო მაშინაა, როდესაც ის კითხვით კი არ იწყება, არამედ ლოცვით. ლოცვა დიდი პრივილეგიაა. ეს შეიძლება შევადაროთ წიგნში ზოგი რთული საკითხის ყურადღებით განსახილველად დახმარებისთვის ამ წიგნის ავტორის მოხმობას. რამხელა უპირატესობაა! ბიბლიის ავტორი, იეჰოვა, გთავაზობთ ამ პრივილეგიას. პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს წევრი თავის ძმებს სწერდა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს“ (იაკობი 1:5, 6). თანამედროვე ხელმძღვანელი საბჭოც გამუდმებით მოგვიწოდებს, ბიბლიის კითხვა ყოველთვის ლოცვით დავიწყოთ.

15 სიბრძნე ცოდნის პრაქტიკული გამოყენებაა. ამიტომ ბიბლიის გადაშლამდე სთხოვეთ იეჰოვას, რომ კითხვისას იმაზე გაგამახვილებინოთ ყურადღება, რისი გამოყენებაც ცხოვრებაში გჭირდებათ. დააკავშირეთ ახალი აზრები იმასთან, რაც უკვე იცით; მოურგეთ ისინი იმ „საღი სიტყვების ნიმუშს“, რომლებიც თქვენთვის უკვე ცნობილია (2 ტიმოთე 1:13). დაუფიქრდით იეჰოვას ძველი დროის მსახურთა ცხოვრების ეპიზოდებს და საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, თუ როგორ იმოქმედებდით მსგავს სიტუაციაში (დაბადება 39:7—9; დანიელი 3:3—6, 16—18; საქმეები 4:18—20).

16. რა პრაქტიკული რჩევები მოგვეცა, რომლებიც საშუალებას გვაძლევს სასარგებლო და გამოსადეგი გავხადოთ ბიბლიის კითხვა?

16 ნუ წაიკითხავთ მხოლოდ იმისათვის, რომ გეგმა შეასრულოთ. გამოყავით დრო. ყურადღებით იკითხეთ. როდესაც რაღაც საკითხი ბოლომდე გასაგები არ არის, ნახეთ პარალელური ადგილები, თუ თქვენს ბიბლიას აქვს ისინი. თუ საკითხი მაინც ბუნდოვანი დარჩა, ამოიწერეთ, თუ რომელია ეს მუხლი, რათა შემდგომში გამოიკვლიოთ. კითხვისას მონიშნეთ ის მუხლები, რომელთა დამახსოვრებაც განსაკუთრებით გინდათ ან გადაიწერეთ ისინი. მინდორზე შეგიძლიათ პირადი შენიშვნებიც ან პარალელური ადგილებიც მიაწეროთ. მუხლებში, რომლებზეც ფიქრობთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქადაგებისას ან სწავლებისას დაგჭირდებათ, მონიშნეთ მთავარი სიტყვა, ხოლო შემდეგ შეამოწმეთ ის ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის ბოლო გვერდებზე მოცემულ საძიებელში *.

სასიამოვნო გახადეთ ბიბლიის კითხვა

17. რატომ უნდა ვკითხულობდეთ ბიბლიას სიამოვნებით?

17 ფსალმუნმომღერალი ლაპარაკობს ბედნიერ ადამიანზე, რომლის ‘მისწრაფება უფლის რჯულშია და მის რჯულზე ფიქრობს დღედაღამ’ (ფსალმუნი 1:2). ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა არასასიამოვნო კი არ უნდა იყოს, არამედ — ნამდვილი სიამოვნების მომგვრელი. ერთ-ერთი საშუალება, რომლის გამოყენებითაც მას სასიამოვნოს გავხდით, იმის შეგნებაა, რომ ნამდვილად ღირებულ რამეს ვსწავლობთ. ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე. . . მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი“ (იგავნი 3:13, 17, 18). მართლაც ღირს სიბრძნის შესაძენად გარჯა, რადგან მისი გზები ნეტარების, მშვიდობის, ბედნიერებისა და, საბოლოოდ, სიცოცხლის გზებია.

18. რა არის ბიბლიის კითხვის გარდა აუცილებელი და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 დიახ, ბიბლიის კითხვა სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. მაგრამ მხოლოდ ეს არის საკმარისი? ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წევრები საუკუნეეებია, რაც ბიბლიას კითხულობენ, „მუდამ სწავლობენ და ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შეცნობას“ (2 ტიმოთე 3:7). ბიბლიის კითხვა ნაყოფიერი რომ იყოს, საჭიროა იმ მიზნით ვიკითხოთ, რომ მიღებული ცოდნის შესაბამისად ვიცხოვროთ და ეს ცოდნა ქადაგებისა და სწავლებისთვის გამოვიყენოთ (მათე 24:14; 28:19, 20). ამისათვის კი ძალისხმევა და სწავლის კარგი მეთოდებია საჭირო. როგორც მომდევნო სტატიაში დავინახავთ, ისინიც შეიძლება სასიამოვნო და დამაჯილდოებელი იყოს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 იხილეთ „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“; გამოცემულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ; გვერდი 241 (ინგლ.).

^ აბზ. 16 იხილეთ 1995 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 16, „რჩევები, რომ უფრო მეტი დრო დაუთმო ბიბლიის კითხვას“.

კითხვები გასამეორებლად

• ისრაელი მეფეებისთვის მიცემული რომელი რჩევა უნდა გამოიყენონ დღევანდელმა ზედამხედველებმა და რატომ?

• ვინ არიან დღეს ისრაელთა ‘მდგმურებისა’ და „ბავშვების“ მდგომარეობაში და რატომ არის მათთვის ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა აუცილებელი?

• რა პრაქტიკული სახით გვეხმარება „ერთგული და გონიერი მონა“ ბიბლიის რეგულარულად კითხვაში?

• როგორ შეგვიძლია ბიბლიის კითხვა სასარგებლო და სასიამოვნო გავხადოთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

უხუცესებისთვის განსაკუთრებით არის საჭირო ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა.

[სურათი 10 გვერდზე]

იესოს ჩვეულებად ჰქონდა სინაგოგაში ბიბლიის კითხვაში მონაწილეობის მიღება.