არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეული

განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეული

ბიოგრაფია

განსაკუთრებული მემკვიდრეობით კურთხეული

მოგვითხრო კაროლ ალენმა

მარტო ვიყავი და ჩემს ლამაზ წიგნს ხელს არ ვუშვებდი. შეშინებულს ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. შვიდი წლის გოგონა უცხო ქალაქში დავიკარგე; ჩემს გარშემო ათი ათასობით ადამიანი ირეოდა.

ამას წინათ, თითქმის 60 წლის შემდეგ, ბავშვობის მოგონებები ნიაღვარივით მოაწყდა ჩემს მეხსიერებას, როდესაც მე და ჩემი ქმარი, პოლი, პატერსონში (ნიუ-იორკი) არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მშვენიერ საგანმანათლებლო ცენტრს ვეწვიეთ. ჩემი მეუღლე იქ იეჰოვას მოწმე მიმომსვლელი ზედამხედველების სკოლის მეორე კლასში იყო მიწვეული.

მზით განათებული ვესტიბიულის დათვალიერებისას ჩემი ყურადღება მიიქცია დიდმა სტენდმა, სახელწოდებით „კონგრესები“. მის ცენტრში მოთავსებულ შავ-თეთრ ფოტოსურათზე გამოსახული იყვნენ ბავშვები, რომლებიც სიხარულით აფრიალებდნენ ჩემი ბავშვობის დროინდელ წიგნს! სწრაფად წავიკითხე სურათის წარწერა: «1941 წელს, სენტ-ლუისში (მისური) დილის პროგრამის დაწყებისას, 5-დან 18 წლამდე ასაკის 15 000 ბავშვი შეიკრიბა სცენის წინ მდებარე მთავარ სექტორში. . .  ძმა რუტერფორდმა გამოაცხადა ახალი წიგნის, „ბავშვების“, გამოცემის შესახებ».

თითოეულ ბავშვს მისცეს წიგნის ერთი ეგზემპლარი, რის შემდეგაც ყველანი, ჩემ გარდა, თავ-თავიანთ მშობლებთან დაბრუნდნენ. მე კი დავიკარგე! ერთმა კეთილმა მომსახურემ შემამჩნია, შესაწირავების მაღალ ყუთზე დამაყენა და მითხრა, რომ იქნებ ვინმე ნაცნობი დამენახა. შეწუხებული ვათვალიერებდი კიბეებზე მიმომსვლელ ხალხს. მოულოდნელად ვიღაც ვიცანი: „ბიძია ბობ! ბიძია ბობ!“. მიპოვეს! ბობ რეინერმა ჩემს მშობლებთან მიმიყვანა, რომლებიც შეწუხებულები მელოდებოდნენ.

მოვლენები, რომელმაც ჩემი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა

ამ სტენდის დათვალიერებამ მოგონებები ამიშალა — გამახსენდა მოვლენები, რომლებმაც ჩემი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა და პატერსონში ჩვენი ყოფნა განაპირობა. გამახსენდა ას წელზე მეტი ხნის წინანდელი მოვლენები, ამბები, რომელსაც ჩემი პაპა-ბებია და მშობლები მიყვებოდნენ.

1894 წლის დეკემბერში ბიბლიის მკვლევარი, (ასე ერქვათ ადრე იეჰოვას მოწმეებს) ერთი სრული დროით მსახური მივიდა პაპაჩემთან, მამაჩემის მამასთან, ქლეიტონ ვუდვორთთან, რომელიც სკრანტონში (პენსილვანია, აშშ) ცხოვრობდა. ის მაშინ ახალდაქორწინებული იყო. პაპაჩემმა წერილი მისწერა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტ ჩარლზ ტეიზ რასელს და ეს წერილი „საგუშაგო კოშკის“ 1895 წლის 15 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. ის წერდა:

„ჩვენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ვართ. ათი წელია, რაც ნომინალური ეკლესიის წევრები ვართ. მაგრამ ახლა გვჯერა, რომ გამოვდივართ მისი სიბნელიდან და შევდივართ სინათლეში იმ ახალი დღისა, რომელიც ახლა რიჟრაჟდება უზენაესს მიძღვნილი შვილებისთვის. . . დიდი ხნის წინათ, სანამ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს გავიცნობდით, ორივეს გულწრფელად გვსურდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, სხვა ქვეყნებში მისიონერებად გვემსახურა უფლისთვის მისი სურვილისამებრ“.

მოგვიანებით, 1903 წელს, ჩემმა დიდმა პაპა-ბებიამ (დედის მხრიდან), სებასტიან და კეტრინ კრეზგიებმა, დიდ ფერმაზე სიხარულით მოისმინეს ბიბლიის ცნობა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ორი წარმომადგენლისგან, პოკონოს მთებში (პენსილვანია), სადაც თავად ცხოვრობდნენ. მათი გოგონებიც, კორა და მერი, თავიანთ ქმრებთან, ვაშინგტონ და ედმუნდ ჰაუელებთან, ერთად აქ ცხოვრობდნენ. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენლები კარლ ჰამერლი და რეი რატკლიფი მთელი კვირა დარჩნენ მათთან და ბევრს ასწავლიდნენ. ოჯახის ექვსივე წევრი ისმენდა, სწავლობდა და მალე ბიბლიის ერთგული მკვლევარი გახდა.

იმავე წელს კორას და ვაშინგტონ ჰაუელებს ქალიშვილი, კეტრინი შეეძინათ. თუ როგორ გათხოვდა ის მამაჩემზე, ქლეითონ ვუდვორთ უმცროსზე, ჩემი აზრით, საინტერესო და მრავლისმთქმელია. ეს ისტორია გვიჩვენებს პაპაჩემის, ქლეითონ ვუდვორთ უფროსის, გამჭრიახობასა და მოსიყვარულე მშობლურ მზრუნველობას.

მამაჩემს სიყვარულით აღსავსე დახმარებას უწევენ

მამაჩემი, ქლეითონ უმცროსი, დაიბადა 1906 წელს სკრანტონში, რომელიც ჰაუელების ფერმიდან 80-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. იმ დროს პაპაჩემი (ვუდვორთი) დაუახლოვდა ჰაუელების დიდ ოჯახს და ისინიც ხშირად ხვდებოდნენ მას თავიანთი კარგად ცნობილი სტუმართმოყვარეობით. პაპა დიდ დახმარებას უწევდა ბიბლიის მკვლევართა კრებას ამ მხარეში. დროთა განმავლობაში, პაპაჩემს შესთავაზეს, ჰაუელების სამი ვაჟის ქორწინებისთვის ეხელმძღვანელა; მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამივე ვაჟი წაეყვანა ქორწილში.

მამაჩემი მაშინ ბიბლიის მკვლევართა მსახურებაში აქტიურად არ მონაწილეობდა. მართალია, მას პაპაჩემი სამქადაგებლო მსახურებაში დაჰყავდა მანქანით, და პაპაც ცდილობდა მსახურებისკენ მის წახალისებას, მაგრამ მამაჩემი აქტიურ მსახურებას არ ჰკიდებდა ხელს. ამ დროს მამას მუსიკისადმი ინტერესმა სხვა ყველაფერი უკან ჩამოატოვებინა და მან პროფესიული კარიერისკენ იწყო სწრაფვა.

კეტრინიც, კორასა და ვაშინგტონ ჰაუელების ქალიშვილი, პროფესიონალი მუსიკოსი გახდა — უკრავდა და სხვებსაც ასწავლიდა პიანინოს დაკვრას. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც პროფესიონალური კარიერისკენ ეხსნებოდა კარი, კარიერაზე ზრუნვას თავი დაანება და სრული დროით მსახურება დაიწყო. ჩემი აზრით, შეუძლებელი იყო, პაპაჩემს თავისი შვილისთვის კეტრინზე უკეთესი საცოლე შეერჩია! მამაჩემი მოინათლა და ექვსი თვის შემდეგ, 1931 წელს, დედაჩემზე დაქორწინდა.

პაპაჩემს ყოველთვის ეამაყებოდა, რომ მისი შვილი მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. მას ძალიან გაუხარდა, როდესაც მამაჩემს სთხოვეს, კონგრესის დიდი ორკესტრი მოემზადებინა, 1946 წელს კლივლენდის (ოჰაიო) საერთაშორისო კონგრესისთვის. მომდევნო წლებში მამა იეჰოვას მოწმეთა სხვა კონგრესებზეც ხელმძღვანელობდა ორკესტრს.

პაპაჩემის სასამართლო და პატიმრობა

პატერსონის ვესტიბიულში პოლი და მე მოულოდნელად წავაწყდით ფოტოსურათს, რომელსაც თქვენ მომდევნო გვერდზე ხედავთ. მე მაშინვე ვიცანი ეს სურათი, რადგან 50 წელზე მეტი ხნის წინათ პაპაჩემმა ასეთივე სურათი გამომიგზავნა. ის მარჯვენა კუთხეშია.

პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა პატრიოტიზმი აღმავლობას განიცდიდა, ბიბლიის ეს რვა მკვლევარი, მათ შორის ჯოზეფ რუტერფორდი (ცენტრში ზის), საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი, უკანონოდ დააპატიმრეს და თავდებით გამოსვლის ნებასაც არ აძლევდნენ. მათთვის წაყენებული ბრალდებები ეხებოდა „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეშვიდე ტომში, სათაურით „დასრულებული საიდუმლო“, მოცემულ მასალას, რომელიც არასწორად გაიშიფრა, როგორც მოწოდება, რათა პირველ მსოფლიო ომში შეერთებულ შტატებს არ მიეღო მონაწილეობა.

წლების მანძილზე ჩარლზ ტეიზ რასელი „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველ ექვს ტომს წერდა, მაგრამ ის გარდაიცვალა და ვერ მოასწრო მეშვიდე ტომის დაწერა. მისი ჩანაწერები პაპაჩემს და ბიბლიის ერთ სხვა მკვლევარს გადასცეს და მათ დაწერეს მეშვიდე ტომი. ეს ტომი გამოიცა 1917 წელს, სანამ ომი დამთავრდებოდა. სასამართლომ პაპაჩემს, ისევე როგორც ამ რვიდან უმრავლესობას ოთხი სხვადასხვა დანაშაულისთვის, რომლიდანაც თითოეული 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებდა 20 წელი შეუფარდა.

პატერსონის ვესტიბიულში ნანახ სურათს თან ახლდა წარწერა: „ცხრა თვის შემდეგ, რაც რუტერფორდსა და მის თანამოაზრეებს განაჩენი გამოუტანეს, როდესაც ომი უკვე დამთავრებული იყო, 1919 წლის 21 მარტს, სააპელაციო სასამართლომ რვავე ბრალდებულის თავდებით გათავისუფლება გადაწყვიტა; 26 მარტს ისინი გაათავისუფლეს ბრუკლინში თითოეულზე 10 000 აშშ დოლარის სათავდებო გირაოს გადახდით. 1920 წლის 5 მაისს ჯ. რუტერფორდსა და სხვებს ბრალდება სრულიად მოეხსნათ“.

განაჩენის გამოტანის შემდეგ, სანამ ატლანტაში (ჯორჯია) არსებულ ფედერალურ ციხეში გაგზავნიდნენ, რვავემ პატიმრობის პირველი რამდენიმე დღე ბრუკლინში (ნიუ-იორკი) რეიმონდ სთრითზე მდებარე ციხეში გაატარა. იქიდან პაპაჩემმა წერილი მოიწერა, რომელშიც ყვებოდა, რომ იმყოფებოდა 1,8 X2,4 მ2 ფართის საკანში, „ენით აღუწერელ სიბინძურესა და უწესრიგობაში“. ის წერდა: „გაქვს გაზეთების გროვა და ერთი შეხედვით თუ არაფრად აგდებ, მალე გაიგებ, რომ მხოლოდ ამ ტუალეტის ქაღალდით, საპნითა და ქისით შეგიძლია სისუფთავისა და საკუთარი ღირსების შენარჩუნება“.

მაგრამ პაპაჩემს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს და ციხეს „ჰოტელ დე რეიმონდად“ იხსენიებდა; ის ამბობდა „აქ დავრჩები, სანამ ამ ნომერში ყოფნის ვადა გამივა“. მან ისიც მოყვა, თუ როგორ სეირნობდნენ შიდა ეზოში. ერთხელ, როდესაც ის შეჩერდა, რომ თმა დაევარცხნა, ერთი ჯიბის ქურდი სწვდა მის ჯიბის საათს, მაგრამ, როგორც მან მოიწერა, ჯაჭვი გაწყდა და საათი მე შემრჩაო. როდესაც 1958 წელს ბრუკლინის ბეთელი მოვინახულე, გრანტ სუიტერმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა მდივანმა და ბუხჰალტერმა, მიხმო თავის ოფისში და მომცა ეს საათი, რომელსაც ახლაც დიდად ვუფრთხილდები.

მამაზე ზეგავლენის მოხდენა

როდესაც პაპაჩემი უკანონოდ დააპატიმრეს 1918 წელს, მამაჩემი 12 წლის იყო. ბებიაჩემმა გამოკეტა თავიანთი სახლის კარი და მამაჩემთან ერთად საცხოვრებლად თავის დედასთან და სამ დასთან გადავიდა. ბებიაჩემის ქალიშვილობის გვარი არტური იყო და მათი ოჯახი სიამაყით მოიხსენიებდა ხოლმე, რომ ერთი მათი ნათესავი ჩესტერ ალან არტური შეერთებული შტატების 21-ე პრეზიდენტი იყო.

მას შემდეგ, რაც პაპაჩემ ვუდვორთს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ვითომდა ჩადენილი დანაშაულის გამო დიდი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს, არტურები ფიქრობდნენ, რომ ის მათ ოჯახს სახელს უტეხდა. ეს პერიოდი მამაჩემისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა. შესაძლებელია ეს მდგომარეობა იყო იმის მიზეზი, რომ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებდა.

როდესაც პაპაჩემი ციხიდან გამოუშვეს, თავისი ოჯახი ქალაქ სკრანტონში ქუინსის ქუჩაზე დიდ შებათქაშებულ სახლში გადაიყვანა. კარგად მახსოვს ეს სახლი და ბებიაჩემის ფაიფურის ჭურჭელიც. მათ ბებიაჩემის წმინდა ჭურჭელს ვეძახდით, რადგან ბებიაჩემი მათი დარეცხვის უფლებას არავის აძლევდა, თვითონ რეცხავდა ყოველთვის. მას შემდეგ, რაც 1943 წელს ბებიაჩემი გარდაიცვალა, დედაჩემი ხშირად იყენებდა მათ სტუმრიანობის დროს.

სამეფო მსახურებით დაკავებული

პატერსონში ყოფნისას აგრეთვე შემთხვევით წავაწყდი ძმა რუტერფორდის 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო) კონგრესზე მოხსენებით გამოსვლის დროს გადაღებულ სურათს. იქ მან ყველას მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობისა და ახალი ჟურნალის, რომლის გამოცემის შესახებაც ამ კონგრესზე გამოცხადდა, „ოქროს ხანის“, გავრცელებაში. ამ ჟურნალის რედაქტორად პაპაჩემი დანიშნეს და თავისი წვლილი შეჰქონდა სტატიების მომზადებაში 40-იან წლებამდე, სანამ გარდაიცვლებოდა. 1937 წელს ამ ჟურნალს ახალი სახელი, „ნუგეში“, უწოდეს, 1946 წელს კი — „გამოიღვიძეთ!“.

პაპაჩემი სახლშიც, სკრანტონშიც, წერდა სტატიებს და 240 კილომეტრით დაშორებულ ბრუკლინში არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოშიც. ორივეგან ორ-ორ კვირას ატარებდა. მამაჩემი იხსენებს, რომ, ბევრჯერ დილაობით ხუთ საათზე პაპაჩემის საბეჭდი მანქანის ხმა ესმოდა. ამასთანავე პაპაჩემი სერიოზულად ეკიდებოდა სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის პასუხისმგებლობას. ფაქტობრივად, მან შეკერა ისეთი სპეციალური ჟილეტი, რომელსაც შიგნიდან დიდი ჯიბეები ექნებოდა ბიბლიური ლიტერატურის ჩასაწყობად. ჩემს 94 წლის ბიცოლას, ნაომი ჰაუელს, ისევ აქვს ასეთი ერთი პიჯაკი. მან აგრეთვე წიგნების ჩანთა შეკერა ქალებისთვის.

ერთხელ, ბიბლიის თაობაზე საინტერესო საუბრის შემდეგ, მან, ვინც პაპაჩემთან ერთად საქადაგებლად იყო, უთხრა:

— იცი, ერთი შეცდომა დაუშვი.

— რა შეცდომა? — ჰკითხა პაპამ. მან მოისინჯა ჟილეტის ჯიბეები და ორივე ცარიელი იყო.

— დაგავიწყდა, რომ მათთვის „ოქროს ხანის“ გამოწერა შეგეთავაზებინა. ორივემ ბევრი იცინა იმაზე, რომ რედაქტორს თავისი ჟურნალები დაავიწყდა.

ბავშვობის მოგონებები

მახსოვს, ბავშვობისას როგორ ვიჯექი ხოლმე პაპაჩემის კალთაში, როგორ ეჭირა ჩემი პატარა ხელები და „თითების ამბავს“ მიყვებოდა. იწყებდა „ცერა ტომით“ და გადადიოდა „საჩვენებელ პიტერზე“ და თითოეულ თითზე რაღაც განსაკუთრებულ ამბავს მიყვებოდა. შემდეგ ფრთხილად მომაკეცინებდა თითებს ერთად და მარიგებდა: „ესენი ერთად საუკეთესოდ მუშაობენ, თითოეული ერთმანეთს ეხმარება“.

დაქორწინების შემდეგ ჩემი მშობლები კლივლენდში (ოჰაიო) გადასახლდნენ და დაუახლოვდნენ ედ და მერი ჰუპერებს. მათი ოჯახები უკვე საუკუნის დასაწყისიდან ბიბლიის მკვლევარები იყვნენ. ჩემი მშობლები, ბიძია ედი და ბიცოლა მერი, როგორც მათ მივმართავდი, განუყრელი მეგობრები იყვნენ. ჰუპერებს თავიანთი ერთადერთი პატარა გოგონა დაღუპული ჰყავდათ და, როდესაც 1934 წელს გავიცანი ისინი, მე მათი საყვარელი „ქალიშვილი“ გავხდი. რადგან ასეთ მდიდარ სულიერ გარემოში ვიზრდებოდი, თავი მივუძღვენი იეჰოვას და ჯერ რვა წლის არ ვიყავი, როდესაც მოვინათლე.

ბიბლიის კითხვა ადრიდანვე დავიწყე. ესაიას 11:6—9-ში აღწერილ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწყვეტი იყო ბიბლიაში. პირველად ბიბლიის მთლიანად წაკითხვას 1944 წელს ვეცადე, მას შემდეგ, რაც „ამერიკული სტანდარტული თარგმანის“ პირადი ეგზემპლარი მივიღე, რომელიც ბუფალოში (ნიუ-იორკი) გამართულ კონგრესზე დარიგდა. რა გულისფანცქალით ვკითხულობდი ამ თარგმანს, რომელშიც ღვთის სახელი, იეჰოვა, „ძველ აღთქმაში“ შესაბამის ადგილზე იყო აღდგენილი და დაახლოებით 7 000-ჯერ ეწერა.

შაბათ-კვირაობით დროს მხიარულად ვატარებდით. ჩემს მშობლებსა და ჰუპერებს საქადაგებლად მივყავდი სოფლებში. თან სადილი მიგვქონდა და მდინარის პირას ვსადილობდით. შემდეგ ვინმეს ფერმაზე ვესტუმრებოდით ხოლმე, რათა წაგვეკითხა ბიბლიური მოხსენება და ეზოში მეზობლებს ვეპატიჟებოდით. ვცხოვრობდით უბრალოდ და ბედნიერი ოჯახები გვქონდა. ჩვენი ოჯახის მეგობრებიდან ზოგიერთი მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა, მათ შორის ედ ჰუპერი, ბობ რეინერი და მისი ორი ვაჟი. რიჩარდ რეინერი დღეისათვის კვლავ განაგრძობს ამ საქმის შესრულებას თავის მეუღლესთან, ლინდასთან, ერთად.

ზაფხულობით განსაკუთრებით ბედნიერად ვგრძნობდით თავს. მე ჰაუელების ფერმაზე ვრჩებოდი ჩემს დეიდაშვილ-ბიძაშვილებთან ერთად. 1949 წელს ჩემი დეიდაშვილი გრეისი მალკოლმ ალენზე გათხოვდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მის ძმაზე მე გავთხოვდებოდი. უმცროსი ბიძაშვილი, მარიონი, ურუგვაიში მსახურობდა მისიონერად. ის 1966 წელს ჰოვარდ ჰილბორნს გაჰყვა ცოლად. ეს ორივე წყვილი წლების მანძილზე ბრუკლინის მთავარ სამმართველოში მსახურობდა.

პაპაჩემი და ჩემს მიერ სკოლის დამთავრება

საშუალო სკოლაში რომ ვსწავლობდი, მე და პაპა ხშირად ვწერდით ერთმანეთს წერილებს. მიგზავნიდა ოჯახის უამრავ ძველ ფოტოსურათს, უკან მიწერილი დეტალური ახსნა-განმარტებით და ოჯახის ისტორიას მიყვებოდა. აი როგორ მოვიდა ჩემამდე პაპაჩემისა და მათი სურათი, რომლებიც მასთან ერთად უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული.

1951 წლის ბოლოსთვის პაპაჩემს კიბომ სახმო აპარატი დაუზიანა და მეტყველების უნარი დაკარგა. გონება კვლავინდებურად უჭრიდა, მაგრამ რაღაცის თქმა თუ უნდოდა, ბლოკნოტში წერდა, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. საშუალო სკოლა 1952 წლის იანვარში დავამთავრე. დეკემბერში კი პაპაჩემს გავუგზავნე მოხსენების გეგმა, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე უნდა წამეკითხა. მან რამდენიმე შესწორება შეიტანა და ბოლო ფურცელზე დაწერა სამი სიტყვა, რომელმაც ფრთები შემასხა: „პაპაშენი აღფრთოვანებულია შენით“. თავისი მიწიერი ცხოვრება პაპამ 81 წლის ასაკში, 1951 წლის 18 დეკემბერს, დაასრულა *. დღესაც დიდად ვუფრთხილდები ჩემი მოხსენების გეგმის გაცრეცილ ფურცლებს, რომლის ბოლო გვერდზეც მის მიერ რამდენიმე სიტყვაა დაწერილი.

სკოლის დამთავრებისთანავე პიონერული მსახურება დავიწყე (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით სამქადაგებლო მსახურებას). 1958 წელს დავესწარი ნიუ-იორკში გამართულ უდიდეს კონგრესს, სადაც 123 ქვეყნიდან ჩამოსულმა 253 922 დამსწრემ იანკისა და პოლო გრაუნდზის სტადიონები დაიკავა. ერთ დღეს აქ შევხვდი ერთ დელეგატს აფრიკიდან, რომელსაც სამკერდე ნიშანზე ეწერა „ვუდვორთ მილსი“. დაახლოებით 30 წლის წინათ მას პაპაჩემის გვარი სახელად დაარქვეს!

მემკვიდრეობით ბედნიერი

როდესაც 14 წლის ვიყავი, დედამ კვლავ პიონერული მსახურება დაიწყო. ის 40 წლის შემდეგ, 1988 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე დედაჩემი პიონერად მსახურობდა! მამაჩემი პიონერად მაშინ მსახურობდა, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა; იგი დედაზე ცხრა თვით ადრე გარდაიცვალა. ისინი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, ჩვენი ძვირფასი მეგობრები გახდნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათი რამდენიმე ვაჟი ბრუკლინის მთავარ სამმათრველოში მსახურობს, სხვებმა კი პიონერად მსახურება დაიწყეს.

ჩემთვის 1959 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ამ წელს გავიცანი პოლ ალენი. ის 1946 წლიდან, მას შემდეგ რაც დაამთავრა გალაადის მეშვიდე კლასი (სკოლა, რომელიც მისიონერებად ამზადებს იეჰოვას მოწმეებს), მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. როდესაც ერთმანეთს შევხვდით, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ მას კლივლენდში (ოჰაიო) დანიშნავდნენ, იქ, სადაც მე პიონერად ვმსახურობდი. ჩემს მშობლებს უყვარდათ ის. 1963 წლის ივლისში ჰაუელების ფერმაზე გამართულ ქორწილში მხოლოდ ოჯახის წევრები გვყავდა დაპატიჟებული. საქორწინო მოხსენება ედი ჰუპერმა წაიკითხა. თავი სიზმარში გვეგონა.

პოლს მანქანა არასდროს ჰყოლია. როდესაც მან სხვა დანიშნულება მიიღო და ჩვენ კლივლენდი დავტოვეთ, მთელი ჩვენი ბარგი ჩემს 1961 წელს გამოშვებულ პატარა ფოლცვაგენში ჩავალაგეთ. ხშირად ჩვენი მეგობრები ორშაბათობით თავს იყრიდნენ ჩვენთან, იმ დღეს, როდესაც ჩვენ სხვა კრებაში მივდიოდით და უყურებდნენ, როგორ ვაწყობდით ტვირთს მანქანაში. ცირკის წარმოდგენას მოგაგონებდათ ამ პატარა მანქანაში ამდენი ნივთის — ჩემოდნების, პორტფელების, ქაღალდის ყუთების, საბეჭდი მანქანისა და სხვა ნივთების — ჩატვირთვის პროცესი.

მე და პოლმა უთვალავი კილომეტრი გავიარეთ ერთად; ერთად ვხარობდით ბედნიერი წუთების დროს და ერთად ვუმკლავდებოდით სიძნელეებს — და ყველაფერს ვაკეთებდით იმ ძალით, რომელსაც მხოლოდ იეჰოვა იძლევა. ბედნიერი წლები გვქონდა, იეჰოვას, ერთმანეთისა და ძველი და ახალი მეგობრების სიყვარულით გამთბარი. ის ორი თვე, რომელიც პატერსონში გავატარეთ, როდესაც პოლი იქ სწავლობდა, ჩვენს ცხოვრებაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იყო. იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციის ასე ახლოს ნახვამ განმიმტკიცა რწმენა, რომელიც გადმომეცა, როგორც ჩემი ძვირფასი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილი; რწმენა, რომ ეს ნამდვილად იეჰოვას ორგანიზაციაა. და რა დიდი სიხარულის მომგვრელია ის, რომ იყო ამ ორგანიზაციის თუნდაც პატარა ნაწილი!

[სქოლიო]

^ აბზ. 45 იხილეთ 1952 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 128 [ინგლ.].

[სურათი 25 გვერდზე]

ედ ჰუპერთან ერთად 1941 წელს სენტ-ლუისში ჩატარებულ კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც წიგნი „ბავშვები“ მივიღე.

[სურათი 26 გვერდზე]

პაპაჩემი 1948 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

ჰაუელების ფერმაზე ჩემი მშობლების (მონიშნულია წრით) ქორწილი.

[სურათი 27 გვერდზე]

ბიბლიის რვა მკვლევარი, რომლებიც 1918 წელს უმართებულოდ დააპატიმრეს (პაპაჩემი დგას მარჯვნივ, ბოლოში).

[სურათი 29 გვერდზე]

მთელი ჩვენი ავლადიდება ეტეოდა ფოლცვაგენში.

[სურათი 29 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე, პოლი.