არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედამიწა — მხოლოდ გამოსაცდელი ადგილია?

დედამიწა — მხოლოდ გამოსაცდელი ადგილია?

დედამიწა — მხოლოდ გამოსაცდელი ადგილია?

რამხელა შვებაა! ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. სტუდენტმა, რომელიც ორი მომქანცველი კვირის განმავლობაში გამოცდებს აბარებდა, საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწია. მას უკვე შეეძლო ისეთ სამუშაოზე ემუშავა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.

მრავალი ადამიანი მსგავსი სახით უყურებს დედამიწაზე ცხოვრებას. მათთვის ის გამოცდას ჰგავს, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს. მისი „ჩამბარებლები“ უფრო უკეთეს, რომელიმე სახის საიქიო ცხოვრებას მიაღწევენ. მართლაც სამწუხარო იქნებოდა, რომ თანამედროვე ცხოვრება — რომელიც მრავალი ადამიანისთვის მხოლოდ უბრალო არსებობაა — ყოფილიყო ის საუკეთესო, რისი მოლოდინიც ადამიანებს საერთოდ შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ იობმა, ერთ-ერთმა ბიბლიურმა პერსონაჟმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჯანმრთელად და მატერიალურ კეთილდღეობაში გაატარა, აღნიშნა: „კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით“ (იობი 14:1).

„ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ ბევრის აზრს ირეკლავს, როდესაც აღნიშნავს: „ზეციერი დიდება ადამიანთათვის ღვთის მიერ გამზადებული ხვედრია . . . ადამიანის ბედნიერება ზეციერი ნეტარების ქონაზეა დამოკიდებული“. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ შეერთებულ შტატებში „ქრისტეს ეკლესიის“ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ რესპოდენტთა 87 პროცენტს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავა.

მრავალი არაქრისტიანიც იმედოვნებს სიკვდილის შემდეგ დედამიწის დატოვებასა და უკეთეს ადგილზე გადასვლას. მაგალითად, მუსლიმანებს იმედი აქვთ, რომ ზეციერ სამოთხეში წავლენ. ჩინეთსა და იაპონიაში ბუდიზმის „წმინდა ქვეყნის“ სექტების წევრებს სწამთ, რომ „ამიტაბჰას“, „უსაზღვრო სინათლის [ღვთაების] ბუდას სახელის“ გაუთავებლად გამეორებით „წმინდა ქვეყანაში, ანუ დასავლეთ სამოთხეში, ხელახლა იშვებიან, სადაც უსაზღვროდ ბედნიერად იცხოვრებენ“.

საინტერესოა, რომ ბიბლია, წმინდა წიგნი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად ითარგმნება და ვრცელდება, არ წარმოგვიდგენს დედამიწას ისეთ ადგილად, საიდანაც გაქცევაა საჭირო და რომელიც რაღაც მიზნისკენ მიმავალი კიბის ერთ საფეხურს წარმოადგენს. მაგალითად, მასში ნათქვამია: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). ბიბლიაში აგრეთვე მოცემულია იესოს მიერ წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5).

გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ჩვენი დედამიწა არის დროებითი სამკვიდრო, სადაც სიკვდილი იმქვეყნიური ნეტარების კარებს გვიხსნის. თუ ეს ასეა, მაშინ სიკვდილი მართლაც რომ კურთხევა ყოფილა. მაგრამ თვლიან ადამიანები სიკვდილს კურთხევად თუ ისინი ამქვეყნიური სიცოცხლის გახანგრძლივებას ცდილობენ? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, თუ ადამიანს ნორმალური ჯანმრთელობა აქვს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს, სიკვდილი არ სურს.

მიუხედავად ამისა, ვინაიდან დღეს დედამიწა ბოროტებითა და ტანჯვა-წვალებით არის სავსე, მრავალი ზეცას ჯერ კიდევ იმ ერთადერთ ადგილად მიიჩნევს, სადაც ნამდვილ სიმშვიდესა და ბედნიერებას ჰპოვებს. არის ზეცა მხოლოდ ნეტარების ადგილი და არის ის აბსოლუტურად დაცული ბოროტებისა და უსიამოვნებისგან? ნუთუ ზეციერ სამფლობელოში ცხოვრების ერთადერთი პერსპექტივა მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა? ამ კითხვებზე ბიბლიის პასუხებმა შეიძლება გაგაოცოთ. გთხოვთ განაგრძოთ კითხვა.