არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვისა და სწავლისთვის ჟამის მოვაჭრება

კითხვისა და სწავლისთვის ჟამის მოვაჭრება

კითხვისა და სწავლისთვის ჟამის მოვაჭრება

„მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია“ (ეფესელთა 5:16).

1. რატომ არის გონივრული, ვიცოდეთ, როდის რა ვაკეთოთ და რაზე მეტყველებს ჩვენს შესახებ ის, თუ როგორ ვიყენებთ დროს?

ამბობენ, რომ „დროის შერჩევა — დროის მოფრთხილებაა“. ადამიანი, რომელმაც იცის, თუ დროის რა მონაკვეთში უნდა გააკეთოს გასაკეთებელი საქმე, ხშირად უფრო სასარგებლოდ იყენებს დროს. ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3:1). ყოველი ჩვენგანის განკარგულებაში ერთი და იმავე რაოდენობის დროა და ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ მას. ის, თუ რას ვაყენებთ პირველ ადგილზე და რას ვუთმობთ დროს, ძალიან ბევრს ამბობს იმაზე, თუ რა არის ჩვენი გულისთვის ძვირფასი (მათე 6:21).

2. ა) რა თქვა იესომ მთაზე ქადაგებისას სულიერ მოთხოვნილებებთან დაკავშირებით? ბ) საკუთარი თავის როგორი გამოკვლევა იქნებოდა მართებული?

2 გვინდა თუ არ გვინდა, თითოეულმა ჩვენგანმა გარკვეული დრო ჭამასა და ძილს უნდა დავუთმოთ, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე? ვიცით, რომ მათი დაკმაყოფილებაც აუცილებელია. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ). სწორედ ამიტომ „ერთგული და გონიერი მონა“ რეგულარულად შეგვახსენებს ბიბლიის კითხვისა და სწავლისთვის დროის გამოყოფის მნიშვნელოვნებას (მათე 24:45). თქვენ შეიძლება გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ალბათ ფიქრობთ, რომ, უბრალოდ, დრო არა გაქვთ ბიბლიის შესასწავლად თუ წასაკითხად. თუ ეს ასეა, მოდი გამოვიკვლიოთ ის გზები და საშუალებები, რომლებიც უფრო მეტ დროს გაგვითავისუფლებს ღვთის სიტყვის წასაკითხად, პირადი შესწავლისათვის და ნასწავლზე დასაფიქრებლად.

ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად დროის გამონახვა

3, 4. ა) რა რჩევა მოგვცა მოციქულმა პავლემ ჩვენს განკარგულებაში არსებული დროის გამოყენებასთან დაკავშირებით და რა შედის ამაში? ბ) რას გულისხმობდა პავლე, როდესაც „ჟამის მოვაჭრებას“ გვირჩევდა?

3 თუ ვითვალისწინებთ იმას, რა დროს ვცხოვრობთ, ყველასთვის აუცილებელია, ყურად ვიღოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება“ (ეფესელთა 5:15—17). რა თქმა უნდა, ეს რჩევა ჩვენი, როგორც ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანების, ცხოვრების ნებისმიერ სფეროს შეეხება, იქნება ეს ლოცვისთვის, სწავლისთვის, კრების შეხვედრებისა თუ ‘სამეფოს შესახებ სახარების’ ქადაგებაში მაქსიმალურად მონაწილეობის მისაღებად დროის გამონახვა (მათე 24:14; 28:19, 20).

4 დღეს, როგორც ჩანს, იეჰოვას მრავალი მსახურისთვის ძნელია ბიბლიის სათანადოდ კითხვა და ღრმად შესწავლა. რასაკვირველია, დღე-ღამეში საათების რაოდენობას ვერ გავზრდით, ამიტომ პავლეს რჩევა რაღაც სხვა რამეს უნდა ნიშნავდეს. ბერძნული ფრაზა, რომელიც ითარგმნა როგორც „მოივაჭრეთ ჟამი“, რაღაცის ფასად ყიდვაზე მიუთითებს. უ. ე. ვაინის განმარტებითი ლექსიკონი ამ ფრაზას შემდეგ მნიშვნელობას აძლევს: „ნებისმიერი შესაძლებლობის მაქსიმალურად, საუკეთესოდ გამოყენება, რადგან ვერც ერთ ხელიდან გაშვებულ შემთხვევას ვერ დაიბრუნებ“. საიდან ან სად შეგვიძლია მოვივაჭროთ ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად საჭირო დრო?

საჭიროა პრიორიტეტების დადგენა

5. რატომ და როგორ უნდა ‘გამოვცადოთ უმჯობესი’?

5 საოჯახო თუ საზოგადოებრივი ვალდებულების გარდა, საჭიროა მრავალ სულიერ საკითხზეც ვიზრუნოთ. როგორც იეჰოვასთვის მიძღვნილი მსახურები, ‘მუდამ’ უნდა ‘ვუხვობდეთ უფლის საქმეში’ (1 კორინთელთა 15:58). ამიტომ პავლე ფილიპელ ქრისტიანებს არიგებდა: ‘გამოსცადეთ უმჯობესი’ (ფილიპელთა 1:10). ესე იგი საჭიროა პრიორიტეტების დადგენა. სულიერი ყოველთვის მატერიალურზე წინ უნდა დავაყენოთ (მათე 6:31—33). მაგრამ სულიერი ვალდებულებების შესრულებაშიც გაწონასწორებულობაა საჭირო. როგორ ვანაწილებთ დროს ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს შორის? მიმომსვლელი ზედამხედველები აღნიშნავენ, რომ იმ „უმჯობეს“ საქმეთაგან, რომლებსაც ქრისტიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, ხშირად პირადი შესწავლა და ბიბლიის კითხვაა უგულებელყოფილი.

6. რა შედის ჟამის მოვაჭრებაში, როდესაც საქმე სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს ეხება?

6 როგორც უკვე დავინახეთ, დროის მოვაჭრებაში „ნებისმიერი შესაძლებლობის მაქსიმალურად“ და „საუკეთესოდ გამოყენებაც“ შედის. ამიტომ, თუ ბიბლიის კითხვასა და სწავლაში მოვიკოჭლებთ, კარგი იქნებოდა, გაგვეანალიზებინა, რაში ვხარჯავთ დროს. თუ სამუშაო მეტისმეტად რთული გვაქვს და სამსახური ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას გვართმევს, საჭიროა ამაზე იეჰოვას ველაპარაკოთ ლოცვაში (ფსალმუნი 54:23). შესაძლებელია მოვახერხოთ ისეთი ცვლილებების მოხდენა, რომელიც მეტ დროს დაგვიტოვებს მნიშვნელოვანი, იეჰოვას თაყვანისცემასთან დაკავშირებული საქმეებისთვის და მათ შორის პირადი შესწავლისა და ბიბლიის კითხვისთვის. მართლაც შეიძლება სამართლიანად ითქვას, რომ ქალს საქმე არასოდეს ელევა. ამიტომაც ქრისტიანმა დებმაც უნდა დაადგინონ, რას მიანიჭონ უპირატესობა და გარკვეული დრო გამოუყონ ბიბლიის კითხვასა და სერიოზულ შესწავლას.

7, 8. ა) ხშირად რა საქმეებიდან შეგვიძლია წასაკითხად და შესასწავლად ჟამის მოვაჭრება? ბ) რა მიზანს ემსახურება დასვენება და როგორ დაგვეხმარება ამის მხედველობაში მიღება პრიორიტეტების დადგენაში?

7 საერთოდ კი, ბევრ ჩვენგანს ჟამის მოვაჭრება იმ საქმეებიდან შეუძლია, რომლებიც არ არის აუცილებელი. შეიძლება საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: რამდენ დროს ვხარჯავ ჟურნალ-გაზეთების კითხვაში, ტელეპროგრამების ყურებაში, მუსიკის მოსმენასა თუ ვიდეოთამაშებით გართობაში? კომპიუტერთან ჯდომას ხომ არ ვუთმობ ბიბლიის კითხვაზე მეტ დროს? პავლე ამბობს: „ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება“ (ეფესელთა 5:17). ტელევიზორის არაგონივრულად გამოყენებაა ძირითადად იმის მიზეზი, რომ იეჰოვას მრავალი მოწმე პირად შესწავლასა და ბიბლიის კითხვას სათანადო დროს ვერ უთმობს (ფსალმუნი 100:3; 118:37, 47, 48).

8 ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ყოველთვის სწავლა შეუძლებელია და ზოგჯერ დასვენებაც საჭიროა. ეს მართალია, მაგრამ კარგი იქნებოდა იმის შემოწმება, თუ რამდენ დროს ვუთმობთ დასვენებას, და ეს დრო ბიბლიის შესწავლასა და კითხვაში გატარებულ დროსთან შევადაროთ. მიღებულმა შედეგმა შეიძლება გაგვაოცოს. მართალია, დასვენება აუცილებელია, მაგრამ მას სათანადო ადგილი უნდა დავუთმოთ ჩვენს ცხოვრებაში. დასვენების მიზანია გამოგვაცოცხლოს, რათა განახლებული ძალებით შევუდგეთ სულიერ საქმიანობას. მრავალი სატელევიზიო გადაცემა და ვიდეოთამაში ადამიანს ღლის, მაშინ როდესაც ღვთის სიტყვის კითხვა და სწავლა გამომაცოცხლებელია და ძალას გვმატებს (ფსალმუნი 18:8, 9).

როგორ გამონახა დრო ზოგმა შესწავლისთვის

9. რა სარგებლობა მოაქვს ბროშურაში „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა — 1999“ მოცემული რჩევის გათვალისწინებას?

9 ბროშურაში „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“, 1999 წლის გამოცემის შესავალში, ნათქვამია: «ამ ბროშურიდან დღიური მუხლისა და კომენტარის განხილვა ყველაზე სასარგებლოა დილით. იგრძნობ, რომ თითქოს იეჰოვა, დიდებული მოძღვარი, გაღვიძებს თავისი მითითებებით. იესო ქრისტეზე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის ყოველ დილას ისწავლიდა იეჰოვას მითითებებიდან: „ის [იეჰოვა] აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით“. ასეთმა მითითებებმა იესოს მისცა „სწავლულთა ენა“, რათა ‘შეძლებოდა დამაშვრალის სიტყვით გამხენევება’ (ეს. 30:20; 50:4; მათ. 11:28—30). ყოველ დილით ღვთის სიტყვიდან დროული რჩევის მისაღებად გამოღვიძება არა მარტო შენ დაგეხმარება საკუთარ პრობლემებთან გამკლავებაში, არამედ სხვების დასახმარებლადაც აღგჭურავს ‘სწავლულთა ენით’» *.

10. როგორ ნახულობს ზოგი დროს ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად და რა სარგებლობა მოაქვს ამას მათთვის?

10 მრავალი ქრისტიანი ითვალისწინებს ამ რჩევას და ყოველდღე დილით ადრე დღიურ მუხლსა და მის კომენტარს, აგრეთვე ბიბლიას კითხულობს ან შესწავლასაც იტარებს. საფრანგეთში ერთი ერთგული პიონერი ყოველ დილით ადრე დგება და ნახევარ საათს უთმობს ბიბლიის კითხვას. რამ შეაძლებინა მას წლების განმავლობაში ამის კეთება? ის ყვება: „შინაგანად ძალიან ვარ აღძრული და რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის მივყვები ბიბლიის კითხვის გეგმას“. მნიშვნელობა არა აქვს, დღის რომელ მონაკვეთში წავიკითხავთ მას, მთავარია გეგმას მივყვეთ. რენე მიკა, რომელმაც ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში პიონერულ მსახურებაში 40 წელზე მეტი გაატარა, ამბობს: „1950 წლიდან მიზნად მაქვს დასახული ყოველწლიურად მთლიანად წავიკითხო ბიბლია, რაც უკვე 49-ჯერ გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემოქმედთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ღვთის სიტყვაზე დაფიქრება იეჰოვას სამართლიანობისა და სხვა თვისებების უკეთესად გაგებაში მეხმარება, რაც ძალიან მაძლიერებს“ *.

‘დროული ულუფა’

11, 12. ა) რა სულიერ „ულუფას“ ვიღებთ „ერთგული . . . განმგებლის“ მეშვეობით? ბ) როგორ ვიღებთ „ულუფას“ დროულად?

11 როგორც რეგულარულად ჭამა უწყობს ხელს კარგ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისე რეგულარულად შესწავლისა და ბიბლიის გეგმის მიხედვით კითხვა — კარგ სულიერ ჯანმრთელობას. ლუკას სახარებაში იესოს შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „ვინ არის ერთგული და გონიერი განმგებელი, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა?“ (ლუკა 12:42). უკვე 120 წელზე მეტია, რაც „საგუშაგო კოშკიდან“, ბიბლიაზე დაფუძნებული წიგნებიდან და სხვა პუბლიკაციებიდან ‘დროულად ვიღებთ ულუფას’.

12 ყურადღება მიაქციეთ გამოთქმას „დროულად“. სათანადო დროს «[„დიდებული“, აქ] მოძღვარი», იეჰოვა, თავისი ძისა და მონის კლასის მეშვეობით ხელმძღვანელობს თავის ხალხს და უხსნის ამა თუ იმ მოძღვრებასა და იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ შემთხვევაში. თითქოს ყველას ჩაგვესმის ხმა, რომელიც გვეუბნება: „აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:20, 21). აგრეთვე ბიბლიის ან ნებისმიერი ბიბლიური პუბლიკაციის ყურადღებით კითხვისას ხშირად ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ეს პირადად ჩვენთვის დაიწერა. დიახ, ღვთის რჩევასა და მითითებას დროულად მივიღებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, გავუძლოთ განსაცდელს ან ბრძნული გადაწყვეტილება მივიღოთ.

კარგად კვების ჩვევის განვითარება

13. რომელია ზოგი სულიერად ცუდი კვების ჩვევის მაგალითი?

13 ასეთი დროულად მოწოდებული ‘ულუფიდან’ სრული სარგებლობის მისაღებად საჭიროა, კარგად კვების ჩვევა განვივითაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ბიბლიის რეგულარულად კითხვისა და პირადი შესწავლის გეგმა და მივყვეთ ამ გეგმას. გაქვთ თუ არა სულიერად კარგად კვების ჩვევა და რეგულარულად უთმობთ თუ არა დროს საფუძვლიან შესწავლას? თუ ზედაპირულად გადაავლებთ ხოლმე თვალს მასალას, რომელიც დიდი მონდომებით მოგვიმზადეს, გადაურბენთ მას ან ზოგ საკვებს, ასე ვთქვათ, საერთოდ გადაახტებით ხოლმე? სულიერად ცუდმა კვებამ ზოგის რწმენის დასუსტება და ზოგჯერ მთლად გაქრობაც კი გამოიწვია (1 ტიმოთე 1:19; 4:15, 16).

14. რატომ არის სასარგებლო ისეთი მასალის გულმოდგინედ წაკითხვა, რომელიც ნაცნობი გვეჩვენება?

14 ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ მან უკვე იცის, ძირითადი სწავლებები და ყველა სტატიაში არ არის სრულიად ახალი ინფორმაცია გადმოცემული. ამიტომ, მათი აზრით, აუცილებელი არ არის სისტემატიურად სწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება. მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ საჭიროა ნასწავლის შეხსენება (ფსალმუნი 118:95, 99, [119:95, 99 აქ]; 2 პეტრე 3:1; იუდა 5). როგორც კარგი მზარეული ერთი და იმავე ძირითადი მასალებიდან მრავალ გემრიელ კერძს ამზადებს, ასევე მონის კლასი მრავალფეროვან ნოყიერ სულიერ საზრდოს გვაწვდის. ისეთ სტატიებშიც კი, სადაც განხილულია საკითხები, რომლებიც ადრე არაერთხელ გაირჩა, არის მომენტები, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც არასასურველი იქნებოდა. ფაქტობრივად, მასალის კითხვიდან თუ რამდენს ავითვისებთ, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ დროსა და ძალისხმევას ვახმართ მის შესწავლას.

სულიერი სარგებლობა, რომელიც კითხვასა და სწავლას მოაქვს

15. როგორ გვეხმარება ბიბლიის კითხვა და შესწავლა იმაში, რომ ღვთის სიტყვის უკეთესი გადამცემები ვიყოთ?

15 ბიბლიის კითხვიდან და სწავლიდან მრავალ სარგებლობას ვიღებთ, რაც გვეხმარება, შევესაბამებოდეთ ერთ-ერთ ძირითად ქრისტიანულ მოთხოვნას, კერძოდ კი — გავხდეთ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ‘შეურცხვენელი მუშაკები, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემები’ არიან (2 ტიმოთე 2:15). რაც უფრო მეტს ვკითხულობთ და ვსწავლობთ ბიბლიას, მით უფრო ივსება ჩვენი გონება ღვთის აზრებით. შემდეგ კი, პავლეს მსგავსად, შეგვეძლება ‘ველაპარაკოთ მათ [ხალხს] წერილებიდან. ავუხსნათ და დავუმტკიცოთ’ იეჰოვას შესანიშნავი განზრახვის ჭეშმარიტება (საქმეები 17:2, 3). გაგვიუმჯობესდება სწავლების ხელოვნება; ჩვენი საუბრები, მოხსენებები და რჩევები სულიერად უფრო აღმშენებლობითი იქნება (იგავნი 1:5).

16. პირადად ჩვენთვის, რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სიტყვის კითხვასა და სწავლას?

16 გარდა ამისა, ღვთის სიტყვის გამოკვლევისთვის დათმობილი დრო შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად შევუსაბამოთ ჩვენი ცხოვრება იეჰოვას გზებს (ფსალმუნი 24:4; 118:9, 10; იგავნი 6:20—23). ის გააძლიერებს ჩვენს სულიერ თვისებებს: თავმდაბლობას, ერთგულებასა და ბედნიერებას (მეორე რჯული 17:19, 20; გამოცხადება 1:3). როდესაც ვიყენებთ იმ ცოდნას, რომელსაც ბიბლიის კითხვითა და სწავლით ვიღებთ, ღვთის სული ჩვენს ცხოვრებაში თავისუფლად მოქმედებს, რის შედეგადაც ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, უხვად ვავლენთ ამ სულის ნაყოფებს (გალატელთა 5:22, 23).

17. როგორ მოქმედებს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე ის ფაქტი, თუ რამდენს და რამდენად ხარისხიანად ვკითხულობთ ბიბლიას?

17 უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ სხვა საქმიანობებიდან ღვთის სიტყვის წასაკითხად და შესასწავლად ჟამის მოვაჭრებას ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაში დიდი ჯილდო მოჰყვება. პავლე ლოცულობდა, რომ თანაქრისტიანები ‘აღვსებულიყვნენ მისი [ღვთის] ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოქცეულიყვნენ უფლის ღირსად და ყველაფერში ეამებინათ მისთვის’ (კოლასელთა 1:9, 10). მსგავსად ამისა, „უფლის [იეჰოვას] ღირსად“ რომ მოვიქცეთ, საჭიროა ‘აღვივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით’. ცხადია, იეჰოვას კურთხევების მიღება და მისი მოწონების დამსახურება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენს და რამდენად ხარიხსიანად ვკითხულობთ და ვსწავლობთ ბიბლიას.

18. რა კურთხევები გველოდება, თუ ვიმოქმედებთ იესოს იმ სიტყვების თანახმად, რომლებიც იოანეს 17:3-შია ჩაწერილი?

18 „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ამ მუხლს იეჰოვას მოწმეები ძალიან ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ სხვებს ღვთის სიტყვის შესწავლის მნიშვნელოვნების დანახვაში დაეხმარონ. მართლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმაც მიიღოს ეს შემეცნება. ჩვენი მომავლის იმედი დამოკიდებულია იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე. აბა დაფიქრდით, თუ რას ნიშნავს ეს. იეჰოვას გაცნობის პროცესი არასოდეს დამთავრდება და ამის გასაკეთებლად წინ მთელი მარადიულობა გვაქვს! (ეკლესიასტე 3:11, აქ; რომაელთა 11:33).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 10 იხილეთ სტატია „როდის კითხულობენ ისინი ბიბლიას და რა სარგებლობა მოაქვს ამას“, სტატია მოცემულია 1995 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 20—21 (რუს.).

კითხვები გამეორებისთვის

• რა ვლინდება იმ ფაქტიდან, თუ როგორ ვიყენებთ დროს?

• რომელი საქმიანობებიდან შეგვიძლია ჟამის მოვაჭრება იმისათვის, რომ წავიკითხოთ და ვისწავლოთ ბიბლია?

• რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორი ჩვევა გვაქვს სულიერ კვებასთან დაკავშირებით?

• რა სარგებლობა მოაქვს საღვთო წერილის კითხვასა და სწავლას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 21 გვერდზე]

ბიბლიის რეგულარულად კითხვა და სწავლა ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემაში’ დაგვეხმარება.

[სურათები 23 გვერდზე]

ჩვენს დატვირთულ გრაფიკში სხვა საქმიანობების სულიერ ინტერესებთან გაწონასწორება დიდ ჯილდოს მოგვიტანს.