არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარადიული ბედნიერება — ზეცაში თუ დედამიწაზე?

მარადიული ბედნიერება — ზეცაში თუ დედამიწაზე?

მარადიული ბედნიერება — ზეცაში თუ დედამიწაზე?

არის თქვენი ბედნიერება უშუალოდ იმაზე დამოკიდებული, თუ სად იცხოვრებთ? ადამიანთა უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ ბედნიერება ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა კარგი ჯანმრთელობა, სიცოცხლის აზრის ქონა და სხვებთან კარგი ურთიერთობები. ბიბლიური იგავი ამას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი“ (იგავნი 15:17).

მაგრამ, სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა სიძულვილის, ძალადობისა და ბოროტების სხვა ფორმების ფაქტებით. რა შეიძლება ითქვას ზეცაზე ანუ სულიერ სფეროზე, სადაც სიკვდილის შემდეგ წასვლას მრავალი იმედოვნებს? იყო ის ყოველთვის ნეტარების ან სიმშვიდის ადგილი და არასოდეს არაფერს დაურღვევია ეს სიმშვიდე, როგორც ამას საერთოდ ვარაუდობენ?

ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი ზეცაში მკვიდრობს სხვა მილიონობით სულიერ ქმნილებასთან ერთად, რომლებსაც ანგელოზები ეწოდებათ (მათე 18:10; გამოცხადება 5:11). ისინი ‘ღვთისშვილებად’ არიან წოდებულნი (იობი 38:4, 7). ადამიანების მსგავსად, მათაც აქვთ ნების თავისუფლება; ისინი რობოტები არ არიან. ამიტომ გამოდის, რომ მათაც შეუძლიათ აირჩიონ, როგორ მოიქცნენ — სწორად თუ არასწორად. ირჩევდნენ თუ არა ანგელოზები არასწორი მოქმედების გზას? შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ ათასობით წლის წინათ საკმაოდ ბევრი ანგელოზი სწორედ ასე მოიქცა — მათ ღვთის წინაშე შესცოდეს, მის წინააღმდეგ აჯანყდნენ! (იუდა 6).

აჯანყება ზეცაში

ცოდვის შემოტანა სულიერ სფეროში განაპირობა ერთი ანგელოზის აჯანყებამ, რომელსაც სატანა (მოწინააღმდეგე) და ეშმაკი (ცილისმწამებელი) ეწოდა. ამ ერთ დროს მორჩილმა ანგელოზმა თვითონ არჩია, არასწორად მოქცეულიყო და ნების თავისუფლება ამგვარად გამოეყენებინა. მისმა მოქმედებამ კი იმდენად გამხრწნელი გავლენა იქონია სულიერ ქმნილებებზე, რომ ნოეს დროს მომხდარი წარღვნის წინა პერიოდში, მრავალი მათგანი შეუერთდა მას ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაში (დაბადება 6:2; 2 პეტრე 2:4).

ეს ზნედაცემული ანგელოზები მაშინვე არ იქნენ განდევნილი ზეციდან. მათ იქ ყოფნას ღმერთი ათასობით წლის განმავლობაში იტანდა. თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვები მაინც ჰქონდათ *. მაგრამ, როდესაც ამ ბოროტი ანგელოზების მიმართ ღვთის მიერ შემწყნარებლობის გამოვლენის ჟამი ამოიწურა, ისინი „გადმოყრილ იქნენ“ ზეციდან, რათა საბოლოოდ განადგურებულიყვნენ. მაშინ ზეცაში გაისმა ხმა: „იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ!“ (გამოცხადება 12:7—12). როგორც ჩანს, ერთგული ანგელოზები დიდად ხარობდნენ იმით, რომ საბოლოოდ ზეცა გათავისუფლდა ამ საზიზღარი შფოთისთავებისგან!

ასეთი, ბევრისთვის უცნობი, დეტალების განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტი მშვიდობის არსებობა მანამ, სანამ გონიერი ქმნილებები უგულებელყოფენ ღვთის რჯულსა და პრინციპებს (ესაია 57:20, 21; იერემია 14:19, 20). მეორე მხრივ, როდესაც ყველა ემორჩილება ღვთის რჯულს, მშვიდობა მეფობს (ფსალმუნი 118:165; ესაია 48:17, 18, აქ). ამგვარად, ყველა ადამიანს რომ ჰყვარებოდა ღმერთი და დამორჩილებოდა მას, აგრეთვე ჰყვარებოდათ ერთმანეთი, განა დედამიწა ნამდვილად შესანიშნავი, ბედნიერების მომტანი სამკვიდრო არ იქნებოდა? ამ კითხვაზე ბიბლიის პასუხი დადებითია!

მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, ვინც ეგოისტურად უარს აცხადებს ბოროტი გზების მიტოვებაზე? მარადიულად დაურღვევენ ისინი მშვიდობას იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ღვთის ნების შესრულება? არა. ღმერთმა საკადრისი მიაგო ზეციერ ბოროტ ანგელოზებს და ასევე მოექცევა ის ბოროტ ადამიანებსაც.

დედამიწის გასუფთავება

„ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი“, — თქვა ღმერთმა (ესაია 66:1). უწმინდესი ღმერთი არ დაუშვებს, რომ მისი „კვარცხლბეკი“ გაუთავებლად იბილწებოდეს ბოროტებით (ესაია 6:1—3; გამოცხადება 4:8). როგორც ზეცა განწმინდა ბოროტი სულებისგან, ისე ღმერთი დედამიწასაც მოაშორებს ბოროტ ადამიანებს. ამას ცხადყოფს ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები:

„ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნი 36:9).

„ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავნი 2:21, 22).

„სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს, თქვენ კი, შეჭირვებულებმა, განსვენება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი სიძლიერის დიდებისგან“ (2 თესალონიკელთა 1:6—9).

„გადადის [ბოროტი კაცობრიობის] წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).

შენარჩუნდება დედამიწაზე მშვიდობა?

თუმცა საღვთო წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთი ბოროტებას გაუთავებლად არ მოითმენს, რამ შეიძლება დაგვარწმუნოს იმაში, რომ აღმოფხვრილი ბოროტება კვლავ არ იჩენს თავს? ბოლოს და ბოლოს, ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შემდეგ ხომ სულ მალე ადამიანთა ბოროტებამ კვლავ იმდენად იჩინა თავი, რომ კაცობრიობის ბოროტი განზრახვების შესაჩერებლად ღმერთს ენების არევა დასჭირდა (დაბადება 11:1—8).

იმაში დაჯერებულობის ძირითადი მიზეზი, რომ დედამიწაზე ბოროტება კვლავ არ განმეორდება, ის არის, რომ დედამიწაზე აღარ იმმართველებენ ადამიანები, როგორც ეს წარღვნიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ იყო. ნაცვლად ამისა, მასზე ღვთის სამეფო იმმართველებს. ეს სამეფო ზეციდან გასწევს ხელმძღვანელობას და ის იქნება დედამიწის ერთადერთი მთავრობა (დანიელი 2:44; 7:13, 14). ის დაუყოვნებლივ იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც კვლავ ბოროტების შემოღებას შეეცდება (ესაია 65:20). ამასთანავე ის საბოლოოდ გაანადგურებს ყოველგვარი ბოროტების წყაროს, სატანა ეშმაკს, და მის მიმდევარ ბოროტ ანგელოზებს, დემონებს (რომაელთა 16:20).

გარდა ამისა, კაცობრიობას მოსვენებას აღარ დაუკარგავს საკვებზე, ჩასაცმელზე, საკუთარ ჭერსა თუ სამუშაოზე ზრუნვა, რომელთა ნაკლებობასაც დღეს ზოგი ბოროტმოქმედების ჩადენამდე მიჰყავს. დიახ, მთელი დედამიწა ნაყოფიერ სამოთხედ იქცევა, სადაც ყველასთვის ყველაფერი უხვად იქნება (ესაია 65:21—23; ლუკა 23:43, აქ).

უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სამეფო თავის ქვეშევრდომებს მშვიდობიან ცხოვრებას ასწავლის და ამასთანავე მათ ადამიანური სრულყოფილების მწვერვალზე აიყვანს (იოანე 17:3; რომაელთა 8:21). ამიტომ ადამიანებს აღარ მოუწევთ სისუსტეებსა და ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა, რაც მათ ღვთისადმი სრულყოფილი მორჩილების შესაძლებლობასაც მისცემს და ამასთანავე ეს მათთვის სასიამოვნოც იქნება, როგორც ეს სრულყოფილი მამაკაცის, იესოს, შემთხვევაში იყო (ესაია 11:3, აქ). ფაქტობრივად, იესო ღვთისადმი ერთგული დარჩა მაშინაც კი, როდესაც დიდი ცდუნებისა და წამების პირისპირ იდგა; ერთიც და მეორეც სრულიად უცხო იქნება სამოთხისთვის (ებრაელთა 7:26).

რატომ მიდის ზოგი ზეცაში

ბიბლიის ბევრი მკითხველისთვის ნაცნობია იესოს სიტყვები: „მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა . . . მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ“ (იოანე 14:2, 3). განა ეს არ ეწინააღმდეგება დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედს?

ეს ორი სწავლება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. სინამდვილეში, ერთი განამტკიცებს მეორეს. დავიწყოთ ბიბლიის ცნობიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგულ ქრისტიანთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა, კერძოდ კი, 144 000, მიდის სულიერ ქმნილებად ზეცაში საცხოვრებლად. რატომ ეძლევათ მათ ეს შესანიშნავი ჯილდო? იმიტომ რომ მათგან შედგება ის ჯგუფი, რომელიც იოანემ ხილვაში იხილა და რომლებიც „გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს“ (გამოცხადება 14:1, 3; 20:4—6). დედამიწაზე მყოფ მილიარდებთან შედარებით 144 000 ნამდვილად ‘მცირე სამწყსოა’ (ლუკა 12:32). გარდა ამისა, მათთვის, ისევე როგორც იესოსთვის, უცხო არ არის ადამიანთა პრობლემები და ამიტომაც, კაცობრიობისა და დედამიწის რეაბილიტაციის ზედამხედველობისას შეძლებენ ‘თანაგვიგრძნონ ჩვენს უძლურებებში’ (ებრაელთა 4:15).

დედამიწა — ადამიანთა სამუდამო სახლი

იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით უზრუნველყოფის მეშვეობით ღმერთმა თითქმის 2000 წლის წინათ 144 000-ის შეკრება დაიწყო; დღეს კი გვაქვს საფუძველი იმისათვის, რომ ვთქვათ — ამ ჯგუფის შეკრება დამთავრებულია (საქმეები 2:1—4; გალატელთა 4:4—7). მაგრამ იესომ მსხვერპლი მხოლოდ 144 000-თვის კი არ გაიღო, არამედ ‘მთელი წუთისოფლისთვის’ (1 იოანე 2:2). ამიტომ ყველას, ვინც იესოსადმი რწმენას ავლენს, მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა აქვს (იოანე 3:16). ისინი, ვისაც სამარხებში სძინავს, მაგრამ ღვთის მეხსიერებაში ცოცხლობენ, მკვდრეთით აღდგებიან არა ზეცაში, არამედ განწმენდილ დედამიწაზე საცხოვრებლად (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11—13, 25; საქმეები 24:15). რა მოელით იქ მათ?

გამოცხადების 21:1—4 ამ კითხვას შემდეგი სიტყვებით პასუხობს: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის!.. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. წარმოიდგინეთ, ადამიანები თავისუფალი არიან სიკვდილისგან და ტკივილი და გოდება, რომელიც მას თან სდევს ხოლმე, სამუდამოდ გაქრება! საბოლოოდ დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა დიდებულად განხორციელდება (დაბადება 1:27, 28).

ჩვენი არჩევანი — სიცოცხლე თუ სიკვდილი

ადამი და ევა არასოდეს დამდგარან ზეცაში ცხოვრების არჩევნის პირისპირ. მათი არჩევანი იყო — დამორჩილებოდნენ ღმერთს და მარადიულად ეცხოვრათ სამოთხეში დედამიწაზე ან არ დამორჩილებოდნენ და მომკვდარიყვნენ. სამწუხაროდ, მათ დაუმორჩილებლობა არჩიეს, რის შედეგადაც, ღვთის სიტყვისამებრ, კვლავ მიწის „მტვრად“ იქცნენ (დაბადება 2:16, 17; 3:2—5, 19). ღვთის განზრახვა მთლიანობაში ადამიანების მიმართ არასოდეს ყოფილა ის, რომ ისინი მომკვდარიყვნენ და სამარის გავლით ზეცაში წასულიყვნენ. ღმერთმა უთვალავი ანგელოზი შექმნა ზეცაში საცხოვრებლად; ეს სულიერი ქმნილებები არ არიან ადამიანები, რომლებიც მოკვდნენ და მკვდრეთით აღდგენილ იქნენ ზეცაში საცხოვრებლად (ფსალმუნი 103:1, 4; დანიელი 7:10).

რა უნდა ვქნათ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების კურთხევის მისაღებად? პირველი ნაბიჯი ღვთის სიტყვის, წმინდა ბიბლიის, შესწავლაა. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, — თქვა იესომ ლოცვისას, — რომ იღებდნენ შემეცნებას შენზე, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე, და მასზე, ვინც შენ მოავლინე — იესო ქრისტეზე“ (იოანე 17:3, აქ).

ამ შემეცნების პრაქტიკული გამოყენება კი სამოთხეში მარადიული ბედნიერებისკენ მიმყვანი მეორე ნაბიჯია (იაკობი 1:22—24). ღვთის სიტყვის თანახმად მცხოვრებთ აქვთ პერსპექტივა, საკუთარი თვალით იხილონ ესაიას 11:9-ში ჩაწერილი შემდეგი აღმაფრთოვანებელი წინასწარმეტყველების შესრულება: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 თუ რატომ ავლენდა ღმერთი შემწყნარებლობას ზეცაში და დედამიწაზე არსებული ბოროტებისადმი, იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, რომელიც გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ; გვერდები 70—79.

[სურათები 7 გვერდზე]

„მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29).