ხარ თუ არა გონიერი?
ხარ თუ არა გონიერი?
ისრაელში თავკაცების დანიშვნისას, მოსე ეცადა, ამოერჩია «ბრძენი, გაგებული [„გონიერი“, აქ] და გამოცდილი კაცები» (მეორე რჯული1:13). გამოცდილება, რომელიც თან ახლდა ასაკს, არ იყო ამორჩევის ერთადერთი კრიტერიუმი. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სიბრძნე და გონიერება.
გონიერი ადამიანი კარგი განსჯის უნარს ავლენს საუბარსა და საქციელში. ვებსტერის ლექსიკონის თანახმად, გონიერ ადამიანს აგრეთვე „შეუძლია წინდახედულება გამოავლინოს და, როცა საჭიროა, დუმილი შეინარჩუნოს“ (Webster’s Ninth New Collegiate Dictionary). დიახ, არის „ჟამი უბნობისა“, და „ჟამი დუმილისა“, გონიერ ადამიანს ესმის ეს სხვაობა (ეკლესიასტე 3:7). ხშირად დუმილისთვის კარგი საბაბი არსებობს, ვინაიდან ბიბლიაში ნათქვამია: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია“ (იგავნი 10:19).
ქრისტიანები სიფრთხილეს ავლენენ იმისათვის, რომ გონიერნი იყვნენ ერთმანეთთან ურთიერთობისას. ის, ვინც ყველაზე ბევრს და დამაჯერებლად ლაპარაკობს, არ არის ყოველთვის ყველაზე გამორჩეული და უბადლო. გაიხსენეთ, მოსე იყო „ძლიერი სიტყვით“, მაგრამ მას არ შეეძლო ეფექტურად ეხელმძღვანელა ისრაელი ერისთვის მანამ, სანამ არ გამოიმუშავა მოთმინება, თვინიერება და თავშეკავება. ამიტომ ისინი, ვისაც უფლებამოსილება აქვთ სხვებზე, განსაკუთრებულად უნდა ეცადონ, იყვნენ თავმდაბალნი და გამოავლინონ თვინიერება (იგავნი 11:2).
ისინი, ვისაც იესომ მიანდო ‘მთელი თავისი საბადებელი’, ღვთის სიტყვაში აღწერილი არიან როგორც „ერთგული და გონიერი მონა“ (მათე 24:45—47). ისინი კადნიერნი არ არიან და იეჰოვას წინ არ უსწრებენ ახირებულად, და არც უკან რჩებიან, როცა რაიმე საკითხთან დაკავშირებით მისი ხელმძღვანელობა ნათელია. მათ იციან, როდის არის ჟამი უბნობისა და როდის — ჟამი დუმილისა შემდგომი ახსნისა და ნათელყოფის მოლოდინში. კარგი იქნება, თუ ყველა ქრისტიანი არა მხოლოდ მონის კლასის რწმენას მიჰბაძავს, არამედ მათსავით გონიერი იქნება (ებრაელთა 13:7).