არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გმართებთ სხვა რელიგიების გამოკვლევა?

გმართებთ სხვა რელიგიების გამოკვლევა?

გმართებთ სხვა რელიგიების გამოკვლევა?

„თითქმის ერთი წლის განმავლობაში ქრისტიანულ შეხვედრებს ვესწრებოდი და სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ ვესაუბრებოდი“, — თქვა მიგელმა, რომელიც ამჟამად იეჰოვას მოწმეა სამხრეთ ამერიკაში. — „შემდეგ კი რადიოთი რელიგიური პროგრამების მოსმენა და ტელევიზიით რელიგიური მქადაგებლების გამოსვლის ყურება დავიწყე. ვფიქრობდი, რომ ასეთი პროგრამები დამეხმარებოდა, უკეთესად გამეგო სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის. ვხვდებოდი, რომ მათი სწავლებები არ იყო შეთანხმებული ბიბლიასთან, მაგრამ ამგვარი მოქმედებისკენ ცნობისმოყვარეობა აღმძრავდა“.

იმავე ქვეყანაში ხორხე მთელი ენთუზიაზმით ასწავლიდა სხვებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესახებ. მაგრამ ერთხანს მანაც დაიწყო რადიოთი და ტელევიზიით რელიგიური პროგრამების მოსმენა და ყურება. „საჭიროა, იცოდეთ, რას ფიქრობენ სხვები“, — ამბობდა ის. როდესაც ეკითხებოდნენ, არსებობდა თუ არა იმის საშიშროება, რომ ასეთ ცრუ სწავლებებს გავლენა მოეხდინა მის სულიერობაზე, ის პასუხობდა: „არაფერს შეუძლია ძირი გამოუთხაროს იმ ადამიანის რწმენას, რომელმაც იცის ბიბლიური ჭეშმარიტება“. ეს შემთხვევები მნიშვნელოვან კითხვას წამოჭრის: არის თუ არა გონივრული იმის მოსმენა, თუ რა სწამთ სხვებს?

ჭეშმარიტი ქრისტიანობის ამოცნობა

მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა შეიბღალა ქრისტიანობისმაგვარი ბევრი პროგრესულად მზარდი რელიგიური მიმდინარეობით. იესომ, რომელმაც წინასწარ იცოდა ამის შესახებ, დაგვანახვა, თუ როგორ უნდა გაგვერჩია ქრისტიანობის ეს ცრუ მიმდინარეობები ჭეშმარიტი ქრისტიანობისგან. თავდაპირველად მან ასეთი სიტყვებით გაგვაფრთხილა: „ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან“. შემდეგ კი დასძინა: „მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:15—23). იესოს ერთგული მიმდევრები პრაქტიკულად იყენებენ იმას, რასაც ის ასწავლიდა და მათი ამოცნობა ადვილად შეიძლება კარგი ნაყოფებით. ისინი, იესოს მსგავსად, ინახულებენ ხალხს, რათა საღვთო წერილიდან აუხსნან ღვთის სამეფოს მნიშვნელობა; მიჰყვებიან იესოს მაგალითს იმით, რომ არ ერევიან პოლიტიკასა და სოციალურ კონფლიქტებში. ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ და აფასებენ მას, როგორც ჭეშმარიტებას. აცხადებენ ღვთის სახელს და ვინაიდან სიყვარულის გამოვლენას ცდილობენ — რასაც ღმერთი გვასწავლის — ომებში კი არ მონაწილეობენ, არამედ ერთმანეთს ძმებივით ეპყრობიან (ლუკა 4:43; 10:1—9; იოანე 13:34, 35; 17:16, 17, 26).

ბიბლიის დახმარებით შესაძლებელია ‘გაარჩიოთ მართალი და ბოროტეული, ღვთის მორჩილი და მისი ურჩი’ (მალაქია 3:18). დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, გაერთიანებული არიან აზრითა და საქმით (ეფესელთა 4:4—6). რადგან ერთხელ უკვე ამოიცანით ასეთი ნამდვილი ქრისტიანებისგან შემდგარი საზოგადოება, რატომ უნდა დაინტერესდეთ სხვების მრწამსით?

ვერიდოთ ცრუ მასწავლებლებს

ღვთის სიტყვა გვამცნობს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების შემეცნების შემდეგაც კი არსებობს ცრუ სწავლებებით სულიერად მოწამვლის საშიშროება. მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა: „გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით, და არა ქრისტეს მიხედვით“ (კოლასელთა 2:8). რა ცოცხალ სურათს გვიხატავს ეს მუხლი! მხეცთა მსგავსად, რომლებსაც თქვენი გატაცება და შესანსვლა სურთ, ცრუ მასწავლებლებსაც შეუძლიათ ნამდვილი საშიშროების წინაშე დაგაყენონ.

პავლემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა სწამდათ სხვებს. ერთხელ მან საუბარი შემდეგი სიტყვებით წამოიწყო: «კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ. ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელზეც აწერია: „უცნობ ღმერთს“» (საქმეები 17:22, 23). მაგრამ ის რეგულარულად არ კვებავდა თავის გონებას ბერძენი ორატორების ფილოსოფიებით.

ერთია, შეიტყო ცრუ რელიგიების წარმოშობისა და მრწამსის შესახებ, მაგრამ სულ სხვაა, იკვებო მათით *. იეჰოვამ „ერთგული და გონიერი მონა“ თავის სიტყვაზე დაფუძნებული სწავლებებით ადამიანთა უზრუნველსაყოფად დანიშნა (მათე 4:4; 24:45). პავლემ დაწერა: „არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. ნუთუ ვბედავთ უფლის განრისხებას?“ (1 კორინთელთა 10:20—22).

ზოგი ცრუ მასწავლებელი შეიძლება ადრე ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, მაგრამ განუდგნენ ჭეშმარიტებას და მცდარ გზას დაადგნენ (იუდა 4, 11). ეს არ უნდა იყოს გასაკვირი ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც იესომ ‘ერთგულ და გონიერ მონაზე’ ისაუბრა, რომელიც სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენს, მოიხსენია ‘ბოროტი მონა’ — ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს: „იგვიანებსო ჩემი ბატონი“ და იწყებს თავისი თანამონების ცემას (მათე 24:48, 49). ხშირად ამ ადამიანებსა და მათ მიმდევრებს არ გააჩნიათ საკუთარი ნათელი სწავლებები; ისინი დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, რომ სხვების რწმენას გამოუთხარონ ძირი. მათ შესახებ მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას“ (2 იოანე 10; 2 კორინთელთა 11:3, 4, 13—15).

გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას, კარგად იქცევიან, როცა სერიოზულად უფიქრდებიან იმას, რასაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისგან ისმენენ. დადგება დრო, როცა ღმერთი აკურთხებს გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას. ბიბლიაში ღვთიური სიბრძნის შესახებ ნათქვამია: „ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“ (იგავნი 2:4, 5). ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებმაც ბიბლიისა და ქრისტიანული კრების დახმარებით შეიძინეს ღვთის ეს შემეცნება და დაინახეს, თუ რა კურთხევებს აფრქვევს იეჰოვა მათ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ შემეცნებით, აღარ უსმენენ ცრუ რელიგიის მოძღვრებებს (2 ტიმოთე 3:14).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“ (ინგლ.), რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ, გვაწვდის ძირითად ინფორმაციას მსოფლიოში არსებული მრავალი რელიგიის წარმოშობისა და სწავლებების შესახებ.