არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვაქციე სულიწმიდა ჩემს დამხმარედ?

ვაქციე სულიწმიდა ჩემს დამხმარედ?

ვაქციე სულიწმიდა ჩემს დამხმარედ?

თეოლოგებს, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთოდ ხალხზე, ღვთის სულიწმიდის შესახებ სხვადასხვაგვარი წარმოდგენები აქვთ, მაგრამ ასეთი გაურკვევლობა ნამდვილად უადგილოა, რადგან ბიბლია ნათლად გვიხსნის იმას, თუ რა არის სულიწმიდა. ის პიროვნება კი არ არის, როგორც ზოგიერთი აცხადებს, არამედ ძლიერი მოქმედი ძალაა, რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებს (ფსალმუნი 103:30; საქმეები 2:33; 4:31; 2 პეტრე 1:21).

რადგან სულიწმიდა ესოდენ დაკავშირებულია ღვთის განზრახვების შესრულებასთან, ჩვენი ცხოვრების მასთან შეთანხმება გვესაჭიროება. ისიც გვესაჭიროება, რომ ის ჩვენი პირადი დამხმარე იყოს.

დამხმარე — რატომ არის საჭირო?

დედამიწიდან წასვლის წინ იესომ თავისი მოწაფეები შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: «მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს [„დამხმარეს“, აქ] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ». შემდეგ კი განაგრძო: «მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი [„დამხმარე“, აქ] ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ» (იოანე 14:16, 17; 16:7).

იესომ თავის მოწაფეებს სერიოზული დავალება მისცა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ეს ადვილი საქმე არ იქნებოდა, რადგან მის შესრულებას წინააღმდეგობას გაუწევდნენ (მათე 10:22, 23).

კრების გარედან წინააღმდეგობებს თან სდევდა კრებაში არსებული უთანხმოებები. „შეგაგონებთ, ძმანო, — მისწერა რომაელ ქრისტიანებს პავლემ ახ. წ. დაახლოებით 56 წელს, — მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ“ (რომაელთა 16:17, 18). ეს ვითარება მოციქულების სიკვდილის შემდეგ უფრო გაუარესდებოდა. პავლე გვაფრთხილებდა: „მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:29, 30).

ამ დაბრკოლების გადასალახავად საჭირო იყო ღვთის დახმარება, რომელიც ღმერთმა იესოს მეშვეობით აღმოუჩინა მოწაფეებს. მისი აღდგომის შემდეგ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მისი 120-მდე მიმდევარი „აღივსო სულიწმიდით“ (საქმეები 1:15; 2:4).

მოწაფეები მიხვდნენ, რომ ამ შემთხვევის დროს სულიწმიდის მათზე გადმოსვლა იესოს დაპირებული დახმარება იყო. ისინი ახლა, უდავოდ, უკეთესად ჩასწვდნენ იესოს სიტყვების მნიშვნელობას: «ნუგეშისმცემელი [„დამხმარე“, აქ] კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს» (იოანე 14:26). მან აგრეთვე მას ‘ნუგეშისმცემელი [„დამხმარე“, აქ], ჭეშმარიტების სული’ უწოდა (იოანე 15:26).

როგორ გვეხმარება სულიწმიდა?

სულიწმიდა რამდენიმე მხრივ უნდა ყოფილიყო დამხმარე. პირველი, იესო დაჰპირდა, რომ სულიწმიდა მოციქულებს იმას გაახსენებდა, რასაც იესო ელაპარაკებოდა მათ. ამით იესო არ გულისხმობდა, რომ ის მათ მხოლოდ სიტყვების გახსენებაში დაეხმარებოდა. სულიწმიდა უნდა დახმარებოდა მათ იმის ღრმა მნიშვნელობის გაგებაში, რაც იესომ ასწავლა (იოანე 16:12—14). ერთი სიტყვით, სულიწმიდის ხელმძღვანელობით მოწაფეები უკეთესად გაიგებდნენ ჭეშმარიტებას. მოციქულმა პავლემ მოგვიანებით დაწერა: „ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც“ (1 კორინთელთა 2:10). იესოს სულითცხებულ მიმდევრებს სხვებისთვის რომ გადაეცათ ზუსტი შემეცნება, ჯერ თვითონ უნდა სცოდნოდათ კარგად.

მეორე, იესომ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ ელოცათ და ეს საკმაოდ ხშირად გაეკეთებინათ. თუ ხანდახან არ იცოდნენ, რაზე ელოცათ, სულიწმიდა შუამდგომლობდა ან ეხმარებოდა მათ. „ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში. ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით“ (რომაელთა 8:26).

მესამე, სულიწმიდა უნდა დახმარებოდა იესოს მოწაფეებს ჭეშმარიტების საჯაროდ დაცვაში. მან გააფრთხილა მოწაფეები: „ისინი გადაგცემენ სამსჯავროებში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში“ (მათე 10:17—20).

სულიწმიდა აგრეთვე დამხმარე უნდა ყოფილიყო ქრისტიანული კრების ამოსაცნობად და მისი წევრები უნდა აღეძრა გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად. მოდი განვიხილოთ ეს ორი ასპექტი უფრო დეტალურად და დავინახოთ, რატომ არის დღეს ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

ამოსაცნობი ნიშანი

საუკუნეების მანძილზე იუდეველები, როგორც ღვთის რჩეული ხალხი, მოსეს რჯულს ექვემდებარებოდნენ. რადგან მათ იესო, მესია, უარყვეს, მან იწინასწარმეტყველა, რომ მალე თვითონ ისინი იქნებოდნენ უარყოფილი: „ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ‘ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’? ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ (მათე 21:42, 43). რადგან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, ქრისტეს მიმდევრები გახდნენ ‘ნაყოფის მომცემი ერი’. მას შემდეგ ეს კრება იყო ღვთის საკომუნიკაციო არხი. რათა ხალხი მიხვედრილიყო, რომ ღვთის კეთილგანწყობილებამ მათზე გადაინაცვლა, მან უტყუარი ამოსაცნობი ნიშანი მისცა მათ.

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის მეშვეობით მოწაფეები იმ ენებზე ამეტყველდნენ, რომლებიც არასდროს უსწავლიათ, და გაოცებული მსმენელები კითხულობდნენ: „როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?“ (საქმეები 2:7, 8). უცხო ენებზე ლაპარაკის უნარმა და ამასთანავე „მრავალმა სასწაულმა და ნიშანმა, [რომელიც] ხდებოდა მოციქულთა მიერ“, შეაგნებინა დაახლოებით სამიათას ადამიანს, რომ ღვთის სული ნამდვილად მოქმედებდა (საქმეები 2:41, 43).

აგრეთვე „სულის ნაყოფების“ — სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდისა და თავშეკავების — გამოვლენით ყველა აშკარად მიხვდებოდა, რომ ქრისტეს მოწაფეები ღვთის მსახურები იყვნენ (გალატელთა 5:22, 23). ფაქტობრივად, სიყვარული ქრისტიანული კრების ცნობილი ამოსაცნობი ნიშანი იყო. იესომ იწინასწარმეტყველა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35).

პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ და სარგებლობდნენ მისი დახმარებით. ქრისტიანებმა იციან, რომ დღეს ღმერთი არ აღადგენს მკვდრებს და არ ახდენს სასწაულებს ისევე, როგორც პირველ საუკუნეში. ამიტომ ისინი ავლენენ ღვთის სულის ნაყოფებს, რომელთა მეშვეობითაც მათ იესოს ნამდვილ მოწაფეებად იცნობენ (1 კორინთელთა 13:8).

დამხმარე პირადი გადაწყვეტილების მიღებისას

ბიბლია სულიწმიდით დაიწერა. ამიტომ როდესაც ბიბლიას ვემორჩილებით, ეს იგივეა, რომ სულიწმიდა გვხელმძღვანელობს (2 ტიმოთე 3:16, 17). ეს დაგვეხმარება გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ ვაძლევთ სულიწმიდას იმის საშუალებას, რომ ამგვარად გვიხელმძღვანელოს?

რას ვიტყოდით ჩვენი საქმიანობის ან სამუშაოს არჩევის შესახებ? სულიწმიდა დაგვეხმარება, რომ მომავალ სამუშაოს იეჰოვას თვალით შევხედოთ. ჩვენი სამუშაო შეთანხმებული უნდა იყოს ბიბლიურ პრინციპებთან და უმჯობესია, ხელს გვიწყობდეს სულიერი მიზნების განხორციელებაში. ხელფასი, თანამდებობა და პრესტიჟი ნამდვილად მეორეხარისხოვანია. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, გვაძლევს თუ არა სამუშაო იმის შესაძლებლობას, რომ საარსებო წყარო გვქონდეს და საკმარისი დრო და ძალები მოვახმაროთ ჩვენი ქრისტიანული ვალდებულებების შესრულებას.

სიცოცხლით ტკბობის სურვილი ნორმალური და მართებულია (ეკლესიასტე 2:24; 11:9). გაწონასწორებული ქრისტიანი შეიძლება ისვენებს და ერთობა, მაგრამ მან უნდა აირჩიოს ისეთი დასვენება, რომელიც სულის ნაყოფებს ირეკლავს და არა ისეთი, რომელიც ახასიათებს „ხორცის საქმეებს“. პავლე ხსნის: „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება, და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი“. აგრეთვე ძალისხმევა გვესაჭიროება იმისათვის, რომ არ გავხდეთ „პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი“ (გალატელთა 5:16—26).

მეგობრების არჩევის მხრივაც ამნაირადვეა საქმის ვითარება. გონივრულია, ისინი სულიერობის მიხედვით ავარჩიოთ და არა გარეგნობის ან ქონების გამო. დავითი ღვთის მეგობარი იყო, ამიტომ ღმერთმა იგი ‘თავისი გულის სანდომ კაცად’ მოიხსენია (საქმეები 13:22). ღმერთს გარეგნობისთვის არ შეუხედავს, ისე აირჩია დავითი ისრაელის მეფედ ამ პრინციპის თანახმად: „ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (პირველი მეფეთა 16:7).

ათასობით მეგობრობამ შეწყვიტა არსებობა, რადგან საფუძვლად გარეგნობა და ქონება ჰქონდა. წარმავალ სიმდიდრეზე დაფუძნებული მეგობრობა შეიძლება უცბად შეწყდეს (იგავნი 14:20). ღვთის სულით შთაგონებული სიტყვა გვირჩევს, რომ იმას უნდა დავუმეგობრდეთ, ვინც იეჰოვასთვის მსახურებაში დაგვეხმარება. ის გვეუბნება, რომ იმაზე უფრო მეტი გავცეთ, ვიდრე ვიღებთ, რადგან გაცემა მეტი ნეტარებაა (საქმეები 20:35). დრო და სიყვარული ყველაზე ძვირფასია, რაც შეგვიძლია მეგობრებს მივცეთ.

ქრისტიანს, რომელიც დაქორწინებას აპირებს, ბიბლია სულიწმიდით შთაგონებულ რჩევას აძლევს. ერთი მხრივ ის ამბობს: „სახეს და ტანს კი არ უყურო, არამედ ფეხებს“. ფეხებს? დიახ, იმ გაგებით, იყენებენ თუ არა მათ იეჰოვას საქმის, კეთილი ცნობის ქადაგების, შესასრულებლად და არიან თუ არა, ასე ვთქვათ, საამური მის თვალში? დადიან ისინი ჭეშმარიტებისა და კეთილი ცნობის გასავრცელებლად? ჩვენ ვკითხულობთ: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!“ (ესაია 52:7).

„საზარელი ჟამის“ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დახმარებას ვსაჭიროებთ, რათა ღვთის ნება შევასრულოთ (2 ტიმოთე 3:1). ჩვენი დამხმარე, ღვთის სულიწმიდა, დიდად უჭერდა მხარს პირველი საუკუნის ქრისტიანების საქმიანობას და ამასთანავე ის უშუალოდ მათი შემწეც იყო. ღვთის სულიწმიდით დაწერილი ღვთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლა ის მთავარი საშუალებაა, რომლითაც ღვთის სულიწმიდას ჩვენს დამხმარედ გავხდით. ვაკეთებთ ამას?

[გვერდი 23 დათმობილი აქვს სურათს]