არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს

როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს

როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს

„მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“, — ამბობს იაკობის 4:8. იეჰოვამ საკუთარი ძე გაიმეტა ადამიანებისთვის, რითაც ცხადყო, თუ რამდენად სურს, რომ მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან.

ამ სიყვარულით აღსავსე ნაბიჯზე საპასუხოდ მოციქულმა იოანემ დაწერა: „ჩვენ გვიყვარს [ღმერთი] იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19). მაგრამ იმისათვის, რომ პირადად ჩვენ დავუახლოვდეთ ღმერთს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ეს ნაბიჯებიც ისეთივეა, როგორც ადამიანთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად საჭირო ოთხი ნაბიჯი; ისინი წინა სტატიაში იყო მოხსენიებული. ახლა კი გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანი.

შენიშნეთ ღვთის შესანიშნავი თვისებები

ღმერთს მრავალი საუცხოო თვისება აქვს, რომელთაგან უშესანიშნავესია სიყვარული, სიბრძნე, სამართლიანობა და სიძლიერე. მისი სიბრძნე და სიძლიერე უხვად ვლინდება როგორც უკიდეგანო სამყაროში, ისევე ჩვენს გარშემო, დედამიწაზე; როგორც უზარმაზარ გალაქტიკებში, ისე პაწაწინა ატომებში. ფსალმუნმომღერალი წერდა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნი 18:2).

ქმნილებებიც ირეკლავენ ღვთის სიყვარულს. მაგალითად, ჩვენი სხეულის აგებულება ცხადყოფს, რომ ღვთის სურვილია, გავიხაროთ სიცოცხლით. ღმერთმა მოგვცა უნარი: დავინახოთ ფერები, ვიგრძნოთ გემო და სუნი, დავტკბეთ მუსიკით, ვიცინოთ, სიამოვნება მოგვანიჭოს მშვენიერებამ; აგრეთვე გვაძლევს სხვა მრავალ უნარსა თუ თავისებურებას, რომლებიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად სულაც არ არის აუცილებელი. დიახ, ღმერთი ნამდვილად გულუხვი, კეთილი და მოსიყვარულეა; ეს თვისებები კი, ეჭვგარეშეა, ხელს უწყობს იმას, რომ იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ (აქ) (1 ტიმოთე 1:11; საქმეები 20:35).

იეჰოვას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის ფაქტი, რომ თავისი უზენაესი ხელისუფლების გამოვლენა და თავისი გონიერი ქმნილებების მეშვეობით ამ ხელისუფლების მხარდაჭერა, უმთავრესად, სიყვარულით არის განპირობებული (1 იოანე 4:8). მართალია, იეჰოვა უზენაესი მმართველია, მაგრამ ადამიანებს და განსაკუთრებით კი თავის ერთგულ მსახურებს ისე ექცევა, როგორც მოსიყვარულე მამა — შვილებს (მათე 5:45). ღმერთს არაფერი ენანება ადამიანთა საკეთილდღეოდ (რომაელთა 8:38, 39). როგორც უკვე აღნიშნული იყო, მან საკუთარი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლეც კი არ დაიშურა ჩვენთვის. დიახ, ჩვენს არსებობასა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივას ღვთის სიყვარულს უნდა ვუმადლოდეთ (იოანე 3:16).

იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, რითაც ღვთის შინაგანი ბუნების კარგად გაცნობის საშუალება მოგვცა (იოანე 14:9—11). მას სავსებით არ ახასიათებდა ეგოიზმი; აგრეთვე ყურადღებიანი და დაკვირვებული იყო. ერთხელ იესოსთან მოიყვანეს ყრუ და ენაბლუ მამაკაცი. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს მამაკაცი ხალხში თავს უხერხულად იგრძნობდა. საინტერესოა, რომ იესომ ის ცალკე გაიყვანა და ისე განკურნა (მარკოზი 7:32—35). აფასებთ თუ არა ისეთ პიროვნებებს, რომლებიც უფრთხილდებიან თქვენს გრძნობებს და პირად ღირსებას არ გილახავენ? თუ დიახ, თქვენ აუცილებლად მიგიზიდავთ იეჰოვა და იესო, როდესაც უფრო კარგად გაეცნობით მათ.

იფიქრეთ ღვთის თვისებებზე

ზოგს შეიძლება შესანიშნავი თვისებები ჰქონდეს, მაგრამ ამ პიროვნებამ რომ მიგიზიდოთ, მასზე ფიქრია საჭირო. იგივე პრინციპი ვრცელდება იეჰოვაზეც. მის თვისებებზე დაფიქრება მასთან დასაახლოებლად გადადგმული მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მეფე დავითმა, რომელსაც ნამდვილად უყვარდა იეჰოვა და რომელიც „[იეჰოვას] გულის სანდომი კაცი“ იყო, თქვა: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 142:5).

საოცარ ქმნილებებზე თვალყურის დევნებისას ან ღვთის სიტყვის, ბიბლიის, წაკითხვისას, დავითის მსგავსად, თქვენც უფიქრდებით თუ არა ნანახსა და წაკითხულს? წარმოიდგინეთ ბიჭი, რომელმაც საყვარელი მამისგან ეს-ესაა წერილი მიიღო. რას უზამდა ის ამ წერილს? ის ზერელედ ნამდვილად არ გადაავლებდა მას თვალს და უჯრაში არ შეაგდებდა, არამედ ყურადღებით წაიკითხავდა და ყოველ დეტალსა თუ ნიუანსს ჩასწვდებოდა. მსგავსად ამისა, ღვთის სიტყვა ჩვენთვისაც ისეთივე ძვირფასი უნდა იყოს, როგორც ფსალმუნმომღერლისთვის, რომელიც მღეროდა: „რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97).

კარგი კომუნიკაციის შენარჩუნება

კარგი კომუნიკაცია ნებისმიერი ურთიერთობის მაცოცხლებელი წყაროა. მასში შედის ლაპარაკიც და მოსმენაც, რომელშიც არა მარტო გონებაა ჩართული, არამედ გულიც. შემოქმედს ჩვენ ლოცვის საშუალებით ველაპარაკებით, რაც ღვთისადმი მოწიწებით მიმართვაა. იეჰოვა დიდი სიამოვნებით ისმენს თავის მოყვარულთა და მსახურთა ლოცვებს, რომლებსაც ესმით, რომ იესო ქრისტეა მისი მთავარი წარმომადგენელი (ფსალმუნი 64:3; იოანე 14:6, 14).

წარსულში ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა სახით, მათ შორის ხილვებით, სიზმრებითა და ანგელოზების მეშვეობით, ელაპარაკებოდა. მაგრამ დღესდღეობით ის ამას თავისი წერილობითი სიტყვის, წმინდა ბიბლიის, საშუალებით აკეთებს (2 ტიმოთე 3:16). წერილობით სიტყვას მრავალი უპირატესობა აქვს. მისი გადახედვა ნებისმიერ დროს შეიძლება. წერილის მსგავსად, შესაძლებელია მისი კვლავ და კვლავ წაკითხვა და სიამოვნების მიღება. გამორიცხულია მისი დამახინჯება, როგორც ეს ზეპირსიტყვიერად გადაცემისას ხდება ხოლმე. ასე რომ, იფიქრეთ ბიბლიაზე, როგორც საყვარელი ზეციერი მამისგან გამოგზავნილ წერილთა კრებულზე და ამ წერილების მეშვეობით მამას მიეცით იმის საშუალება, რომ ყოველდღიურად გელაპარაკოთ (მათე 4:4).

მაგალითად, ბიბლიაში მოცემულია იეჰოვას თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. მასში მოთხრობილია ადამიანთა და დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვის შესახებ. ის გვიმხელს, თუ როგორ ეპყრობა ღმერთი სხვადასხვა პიროვნებებსა და სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს — ერთგული თაყვანისმცემლებიდან დაწყებული და სასტიკი მტრებით დამთავრებული. ადამიანებთან ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ამგვარი ცნობით იეჰოვა დაწვრილებით აღგვიწერს თავის პიროვნებას. ის გვიმხელს თავის სიყვარულს, სიხარულს, მწუხარებას, იმედგაცრუებას, რისხვას, გულმოწყალებასა თუ საწუხარს — დიახ, გვიმხელს მრავალ თავის აზრსა და გრძნობას და მათ გამომწვევ მიზეზებსაც კი; ყოველივე ამას კი ისეთი სახით აკეთებს, რომ ადამიანებისთვის შესაძლებელი იყოს მათი გაგება (ფსალმუნი 77:3—7).

ღვთის სიტყვის გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ, როგორ შეგიძლიათ წაკითხულის სასარგებლოდ გამოყენება? კერძოდ კი, წაკითხულის საფუძველზე, როგორ შეგიძლიათ უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს? პირველ რიგში იმით, რომ იფიქრებთ წაკითხულზე და იმაზე, რაც ღვთის შესახებ გაიგეთ და, ამგვარად, წაკითხულს თქვენს გულში შესვლის საშუალებას მისცემთ. შემდეგ იეჰოვას ლოცვაში უთხარით თქვენი აზრები და გრძნობები წაკითხულ მასალასთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეცდებით მის სასარგებლოდ გამოყენებას. ეს არის კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, თუ სხვა რამეც გაქვთ სათქმელი, ეჭვგარეშეა, რომ ლოცვაში მათი ჩართვაც შეგიძლიათ.

საქმეების ერთად კეთება

ბიბლია მოგვითხრობს ძველი დროის იმ ზოგი ერთგული მამაკაცის შესახებ, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად, ანუ მის წინაშე, დადიოდნენ (დაბადება 6:9; მესამე მეფეთა 8:25). რას ნიშნავს ეს? ძირითადად იმას, რომ ისინი ყოველდღიურად ისე ცხოვრობდნენ, თითქოს ღმერთი უშუალოდ გვერდით ჰყოლოდათ. მართალია, ისინი ცოდვილები იყვნენ, მაგრამ უყვარდათ ღვთის რჯული და პრინციპები; ამასთანავე ღვთის განზრახვის შესაბამისად ცხოვრობდნენ. იეჰოვას იზიდავს ასეთი ადამიანები და ზრუნავს მათზე, როგორც ეს ნაჩვენებია ფსალმუნის 31:8-ში: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“.

თქვენც შეგიძლიათ იეჰოვა ახლო მეგობრად, ისეთ პიროვნებად გაიხადოთ, ვისთან ერთადაც ივლით, ვინც იზრუნებს თქვენზე და მამობრივ რჩევას მოგცემთ. წინასწარმეტყველმა ესაიამ იეჰოვა აღწერა როგორც „ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17). როდესაც ამ სიკეთეს საკუთარ თავზე განვიცდით, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს იეჰოვა „მარჯვნივ“ მოგვყვებოდეს, სწორედ ისე, როგორც ეს დავითის შემთხვევაში იყო (ფსალმუნი 15:8).

ღვთის სახელი — ყურადღებას ამახვილებს მის თვისებებზე

მრავალი რელიგია და ბიბლიის თარგმანების სულ უფრო მზარდი რაოდენობა არ იყენებს ღვთის პირად სახელს, რის გამოც ხალხისთვის უცნობი რჩება ეს სახელი (ფსალმუნი 82:19, [83:18] აქ). ებრაულ დედანში კი ეს სახელი, იეჰოვა, დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება! (საოცარი ის არის, რომ ბიბლიის მთარგმნელთა უმეტესობამ ღვთის სახელი ამოიღო თავისი თარგმანიდან, მაშინ როცა დედანში მოცემული მრავალი ცრუ ღვთაების სახელები: ბაალი, ბელი, მეროდაქი და თვით სატანაც კი გადაიტანეს!).

ზოგის აზრით ღვთის სახელის გამოტოვება უმნიშვნელო რამაა. მაგრამ დაფიქრდით, უფრო ძნელია თუ უფრო ადვილი ცოდნაზე დაფუძნებული, ახლო ურთიერთობის დამყარება უსახელო პიროვნებასთან? ისეთი ტიტულები, როგორებიცაა ღმერთი და უფალი (რომლებიც ცრუ ღვთაებებთან მიმართებაშიც გამოიყენება) შეიძლება ყურადღებას ამახვილებდეს იეჰოვას ძალაზე, უფლებამოსილებასა თუ პოზიციაზე, მაგრამ მხოლოდ მისი პირადი სახელი მიუთითებს მასზე უშუალოდ და აბსოლუტურად ნათლად (გამოსვლა 3:15, აქ; 1 კორინთელთა 8:5, 6). ჭეშმარიტი ღვთის პირად სახელში ჩანს ღვთის თვისებები და თავისებურებები. თეოლოგი უოლტერ ლოური სამართლიანად აღნიშნავდა: „ადამიანი, რომელიც ღმერთს სახელით არ იცნობს, სინამდვილეში არ იცნობს მას, როგორც პიროვნებას“.

განვიხილოთ ავსტრალიაში მცხოვრები გულწრფელი კათოლიკე ქალის, მარიას, შემთხვევა; როდესაც მასთან იეჰოვას მოწმეები პირველად მივიდნენ, მარიამ მოწმეებს საშუალება მისცა, მისთვის ბიბლიაში ღვთის სახელი ეჩვენებინათ. როგორი იყო მისი რეაქცია? „როდესაც ღვთის სახელი პირველად ვნახე ბიბლიაში, ავქვითინდი. ამგვარად იმოქმედა ჩემზე იმან, რომ შემეძლო მცოდნოდა და გამომეყენებინა ღვთის პირადი სახელი“. მარიამ ბიბლიის სწავლა განაგრძო და პირველად ცხოვრებაში გაიცნო იეჰოვა, როგორც პიროვნება და მასთან მტკიცე ურთიერთობის დამყარება შეძლო.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია ‘მივუახლოვდეთ ღმერთს’ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური თვალებით მას ვერ ვხედავთ. შეგვიძლია გონებისა და გულის თვალებით „დავინახოთ“, თუ რა საუცხოო პიროვნებაა ის და, ამგვარად, უფრო გავიღრმაოთ მისადმი სიყვარული. ასეთი სიყვარული „სრულქმნილობის კავშირია“ (კოლასელთა 3:14).

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

იეჰოვა უპასუხოდ არ ტოვებს სიყვარულს, რომელსაც მისადმი ავლენთ

ურთიერთობა ორმხრივია. როდესაც ღმერთს ვუახლოვდებით, ისიც გვიახლოვდება. განვიხილოთ, თუ რას გრძნობდა ღმერთი ხანდაზმული სიმონისა და ანას მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით არიან ბიბლიაში მოხსენიებული. სახარების დამწერი ლუკა გვიყვება, რომ სიმონი მესიის მომლოდინე „მართალი და ღვთისმოშიში“ კაცი იყო. იეჰოვამ შენიშნა სიმონში ეს შესანიშნავი თვისებები და ამ ძვირფასი ხანდაზმული მამაკაცისადმი სიყვარული იმით გამოხატა, რომ უთხრა: ‘არ იხილავ სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე’. იეჰოვამ შეასრულა თავისი დანაპირები და სიმონი ჩვილ იესოსთან მიიყვანა, რომელიც მშობლებს იერუსალიმის ტაძარში ჰყავდათ მიყვანილი. აღფრთოვანებულმა და დიდი მადლიერებით აღსავსე სიმონმა ყრმა გულში ჩაიკრა და ლოცვა აღავლინა: „აწ განუტევებ, მეუფეო, შენს მონას, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით. ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა“ (ლუკა 2:25—35).

„იმავე ჟამს“ იეჰოვამ სიყვარული 84 წლის ანას მიმართაც გამოავლინა იმით, რომ ისიც იესოსთან მიიყვანა. ამ ძვირფასი ქვრივის შესახებ ბიბლია მოგვითხრობს, რომ არასოდეს სცილდებოდა ტაძარს და იეჰოვას „ემსახურებოდა“. სიმონივით მანაც მადლიერებით აღსავსემ მადლობა შესწირა იეჰოვას უსაზღვრო სიკეთისთვის, შემდეგ კი ბავშვის შესახებ ელაპარაკებოდა „ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში“ (ლუკა 2:36—38).

დიახ, იეჰოვამ შენიშნა, თუ რამდენად ძლიერი იყო სიმონისა და ანას სიყვარული მისადმი; რამდენად დიდი იყო მათი ღვთისმოშიშება და როგორ იყვნენ დაინტერესებული მისი განზრახვის შესრულებით. განა იეჰოვასკენ არ გიზიდავთ ასეთი ბიბლიური ცნობები?

მამის მსგავსად, იესოც ხედავდა, თუ როგორი იყო სინამდვილეში შინაგანად პიროვნება. როდესაც ტაძარში ასწავლიდა, მან შენიშნა „ღარიბი ქვრივი“, რომელმაც მხოლოდ „ორი ლეპტა“ ჩააგდო საგანძურში. სხვა დამკვირვებლისთვის მისი ძღვენი შეიძლება უმნიშვნელო ყოფილიყო, მაგრამ — არა იესოსთვის. მან შეაქო ქალი იმის გამო, რომ გაიღო ყველაფერი, რაც კი ებადა (ლუკა 21:1—4). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, დიდი იქნება ჩვენი ძღვენი თუ მცირე, იეჰოვა და იესო აფასებენ ჩვენს მაქსიმალურ ძალისხმევას.

იეჰოვა ხარობს თავისი მოყვარულებით, მაგრამ გული სტკივა, როდესაც ადამიანები ზურგს აქცევენ მას და არასწორი გზებით დადიან. ბიბლია დაბადების 6:6-ში (აქ) გვეუბნება, რომ ნოეს დღეებში, წარღვნის წინ იეჰოვას ‘გული სტკიოდა’ ადამიანთა უკეთურობის გამო. მოგვიანებით, როგორც ფსალმუნის 77:41 გვიჩვენებს, ურჩი ისრაელები არაერთხელ «სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ [„ტკივილს აყენებდნენ“ აქ] სიწმიდეს ისრაელისას». დიახ, ღმერთი არ არის განკერძოებული, ისეთი „პირველმიზეზი“, რომელსაც გრძნობები არა აქვს. დიახ, ის ნამდვილად ისეთი პიროვნებაა, რომლის გრძნობებიც, ჩვენი გრძნობებისგან განსხვავებით, გაუწონასწორებელი ან არასრულყოფილებით დაჩრდილული არ არის.

[სურათები 7 გვერდზე]

იეჰოვას ქმნილებებზე დაფიქრება ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც იეჰოვასთან დაგვაახლოებს.