არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგიძლიათ დაუახლოვდეთ უხილავ ღმერთს?

შეგიძლიათ დაუახლოვდეთ უხილავ ღმერთს?

შეგიძლიათ დაუახლოვდეთ უხილავ ღმერთს?

„როგორ შეიძლება ახლო ურთიერთობა განვავითარო მასთან, ვისი დანახვაც შეუძლებელია? “ — შეიძლება იკითხოთ თქვენ. ერთი შეხედვით, ეს კითხვა შესაძლოა ლოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით:

რამდენად მნიშვნელოვანია მხედველობა სიყვარულსა და ისეთი ურთიერთობის დამყარებაში, რომელიც დროის გამოცდას უძლებს? განა უხილავი ფაქტორები ისევე — თუ არა უფრო მეტად — მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ხილული? რა თქმა უნდა! მაგალითად, ზოგიერთმა მიწერ-მოწერის საშუალებით ახლო ურთიერთობა დაამყარა ერთმანეთთან, რადგან წერილებში ჩანდა, თუ რა მოსწონდათ და რა — არა; ჩანდა მათი მიზნები, პრინციპები, იუმორის გრძნობა და სხვა პიროვნული თვისებები თუ ინტერესები.

უსინათლოთა მაგალითებიც იმაზე მეტყველებს, რომ დანახვას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინმესთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში. განვიხილოთ ედუარდისა და გვენის, უსინათლო ცოლ-ქმრის, შემთხვევა *. ედუარდი გვენს უსინათლოთა სკოლაში შეხვდა. გვენიც მასავით სრულასაკოვანი მოსწავლე იყო. ედუარდი გვენის თვისებებმა მოხიბლა, განსაკუთრებით კი საუბრებსა და საქციელში გამოვლენილმა გულწრფელობამ და სამუშაოს მიმართ საუცხოო დამოკიდებულებამ. გვენიც მიიზიდა ედუარდმა. ქალმა თქვა: „ის ყველა იმ თვისებას ავლენდა, რომლებიც, ჩემთვის ბავშვობიდან ჩანერგილი შეხედულებების თანახმად, მნიშვნელოვანი იყო“. ამ ქალ-ვაჟს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო ვითარდებოდა და სამი წლის შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც.

„როდესაც ადამიანები ერთად არიან, — ამბობს ედუარდი, — უსინათლობა არანაირად არ უშლით ხელს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის განვითარებას. მათ შეიძლება ერთმანეთი ვერ დაინახონ, მაგრამ გრძნობა ყველაფერს ხედავს“. ახლა, 57 წლის შემდეგ, ამ ცოლ-ქმარს კვლავაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. ისინი ამბობენ, რომ მათი შესანიშნავი ურთიერთობის საიდუმლო, სულ მცირე, ოთხი ფაქტორითაა განპირობებული: 1) მეორე ადამიანის თვისებების შემჩნევა, 2) ამ თვისებებზე ფიქრი და მათით მოხიბვლა, 3) კარგი კომუნიკაციის შენარჩუნება და 4) ერთად საქმიანობა.

ეს ოთხი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კარგი ურთიერთობისთვის, იქნება ეს მეგობრებს შორის, მეუღლეებს შორის თუ ადამიანსა და ღმერთს შორის; ეს უკანასკნელი კი სხვებზე მნიშვნელოვანია. მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ როგორ დაგვეხმარება ამ ფაქტორების გამოყენება ღმერთთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დანახვა შეუძლებელია *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 6 ადამიანთა ურთიერთობებისგან განსხვავებით, ღმერთთან ურთიერთობა დაფუძნებულია იმის რწმენაზე, რომ ღმერთი არსებობს (ებრაელთა 11:6). ღვთის მიმართ მტკიცე რწმენის განვითარების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.