ზნეობრივი ფასეულობების დაკნინება
ზნეობრივი ფასეულობების დაკნინება
„ასეთი რამ არასოდეს მომხდარა“, — განაცხადა ჰელმუტ შმიდტმა, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა. ის დიდად წუხდა არც ისე დიდი ხნის წინათ სახელმწიფო მოღვაწეების მიერ ჩადენილი საშინელი თაღლითობის გამო, რომლის შესახებ ინფორმაციითაც გაზეთების პირველი გვერდები იყო აჭრელებული. „ზნეობრივი ნორმები სიხარბემ შთანთქა“, — აღნიშნა მან.
მრავალი დაეთანხმებოდა ბატონ ჰელმუტს. ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებული ზნეობრივი ნორმები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყენებდნენ კარგის ცუდისგან გასარჩევ სახელმძღვანელოდ, დღეს გვერდზეა გადადებული. ეს ასეა იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც ქრისტიანულს უწოდებენ.
აქტუალურია ბიბლიის ზნეობრივი ნორმები?
ბიბლიის სწავლებაზე დაფუძნებულ ზნეობრივ ნორმებში გულწრფელობა და პატიოსნებაც შედის. მაგრამ დღეს თაღლითობა, კორუფცია და სიცრუე ფართოდ არის გავრცელებული. ლონდონის „ტაიმზი“ აღნიშნავს, რომ სამძებრო პოლიციის ზოგი თანამშრომელი „ნარკოტიკების კონფისკაციის შემდეგ მათი კვლავ ბრუნვაში გაშვების ან დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლების წინააღმდეგ არსებული მტკიცებების
მიჩქმალვის გზით 100 000 გირვანქა სტერლინგს იჯიბავს“. ავსტრალიაში სადაზღვევო საქმეებში თაღლითობა ჩვეულებრივი მოვლენაა. გერმანიის სამეცნიერო წრეებს კი თავზარი დასცა მკვლევარების მიერ ახლახან აღმოჩენილმა „თაღლითობის ერთ-ერთმა ყველაზე აღმაშფოთებელმა შემთხვევამ, რაც გერმანიის სამეცნიერო წრეებში ხდება“. ერთ პროფესორს, „გერმანული გენეტიკის ერთ-ერთ კორიფეს“, ბრალად დაედო ფალსიფიკაცია ან დიდძალი ფაქტების შეთხზვა.
ბიბლიურ ზნეობრივ ნორმებში ცოლ-ქმრის ერთმანეთისადმი ერთგულებაც შედის და მათი ურთიერთობა მარადიული უნდა იყოს. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი წყვილის ქორწინება მთავრდება განქორწინებით. კათოლიკური გაზეთი „თანამედროვე ქრისტიანი“ აღნიშნავს, რომ „კონსერვატიულ შვეიცარიაშიც კი სულ უფრო და უფრო მეტი ოჯახი ინგრევა“. ნიდერლანდებში ქორწინებათა 33 პროცენტი განქორწინებით მთავრდება. ერთი მანდილოსანი, რომელმაც გერმანიაში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები შენიშნა, გულისტკივილით წერდა: „ქორწინებას დღეს ძველმოდურად და დრომოჭმულად მიიჩნევენ. დაქორწინება უკვე აღარ ნიშნავს ცხოვრების თანამგზავრის არჩევას“.
მეორე მხრივ, მილიონობით ადამიანს მიაჩნია, რომ ზნეობრივი ნორმები, რომლებსაც ბიბლია ასწავლის, დღესაც სანდო და აქტუალურია. შვეიცარია-გერმანიის საზღვარზე მცხოვრებმა ერთმა ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ ბიბლიური ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრებამ ისინი უფრო გააბედნიერა. როგორც მათ აღნიშნეს, „ცხოვრების ნებისმიერი სფეროსთვის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო არსებობს. ეს სახელმძღვანელო კი ბიბლიაა“.
თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება ბიბლია ძვირფასი სახელმძღვანელო იყოს? პრაქტიკულია დღეისთვის ბიბლიის ზნეობრივი ნორმები?