მსოფლიო მშვიდობა — როგორ შეიძლება მისი დამყარება?
მსოფლიო მშვიდობა — როგორ შეიძლება მისი დამყარება?
დაამყარებენ მალე მსოფლიო მშვიდობას? ერთ დროს ბევრი ფიქრობდა ასე, მაგრამ ახლა სკეპტიკურად არიან განწყობილი. ერთ სამხრეთ აფრიკულ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რომელშიც ჩვენს მომავალთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები იყო განხილული, „ახალი მსოფლიო წესრიგის თაობაზე 10 წლის წინათ გაკეთებული პროგნოზები ამჟამად უიმედო და უსაფუძვლოდ ოპტიმისტური ჩანს“ (Daily Mail & Guardian).
ავტორები მსჯელობენ იმ ოპტიმისტურ სულისკვეთებაზე, რომელიც სულ რაღაც ათწლეულის წინათ მთელ მსოფლიოში დომინირებდა. ცივი ომი ის-ის იყო დასრულდა და ზესახელმწიფოთა შორის კონფლიქტიც აღარ არსებობდა. იმ პერიოდში, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისად მიაჩნდათ, ბევრი ელოდა, რომ კაცობრიობა სიღარიბესთან, ავადმყოფობასთან და გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში წარმატებას მიაღწევდა. „ეს პროგნოზები ამჟამად უიმედო და აბსოლუტურად უტოპიური ჩანს, — ნათქვამია ცნობაში, — ახალმა კონფლიქტებმა ისეთ ტერიტორიებზე იფეთქა, სადაც ძნელი წარმოსადგენი იყო მათი წარმოშობა. მსოფლიოში კვლავ იზრდება ღარიბთა რიცხვი. ბირთვულ სახელმწიფოთა რიცხვს ორი ახალი ქვეყანა შეემატა. გაეროს რეპუტაცია შეილახა მთელ რიგ კრიზისებზე არასათანადო რეაგირების გამო. განწყობილება უტოპიურიდან ანტიუტოპიურისკენ იცვლება“.
ბიბლიის მკვლევარებმა იციან, რომ ადამიანთა მცდელობები, როგორი კეთილშობილურიც უნდა იყოს, ვერასდროს იქნება სავსებით წარმატებული. რატომ? იმიტომ რომ, როგორც ბიბლია აღნიშნავს, «მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს [„ბოროტის ძალაუფლებაშია“, აქ» (1 იოანე 5:19). სატანის ზეგავლენის გამო შეუძლებელია სამოთხის პირობების დამყარება დედამიწაზე, თუმცა ღმერთმა დედამიწა სწორედ ამისთვის შექმნა.
მაგრამ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი. იეჰოვა გვპირდება, რომ დაამყარებს მსოფლიო მშვიდობას არა ამ წუთისოფლის გამოსწორებით, არამედ იმით, რომ დააფუძნებს ‘ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე’ (2 პეტრე 3:13). დიახ, ღვთის სამეფო ჩვენს დედამიწას გადააქცევს მშვიდობიან, სიხარულით სავსე სახლად, სადაც ცხოვრება და მუშაობა მუდმივ ბედნიერებას მოუტანს მორჩილ კაცობრიობას. გარდა ამისა, ღმერთი გვპირდება, რომ „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“. ეს დაპირებები არ არის დაფუძნებული ადამიანთა საეჭვო პროგნოზებზე. ისინი იმ შემოქმედის საიმედო სიტყვაზეა დაფუძნებული, რომელიც უტყუარი ღმერთია (გამოცხადება 21:4; ტიტე 1:2).