არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს“!

„ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს“!

ბიოგრაფია

„ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს“!

მოგვითხრო ჰერბერტ მიულერმა

ჰიტლერის ჯარის შემოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ნიდერლანდებში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა. მალე ჩემი სახელი ნაცისტების მიერ შედგენილ განსაკუთრებულ ძებნილთა სიაში გამოჩნდა; ჩემზე ისე ნადირობდნენ, როგორც ცხოველზე.

ერთხელ დამალვითა და აქეთ-იქით სირბილით იმდენად გამომეცალა ძალები, რომ მეუღლეს ვუთხარი, თუ ნაცისტების ჯარი დამიჭერს, იქნებ შვებაც კი ვიგრძნო-მეთქი. შემდეგ გამახსენდა ერთი სიმღერის სიტყვები: „ო, როგორ მსურს გაუნელებელი რწმენა მქონდეს, თუნდაც უამრავმა მტერმა შემომიტიოს“ *. ამ სიმღერაზე დაფიქრებამ გამაძლიერა და გამახსენა გერმანიაში მყოფი ჩემი მშობლები და ის დღე, როცა ჩემი მეგობრები ამ სიმღერით მემშვიდობებოდნენ. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ეს მოგონებები.

მშობლების მაგალითი

დავიბადე 1913 წელს გერმანიის ქალაქ კოპიცში. მაშინ ჩემი მშობლები ევანგელისტური ეკლესიის წევრები იყვნენ *. 1920 წელს, შვიდი წლის შემდეგ, მამამ მიატოვა ეკლესია. 6 აპრილს კი მოითხოვა „კირხენაუსთრიცბეშაინიგუნგი“ (განცხადება ეკლესიიდან წასვლის თაობაზე). მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს მოხელემ განცხადება შეავსო. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მამა კვლავ მივიდა ამ ბიუროში იმის ასახსნელად, რომ ამ განცხადებაში არ იყო შეტანილი მისი ქალიშვილის სახელი. მოხელემ მეორე საბუთი შეავსო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეკლესია მართა-მარგარიტა მიულერმაც დატოვა. იმ დროს ჩემი და, მარგარიტა, წლინახევრის იყო. როდესაც საქმე იეჰოვასთვის მსახურებას ეხებოდა, მამას ყველაფრის ბოლომდე მიყვანა უყვარდა.

იმავე წელს ბიბლიის მკვლევარებმა (ასე იყვნენ მაშინ ცნობილი იეჰოვას მოწმეები) ჩემი მშობლები მონათლეს. მამა მკაცრად გვზრდიდა, მაგრამ იეჰოვასადმი მისმა ერთგულებამ გაგვიადვილა მისი ხელმძღვანელობით ცხოვრება. ამავე დროს, ღვთისადმი ერთგულებამ ჩემი მშობლები ცვლილებების მოსახდენად აღძრა. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ისინი კვირაობით გარეთ თამაშის ნებას არ გვრთავდნენ. მაგრამ 1925 წლის ერთ კვირა დღეს ჩვენმა მშობლებმა გვითხრეს, რომ სასეირნოდ წასვლას ვაპირებდით. ჩვენ თან წავიღეთ მცირეოდენი წასახემსებელი და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო — რამხელა ცვლილება იყო ეს იმასთან შედარებით, როცა მთელი დღის განმავლობაში გამოკეტილი ვიყავით სახლში! მამამ თქვა, რომ მისთვის ნათელი მოეფინა ზოგ საკითხს ცოტა ხნის წინათ ჩატარებულ კონგრესზე, რამაც შეუცვალა თვალსაზრისი კვირის საქმიანობებთან დაკავშირებით. ის სხვა დროსაც ასეთივე მზადყოფნას ავლენდა სწორი თვალსაზრისის გასათავისებლად.

თუმცა ჩემს მშობლებს ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს, არ წყვეტდნენ სამქადაგებლო საქმიანობას. მაგალითად, ტრაქტატი „სამღვდელოების მხილება“ რომ გაგვევრცელებინა, ერთ საღამოს კრების დანარჩენ წევრებთან ერთად მატარებელში ჩავსხედით და ქალაქ რეგენსბურგში გავემგზავრეთ, რომელიც დრეზდენიდან დაახლოებით 300 კილომეტრით არის დაშორებული. მომდევნო დღეს მთელ ქალაქში გავავრცელეთ ტრაქტატები და კვლავ მატარებლით დავბრუნდით. იმ დროისთვის, როცა უკვე სახლში ვიყავით, თითქმის 24 საათი იყო გასული.

მშობლიური კერის დატოვება

ჩემს კრებაში არსებულ „იუგენდგრუპესთან“ (ახალგაზრდების ჯგუფი) ურთიერთობაც ხელს მიწყობდა სულიერ ზრდაში. ყოველ კვირას 14 წელს გადაცილებული ახალგაზრდები კრების ზოგ ხანდაზმულ ძმას ხვდებოდნენ. ჩვენ ვთამაშობდით, ვუკრავდით მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ვსწავლობდით ბიბლიას და ვსაუბრობდით შემოქმედებისა და მეცნიერების შესახებ. მაგრამ 1932 წელს, როცა 19 წლის ვიყავი, ჩემი ურთიერთობა ამ ჯგუფთან შეწყდა.

ამავე წლის აპრილში მამამ მაგდებურგში არსებული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალიდან წერილი მიიღო. საზოგადოება ეძებდა ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მანქანის მართვა და სურდა პიონერად მსახურება. ვიცოდი, რომ ჩემი მშობლების სურვილი იყო, პიონერად მემსახურა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი ამას. რადგან ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ, 14 წლის ასაკში დავიწყე ველოსიპედების, საკერავი და საბეჭდი მანქანებისა და სხვა საოფისე მოწყობილობების შეკეთება. როგორ მიმეტოვებინა ჩემი ოჯახი? მათ ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. გარდა ამისა, მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მონათლული. ერთხელ მამა მომიჯდა და გამესაუბრა იმის გამოსარკვევად, მესმოდა თუ არა მონათვლის მნიშვნელობა. როდესაც ჩემმა პასუხებმა დაარწმუნა იმაში, რომ სულიერად საკმაოდ მოწიფული ვიყავი და რომ შემეძლო მოვნათლულიყავი, თქვა: „შენ საკუთარი თავი უნდა წარადგინო ამ დანიშნულების შესასრულებლად“, რაც გავაკეთე კიდეც.

ერთი კვირის შემდეგ მოწვევა მივიღე, მაგდებურგში ჩასასვლელად. როდესაც ამის თაობაზე ახალგაზრდების ჯგუფში მყოფ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, მათ მოისურვეს მხიარული სიმღერით ჩემი გაცილება. მათ გაუკვირდათ, როცა ისეთი სიმღერა ავირჩიე, რომელიც მათი აზრით, საკმაოდ სერიოზული იყო. მიუხედავად ამისა, ზოგმა ხელი დაავლო თავის ვიოლინოს, მანდოლინასა და გიტარას და ყველამ ერთად იმღერა: „ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს, თუნდაც უამრავმა მტერმა შემომიტიოს — რწმენა, რომელიც არ შეუდრკება არანაირ წუთისოფლისეულ გასაჭირს“. იმ დღეს ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რამდენჯერ გამაძლიერებდა ეს სიტყვები მომდევნო წლებში.

მშფოთვარე დასაწყისი

მას შემდეგ, რაც მაგდებურგში ძმებმა შეამოწმეს, თუ რამდენად კარგად ვმართავდი მანქანას, მე და ოთხ სხვა პიონერს მოგვანდეს მანქანა და შნაიფელისკენ, ბელგიასთან ახლოს მდებარე რაიონისკენ, გავემგზავრეთ. ჩვენ მალე მივხვდით, რამდენად აუცილებელი იყო, გვყოლოდა მანქანა. ამ რაიონში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს არ მოსწონდათ ჩვენი იქ ყოფნა და მღვდლებისგან წაქეზებული სოფლელები ხშირად მზად იყვნენ, გამოგვდევნებოდნენ. ბევრჯერ ძლივს მოგვისწრია მანქანით გაქცევა, სანამ სოფლელები თავიანთი თოხებითა და ფიწლებით შეტევაზე გადმოვიდოდნენ.

1933 წელს, გახსენების საღამოს შემდეგ, რეგიონალურმა ზედამხედველმა, პოლ გროსმანმა, გვითხრა, რომ გერმანიაში საზოგადოების საქმიანობა ოფიციალურად აიკრძალა. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ფილიალმა მთხოვა, მანქანით ჩავსულიყავი მაგდებურგში, წამომეღო იქიდან ლიტერატურა და გადამეტანა საქსონიის ოლქში, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრით არის დაშორებული მაგდებურგიდან. მაგრამ, ვიდრე მაგდებურგში ჩავაღწევდი, გესტაპოს (ნაცისტების საიდუმლო პოლიცია) უკვე დაეხურა საზოგადოების ოფისი. ლაიფციგში ერთ ძმასთან დავტოვე მანქანა და შინ დავბრუნდი — მაგრამ მცირე ხნით.

საზოგადოების შვეიცარიაში არსებული ოფისიდან მოწვევა მომივიდა, რომ ნიდერლანდებში დამეწყო პიონერული მსახურება. იქ ერთ-ორ კვირაში ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მამამ მირჩია, რომ მაშინვე გავმგზავრებულიყავი. მე გავითვალისწინე მისი რჩევა და რამდენიმე საათში დავტოვე სახლი. მომდევნო დღეს მამაჩემის სახლში პოლიცია მოვიდა, დეზერტირობის გამო რომ დავეჭირე. მაგრამ დააგვიანდათ.

მოღვაწეობის დაწყება ნიდერლანდებში

1933 წლის 15 აგვისტოს ქალაქ ჰემსთედეში მდებარე პიონერთა სახლში მივედი, რომელიც ამსტერდამიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული. მომდევნო დღეს საქადაგებლად წავედი, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი ჰოლანდიურად. თან მქონდა სამქადაგებლო ბარათი, რომელზეც დაბეჭდილი იყო ბიბლიური ცნობა და მისი გამოყენებით საქმეს შევუდექი. რა გამამხნევებელი იყო, როდესაც კათოლიკე მანდილოსანმა გამომართვა წიგნი „შერიგება“ (ინგლ.)! იმავე დღეს 27 ბუკლეტიც გავავრცელე. დღის ბოლოს უზომოდ გახარებული ვიყავი, რომ კვლავ შევძელი თავისუფლად ქადაგება.

იმ დღეებში პიონერებს არ ჰქონდათ შემოსავლის სხვა წყარო, გარდა იმ შესაწირავებისა, რომლებსაც ლიტერატურის გავრცელების დროს იღებდნენ. ეს ფული საჭმელსა და სხვა აუცილებელ საჭიროებებს ხმარდებოდა. თუ თვის ბოლოს ცოტაოდენი ფული მორჩებოდა, პიონერები ერთმანეთს შორის იყოფდნენ ამ თანხას პირადი ხარჯების დასაფარავად. თუმცა მატერიალურად გვიჭირდა, იეჰოვამ იმდენად უზრუნველგვყო, რომ 1934 წელს შევძელი შვეიცარიაში კონგრესზე დასწრება.

ერთგული მეგობარი

კონგრესზე 18 წლის ერიკა ფინგკის შევხვდი. მე მას ჯერ კიდევ სამშობლოში ცხოვრების დროს ვიცნობდი. ის ჩემი დის, მარგარიტას, მეგობარი იყო და ჩემზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა ჭეშმარიტების გზაზე გამოვლენილი სიმტკიცით. მისი მონათვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 1932 წელს, ვიღაცამ შეატყობინა გესტაპოს, რომ ერიკამ უარი განაცხადა „ჰაილ ჰიტლერის“ თქმაზე. გესტაპომ პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა ის და იმის ახსნა მოსთხოვა, თუ რატომ თქვა უარი ამაზე. ერიკამ გესტაპოელს საქმეების 17:3 წაუკითხა და აუხსნა, რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი მამაკაცი, იესო ქრისტე, დანიშნა მხსნელად. „არიან სხვებიც, რომლებსაც ასეთივე რწმენა აქვთ“? — ჩააჟინდა მას გესტაპოელი. ერიკამ უარი თქვა ვინმეს დასახელებაზე. როდესაც პოლიციელი დაპატიმრებით დაემუქრა, ერიკამ უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა მომკვდარიყო, ვიდრე ვინმე დაესახელებინა. ის მიაშტერდა მას და უყვირა: „გაეთრიე აქედან. წადი სახლში. ჰაილ ჰიტლერ!“

კონგრესის შემდეგ ნიდერლანდებში დავბრუნდი, მაგრამ ერიკა შვეიცარიაში დარჩა. ორივე ვგრძნობდით, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო ღრმავდებოდა. სანამ ერიკა ჯერ კიდევ შვეიცარიაში იყო, გაიგო, რომ გესტაპო, მის სამშობლოში კვლავ განაგრძობდა მის ძებნას, რის გამოც შვეიცარიაში დარჩენა და იქ პიონერად მსახურება გადაწყვიტა. რამდენიმე თვის შემდეგ საზოგადოებამ სთხოვა, ესპანეთში წასულიყო. ის პიონერად მსახურობდა მადრიდში, ბილბაოში და მოგვიანებით სან-სებასტიანში, სადაც სამღვდელოების წაქეზებით გამოწვეული შევიწროების შედეგად თავის პარტნიორთან ერთად ციხეში აღმოჩნდა. 1935 წელს მათ ესპანეთის დატოვება უბრძანეს. ერიკა ნიდერლანდებში ჩამოვიდა და იმავე წელს დავქორწინდით.

ჰორიზონტზე ომის ღრუბლები გამოჩნდა

ქორწილის შემდეგ ჩვენ პიონერებად ვმსახურობდით ჰემსდეთეში და მოგვიანებით ქალაქ როტერდამში გადავედით. იქ 1937 წელს ჩვენი ვაჟიშვილი, ვოლფგანგი, დაიბადა. ერთი წლის შემდეგ ქალაქ გრონინგენში გადავედით, რომელიც ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც გერმანელ პიონერებთან, ფერდინანდ და ჰელგა ჰოლტორფებთან და მათ ქალიშვილთან ერთად ერთ სახლში ვცხოვრობდით. 1938 წლის ივლისში საზოგადოებამ გვაცნობა ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოცემული გაფრთხილების შესახებ, რომ გერმანელ მოწმეებს აღარ ეძლეოდათ ქადაგების უფლება. დაახლოებით იმავე პერიოდში ზონის მსახურად (სარაიონო ზედამხედველად) დამნიშნეს და ჩვენი ოჯახი საზოგადოების გემზე, „ლიხთდრახერზე“ (სინათლის მატარებელი) გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც იმ პიონერების თავშესაფრად გამოიყენებოდა, რომლებიც ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში ქადაგებდნენ. ხშირად საკუთარი ოჯახისგან დიდი მანძილით ვიყავი დაშორებული, რადგან კრებების მოსანახულებლად ველოსიპედით დავდიოდი ძმების გასამხნევებლად, ქადაგება რომ განეგრძოთ, და ძმებიც განაგრძობდნენ ქადაგებას. ზოგმა გააფართოვა კიდეც თავისი მსახურება. ვიმ კეთელარეი ამ მხრივ კარგ მაგალითს იძლეოდა.

როდესაც ვიმი გავიცანი, ის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც აღიარებდა ჭეშმარიტებას, მაგრამ, როგორც სოფლის მეურნეობაში მომუშავე, ძალიან დაკავებული იყო. „თუ გსურს, რომ იეჰოვასთვის მსახურების დრო გქონდეს, — ვურჩიე მას, — სხვა სამუშაო უნდა მოძებნო“. ის ასეც მოიქცა. მოგვიანებით, როცა კვლავ შევხვდი მას, პიონერული მსახურებისკენ მოვუწოდე. „მაგრამ, ხომ უნდა ვიმუშაო, თავი რომ ვირჩინო“, — მითხრა მან. „შენ არ იშიმშილებ, — დავარწმუნე ის, — იეჰოვა იზრუნებს შენზე“. ვიმმა დაიწყო პიონერული მსახურება. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. დღეს კი ვიმი, რომელიც 80 წელს არის გადაცილებული, კვლავაც გულმოდგინე მოწმეა. იეჰოვამ მართლაც იზრუნა მასზე.

ოფიციალური აკრძალვისა და გაჭირვების დროს

1940 წლის მაისში დაახლოებით ერთ წელიწადში, რაც მეორე ბავშვი, რაინა, შეგვეძინა, ჰოლანდიელთა არმიამ დათმო თავისი პოზიციები და ნაცისტებმა ნიდერლანდები დაიკავეს. ივლისში გესტაპო დაეპატრონა საზოგადოების ოფისსა და სტამბას. მომდევნო წელს მოწმეების დაპატიმრება დაიწყო და მეც დამიჭირეს. რამდენადაც მოწმე ვიყავი და ამავე დროს გერმანელი, რომელსაც ჯარში მსახურებისთვის შესაფერისი ასაკი მქონდა, ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, თუ რას მიპირებდა გესტაპო. ვცდილობდი, შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ვერასდროს ვიხილავდი ჩემს ოჯახს.

მოგვიანებით, 1941 წლის მაისში, გესტაპომ ციხიდან გამათავისუფლა და მიბრძანა, წავსულიყავი და სამხედრო სამსახურში გასაწვევი უწყება მიმეღო. არ მჯეროდა, რომ თავისუფალი ვიყავი. იმავე დღეს ფარულად დავიწყე მოღვაწეობა და იმავე თვეს კვლავ დავიწყე სარაიონო ზედამხედველად მსახურება. გესტაპომ განსაკუთრებულ ძებნილთა სიაში ჩამწერა.

როგორ გაართვა თავი სირთულეებს ჩემმა ოჯახმა

ჩემი მეუღლე და შვილები სოფელ ფორდენში გადავიდნენ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მაგრამ მინიმუმამდე რომ დამეყვანა მათთვის მოსალოდნელი საშიშროება, მაქსიმალურად უნდა შემეზღუდა ჩემი ვიზიტები სახლში (მათე 10:16). უსაფრთხოების მიზნით ძმები ჩემს ნამდვილ სახელს არ იყენებდნენ, მხოლოდ ჩემს გამოგონილ სახელს, დაიცე იანს, ახსენებდნენ. ჩემს ოთხი წლის ვაჟს, ვოლფგანგსაც კი არ ჰქონდა უფლება, ელაპარაკა „მამიკოს“ შესახებ; მას მხოლოდ შეეძლო ეთქვა: „ბიძია იან“. ეს მას ძალიან უჭირდა.

იმ დროს, როცა გესტაპოს ვემალებოდი და წამდაუწუმ ადგილის შეცვლა მიწევდა, ერიკა ბავშვებზე ზრუნავდა და ქადაგებას აგრძელებდა. როცა რაინა ორი წლის იყო, ერიკა მას ველოსიპედის საბარგო ბადეში სვამდა და თან მიჰყავდა სოფლებში საქადაგებლად. თუმცა საჭმლის შოვნა ძნელი გახდა, ერიკა და ბავშვები არასდროს შიმშილობდნენ (მათე 6:33). კათოლიკე ფერმერი, რომელსაც ერთხელ საკერავი მანქანა შევუკეთე, კარტოფილით ამარაგებდა. ის აგრეთვე ჩემგან ცნობებს აწვდიდა ერიკას. ერთხელ ერიკამ აფთიაქში ერთი გულდენი გადაიხადა რაღაც ნივთში. აფთიაქის მფლობელმა, რომელმაც იცოდა, რომ ის იმალებოდა და არ შეეძლო პროდუქტების საყიდლად განკუთვნილი ტალონების მიღება, ეს ნივთი და ორი გულდენი მისცა. ადამიანთა მხრიდან თანაგრძნობის ამგვარი გამოვლენა მას სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარებოდა (ებრაელთა 13:5).

გაბედული ძმების მხარდამხარ მუშაობა

მთელი ამ ხნის მანძილზე კრებების მონახულებას ვაგრძელებდი, მაგრამ ურთიერთობა მხოლოდ კრებების პასუხისმგებელ ძმებთან მქონდა. რადგან გესტაპო კუდში დამდევდა, რამდენიმე საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ შემეძლო ერთ ადგილზე დარჩენა. ძმებისა და დების უმრავლესობას არ ჰქონდა ჩემთან შეხვედრის უფლება. ისინი მხოლოდ იმ მოწმეებს იცნობდნენ, რომლებიც ბიბლიის შესწავლის მათ პატარა ჯგუფში იყვნენ. ამის გამო ორმა ღვიძლმა დამ, რომლებიც ერთსა და იმავე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიგეს, რომ ომის დროს ორივე მოწმე გამხდარიყო.

ამავე დროს, დავალებული მქონდა საზოგადოების მიერ გამოცემული ლიტერატურისთვის დასამალი ადგილების მოძებნა. ჩვენ აგრეთვე ვმალავდით ქაღალდს, როტატორს და საბეჭდ მანქანებს „საგუშაგო კოშკის“ ეგზემპლარების გასაკეთებლად იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. დროდადრო საზოგადოების მიერ დაბეჭდილი წიგნებისთვის სამალავი უნდა გამოგვეცვალა. მახსოვს, ერთხელ ლიტერატურით სავსე მუყაოს 30 ყუთს ვეზიდებოდით, ისე რომ თვალშისაცემი არ ყოფილიყო; რამხელა გამბედაობა სჭირდებოდა ამ საქმის შესრულებას!

გარდა ამისა, აღმოსავლეთ ნიდერლანდებში მდებარე ფერმებიდან საჭმელს ვეზიდებოდით დასავლეთით მდებარე ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება აკრძალული იყო. ჩვენ ცხენშებმული ოთხთვალაზე ვტვირთავდით ხოლმე საჭმელს და დასავლეთისკენ ვიღებდით გეზს. როდესაც მდინარეს ვუახლოვდებოდით, არც ერთ ხიდზე გადასვლა არ შეგვეძლო, რადგან მათ ჯარისკაცები იცავდნენ. ამიტომ ტვირთს პატარა ნავებში ვაწყობდით, მდინარის მეორე ნაპირზე გადაგვქონდა და შემდეგ სხვა ოთხთვალაზე ვალაგებდით. როდესაც ჩვენი დანიშნულების ქალაქს ვუახლოვდებოდით, დაბინდებამდე ვიცდიდით, წინდებს ამოვაცვამდით ცხენს ჩლიქებზე და უხმაუროდ მივდიოდით კრების სურსათის საიდუმლო საწყობისკენ. იქიდან კი საკვები ღარიბ ძმებს უნაწილდებოდა.

გერმანელთა ჯარს რომ აღმოეჩინა საკვების ეს საწყობი, ეს შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ძმა მზად იყო დახმარების გასაწევად. მაგალითად, ბლუმინკების ოჯახმა ქალაქ ამერსფორტში მისაღები ოთახი გამოყო, რათა საკვების საწყობად გამოყენებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლი გერმანელთა ჯარის გარნიზონთან ახლოს იყო. მათნაირი გაბედული მოწმეები თავიანთი ძმების სასარგებლოდ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ.

იეჰოვას დახმარებით მე და ჩემმა მეუღლემ ბოლომდე შევინარჩუნეთ ერთგულება აკრძალვის წლებში. 1945 წლის მაისში გერმანელთა არმია დამარცხდა და ჩემი აფორიაქებული ცხოვრებაც დამთავრდა. საზოგადოებამ მთხოვა, გამეგრძელებინა მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება, სანამ სხვა ძმები გამოჩნდებოდნენ ამ დავალების შესასრულებლად. 1947 წელს ამ საქმის შესრულება ბერტუს ვან დერ ბეილმა აიღო საკუთარ თავზე *. იმ პერიოდში მესამე ბავშვი შეგვეძინა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დავსახლდით.

მწუხარება და სიხარული

ომის შემდეგ შევიტყვე, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში, რაც მშობლიური კერა დავტოვე და ნიდერლანდებში წავედი, მამა დაუპატიმრებიათ. ის ორჯერ გაუთავისუფლებიათ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მაგრამ კვლავ არაერთხელ დაუპატიმრებიათ. 1938 წლის თებერვალში ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში, შემდეგ კი დახაუში გადაუგზავნიათ, სადაც 1942 წლის 14 მაისს გარდაცვლილა. მას ბოლომდე შეუნარჩუნებია სიმტკიცე და ერთგულება.

დახაუს ბანაკში დედაჩემიც გაუგზავნიათ. ის იქ გათავისუფლებამდე, 1945 წლამდე, დარჩენილა. ორივე მშობლის ურყევი ერთგულების მაგალითმა დიდად იმოქმედა იმაზე, რომ სულიერი კურთხევები მქონოდა; ამიტომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ დედა 1954 წელს ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ჩემი და მარგარიტაც, რომელიც 1945 წლიდან პიონერად მსახურობდა კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩამოვიდა. თუმცა დედა ავადმყოფობდა და ვერ ლაპარაკობდა ჰოლანდიურად, ის განაგრძობდა სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებას, სანამ ერთგულად არ დაასრულა თავისი მიწიერი სიცოცხლე 1957 წლის ოქტომბერში.

1955 წელს ნიურნბერგში (გერმანია) გამართული კონგრესი მართლაც რომ განსაკუთრებული აღმოჩნდა. იქ ჩასვლის შემდეგ დრეზდენელმა ძმებმა ერიკას უთხრეს, რომ მისი დედაც ესწრებოდა კონგრესს. რადგან მაშინ დრეზდენი აღმოსავლეთ გერმანიას ექვემდებარებოდა, ერიკას 21 წლის მანძილზე არ ჰყავდა ნანახი დედა. დედა-შვილი შეხვდა და გადაეხვია ერთმანეთს. რა სასახირულო იყო ეს შეხვედრა!

დროთა განმავლობაში ჩვენს ოჯახს კიდევ ხუთი ბავშვი შეემატა. ჩვენი ერთ-ერთი ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მიუხედავად ამისა, დიდ სიხარულს გვანიჭებს ის, რომ ჩვენი ყველა დანარჩენი შვილი იეჰოვას ემსახურება. ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ ჩვენი ვაჟი ვოლფგანგი მეუღლესთან ერთად სარაიონო მსახურებაშია ჩაბმული და მათი ვაჟიც სარაიონო ზედამხედველად მსახურობს.

მადლიერი ვარ, რომ ნიდერლანდებში იეჰოვას საქმის წინსვლის თვითმხილველი გავხდი. როცა ამ ქვეყანაში 1933 წელს პიონერული მსახურება დავიწყე, იქ დაახლოებით 100 მოწმე იყო. დღეისათვის კი 30 000-ზე მეტი მოწმეა. თუმცა ფიზიკურად ვუძლურდებით, ერიკას და მე კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიცხოვროთ ამ ძველი სიმღერის სიტყვების თანახმად: „ო, როგორ მსურს, გაუნელებელი რწმენა მქონდეს“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 სიმღერა 194 („იეჰოვას სადიდებელი სიმღერები“, 1928 წ.).

^ აბზ. 7 ქალაქ კოპიცს ამჟამად ეწოდება პირნა, რომელიც მდინარე ელბას გასწვრივ მდებარეობს და ქალაქ დრეზდენიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული.

^ აბზ. 38 ძმა ვან დერ ბეილის ბიოგრაფია „არაფერია ჭეშმარიტებაზე უკეთესი“ იხილეთ 1998 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“.

[სურათი 23 გვერდზე]

„იუგენდგრუპესთან“ ერთად სამქადაგებლო მსახურების დროს შესვენებისას.

[სურათი 24 გვერდზე]

მე და სხვა პიონერები მანქანით მივემგზავრებით შნაიფელის ტერიტორიაზე. მაშინ 20 წლის ვიყავი.

[სურათი 25 გვერდზე]

მე, ერიკა და ვოლფგანგი 1940 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: ჩემი შვილიშვილი იონათანი და მისი მეუღლე მირიამი, ერიკა, მე, ჩემი ვაჟი ვოლფგანგი და მისი მეუღლე იულია.

[სურათი 26 გვერდზე]

მამაჩემთან ერთად ციხეში მყოფმა ძმამ 1941 წელს დახატა მისი სურათი.