არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუკეთესოა ბიბლიური ზნეობრივი ნორმები?

საუკეთესოა ბიბლიური ზნეობრივი ნორმები?

საუკეთესოა ბიბლიური ზნეობრივი ნორმები?

„საზოგადოებას სჭირდება ძირითად ფასეულობათა კრიტერიუმები, რომლებიც მის წევრებს დაიცავს და უხელმძღვანელებს“, — განაცხადა ერთმა გამოცდილმა გერმანელმა მწერალმა და ტელევიზიის დიქტორმა. დიახ, ეს ნამდვილად გონივრულია. იმისათვის რომ ადამიანთა საზოგადოება სტაბილური და აყვავებული იყოს, მას უნდა ჰქონდეს მყარად დაფუძნებული, საყოველთაოდ აღიარებული ნორმები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვრებოდეს, რა არის სწორი თუ არასწორი, კარგი თუ ცუდი. იბადება კითხვა: რომელი ნორმებია საუკეთესო როგორც საზოგადოებისთვის, ისე მისი ცალკეული წევრისთვის?

თუ დადგენილი ნორმები ბიბლიური ზნეობრივი ფასეულობებია, ისინი ადამიანებს სტაბილური, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს. უფრო ფართო გაგებით კი, ამ ფასეულობების შესაბამისად ცხოვრებამ საზოგადოებას მეტი ბედნიერება უნდა მოუტანოს და განამტკიცოს. მართლაც ასეა ეს? გამოვიკვლიოთ, რას ამბობს ბიბლია ორი მნიშვნელოვანი საკითხის, ცოლქმრული ერთგულებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში პატიოსნების შესახებ.

‘მიეწებეთ’ თქვენს მეუღლეს

ჩვენმა შემოქმედმა თავიდან ადამი შექმნა, ხოლო შემდეგ მას მეუღლედ ევა შეუქმნა. მათი შეუღლება კაცობრიობის ისტორიაში პირველი ქორწინება იყო და ის მტკიცე კავშირი უნდა ყოფილიყო. ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს“. დაახლოებით 4 000 წლის შემდეგ იესომ თავის ყველა მიმდევარს გაუმეორა ცოლქმრული ურთიერთობის ეს პრინციპი. გარდა ამისა, დაგმო ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა (დაბადება 1:27, 28; 2:24; მათე 5:27—30; 19:5).

ბიბლიის თანახმად, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლოს ორი მნიშვნელოვანი გასაღები მეუღლეების მიერ ერთმანეთისადმი სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოვლენაა. ქმარს, ოჯახის თავს, უანგაროდ უნდა უყვარდეს ცოლი და უნდა ცდილობდეს, საუკეთესოდ იზრუნოს მასზე. ის ცოლს „გონივრულად“ უნდა ეპყრობოდეს და ‘სასტიკი არ უნდა იყოს მის მიმართ’. ცოლი კი ქმარს ‘დიდ პატივს უნდა სცემდეს’ (აქ). თუ მეუღლეები ითვალისწინებენ ამ პრინციპებს, ცოლ-ქმარი სირთულეების უმეტესობას თავიდან აირიდებს ან დასძლევს. ქმარს ცოლთან, ცოლს კი ქმართან ‘მიწებება’ ენდომება (1 პეტრე 3:1—7; კოლასელთა 3:18, 19; ეფესელთა 5:22—33).

ხელს უწყობს თუ არა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას ცოლქმრული ერთგულების შესახებ ბიბლიის ზნეობრივი ნორმების დაცვა? განვიხილოთ გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ხალხს ეკითხებოდნენ, რა ფაქტორებია კარგი ცოლქმრობისთვის მნიშვნელოვანი; უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მეუღლეების ერთმანეთისადმი ერთგულება დაასახელეს. განა არ დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ ცოლ-ქმარი უფრო ბედნიერია მაშინ, როდესაც დარწმუნებული არიან ერთმანეთის ერთგულებაში?

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც პრობლემები წამოიჭრება?

მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთში სერიოზული უთანხმოება აქვს? თუ მათი სიყვარული ჭკნება? განა ამ დროს განქორწინება საუკეთესო გამოსავალი არ არის? თუ მეუღლისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად ბიბლიური ნორმების თანახმად მოქმედება კვლავაც გონივრულია?

ბიბლიის დამწერებს ესმოდათ, რომ არასრულყოფილების გამო ნებისმიერ ცოლ-ქმარს წამოეჭრებოდა პრობლემები (1 კორინთელთა 7:28). მიუხედავად ამისა, წყვილები, რომლებიც ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს იცავენ, ცდილობენ მიუტევონ მეუღლეს და ერთობლივი ძალებით გადალახონ სირთულეები. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, მაგალითად, მრუშობის ან ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, როდესაც ქრისტიანი ცალკე ცხოვრებას ან განქორწინებას ამჯობინებს, რაც სავსებით მართებულია (მათე 5:32; 19:9). მაგრამ ნაჩქარევად, მეტად სერიოზული მიზეზის გარეშე ან სხვაზე დაქორწინების მიზნით, განქორწინება მეუღლის მიმართ ეგოისტური დამოკიდებულების გამოვლენა და მისი უგულებელყოფა იქნებოდა. ამას ნამდვილად არ მოაქვს ცხოვრებაში სტაბილურობა ან ბედნიერება. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

პიტერის აზრით, თავიანთმა ქორწინებამ დაკარგა ის სიცხოველე, რაც ერთ დროს ჰქონდა *. ამიტომ მიატოვა თავისი ცოლი და მონიკასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც, თავის მხრივ, ქმარს გაცილებული იყო. როგორ განვითარდა მოვლენები? რამდენიმე თვეში პიტერმა აღიარა, რომ მონიკასთან ცხოვრება „არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინა“. რატომ? მათი უარყოფითი თვისებები ახალ ურთიერთობებშიც ზუსტად ისეთივე დარჩა, როგორც ეს ძველში იყო. საქმე იმანაც გაართულა, რომ ამ ნაჩქარევმა და ეგოისტურმა გადაწყვეტილებამ სერიოზული ფინანსური პრობლემებიც შექმნა. გარდა ამისა, ოჯახურ ცხოვრებაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა მონიკას ბავშვები ემოციურად საშინლად დათრგუნა.

როგორც ეს მაგალითი ცხადყოფს, ცოლქმრული ურთიერთობის ზღვაზე ქარიშხლის ამოვარდნისას, გემის მიტოვება იშვიათად არის პრობლემიდან სწორი გამოსავალი. მეორე მხრივ, შტორმის ამოვარდნისას ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ზნეობრივი ფასეულობების თანახმად ცხოვრებას ხშირად შეუძლია ცოლქმრული ურთიერთობის გემი ჩაძირვისგან დაიცვას და წყნარ წყლებში გაიყვანოს. ასე მოუვიდათ ტომასსა და დორისს.

ოცდაათწლიანი ცოლქმრული ცხოვრების შემდეგ ტომასმა ლოთობა დაიწყო. დორისი დეპრესიაში ჩავარდა. ცოლ-ქმარმა მოილაპარაკა და გაყრა გადაწყვიტა. დორისმა თავისი გადაწყვეტილება იეჰოვას ერთ მოწმეს გაუზიარა. მოწმემ დორისს ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი უჩვენა და ურჩია, ცალკე ცხოვრება ნაჩქარევად არ გადაეწყვიტა, არამედ ხელმეორედ, ერთობლივად ეცადა ცოლ-ქმარს გამოსავლის პოვნა. დორისი ასეც მოიქცა და რამდენიმე თვეში უკვე აღარ იდგა განქორწინების საკითხი. ტომასი და დორისი ერთობლივად მუშაობდნენ პრობლემებზე. ბიბლიის რჩევის გათვალისწინებამ მათი ქორწინება განამტკიცა, რამაც პრობლემების გადაჭრის საშუალება მისცა მათ.

ყველაფერში პატიოსნების გამოვლენა

მეუღლისადმი ერთგულების შენარჩუნებას ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა სჭირდება. იგივე თვისებებია საჭირო ამ უპატიოსნო წუთისოფელში პატიოსნების შესანარჩუნებლად. ბიბლია ბევრს ლაპარაკობს პატიოსნებაზე. მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის იუდაელ ქრისტიანებს მისწერა: „გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ“ (ებრაელთა 13:18, სსგ). რას ნიშნავს ეს?

პატიოსანი კაცი ალალ-მართალია; ის არასოდეს ითაღლითებს, სხვებთან ურთიერთობისას წრფელი ანუ გულახდილი და კეთილშობილია და არა მაცდური და მზაკვარი. გარდა ამისა, პატიოსანი ადამიანი უმწიკვლო ადამიანია, რომელიც სხვას არაფერში მოატყუებს. ასეთი ადამიანები ნდობისა და დაჯერებულობის ატმოსფეროს შექმნას უწყობენ ხელს, რასაც შედეგად სწორი დამოკიდებულებების განვითარება და ადამიანთა შორის ურთიერთობების განმტკიცება მოჰყვება.

ბედნიერები არიან პატიოსანი ადამიანები? მათ ამისთვის ყოველგვარი საფუძველი აქვთ. საყოველთაოდ გავრცელებული კორუფციისა და თაღლითობის მიუხედავად, ან შესაძლებელია სწორედ ამიტომაც, პატიოსანი ადამიანები, ჩვეულებრივ, მოწონებას იმსახურებენ. ახალგაზრდების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ პატიოსნება არის ღირსება, რომელსაც რესპონდენტთა 70 პროცენტი ძალიან აფასებს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ასაკის მიუხედავად, პატიოსნება არის ის ძირითადი თვისება, რომელსაც ჩვენ მეგობრებისგან მოველით.

კრისტინა 12 წლის იყო, როდესაც ქურდობა ასწავლეს. წლების განმავლობაში ის პროფესიონალი ჯიბის ქურდი გახდა. „იყო დღეები, როდესაც სახლში 5 000 გერმანული მარკა [2 200 ამერიკული დოლარი] (ნაღდი ფული) მიმქონდა“, — ამბობს ის. მაგრამ კრისტინა რამდენჯერმე დააკავეს და გამუდმებით ემუქრებოდა ციხეში ჩასმის საშიშროება. როდესაც იეჰოვას მოწმეებმა აუხსნეს, თუ რას ამბობდა ბიბლია პატიოსნებაზე, მას ეს ძალიან მოეწონა. კრისტინამ ისწავლა, ყურად ეღო დარიგება: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს“ (ეფესელთა 4:28).

იმ დროისთვის, როდესაც კრისტინა მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა, ქურდობა უკვე მიტოვებული ჰქონდა. ის ცდილობდა, ყველაფერში პატიოსნად მოქცეულიყო, რადგან მოწმეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პატიოსნებასა და სხვა ქრისტიანულ თვისებებს. ერთი გაზეთი აღნიშნავს: „ისეთ ზნეობრივ ნორმებს, როგორიცაა: პატიოსნება, ზომიერება და მოყვასის სიყვარული იეჰოვას მოწმეთა მრწამსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“ (Lausitzer Rundschau). რას გრძნობს კრისტინა ცხოვრებაში გატარებული ცვლილებების შემდეგ? „ახლა ბევრად უფრო ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ქურდობა შევწყვიტე. დღეს თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად ვგრძნობ“.

მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო

მეუღლისადმი ერთგულ ადამიანებსა და პატიოსან ხალხს, გარდა იმისა, რომ თვითონ არიან უფრო ბედნიერები, საზოგადოებისთვისაც მოაქვთ სარგებლობა. დამსაქმებლები სამსახურში ისეთი ხალხის მიღებას ამჯობინებენ, რომლებიც არ თაღლითობენ. ყველას მოგვწონს ისეთ ადამიანთან მეზობლობა, რომელსაც შეიძლება ენდო; ასევე ყველას გვინდა, საყიდლებზე პატიოსანი ბიზნესმენის მაღაზიებში ვიაროთ. განა პატივს არ ვცემთ ისეთ პოლიტიკოსს, პოლიციელსა და მოსამართლეს, რომელიც კორუმპირებული არ არის? საზოგადოებისთვის დიდად სასარგებლო იქნებოდა თავისი წევრების პატიოსნება. ეს მათთვის პრინციპის საქმე უნდა იყოს და არა ისეთი რამ, რასაც მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ, როცა ეს მათთვის ხელსაყრელი იქნებოდა.

ცოლქმრული ერთგულება მტკიცე ოჯახების საძირკველია. უმეტესობა დაეთანხმებოდა ევროპელ პოლიტიკოსს, რომელმაც განაცხადა: „[ტრადიციული] ოჯახი დღემდე რჩება იმ გარემოდ, რომელიც ადამიანთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და სიცოცხლეს აზრს მატებს“. მშვიდობიანი ოჯახური ატმოსფერო მოზრდილებსა თუ ბავშვებს ემოციური სტაბილურობისთვის საუკეთესო გარემოს უქმნის. ამგვარად, ერთგული მეუღლეები მტკიცე საზოგადოების აღშენებას უწყობენ ხელს.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ყველასთვის, რომ არ არსებობდნენ მიტოვებული მეუღლეები და არ იყოს განქორწინებასთან ან ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ აღარ ყოფილიყვნენ ჯიბის ქურდები, მაღაზიების გამძარცველები, მფლანგველები, კორუმპირებული თანამდებობის პირები ან თაღლითი მეცნიერები? მხოლოდ ოცნებას ხომ არ ჰგავს ყოველივე ეს? მათთვის, რომლებიც დიდ ინტერესს ავლენენ ბიბლიისა და იმის მიმართ, თუ რას ამბობს ეს წიგნი მომავლის შესახებ, ასეთი რამ სულაც არ არის ოცნება. ღვთის სიტყვა აღგვითქვამს, რომ იეჰოვას მესიანური სამეფო მალე შეცვლის ადამიანთა ყველა მთავრობას. ამ სამეფოს ხელმძღვანელობით ყველა მისი ქვეშევრდომი ბიბლიის ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრებას ისწავლის. იმ დროს „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29).

ბიბლიის ზნეობრივი ნორმები საუკეთესოა

მილიონობით ადამიანი, რომლებმაც გამოიკვლიეს საღვთო წერილი, მიხვდა, რომ ბიბლიური რჩევა ღვთის სიბრძნეზეა დაფუძნებული, რომელიც ადამიანთა აზროვნებას ბევრად აღემატება. ისინი ბიბლიას სანდო წიგნად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის დღეისთვისაც აქტუალურია. მათ იციან, რომ ბიბლიის რჩევის გათვალისწინება ადამიანისავე კეთილდღეობას ემსახურება.

ამიტომ ასეთი ადამიანები უყურადღებოდ არ ტოვებენ ბიბლიურ რჩევას: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6). ასე მოქმედებით ისინი მნიშვნელოვნად იუმჯობესებენ თავიანთ ცხოვრებას და გამოსადეგი ადამიანები არიან მათ ირგვლივ მცხოვრებთათვისაც. ეს ხალხი ინვითარებს მტკიცე რწმენას ‘მომავალი სიცოცხლისადმი’, როცა ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს ყველა დაიცავს (1 ტიმოთე 4:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 სახელები შეცვლილია.

[ჩანართი 5 გვერდზე]

ცოლქმრულ ურთიერთობაში შტორმის ამოვარდნისას ბიბლიის ზნეობრივი ფასეულობების თანახმად ცხოვრებას ხშირად შეუძლია ცოლქმრული ურთიერთობის გემის ჩაძირვისაგან დაცვა და წყნარ წყლებში გაყვანა.

[ჩანართი 6 გვერდზე]

საყოველთაოდ გავრცელებული კორუფციისა და თაღლითობის მიუხედავად, ან შესაძლებელია სწორედ ამიტომაც, პატიოსანი ადამიანები, ჩვეულებრივ, მოწონებას იმსახურებენ.