‘ხელგაშლილობის სიმდიდრეს’ სიხარული მოაქვს
‘ხელგაშლილობის სიმდიდრეს’ სიხარული მოაქვს
მოციქული პავლე, როგორც მოსიყვარულე ქრისტიანი ზედამხედველი, გულწრფელად ზრუნავდა თანამორწმუნეებზე და მათთვის დახმარების აღმოჩენა სურდა (2 კორინთელთა 11:28). ამიტომ, როდესაც ახ. წ. პირველ საუკუნეში, 50-იანი წლების შუა პერიოდში, ორგანიზება გაუწია ფულის შეგროვებას იუდეაში მცხოვრები ღარიბი ქრისტიანებისთვის, ისარგებლა შესაძლებლობით, რომ ხელგაშლილობის შესახებ კარგად დაემოძღვრა ისინი. პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იეჰოვა უაღრესად აფასებს სიხარულით გამცემს: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7).
ხელგაშლილობა ‘სიღატაკის სიღრმის’ მიუხედავად
პირველი საუკუნის ქრისტიანების უმეტესობას საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა არ ეკავა. პავლემ აღნიშნა, რომ მათ შორის ‘ბევრი არ იყო ძლიერი’. ისინი ‘წუთისოფლის უძლურნი და მდაბიონი’ იყვნენ (1 კორინთელთა 1:26—28). მაგალითად, მაკედონიაში მცხოვრები ქრისტიანები ‘სიღატაკის სიღრმეში და დიდი შევიწროებით გამოცდის’ წინაშე იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, ეს თავმდაბალი მაკედონელი მორწმუნეები დიდი დაჟინებით თხოულობდნენ, რომ ‘წმიდათა მომსახურების’ მიზნით მატერიალური შესაწირავის გაღების უპირატესობა ჰქონოდათ; და როგორც პავლემ დაადასტურა, ის, რაც მათ გაიღეს, მათ ‘შესაძლებლობას აღემატებოდა’ (2 კორინთელთა 8:1—4, სსგ).
მაგრამ ხელგაშლილობა გაღებულის ოდენობით კი არ განისაზღვრებოდა, არამედ მნიშვნელოვანი იყო ადამიანის აღძვრები, მზადყოფნა რაღაცის გასაღებად და გულის მდგომარეობა. პავლემ მიუთითა კორინთელ ქრისტიანებს, რომ შესაწირავების გაღების დროს გონებითა და გულით უნდა ემოქმედათ. მან თქვა: «ვიცი თქვენი გულმოდგინება [„მზადყოფნის შესახებ“ აქ] და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე. . . და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ». მათ ‘გულით აირჩიეს’, უხვად გაეცათ (2 კორინთელთა 9:2, 7).
‘ისინი სულით აღიძრნენ’
პავლე მოციქულს შეიძლება მხედველობაში ჰქონდა ადრინდელი მაგალითი, რომელიც 15 საუკუნეზე მეტი ხნის წინათ უდაბნოში მომხდარ შემთხვევას უკავშირდებოდა. იმ დროს ისრაელის 12 ტომი გათავისუფლებული იყო ეგვიპტის მონობიდან და სინაის მთის ძირას იდგა; იეჰოვამ უბრძანა მათ, გაეკეთებინათ კარავი თაყვანისმცემლობისთვის და საჭირო საგნებით აღეჭურვათ. ამისათვის დიდძალი სახსრები იქნებოდა საჭირო, რის გამოც ერს შესაწირავების გაღებისკენ მოუწოდეს.
როგორ გამოეხმაურნენ ისრაელები ამას? „მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად“ (გამოსვლა 35:21). გულუხვად გასცეს ისრაელებმა? — გადაამეტეს კიდეც! მოსეს აცნობეს, თუ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები: „უფრო მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე უფლისაგან ნაბრძანები საქმის გასაკეთებლად არის საჭირო“ (გამოსვლა 36:5).
როგორი იყო ისრაელების მატერიალური მდგომარეობა მაშინ? არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ისინი საბრალო მონები იყვნენ, რომლებიც ‘მძიმე შრომით იჩაგრებოდნენ, სიცოცხლეგამწარებულები იყვნენ’ და გაჭირვებაში ცხოვრობდნენ (გამოსვლა 1:11, 14; 3:7; 5:10—18). საეჭვოა, რომ იმ დროს მათ მდიდრულად ეცხოვრათ. მართალია, ისრაელებმა თავიანთი მონობის ქვეყნიდან ცხვარ-ძროხა წამოიყვანეს (გამოსვლა 12:32). მაგრამ მათი რაოდენობა არცთუ ისე დიდი იყო, რადგან ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანში ჩივილი დაიწყეს, რომ საჭმელად არც ხორცი ჰქონდათ და არც პური (გამოსვლა 16:3).
საიდან იშოვეს ისრაელებმა ძვირფასეულობა, რომლებსაც კარვის ასაშენებლად სწირავდნენ? თავიანთმა ყოფილმა პატრონებმა, ეგვიპტელებმა, მისცეს. ბიბლიაში ნათქვამია: ‘ისრაელიანებმა ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი და ეგვიპტელებმაც ათხოვეს’. ეგვიპტელების მხრიდან ასეთი ხელგაშლილობა იეჰოვას წყალობა იყო და არა ფარაონის. საღვთო წერილში ნათქვამია: „მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს“ (გამოსვლა 12:35, 36).
წარმოიდგინეთ, რა უნდა ეგრძნოთ მაშინ ისრაელებს. მათი თაობები იტანჯებოდნენ საშინელი მონობისა და იმის გამო, რომ ბევრ რამეს იყვნენ მოკლებული. ახლა კი თავისუფლები იყვნენ და დიდ მატერიალურ სიმდიდრეს ფლობდნენ. როგორი თვალსაზრისი ჰქონდათ მათ იმის შესახებ, რომ ამ ქონებიდან ზოგ რამეზე უარის თქმა მოუწევდათ? მათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ ეს სიმდიდრე დაიმსახურეს და მისი შენახვის უფლება ჰქონდათ. მაგრამ, როდესაც მათ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად მატერიალური შესაწირავების გაღებისკენ მოუწოდეს, გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას; და ხაზგასასმელია ისიც, რომ მათ ეს სიძუნწით და უხალისოდ არ გაუკეთებიათ! მათ არ დაივიწყეს, რომ იეჰოვას წყალობით მოიპოვეს ეს მატერიალური ქონება. ამიტომ ისინი უხვად სწირავდნენ ვერცხლს, ოქროსა და საქონელს. ისინი ‘გულუხვები’ იყვნენ, ‘სულით აღიძვრებოდნენ და გული უწევდათ’ ამისკენ. ეს მართლაც „იეჰოვასთვის გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავი“ იყო (გამოსვლა 25:1—9; 35:4—9, 20—29 აქ; 36:3—7).
ხალისით გაღება
შესაწირავის ოდენობა ყოველთვის ვერ შეგვიქმნის სწორ წარმოდგენას მჩუქებლის ხელგაშლილობაზე. ერთხელ იესო ქრისტე აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც ტაძრის საგანძურში ფულს აგდებდნენ. მდიდრები უხვად ყრიდნენ მონეტებს, მაგრამ იესოზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ღარიბმა ქვრივმა ორი ლეპტა ჩააგდო. მან თქვა: „ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. . . თავისი სიდუხჭირისაგან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა“ (ლუკა 21:1—4; მარკოზი 12:41—44).
ის, რაც კორინთელებს უთხრა პავლემ, იესოს ამ თვალსაზრისს ირეკლავდა. ღარიბი თანამორწმუნეების დასახმარებლად შესაწირავების გაღების თაობაზე მან შენიშნა: „როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12). დიახ, შესაწირავის გაღება არ არის შეჯიბრება. ადამიანი თავისი შესაძლებლობების მიხედვით სწირავს და გულს უხარებს იეჰოვას ასეთი ხელგაშლილობის სულის გამოვლენით.
თუმცა ვერავინ გაამდიდრებს იეჰოვას, რომელიც ყველაფრის მფლობელია, შესაწირავის გაღება უპირატესობაა, რაც ღვთის თავყვანისმცემლებს მის მიმართ თავიანთი სიყვარულის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს (პირველი ნეშტთა 29:14—17). შესაწირავები, რომლებიც სხვების დასანახავად ან სხვა ეგოისტური მიზნებით კი არ კეთდება, არამედ სწორი აღძვრებით და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად, სიხარულს გვანიჭებს და ღვთის კურთხევები მოაქვს (მათე 6:1—4). იესომ თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ჩვენ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ ბედნიერებას იმით, რომ ჩვენი ძალ-ღონე იეჰოვასთვის მსახურებას მოვახმაროთ და ჩვენი მატერიალური ქონებიდან გარკვეული ნაწილი გადავდოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად და გაჭირვებულთა დასახმარებლად (1 კორინთელთა 16:1, 2).
ხალისით გაცემა დღეს
დღეს იეჰოვას მოწმეები აღფრთოვანებული არიან იმის დანახვით, რომ მთელ მსოფლიოში სამეფოს მათე 24:14). მე-20 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში 3 000 000-ზე მეტი ადამიანი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა და დაახლოებით 30 000 ახალი კრება ჩამოყალიბდა. დიახ, იეჰოვას მოწმეთა დღესდღეობით არსებული კრებების ერთი მესამედი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ასეთი ზრდა, უმთავრესად, იმ გულწრფელი ქრისტიანი მამაკაცებისა და ქალების მძიმე შრომით მიიღწევა, რომლებიც თავიანთ დროსა და ენერგიას თავიანთი მოყვასის მონახულებასა და მათთან იეჰოვას განზრახვების შესახებ საუბარს ახმარენ. ზრდას ხელს უწყობს მისიონერების საქმიანობაც, რომლებიც თავიანთ მშობლიურ სახლებს ტოვებენ და შორეულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, რათა იქ მხარი დაუჭირონ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას. ზრდის შედეგად ყალიბდება ახალი რაიონები, სადაც მოითხოვება ახალი სარაიონო ზედამხედველების დანიშვნა. გარდა ამისა, ქადაგებისა და პირადი შესწავლისთვის საჭიროა უფრო მეტი ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა. ასევე ბევრ ქვეყანაში აუცილებელია ფილიალის შენობების გაფართოება ან უფრო დიდი შენობებით მათი შეცვლა. ყველა ეს დამატებითი მოთხოვნილება იეჰოვას ხალხის მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შენაწირებით იფარება.
შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება პროგრესულად წინ მიიწევს (სამეფო დარბაზების საჭიროება
ყველაზე დიდი მოთხოვნილება სამეფო დარბაზებზეა, და ეს ცხადი ხდება იეჰოვას მოწმეების რიცხობრივი ზრდით. 2 000 წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ 11 000-ზე მეტი სამეფო დარბაზი იყო საჭირო განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფინანსურად უჭირთ. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ანგოლა. სამოქალაქო ომის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად სამეფოს მაუწყებლების საშუალოდ 10-პროცენტიანი ზრდაა. მაგრამ აფრიკის ამ დიდ ქვეყანაში 675 კრებიდან უმრავლესობა შეხვედრებს ღია ცის ქვეშ ატარებს. იქ მხოლოდ 22 სამეფო დარბაზია, რომელთაგანაც მხოლოდ 12-ია გადახურული.
მსგავსი მდგომარეობაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც. თუმცა დედაქალაქ კინშასაში თითქმის 300 კრებაა, აქ მხოლოდ 10 სამეფო დარბაზია. მთელ ქვეყანაში დაუყოვნებლივ არის საჭირო 1 500-ზე მეტი სამეფო დარბაზის აგება. როგორც რუსეთიდან და უკრაინიდან იტყობინებიან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სწრაფი ზრდის გამო საჭიროა ასობით სამეფო დარბაზი. ასეთივე ზრდა აშკარად შეიმჩნევა ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. მათ შორის კი გამოირჩევა ბრაზილია, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი მოწმეა და დიდი მოთხოვნილებაა უფრო მეტ სამეფო დარბაზზე.
ასეთ ქვეყნებში მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზების სწრაფი მეთოდით მშენებლობის პროგრამებს ახორციელებენ. ეს პროგრამა ფინანსდება მთელი მსოფლიოს საძმოს მიერ უხვად გაღებული შენაწირებით. ამიტომ უღარიბეს კრებებსაც კი ექნებათ შესაძლებლობა, თაყვანისმცემლობისთვის შესაფერისი ცენტრი იქონიონ.
როგორც ძველი დროის ისრაელში, ისე დღესაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რადგან გულწრფელი ქრისტიანები ‘პატივს მიაგებენ უფალს თავიანთი ქონებიდან’ (იგავნი 3:9, 10). იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოს სურს, ისარგებლოს ამ შემთხვევით და გულწრფელი მადლიერება გამოხატოს ყველას მიმართ, ვინც გულით არის აღძრული, ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავები. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას სული კვლავ აღძრავს თავისი ხალხის გულებს, მატერიალური სახსრებით მხარი დაუჭირონ სამეფო საქმეს, რომელიც არნახული მასშტაბებით ფართოვდება.
სანამ მთელ მსოფლიოში კვლავ მიმდინარეობს გაფართოება, მოდი ყოველთვის ვეძებოთ შესაძლებლობა, რომ ამ საქმეს მზადყოფნითა და ხალისით მოვახმაროთ საკუთარი ძალები, დრო და სახსრები. ასეთი ხელგაშლილობის სულის გამოვლენის შედეგად კი ნამდვილად ვიგრძნობთ სიხარულს.
[ჩარჩო 29 გვერდზე]
„გონივრულად გამოიყენეთ!“
„მე ათი წლისა ვარ. გიგზავნით ამ თანხას, ქაღალდის ან სხვა რამის ყიდვა რომ შეძლოთ წიგნების დასაბეჭდად“ (სინდი).
მსურს, გამოგიგზავნოთ ფული, ჩვენთვის უფრო მეტი წიგნი რომ დაბეჭდოთ. ეს თანხა მაშინ მოვაგროვე, როცა მამიკოს ვეხმარებოდი სამუშაოზე. ამიტომ გონივრულად გამოიყენეთ!“ (პემი, 7 წლის).
ვწუხვარ ქარიშხლის ამოვარდნის გამო. ვიმედოვნებ, რომ არაფერი დაგიშავდათ. აი სულ ეს 2 დოლარი მქონდა ყულაბაში“ (ელისონი, 4 წლის).
„მე რუდი მქვია და 11 წლისა ვარ. ჩემი ძმა, რალფი, 6 წლის არის, ხოლო ჩემი და, ჯუდითი, ორ-ნახევარი წლისაა. ჩვენ სამი თვის მანძილზე ჯიბის ფულიდან ვაგროვებდით ამ თანხას, რათა დახმარება აღმოგვეჩინა [ნაომარ ტერიტორიებზე მცხოვრები] ძმებისთვის. ჩვენ 20 ამერიკული დოლარის შეგროვება შევძელით და ახლა გიგზავნით“.
„ძალიან მებრალებიან ძმები, [რომლებსაც ქარიშხალმა ზარალი მიაყენა]. 17 დოლარი მამასთან ერთად მუშაობის დროს გამოვიმუშავე. მე არ ვაგზავნი ამ თანხას რაიმე კონკრეტული მიზნისთვის. ამიტომ თავად გადაწყვიტეთ, რაში გამოიყენებთ. (მაკლეინი, 8 წლის).
[ჩარჩო 30 გვერდზე]
შეწირვის ზოგი საშუალება
შესაწირავები სამეფოს საქმისთვის
მრავალი გადადებს ხოლმე ან ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში, წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“. ამ თანხას კრებები ყოველთვიურად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში.
ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირდაპირაც გაიგზავნოს საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.
წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები
პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა სხვა მეთოდებიც არსებობს მსოფლიოს მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად. ამაში შედის:
უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის იმ უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შესაწირავის გამღები უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.