ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?
ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?
«ჩვენი შეძლება [„სათანადოდ მომზადება“, აქ] ღმრთისაგან არის, რომელმაც მოგვცა იმისი ძალა [„სათანადოდ მოგვამზადა“, აქ], რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ» (2 კორინთელთა 3:5, 6, სსგ).
1, 2. რა პასუხისმგებლობა ეკისრა პირველი საუკუნის ყველა ქრისტიანს, მაგრამ რა ცვლილებები მოხდა?
ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის შესრულებაში ყველა ქრისტიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ვალდებულება კეთილი ცნობის ქადაგება იყო. მაშინ ყველა სულით ცხებული და ახალი კავშირის მსახური იყო. ზოგს დამატებითი პასუხისმგებლობაც ეკისრა, მაგალითად, კრების დამოძღვრა (1 კორინთელთა 12:27—29; ეფესელთა 4:11). მშობლებს საკმაოდ მძიმე ოჯახური ვალდებულებები ჰქონდათ (კოლასელთა 3:18—21). მაგრამ ქადაგების ძირითად და მნიშვნელოვან საქმეში ყველა მონაწილეობდა. ქრისტიანული წერილების ბერძნულ დედანში ეს პასუხისმგებლობა გადმოიცემოდა სიტყვით „დიაკონია“, რაც მსახურებას ნიშნავს (კოლასელთა 4:17).
2 გავიდა დრო და მოხდა ცვლილებები. წარმოიშვა კლასი, რომელიც სამღვდელოების სახელით გახდა ცნობილი და რომელმაც საკუთრად თავისთვის დაიტოვა ქადაგების უპირატესობა (საქმეები 20:30). მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდა, სამღვდელოება უმცირესობას წარმოადგენდა. დიდი უმრავლესობა მრევლის სახელწოდებით გახდა ცნობილი. თუმცა ამ ხალხს ასწავლიდნენ, რომ გარკვეული ვალდებულებები, და მათ შორის სამღვდელოების შესანახად შესაწირავების გაღება, ეკისრათ, უმეტესობა მხოლოდ პასიურად ისმენდა ქადაგებას“.
3, 4. ა) როგორ ხდებიან ქრისტიანულ სამყაროში „[ღვთის] მსახურები“? ბ) ვის მიიჩნევენ ქრისტიანულ სამყაროში ღვთის მსახურად და რატომ აქვთ ამ საკითხისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ქრისტიანულ სამყაროსა და იეჰოვას მოწმეებს?
*. ამ მიზნით ისინი ამთავრებდნენ უმაღლეს სასწავლებლებს ან სემინარიებს და სასულიერო წოდებებს იღებდნენ. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიური ენციკლოპედია“ ამბობს: «„სასულიერო წოდების მინიჭება“, ჩვეულებრივ, ნიშნავს მსახურისთვის ან მღვდლისთვის განსაკუთრებული სტატუსის ბოძებას, რომელიც ოფიციალური რიტუალის საშუალებით ხორციელდება და რომლის შემდეგაც ამ პირს ღვთის სიტყვის ქადაგების ან საკრამენტალიის ჩატარების ან ორთავეს შესრულების უფლება ეძლევა». ვის აქვს საეკლესიო წოდების მინიჭების უფლება? „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ეკლესიებში, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ეპარქია, სასულიერო წოდების მინიჭება ყოველთვის ეპისკოპოსის მიერ ხდება. პრესვიტერიანულ ეკლესიებში კი — პრესვიტერების მიერ“.
3 სამღვდელოება აცხადებდა, რომ ღვთის მსახური იყო (ბერძნულად „დიაკონოს“)4 მაშასადამე, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში მსახურად ყოფნის უპირატესობაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს შორის ეს ასე არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებაში მსახურად ყოფნაზე შეზღუდვები არ იყო დაწესებული.
ვინ არიან სინამდვილეში ღვთის მსახურები?
5. ბიბლიის თანახმად, ვინ არიან მსახურები?
5 ბიბლიის თანახმად, იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელი, იქნება ეს ზეციერი თუ მიწიერი, მსახურია. ანგელოზები იესოს მოემსახურნენ (მათე 4:11; 26:53; ლუკა 22:43). ანგელოზები ‘მათდა სამსახურად წარმოგზავნილნიც’ არიან, „ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“ (ებრაელთა 1:14; მათე 18:10). თავად იესოც მსახური იყო. მან თქვა: „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს“ (მათე 20:28; რომაელთა 15:8). ამიტომ, რადგან იესოს მიმდევრები ‘მის ნაკვალევს უნდა მიჰყვნენ’, გასაკვირი არ არის, რომ ისინიც მსახურები უნდა იყვნენ (1 პეტრე 2:21).
6. როგორ მიუთითა იესომ, რომ თავისი მოწაფეები მსახურები უნდა ყოფილიყვნენ?
6 ზეცად ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). იესოს მოწაფეებს სხვები უნდა ‘მოემოწაფებინათ’ — ისინი მსახურები უნდა ყოფილიყვნენ. ახალი მოწაფეებისთვის მათ უნდა ესწავლებინათ იესოს მითითებებიდან ყოველივეს დაცვა და მათ შორის ისიც, რომ წასულიყვნენ და მოწაფეებად გაეხადათ სხვები. მამაკაცები თუ ქალები, დიდები თუ პატარები — იესოს ყველა ჭეშმარიტი მოწაფე მსახური უნდა ყოფილიყო (იოველი 3:1, 2).
7, 8. ა) რომელი ბიბლიური მუხლები ცხადყოფს, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი მსახურია? ბ) რა კითხვები წამოიჭრება მსახურად დანიშვნასთან დაკავშირებით?
7 ყოველივე ამის შესაბამისად, ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დამსწრე ყველა მოწაფე, კაცი თუ ქალი, „ღვთის დიად საქმეებზე“ მოლაპარაკეთა რიგებს შეუერთდა (საქმეები 2:1—11). მოციქული პავლე წერდა: „გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“ (რომაელთა 10:10). პავლე ამ სიტყვებით მხოლოდ სამღვდელოებას კი არ მიმართავდა, არამედ ‘ყველას რომში მყოფთ, ღვთის საყვარლებს’ (რომაელთა 1:1, 7). მსგავსად ამისა, ‘ეფესოში მყოფი წმინდანნი და მორწმუნენი იესო ქრისტეში’ „ფეხშემოსილნი“ უნდა ყოფილიყვნენ „მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად“ (ეფესელთა 1:1; 6:15). და ყველა, ვინც კი ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილი მოისმინა, „მტკიცედ“ უნდა ‘მიჰყოლოდა იმედის აღსარებას’ (ებრაელთა 10:23).
8 მაგრამ, როდის ხდება ადამიანი მსახური? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდის ინიშნება ის მსახურად? და ვინ ნიშნავს მას ამ დავალების შესასრულებლად?
მსახურად დანიშვნა — როდის?
9. როდის და ვის მიერ დაინიშნა იესო მსახურად?
9 იმის გამოსარკვევად, თუ როდის და ვის მიერ ინიშნება ადამიანი მსახურად, განვიხილოთ იესო ქრისტეს მაგალითი. მას არ ჰქონია დანიშვნის სერტიფიკატი ან რომელიმე სემინარიის მიერ გაცემული მოწმობა იმის შესახებ, რომ ის მსახური იყო; ის არც რომელიმე ადამიანის მიერ ყოფილა დანიშნული. მაშ, რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო მსახური იყო? იმიტომ რომ მასზე შესრულდა ესაიას მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად“ (ლუკა 4:17—19; ესაია 61:1). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს დავალებული ჰქონდა კეთილი ცნობის ქადაგება. ვისგან? ვინაიდან იეჰოვას სულით იყო ცხებული ამ დავალების შესასრულებლად, ცხადია, რომ იესო იეჰოვა ღმერთის მიერ იყო დანიშნული. როდის მოხდა ეს? იეჰოვას სული იესოზე ნათლობისას გადმოვიდა (ლუკა 3:21, 22). ამიტომ სწორედ ნათლობის დროს დაინიშნა ის მსახურად.
10. ვის მიერ ხდება ქრისტიანის ‘სათანადოდ მომზადება’?
10 რა შეიძლება ითქვას იესოს პირველი საუკუნის მიმდევრების შესახებ? ისინიც იეჰოვა ღმერთმა დანიშნა მსახურებად. პავლემ თქვა: «ჩვენი შეძლება [„სათანადოდ მომზადება“, აქ] ღმრთისაგან არის, რომელმაც მოგვცა იმისი ძალა [„სათანადოდ მოგვამზადა“, აქ], რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ» (2 კორინთელთა 3:5, 6, სსგ). როგორ ამზადებს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მსახურებად? განვიხილოთ ტიმოთეს მაგალითი, რომელსაც პავლემ უწოდა „ღვთის მსახური“ და „თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში“ (1 თესალონიკელთა 3:2).
11, 12. როგორ წაიწია წინ ტიმოთემ, მსახური რომ გამხდარიყო?
11 ტიმოთესადმი მიწერილი ქვემოთ მოყვანილი სიტყვები იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ გახდა ის მსახური: „შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში“ (2 ტიმოთე 3:14, 15). ტიმოთეს რწმენის საფუძველი, რწმენისა, რომელიც მას საქადაგებლად აღძრავდა, ბიბლიური შემეცნება იყო. იყო მხოლოდ პირადად კითხვა ამისათვის საკმარისი? არა. ტიმოთეს ზუსტი შემეცნების მიღებასა და წაკითხულის სულიერ გაგებაში დახმარება სჭირდებოდა (კოლასელთა 1:9). ამგვარად, ტიმოთე სანამ ირწმუნებდა, ‘დარწმუნდა’. რადგან მან საღვთო წერილი „ბავშვობიდანვე“ იცოდა, მისი პირველი მასწავლებლები დედა და ბებია უნდა ყოფილიყვნენ; როგორც ჩანს, მამამისი მორწმუნე არ ყოფილა (2 ტიმოთე 1:5).
12 მაგრამ ტიმოთეს მსახურად გახდომის მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. უპირველეს ყოვლისა, მისი რწმენა ახლომდებარე ქრისტიანული კრების წევრებთან ურთიერთობით იყო განმტკიცებული. საიდან ვიცით ეს? სანამ პავლე ტიმოთეს პირველად შეხვდებოდა, ამ ახალგაზრდაზე უკვე „მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები“ (საქმეები 16:2). გარდა ამისა, იმ დღეებში ზოგი ძმა კრებებს განსამტკიცებლად წერილებს სწერდა. აგრეთვე გასამხნევებლად კრებებში ზედამხედველები მიდიოდნენ. ასეთი ღონისძიებები ტიმოთეს და სხვა მის მსგავს ქრისტიანებს სულიერ წინსვლაში დაეხმარა (საქმეები 15:22—32; 1 პეტრე 1:1).
13. როდის დაინიშნა ტიმოთე მსახურად და რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ მისი სულიერი წინსვლა ამაზე არ შეჩერებულა?
13 თუ მხედველობაში მივიღებთ იესოს მითითებას, რომელიც მათეს 28:19, 20-შია ჩაწერილი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გარკვეულ მომენტში ტიმოთე რწმენამ აღძრა, იესოსთვის მიებაძა და მონათლულიყო (მათე 3:15—17; ებრაელთა 10:5—9). ეს იყო ტიმოთეს მიერ მთელი სულითა და გულით ღვთისადმი თავის მიძღვნის გამოხატვა. მონათვლისას ტიმოთე მსახური გახდა. მას შემდეგ, მისი სიცოცხლე, ძალა და ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, ღმერთს ეკუთვნოდა. ეს მისი თაყვანისცემის, „წმინდა მსახურების“, განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ ტიმოთეს წინსვლა მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა. ის განაგრძობდა სულიერ ზრდას, ამასთან ერთად მოწიფული ქრისტიანი მსახური ხდებოდა. ეს კი ტიმოთეს ისეთ მოწიფულ ქრისტიანებთან ახლო ურთიერთობის შედეგი იყო, როგორიც, მაგალითად, პავლე გახლდათ; აგრეთვე ამის მიზეზი ტიმოთეს პირადი შესწავლა და სამქადაგებლო საქმიანობაში ენთუზიაზმით მონაწილეობა იყო (1 ტიმოთე 4:14; 2 ტიმოთე 2:2; ებრაელთა 6:1).
14. როგორ მიიწევენ წინ, მსახურად გახდომისკენ, დღეს ისინი, რომლებიც ‘მარადიული სიცოცხლისთვის სწორად არიან განწყობილი’?
14 დღესაც ასევე ხდება ქრისტიან მსახურად დანიშვნა. მარადიული სიცოცხლისთვის ‘სწორად განწყობილთ’ (აქ) ბიბლიის შესწავლის საშუალებით ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შემეცნების მიღებაში ეხმარებიან (საქმეები 13:48). ეს ადამიანები ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებასა და ღვთისადმი გააზრებულად ლოცვას სწავლობენ (ფსალმუნი 1:1—3; იგავნი 2:1—9; 1 თესალონიკელთა 5:17, 18). მათ ურთიერთობა აქვთ სხვა თანამორწმუნეებთან და სარგებლობენ იმ ღონისძიებებითა და საშუალებებით, რომლებითაც მათ „ერთგული და გონიერი მონა“ უზრუნველყოფს (მათე 24:45—47; იგავნი 13:20; ებრაელთა 10:23—25). ამგვარად ისინი უფრო და უფრო მეტ განათლებას იღებენ.
15. რა ხდება, როდესაც ადამიანი ინათლება? (იხილეთ სქოლიოც).
15 ბოლოს, ბიბლიის შემსწავლელს, მას შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულსა და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მტკიცე რწმენას განივითარებს, სურს, რომ მთლიანად მიუძღვნას თავი თავის ზეციერ მამას (იოანე 14:1). ის ჯერ პირად ლოცვაში უძღვნის თავს ღმერთს, ხოლო შემდეგ, ამ პირადი გადაწყვეტილების საჯაროდ აღიარების ნიშნად ინათლება. ნათლობა მისი მსახურად დანიშვნის ცერემონიალია, რადგან ამ დროიდან სცნობენ მას ღვთისადმი მთლიანად მიძღვნილ მსახურად ანუ „დიაკონოსად“. ღვთის მსახური წუთისოფლისგან გამოყოფილი უნდა იყოს (იოანე 17:16; იაკობი 4:4). ის საკუთარ თავს, ყოველგვარი ყოყმანისა და პირობის გარეშე, „ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად“ სწირავს მთლიანად (რომაელთა 12:1) *. ის ღვთის მსახურია, რომელიც ქრისტეს ჰბაძავს.
რა არის ქრისტიანული მსახურება?
16. რა იყო ტიმოთეს, როგორც მსახურის, პასუხისმგებლობები?
16 რა შედიოდა ტიმოთეს მსახურებაში? მას განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრა — მიმოსვლით საქმიანობაში პავლესთან ერთად მსახურობდა, ხოლო, როდესაც უხუცესი გახდა, თანაქრისტიანების დასამოძღვრად და განსამტკიცებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა. მაგრამ მის მსახურებაში, ისევე როგორც ეს იესოსა და პავლეს შემთხვევაში იყო, მთავარი ადგილი კეთილი ცნობის ქადაგებასა და ხალხის მოწაფეებად გახდომას ეჭირა (მათე 4:23; 1 კორინთელთა 3:5). პავლემ ტიმოთეს უთხრა: „მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმოთე 4:5).
17, 18. ა) რა მსახურებას ასრულებენ ქრისტიანები? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია სამქადაგებლო საქმიანობა ქრისტიანისთვის?
17 ეს სიტყვები დღევანდელ ქრისტიან მსახურებზეც ვრცელდება. ისინი ხალხს ემსახურებიან, ასრულებენ მახარებლის საქმეს, სხვებს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ხსნის შესახებ მიუთითებენ და თავმდაბლებს იეჰოვას სახელის მოხმობას ასწავლიან (საქმეები 2:21; 4:10—12; რომაელთა 10:13). ბიბლიის საფუძველზე ისინი ამტკიცებენ, რომ ტანჯული კაცობრიობის ერთადერთი იმედი მხოლოდ სამეფოა და ცხადყოფენ, რომ ახლაც კი ღვთის პრინციპების შესაბამისად მოქმედება ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (ფსალმუნი 14:1—5; მარკოზი 13:10). მაგრამ ქრისტიანი მსახურების ქადაგება სოციალური პრობლემების გადასაჭრელად კი არ არის მიმართული, არამედ ისინი ასწავლიან, რომ „ღვთისმოსაობა. . . ყველაფერში გამოსადეგია, რადგან აღგვითქვამს სიცოცხლეს აწმყოშიც და მომავალშიც“ (1 ტიმოთე 4:8).
18 მსახურთა უმეტესობას მსახურებაში დამატებითი ვალდებულებები აკისრია და ეს ვალდებულებები სხვადასხვაგვარია. მრავალს ოჯახური ვალდებულებები აქვს (ეფესელთა 5:21—6:4). უხუცესებსა და სამსახურებრივ თანაშემწეებს კრებაში სხვადასხვა ვალდებულება აქვთ (1 ტიმოთე 3:1, 12, 13; ტიტე 1:5; ებრაელთა 13:7). მრავალი ქრისტიანი სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობს. ზოგს შესანიშნავი უპირატესობა აქვს, მოხალისედ იმსახუროს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალებში. მაგრამ ყველა ქრისტიანი მსახური მონაწილეობს კეთილი ცნობის ქადაგებაში, გამონაკლისის გარეშე. ამ საქმიანობაში მონაწილეობით ხდება ყველასთვის თვალსაჩინო, რომ ესა თუ ის ადამიანი ნამდვილად ქრისტიანი მსახურია.
ქრისტიანი მსახურის აზროვნება
19, 20. როგორი აზროვნება უნდა განივითარონ ქრისტიანმა მსახურებმა?
19 ქრისტიანულ სამყაროში მომსახურეთა უმეტესობა სხვებისგან განსაკუთრებულ პატივს მოელის და ისინი ისეთ ტიტულებს იღებენ, როგორებიცაა: „მეუფე“ ან „მამაო“. ქრისტიანმა მსახურმა კი იცის, რომ მხოლოდ იეჰოვაა თაყვანისცემის ღირსი (2 ტიმოთე 2:9: 10, აქ). არც ერთი ქრისტიანი მსახური არ აცხადებს პრეტენზიას ასეთ განსაკუთრებულ პატივისცემაზე ან არ ისწრაფვის განსაკუთრებული ტიტულებისკენ (მათე 23:8—12). მათ იციან, რომ „დიაკონიას“ ძირითადი მნიშვნელობა „მსახურებაა“. ამ სიტყვასთან დაკავშირებული ზმნა ბიბლიაში ზოგჯერ პირადად მომსახურების, მაგალითად, მაგიდასთან მომსახურების, აღსანიშნავად გამოიყენება (ლუკა 4:39; 17:8; იოანე 2:5). თუმცა ეს სიტყვა ქრისტიანულ მსახურებასთან დაკავშირებით უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს, „დიაკონოს“ მაინც მსახურია და სხვა არავინ.
20 ამიტომ არც ერთ ქრისტიან მსახურს არა აქვს იმის საფუძველი, რომ საკუთარი თავი მნიშვნელოვან პიროვნებად მიაჩნდეს. ჭეშმარიტი ქრისტიანი მსახური, კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობების მქონეც კი, თავმდაბალი მონაა. იესომ თქვა: „ვისაც თქვენ შორის სურს დიდი იყოს, ის თქვენი მსახური იყოს. ვისაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის თქვენი მონა იყოს“ (მათე 20:26, 27). თავისი მოწაფეებისთვის ამ სწორი აზროვნების დასანახვებლად — აზროვნებისა, რომელიც უნდა განევითარებინათ — იესომ მათ ფეხები დაბანა ანუ შეასრულა სამუშაო, რომელიც უმდაბლეს მონას უნდა გაეკეთებინა (იოანე 13:1—15). თავმდაბლად მსახურების რა შესანიშნავი მაგალითია! ამიტომ ქრისტიანი მსახურები თავმდაბლად ემსახურებიან იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს (2 კორინთელთა 6:4; 11:23). ისინი თავმდაბლად ემსახურებიან ერთმანეთსაც. კეთილი ცნობის ქადაგებისას კი უანგაროდ ემსახურებიან თავიანთ არამორწმუნე მოყვასებს (რომაელთა 1:14, 15; ეფესელთა 3:1—7).
მსახურებაში მოთმინების გამოვლენა
21. როგორ დაჯილდოვდა პავლე მსახურებაში გამოვლენილი მოთმინებისთვის?
21 პავლეს მსახურად ყოფნისთვის მოთმინების გამოვლენა დასჭირდა. მან კოლასელებს უთხრა, რომ მათთვის კეთილი ცნობის გადასაცემად ბევრი ტანჯვის ატანა მოუწია (კოლასელთა 1:24, 25). მაგრამ მოციქულმა ყოველივე აიტანა, რის შედეგადაც მრავალმა მიიღო კეთილი ცნობა და მსახური გახდა. ისინი ღვთის ძეები, იესო ქრისტეს ძმები და ცხებულები გახდნენ და ზეცაში ქრისტეს გვერდით სულიერ ქმნილებად ყოფნის შესაძლებლობა მიეცათ. რა დიდებულად დაჯილდოვდა გამოვლენილი მოთმინება!
22, 23. ა) რატომ არის დღეს ქრისტიანი მსახურებისთვის მოთმინება აუცილებელი? ბ) რა შესანიშნავი ნაყოფი მოაქვს ქრისტიანულ მოთმინებას?
22 მოთმინება დღეს აუცილებლად უნდა გამოავლინონ მათ, ვინც ნამდვილად ღვთის მსახურია. მრავალი ყოველდღიურად ებრძვის დაავადებას ან ხანში შესვლის შედეგად გამოწვეულ ტკივილებს. მშობლები შვილების აღზრდის მძიმე უღელს ეწევიან და მათგან მრავალი ამ ტვირთს მეუღლის გარეშე ატარებს. ბავშვები გაბედულად უძლებენ სკოლაში არსებულ ცუდ გავლენას. მრავალი ქრისტიანი საშინელ ეკონომიკურ მდგომარეობას უმკლავდება. მრავალს კი დევნიან ან დღევანდელი ‘საზარელი ჟამით’ გამოწვეული გაჭირვების ატანა უწევს (2 ტიმოთე 3:1). დიახ, იეჰოვას თითქმის ექვს მილიონ მსახურს დღეს შეუძლია პავლესთან ერთად გაიმეოროს სიტყვები: „ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი“, მათ შორის ‘დიდ მოთმინებაშიც’ (2 კორინთელთა 6:4). ქრისტიანი მსახურები მხნეობას არ კარგავენ. გამოვლენილი მოთმინებისთვის ისინი ნამდვილად იმსახურებენ ქებას.
23 როგორც პავლეს შემთხვევაში, მათ მოთმინებასაც შესანიშნავი ნაყოფები მოაქვს. მოთმინების გამოვლენით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ და მის გულს ვახარებთ (იგავნი 27:11). ვიძლიერებთ ჩვენს რწმენას და ვიმოწაფებთ სხვებსაც, რომელნიც ჩვენს ქრისტიანულ საძმოს ემატებიან (1 ტიმოთე 4:16). ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში იეჰოვა ყოველთვის იცავდა თავის მსახურებს და აკურთხებდა მათ მსახურებას. შედეგად, შეგროვდა 144 000-ის დარჩენილი ნაწილი და მილიონობით სხვები, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების მტკიცე იმედი აქვთ (ლუკა 23:43; გამოცხადება 14:1, სსგ). ნამდვილად, ქრისტიანული მსახურება იეჰოვას გულმოწყალების გამოვლენაა (2 კორინთელთა 4:1). მოდი თითოეულმა დიდად დავაფასოთ ის და მადლიერნი ვიყოთ იმისათვის, რომ მისი ნაყოფი მარადიულად იარსებებს (1 იოანე 2:17).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ბერძნული სიტყვა „დიაკონოსიდან“ მომდინარეობს სიტყვა „დიაკონი“, რომელიც ეკლესიის ოფიციალური პირის წოდების აღმნიშვნელია. იმ ეკლესიებში, სადაც ქალები შეიძლება დიაკვნები იყვნენ, მათ დიაკონისებს უწოდებენ.
^ აბზ. 15 თუმცა რომაელთა 12:1 უშუალოდ ცხებულ ქრისტიანებს ეხება, მასში მოცემული პრინციპი ‘სხვა ცხვრებზეც’ ვრცელდება (იოანე 10:16). ისინი «მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი [„მსახურნი“, აქ]» (ესაია 56:6).
როგორ ახსნიდით?
• რა პასუხისმგებლობა ეკისრა პირველი საუკუნის ყველა ქრისტიანს?
• როდის და ვის მიერ ინიშნება ქრისტიანი მსახური?
• როგორი აზროვნება უნდა განივითაროს ქრისტიანმა მსახურმა?
• რატომ უნდა გამოავლინოს ქრისტიანმა მსახურმა გაჭირვების დროს მოთმინება?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
ტიმოთეს ღვთის სიტყვა ბავშვობიდან ჰქონდა ნასწავლი. ის მსახურად მონათვლისას დაინიშნა.
[სურათი 18 გვერდზე]
მონათვლა ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად ხდება და იმის მაჩვენებელია, რომ ეს პიროვნება ღვთის მსახურად ინიშნება.
[სურათი 20 გვერდზე]
ქრისტიანი მსახურები მზად არიან მსახურებისთვის.