არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა?

მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა?

მოაქვს ლოცვას რამე სარგებლობა?

ადრე თუ გვიან, თითქმის ყველა გრძნობს ლოცვის მოთხოვნილებას. ფაქტობრივად, მთელი გულით ლოცულობს თითქმის ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანი. მაგალითად, ბუდისტები ლოცვას „მე მწამს ამიდა ბუდასი“ დღეში რამდენიმე ათასჯერ იმეორებენ.

თუ მხედველობაში მივიღებთ მთელ მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, გონივრულია, დავსვათ კითხვა: ლოცვის საშუალებით რის მიღწევას მოელის ხალხი? მოაქვს ამ ლოცვებს რამე სარგებლობა?

რატომ ლოცულობს ხალხი?

აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში თავიანთი წინაპრებისა და ღვთაება სინტოს ან დაოსის მიმართ ლოცულობენ. ამ დროს ისინი იმედოვნებენ, რომ სკოლაში გამოცდებს ჩააბარებენ, კარგ მოსავალს აიღებენ ან დაავადებებს აირიდებენ. ბუდისტებს იმედი აქვთ, რომ თავიანთი ძალისხმევის წყალობით ნირვანას მიაღწევენ. ინდუსები ცოდნის, სიმდიდრისა და მფარველობისათვის მხურვალე ლოცვით მიმართავენ თავიანთ ღმერთებსა და ქალღმერთებს.

ზოგი კათოლიკე იმედოვნებს, რომ მონასტერში ბერად ან მონაზვნად აღკვეცით და გამუდმებული ლოცვით კაცობრიობას სარგებლობას მოუტანენ. მილიონობით კათოლიკე მარიამის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად დაზეპირებულ ლოცვებს წარმოთქვამს კრიალოსნით ხელში. აღმოსავლეთში მრავალი ლოცვისთვის განსაზღვრულ საგნებს იყენებს. პროტესტანტები „მამაო ჩვენოს“ სიტყვებს იმეორებენ, თუმცა ღვთისადმი ლოცვაში წინასწარგაზეპირებული ფრაზების გარეშეც შეუძლიათ თავიანთი გრძნობების გამოხატვა. მრავალი იუდეველი საკმაოდ დიდ მანძილს გადის გოდების კედელთან (იერუსალიმი) სალოცავად. ისინი იმედოვნებენ, რომ ტაძრის აღდგენის, აღორძინებისა და მშვიდობის ახალი ერა დადგება.

მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი ლოცვისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, საზოგადოებაში სიღარიბესთან, ნარკომანიასთან, დანგრეულ ოჯახებთან, დამნაშავეობასა და ომებთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო და უფრო იზრდება. დასაშვებია თუ არა ის აზრი, რომ ყველა, ვინც ზემოთ იყო მოხსენიებული, სათანადო სახით არ ლოცულობს? ან ნამდვილად ისმენს თუ არა ვინმე ლოცვებს?

ისმენს ვინმე ლოცვებს?

ლოცვები თავისთავად არაფრის მომტანია, თუ მას ვინმე არ შეისმენს. როდესაც ადამიანი ლოცულობს, მას, როგორც ჩანს, სჯერა, რომ სულიერი სამფლობელოდან ვიღაც უხილავი ქმნილება უსმენს. მაგრამ ლოცვების გადაცემა ბგერითი ტალღების საშუალებით არ ხდება. მრავალს სწამს, რომ არის პიროვნება, ვისაც მლოცველის აზრების წაკითხვაც კი შეუძლია. ვინ არის ის?

მკვლევარებისთვის უმთავრესად გაუგებარია, თუ როგორ იბადება აზრები მილიარდობით ნეირონისგან შემდგარ ტვინის ქერქში. მაგრამ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ასეთი აზრების წაკითხვა ტვინის შემოქმედს შეუძლია. ის კი სხვა არავინაა, თუ არა ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი (ფსალმუნი 82:19; გამოცხადება 4:11). ლოცვები მისადმი უნდა იყოს აღვლენილი. მაგრამ აქცევს იეჰოვა ყურადღებას ყველა ასეთ ლოცვას?

ისმენს ღმერთი ყველა ლოცვას?

ძველი ისრაელის მეფე, დავითი, ძალიან ხშირად ლოცულობდა. როგორც ღვთის მიერ შთაგონებული ფსალმუნმომღერალი, ის მღეროდა: „მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი“ (ფსალმუნი 64:3). იეჰოვასთვის სავსებით შესაძლებელია, გაიგოს ნებისმიერი ლოცვა, რომელსაც ათასობით სხვადახვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი აღავლენს მისადმი. ის ფაქტი, რომ ვერც ერთი ადამიანის გონება ვერ აუვიდოდა ამხელა ინფორმაციას, არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ შეუძლია ყური მიაპყროს ყველას, ვინც მისადმი სათანადო სახით ლოცულობს.

მაგრამ იესო ქრისტემ (ისიც ძალიან ხშირად ლოცულობდა) ცხადყო, რომ ყველა ლოცვა არ არის ღვთისთვის სასიამოვნო. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თქვა მან იმ დროს გავრცელებული გაზეპირებული ლოცვების გამეორებაზე. კათოლიკური იერუსალიმური ბიბლიის თანახმად, მან თქვა: „ლოცვისას ნუ იბუტბუტებთ, როგორც ამას წარმართები აკეთებენ, რადგან მათ ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან“ (მათე 6:7). იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ იეჰოვა არაგულწრფელ, უგულოდ წარმოთქმულ, ლოცვებს მოისმენს.

„ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა“, — ამბობს ბიბლიური იგავი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იწონებს ღმერთი ზოგ ლოცვას (იგავნი 28:9). სხვა იგავში კი ნათქვამია: „ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.“ (იგავნი 15:29). იმ დროს, როდესაც ძველი იუდას წინამძღოლებმა იეჰოვას წინაშე დიდი დანაშაული ჩაიდინეს, ღმერთმა მათ განუცხადა: „ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!“ (ესაია 1:1, 15).

მოციქულმა პეტრემ მოიხსენია კიდევ ერთი რამ, რის გამოც ლოცვა შეიძლებოდა ღვთისთვის მიუღებელი ყოფილიყო. ის წერდა: „თქვენც, ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ (1 პეტრე 3:7). იმ ადამიანის ლოცვები, რომელიც ასეთ რჩევებს უგულებელყოფს, მისი სახლის ჭერს არ ასცდება.

ცხადია, გარკვეული მოთხოვნების შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ლოცვები შესმენილ იქნეს. მრავალ მლოცველს კი ნაკლებად აღელვებს ის, თუ რას მოითხოვს ღმერთი მისგან. ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანის გულმოდგინედ ლოცვის მიუხედავად, მსოფლიოში არსებული მდგომარეობა არ უმჯობესდება.

მაშ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვები შეისმინოს? ამ კითხვაზე პასუხს უშუალო კავშირი აქვს ლოცვის მიზანთან. თუ გვსურს ვიცოდეთ, მოჰყვება თუ არა ლოცვას რამე დადებითი შედეგები, უნდა გვესმოდეს, რა მიზნით ვლოცულობთ. რატომ მოგვცა ღმერთმა იმის საშუალება, რომ მასთან ლაპარაკი შეგვძლებოდა?

[საავტორო უფლება 3 გვერდზე]

G.P.O., Jerusalem