არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა ილოცოთ?

რატომ უნდა ილოცოთ?

რატომ უნდა ილოცოთ?

„ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ. . . მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:3, 8). იესოს მოწაფის, იაკობის, ამ სიტყვებმა შეიძლება ლოცვის მიზეზებზე დაგვაფიქროს.

ლოცვა მხოლოდ იმის საშუალება არ არის, რომ ღმერთს რამე ვთხოვოთ. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ“, მაგრამ ამასთანავე დასძინა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 6:8; 7:7). ასე რომ, იეჰოვას სურვილია, ვუთხრათ, თუ რა გვჭირდება, მაგრამ არსებობს კიდევ ბევრი რამ, რაზეც უნდა ვილოცოთ.

ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ იმისთვის არა აქვთ, რომ ერთმანეთს რამე სთხოვონ. მათ აინტერესებთ ერთმანეთი, და მათი მეგობრობა ერთმანეთისთვის თავიანთი გრძნობების გაზიარებით უფრო და უფრო იზრდება. მსგავსად ამისა, ლოცვას უფრო დიდი დანიშნულება აქვს, ვიდრე მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებზე თხოვნაა. თუ იეჰოვას გულწრფელად ვეტყვით, რომ მისადმი ერთგული ვართ, ეს მასთან ურთიერთობის განმტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს.

დიახ, ღმერთმა პატივი დაგვდო და ლოცვის შესაძლებლობა მოგვცა. ლოცვის საშუალებით კი მასთან დაახლოება შეგვიძლია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ღმერთს დაზეპირებულ ლოცვებს კი არ ვეუბნებით, არამედ ჩვენს გრძნობებს ვუმხელთ. რა სასიამოვნოა ლოცვაში იეჰოვასთან საუბარი! ბიბლიური იგავი ამბობს: ‘წრფელთა ლოცვა სათნოა მისთვის’ (იგავნი 15:8).

„ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი ასაფი (ფსალმუნი 72:28). ღმერთთან მისაახლოებლად კი მხოლოდ ლოცვა არ კმარა. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მიუთითებს ამაზე შემდეგი ცნობა:

«ერთმა მოწაფეთაგანმა [იესოს] მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“». პასუხად იესომ უთხრა: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა [სამეფო] შენი“ (ლუკა 11:1, 2). შეგვიძლია თუ არა ამგვარად ვილოცოთ და ჩვენი ლოცვა აზრიანი იყოს, თუ თავიდან ღვთის სახელს არ ვისწავლით და არ გავიგებთ, როგორ წმინდავყოთ ეს სახელი? ან განა შეგვიძლია იესოს ამ სიტყვების თანახმად ვილოცოთ, თუ არ ვიცით, რა არის ღვთის სამეფო? ამ საკითხების გაგება ბიბლიის გულმოდგინედ გამოკვლევით არის შესაძლებელი. ამგვარად მიღებული შემეცნება ღვთისა და მისი გზების გაცნობაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, იეჰოვა ღმერთის გაცნობა გვაგრძნობინებს, რომ მასთან უფრო ახლოს ვართ და მისადმი ერთგულებას განგვიმტკიცებს. ეს კი, თავის მხრივ, დაგვეხმარება, ლოცვაში ღმერთს უფრო თავისუფლად ველაპარაკოთ.

ლოცვას შეუძლია პრობლემების გადაჭრა

იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარება პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარება. შენიშნეთ, თუ როგორ მართლდება ამ სიტყვების ჭეშმარიტება ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში. მათში თვალსაჩინოდ ჩანს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ლოცულობდნენ, იეჰოვასთან თავიანთი ურთიერთობის განმტკიცება შეძლეს.

ერთი ბრაზილიელი ქალი, სახელად მარია, ლოცვაში ღმერთს დახმარებას სთხოვდა. ადრე მას სურდა, საზოგადოებაში დადგენილი ნორმების წინააღმდეგ გაელაშქრა; ეს სურვილი კი, ნაწილობრივ, საზოგადოებაში არსებული თვალთმაქცობით იყო განპირობებული. მარიამ ქმარ-შვილიც კი მიატოვა, სახლიდან წავიდა და ნარკოტიკების გამოყენება დაიწყო. მაგრამ ბედნიერების ძიებაში ხელის მოცარვის შემდეგ ლოცვაში ღმერთს გადაუშალა გული და დახმარება სთხოვა.

მალე მასთან სახლში იეჰოვას ორი მოწმე მივიდა და „საგუშაგო კოშკის“ ერთი ნომერი გადასცა; ამ ნომერში ირჩეოდა, თუ რამდენად ძვირფასი იყო ღვთის ხელმძღვანელობის მიღება. მასალა მის გულს შეეხო და მარიამ იმ დღესვე დაიწყო მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. ამას კი შედეგად მისი ოჯახური ცხოვრების აღდგენა მოჰყვა. როგორც კი იეჰოვას შესახებ გაიგო, მარიას მაშინვე გაუჩნდა მისადმი სიყვარულის გამოხატვის სურვილი. „გაუმჯობესება დამეტყო, — თქვა მან. — თავიდან ჩემი ქმარი და ოჯახი წინააღმდეგობას მიწევდნენ ბიბლიის შესწავლაში, მაგრამ, როგორც კი ჩემში მომხდარი ცვლილებები დაინახეს, პირიქით, ხელს მიწყობდნენ“. მოგვიანებით მარიამ ლოცვის მომსმენს მიუძღვნა თავი, რათა მისთვის ემსახურა.

ბოლივიელ ხოზეს მშვენიერი ცოლი ჰყავდა და ბიზნესის საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ იყო. სხვა ქალთან ურთიერთობის გამო, ცოლმა მიატოვა. ხოზემ ლოთობა დაიწყო; თავს არაფრის მაქნისად მიიჩნევდა. ის ყვება: «მთელი გულით დავიწყე ლოცვა; ღმერთს ვთხოვდი გამეგო, რა უნდა გამეკეთებინა, რომ მისთვის მესიამოვნებინა. მალე იეჰოვას მოწმეები მოვიდნენ ჩემთან სამსახურში და ბიბლიის უფასოდ შესწავლა შემომთავაზეს, მაგრამ მე დავითხოვე ისინი. ასე გამეორდა სამჯერ. ყოველთვის, როდესაც დახმარებაზე ვლოცულობდი, ისინი მოდიოდნენ. ბოლოს გადავწყვიტე, რომ მორიგი მოსვლისას მოვუსმენდი მათ. მანამდე ბიბლია მთლიანად მქონდა წაკითხული და ბევრ კითხვაზე პასუხი მაინტერესებდა, ისინი კი ყოველთვის დამაკმაყოფილებლად მპასუხობდნენ. იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებამ ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი შესძინა, ხოლო იეჰოვას მოწმე მეგობრები ჩემთვის საოცრად გამამხნევებელი მაგალითები იყვნენ! მივატოვე ქალი, რომელთანაც დაუქორწინებლად ვცხოვრობდი და „მეგობრები“, რომლებთანაც ვსვამდი. მალე ჩემი ცოლ-შვილი დავიბრუნე, ხოლო 1999 წლის დასაწყისში მოვინათლე».

იტალიელი თამარას ოჯახურ ცხოვრებას საფრთხე ემუქრებოდა; ამიტომაც ის სიბრძნეს სთხოვდა ღმერთს. თამარა 14 წლის ასაკში სცემეს და სახლიდან გააგდეს, ამიტომ აგრესიული ხასიათი ჩამოუყალიბდა. ის ყვება: „ერთხელ ბიბლია ვიპოვე. დავიწყე მისი კითხვა და ერთ საღამოს წავიკითხე, რომ ‘სიბრძნის პოვნა განძის პოვნის მსგავსია’. ვილოცე, რომ მეც მეპოვნა სიბრძნე (იგავნი 2:1—6). მომდევნო დილით იეჰოვას მოწმეები მოადგნენ ჩემს კარს. დავიწყე მათთან ბიბლიის შესწავლა, მაგრამ ნასწავლის პრაქტიკაში გამოსაყენებლად დრო დამჭირდა. ბოლოს ქრისტიანულ გზაზე დადგომა გადავწყვიტე და მოვინათლე. ახლა კი ქმართან ერთად სხვებსაც ვეხმარები, რათა მათაც ისწავლონ ღვთის სიბრძნით სარგებლობა.

ბეატრისი კარაკასის (ვენესუელა) ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. მაგრამ ის ქმარს გაშორდა და გულდამწუხრებული დადიოდა. სასოწარკვეთილებამდე მისულმა ქალმა ერთხელ რამდენიმე საათი გაატარა ლოცვაში. მეორე დილით ზარი დარეკეს. გაღიზიანებულმა კარის საჭვრეტელში გაიხედა და დაინახა, რომ მის კართან ორი პორტფელიანი ადამიანი იდგა. ქალმა გადაწყვიტა, თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს სახლში არ იყო, მაგრამ წყვილმა წასვლამდე კარს ქვემოდან მოსაწვევი ბარათი შეაცურა. ბარათი იუწყებოდა: „გაეცანით თქვენს ბიბლიას“. არსებობდა რამე კავშირი მათ მოსვლასა და წინაღამეს მის ლოცვას შორის? ბეატრისმა წყვილს დაუძახა და დაბრუნება სთხოვა. მალე ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით, მოინათლა. ბეატრისი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს იპოვა ბედნიერება, ახლა სხვებს ასწავლის მის პოვნას.

კარმენი არაერთხელ ლოცულობდა სიღატაკესთან გამკლავების შესახებ. მას ათი შვილი და ლოთი ქმარი ჰყავდა (ქმარს რაფაელი ჰქვია). „ფულის საშოვნელად მრეცხავად ვმუშაობდი“, — თქვა კარმენმა. მაგრამ რაფაელი სულ უფრო მეტად ლოთობდა. „ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლას დავიწყებდით, შემდეგ კი ჩემს მეუღლეს გაუმჯობესება დაეტყო. გავიგეთ სამეფოს აღთქმის შესახებ, რომ იეჰოვა მალე დედამიწას სიღარიბისა და ჩაგვრისგან გაათავისუფლებს. ლოცვებზე ღმერთმა მიპასუხა!“ იეჰოვას გზების გაცნობა რაფაელს ლოთობის მიტოვებასა და „ახალ კაცად“ შემოსვაში დაეხმარა (ეფესელთა 4:24). რაფაელმა და მისმა ოჯახმა შეძლეს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ეს კაცი ამბობს: „თუმცა მდიდრები არა ვართ და არა გვაქვს საკუთარი სახლი, მაგრამ გვაქვს ის, რაც აუცილებელია ცხოვრებისთვის და ბედნიერები ვართ“.

როდესაც არც ერთი ლოცვა უპასუხოდ არ დარჩება

მოუტანა ლოცვამ ზემოთ მოხსენიებულ ადამიანებს რამე სარგებლობა? რა თქმა უნდა! მიაქციეთ თუ არა ყურადღება იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში ლოცვაზე პასუხი იმით იქნა გაცემული, რომ ქრისტიანული კრებიდან მისული ადამიანების დახმარებით მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და იეჰოვას დაუახლოვდნენ (საქმეები 9:11).

ასე რომ, საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს იმისათვის, რომ ვილოცოთ. მალე პასუხი გაეცემა ლოცვებს იმის შესახებ, რომ ღვთის სამეფო მოვიდეს და ღვთის ნება დედამიწაზეც შესრულდეს (მათე 6:10). მას შემდეგ, რაც ღმერთი დედამიწას თავისი მოწინააღმდეგეებისგან გაწმენდს „აივსება მიწა უფლის ცოდნით“ (ესაია 11:9). იმ დროს ყველა, ვისაც იეჰოვა უყვარს, ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ დატკბება და მათი ლოცვები ნამდვილად არ დარჩება უპასუხოდ (რომაელთა 8:18—21).

[სურათი 7 გვერდზე]

იცით თუ არა, რატომ უნდა ვილოცოთ?