არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანები ბედნიერებას პოულობენ მსახურებაში

ქრისტიანები ბედნიერებას პოულობენ მსახურებაში

ქრისტიანები ბედნიერებას პოულობენ მსახურებაში

„გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

1. როგორი არასწორი აზროვნებაა გაბატონებული დღეს და რატომ არის ის საზიანო?

გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების განმავლობაში წუთისოფელში ხშირად გაისმოდა სიტყვა ეგოცენტრიზმი. ეს სიტყვა „პირველ რიგში მე“-ს ნიშნავს და მიუთითებს აზროვნებაზე, რომელიც ეგოიზმსა და სიხარბეს აერთიანებს და რომელსაც სხვებზე ზრუნვა ნაკლებად ახასიათებს. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ 2000 წელს ეგოცენტრიზმი სულაც არ გამქრალა. რამდენად ხშირად ჩაგესმით კითხვები: „რას მომიტანს ეს?“ ან „რას მოვიგებ აქედან?“ ასეთი ეგოისტური აზროვნება ბედნიერებას არავის მოუტანს. ის სრულიად საპირისპიროა იესოს მიერ ნათქვამი პრინციპისა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

2. საიდან ჩანს, რომ გაცემას ნეტარება მოაქვს?

2 ნამდვილად მეტი ნეტარება მოაქვს გაცემას, ვიდრე მიღებას? დიახ. იფიქრეთ იეჰოვაზე. მასთან არის „წყარო სიცოცხლისა“ (ფსალმუნი 35:10). ის გვაძლევს ყველაფერს, რაც ბედნიერებისა და ეფექტურობისთვის გვჭირდება. მართლაც ის არის „ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის“ წყარო (იაკობი 1:17). იეჰოვა, ‘კურთხეული [„ბედნიერი“, აქ] ღმერთი’, ყოველთვის გასცემს (1 ტიმოთე 1:11). მას უყვარს თავისი შექმნილი ადამიანები, რომლებისთვისაც ასე ბევრი გაიღო (იოანე 3:16). დაფიქრდით, ადამიანთა ოჯახებზეც. თუ მშობელი ხართ, თქვენთვის ცნობილია როგორი მსხვერპლი და რამდენის გაცემაა საჭირო შვილის აღსაზრდელად. მრავალი წლის განმავლობაში კი ბავშვს სულაც არ ესმის, თუ რა მსხვერპლს იღებთ მისთვის. ბავშვის აზრით, ეს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, დიდ ბედნიერებას განიჭებთ იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება პატარა თქვენ მიერ უანგაროდ გაცემის შედეგად. რატომ? იმიტომ, რომ გიყვართ ის.

3. რატომ არის იეჰოვასა და თანამორწმუნეებისთვის მსახურება სიამოვნების მომგვრელი?

3 მსგავსად ამისა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვისაც დამახასიათებელია გაცემა, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და თანამორწმუნეები, ამიტომ სიამოვნებას გვგვრის მათთვის მსახურება, საკუთარი თავის მათთვის გადადება (მათე 22:37—39). ნებისმიერმა, ვინც ეგოისტური მიზნებით სცემს თაყვანს ღმერთს, საეჭვოა რამე სიხარული მიიღოს ასეთი მსახურებიდან. უანგაროდ მომსახურენი კი ყურადღებას უფრო იმაზე ამახვილებენ, რის გაცემა შეუძლიათ თავად, ვიდრე იმაზე, თუ რას მიიღებენ და, რა თქმა უნდა, ბედნიერებიც არიან. ამ სიტყვების ჭეშმარიტება უფრო აშკარა გახდება, როდესაც განვიხილავთ, თუ როგორ არის საღვთო წერილში გამოყენებული ჩვენს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული გარკვეული ბიბლიური სიტყვები. ამ და მომდევნო სტატიაში ამ სიტყვათაგან სამს განვიხილავთ.

იესოს მიერ ხალხისთვის მსახურება

4. რა ხასიათს ატარებს ქრისტიანული სამყაროს მიერ „ხალხისთვის მსახურება“?

4 ბერძნულ დედანში თაყვანისცემასთან დაკავშირებით გამოყენებულია ერთი მნიშვნელოვანი სიტყვა — „ლეიტოურგია“. ის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ „ხალხისთვის მსახურებად“ არის თარგმნილი. ქრისტიანულ სამყაროში ეს სიტყვა „ლიტურგიად“ დამკვიდრდა *. მაგრამ ქრისტიანული სამყაროს ფორმალური ლიტურგიები სინამდვილეში არ არის ხალხის სასარგებლოდ მსახურება.

5, 6. ა) რა სახის მომსახურება იყო ხალხისთვის დადგენილი ისრაელში და რა სარგებლობა მოჰქონდა ამას? ბ) ხალხისთვის მსახურების რომელმა აღმატებულმა ფორმამ შეცვალა უკვე არსებული და რატომ?

5 მოციქულმა პავლემ „ლეიტოურგიასთან“ დაკავშირებული ბერძნული სიტყვა ისრაელ მღვდელთა მიმართ გამოიყენა. მან თქვა: «ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად [„ყოველდღე ემსახურება ხალხს („ლეიტოურგიას“ ფორმა)“, აქ] და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ» (ებრაელთა 10:11). ლევიანი მღვდლები ხალხისთვის ძალზე მნიშვნელოვან მსახურებას ეწეოდნენ. ისინი ღვთის რჯულს ასწავლიდნენ და ხალხის ცოდვების დასაფარავად მსხვერპლს სწირავდნენ (მეორე ნეშტთა 15:3; მალაქია 2:7). როდესაც მღვდლები და ხალხი იეჰოვას რჯულის თანახმად ცხოვრობდნენ, ყოველთვის ჰქონდათ სიხარულის მიზეზები (მეორე რჯული 16:15).

6 რჯულის თანახმად, ხალხისთვის მსახურება ისრაელი მღვდლებისთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ ისრაელის ორგულობის გამო ღვთის მიერ ამ ერის უარყოფის შემდეგ მათმა მსახურებამ ყოველგვარი ფასი დაკარგა (მათე 21:43). იეჰოვამ კი ბევრად უფრო დიდებული რამ დაადგინა — ხალხისთვის მსახურება, რომელსაც იესო, დიდებული მღვდელმთავარი, გასწევდა. იესოს შესახებ ვკითხულობთ: „მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდუვალი მღვდლობა აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ“ (ებრაელთა 7:24, 25).

7. რატომ მოაქვს ხალხისთვის იესოს მომსახურებას ასე შეუდარებელი სარგებლობა?

7 იესო განაგრძობს მღვდლობას და მას არასოდეს არავინ შეცვლის. ასე რომ, მხოლოდ მას შეუძლია ადამიანთა სრულიად გადარჩენა. ის თავის შეუდარებელ მსახურებას ხელთქმნილ ტაძარში კი არ ეწევა, არამედ სიმბოლურ ტაძარში, თაყვანისმცემლობისთვის იეჰოვას მიერ ახ. წ. 29 წელს ამოქმედებულ სტრუქტურაში. იესო ახლა ამ ტაძრის წმიდათა წმიდაში, ზეცაში, მსახურობს. ის არის „მსახური [ლეიტოურგოს] წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა ადამიანმა (ებრაელთა 8:2; 9:11, 12). მიუხედავად იმისა, რომ იესოს ასეთი მაღალი მდგომარეობა უჭირავს, ის მაინც „ხალხის მსახურია“. ის თავის მაღალ მდგომარეობას იყენებს, რათა გასცეს და არა მიიღოს. ასეთ გაცემას მისთვის სიხარული მოაქვს. ეს არის „მის წინაშე მდებარე“ სიხარულის ნაწილი და ამ სიხარულმა მისცა დედამიწაზე ყოფნის დროს იმის ძალა, რომ ბოლომდე მოეთმინა (ებრაელთა 12:2, სსგ).

8. როგორ ასრულებდა იესო ხალხისთვის იმ მსახურებას, რომელმაც რჯულის კავშირი შეცვალა?

8 არსებობს იესოს ხალხისთვის მსახურების კიდევ ერთი მხარე. პავლე წერდა: „მან [იესომ] მიიღო უპირატესი მსახურება, რაკი იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია და უკეთეს დაპირებებზე არის დადგენილი“ (ებრაელთა 8:6). მოსეს შუამავლობით დაიდო კავშირი, რაც ისრაელსა და იეჰოვას შორის ურთიერთობის საძირკველი იყო (გამოსვლა 19:4, 5). იესო კი ახალი კავშირის შუამავალი იყო. ამ კავშირმა შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ხალხის წარმომადგენელი სულით ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ახალი ერის, „ღვთის ისრაელის“, შობა (გალატელთა 6:16; ებრაელთა 8:8, 13; გამოცხადება 5:9, 10). ხალხისთვის რა დიდებული მომსახურებაა! რა ბედნიერები ვართ ჩვენ, რადგან შეგვიძლია გავეცნოთ იესოს, ხალხის მსახურს, რომლის მეშვეობითაც იეჰოვასადმი მისთვის მისაღები სახით თაყვანისცემა შეგვიძლია (იოანე 14:6).

ქრისტიანებიც ემსახურებიან ხალხს

9, 10. რომელია ხალხისთვის ზოგი სახეობის მსახურება, რომლებსაც ქრისტიანები ასრულებდნენ?

9 არც ერთ ადამიანს არ შეუძლია მოემსახუროს ხალხს ისე დიდებულად, როგორც ეს იესომ გააკეთა. მაგრამ, როდესაც ცხებული ქრისტიანები ზეციერ ჯილდოს იღებენ, ისინი ქრისტეს გვერდით იკავებენ ადგილს და, როგორც ზეციერი მეფეები და მღვდლები, ხალხს მასთან ერთად ემსახურებიან (გამოცხადება 20:6; 22:1—5). დედამიწაზე მყოფი ქრისტიანებიც ხალხს ემსახურებიან და ამ მსახურებაში დიდ სიხარულს პოულობენ. მაგალითად, როდესაც პალესტინაში საკვების უკმარისობა იყო, მოციქულმა პავლემ ევროპელი ძმების მიერ გაღებული შესაწირავები ჩაიტანა იუდეაში, რათა ებრაელ ქრისტიანებს გაჭირვება შემსუბუქებოდათ. ეს ხალხისთვის მომსახურება იყო (რომაელთა 15:27; 2 კორინთელთა 9:12). დღეს ქრისტიანები სიხარულით ეწევიან მსგავს მსახურებას და დაუყოვნებლივ ეხმარებიან ძმებს, რომლებიც სტიქიური თუ სხვა უბედურებების შედეგად გამოწვეულ გასაჭირში ვარდებიან (იგავნი 14:21).

10 პავლე ხალხისთვის მომსახურების კიდევ ერთ მხარეზე მიუთითებდა, როდესაც წერდა: „კიდეც რომ ვესხურებოდე თქვენი რწმენის მსხვერპლსა და ღვთისმსახურებას, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად“ (ფილიპელთა 2:17). ფილიპელთათვის პავლეს მძიმე შრომა ხალხისთვის სიყვარულითა და გულმოდგინებით მომსახურება იყო. დღეს ხალხს ამნაირადვე ემსახურებიან, განსაკუთრებით კი ამას ცხებული ქრისტიანები აკეთებენ, რომლებიც „ერთგულ და გონიერ მონად“ მსახურობენ და დროულად აწვდიან მათ საზრდოს (მათე 24:45—47). გარდა ამისა, როგორც ჯგუფი, ისინი „წმიდა სამღვდელოებას“ წარმოადგენენ და დავალებული აქვთ, ‘შესწირონ სულიერი მსხვერპლი, რომელიც იესო ქრისტეს მიერ სასურველად უჩანს ღმერთს’ და ‘აუწყონ ყველას მისი სათნოება, ვინც ბნელიდან გამოიხმო, რათა ეხილათ მისი საოცარი ნათელი’ (1 პეტრე 2:5, 9, სსგ). პავლეს მსგავსად, ისინიც ხარობენ ასეთი უპირატესობებით და თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად ‘სასხურებელი მსხვერპლივით’ (აფ) იღვრებიან. მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“ უერთდებიან მათ ქმედებას და მხარს უჭერენ კაცობრიობისთვის იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ ცნობის გადაცემაში * (იოანე 10:16; მათე 24:14). რა დიდებული და სასიხარულო მსახურებაა! (ფსალმუნი 106:21, 22).

წმინდა მსახურება

11. როგორ მოგვცა შესანიშნავი მაგალითი ყველა ქრისტიანს წინასწარმეტყველმა ანამ?

11 სხვა ბერძნული სიტყვა, რომელსაც ჩვენს თაყვანისმცემლობასთან აქვს კავშირი, არის „ლატრეია“, რომელიც ახალი ქვეყნიერების თარგმანში „წმინდა მსახურებად“ არის თარგმნილი. წმინდა მსახურება თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, 84 წლის ხანდაზმული ქვრივი წინასწარმეტყველი ანა აღწერილია როგორც ქალი, «რომელიც არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა [ბერძნული სიტყვის „ლატრეიას“ ფორმა] დღე და ღამ» (ლუკა 2:36, 37). ანა გამუდმებით სცემდა თაყვანს იეჰოვას. ის მშვენიერი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, ახალგაზრდისა თუ ხანდაზმულისთვის, მამაკაცისა თუ ქალისთვის. როგორც ანა მიმართავდა ლოცვით გულწრფელად იეჰოვას და რეგულარულად ემსახურებოდა მას ტაძარში, ისე ჩვენც წმინდა მსახურებაში ლოცვა და კრების შეხვედრებზე დასწრება უნდა ჩავრთოთ (რომაელთა 12:12; ებრაელთა 10:24, 25).

12. რა არის ჩვენი წმინდა მსახურების მნიშვნელოვანი თავისებურება და როგორ არის ეს ხალხისთვის მსახურებაც?

12 მოციქულმა პავლემ ჩვენი წმინდა მსახურების მნიშვნელოვანი თავისებურება მოიხსენია, როდესაც წერდა: „ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ“ (რომაელთა 1:9). დიახ, კეთილი ცნობის ქადაგება არა მხოლოდ იმ ხალხისთვის მსახურებაა, რომლებიც მას ისმენენ, არამედ იეჰოვა ღმერთისადმი თაყვანისცემაც გახლავთ. მიუხედავად იმისა, დადებითად გამოგვეხმაურებიან თუ უარყოფითად, ქადაგება იეჰოვასათვის წმინდა მსახურებაა. ჩვენი საყვარელი ზეციერი მამის შესანიშნავ თვისებებსა და გულმოწყალებით აღსავსე განზრახვებზე სხვებთან ლაპარაკის მცდელობას ჩვენთვის დიდი სიხარული მოაქვს (ფსალმუნი 70:23).

სად ვასრულებთ წმინდა მსახურებას?

13. რას მოელიან ისინი, ვინც იეჰოვას სულიერი ტაძრის შიდა ეზოში ასრულებენ წმინდა მსახურებას და ვინ ხარობს მათთან ერთად?

13 ცხებულ ქრისტიანებს პავლე სწერდა: „ჩვენ, შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით“ (ებრაელთა 12:28). ცხებულები გულდაჯერებით მოელიან სამეფოს დამკვიდრებას, რწმენაში მტკიცედ დგანან და უზენაესს თაყვანს სცემენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ წმინდა ადგილას და იეჰოვას სულიერი ტაძრის შიდა ეზოში წმინდა მსახურების შესრულება. ისინი მთელი გულით მოელიან იესოსთან წმიდათაწმიდაში, თვით ზეცაში, მსახურებას. ცხებულების თანამსახური სხვა ცხვრების კლასი მათთან ერთად ხარობს მათი სასწაულებრივი იმედით (ებრაელთა 6:19, 20; 10:19—22).

14. როგორ სარგებლობენ უამრავი ხალხის წარმომადგენლები იესოს მიერ ხალხისთვის გაწეული მსახურებიდან?

14 მაგრამ სად ასრულებენ სხვა ცხვრები წმინდა მსახურებას? როგორც მოციქულმა იოანემ იწინასწარმეტყველა, ამ კლასის წარმომადგენელი უამრავი ხალხი უკანასკნელ დღეებში გამოჩნდა. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:14). ეს ნიშნავს, რომ, თავიანთი ცხებული თანამორწმუნეებივით, ისინიც ავლენენ რწმენას ხალხისთვის იესოს მიერ გაწეული მსახურებისადმი, — კაცობრიობის სასარგებლოდ იესოს მიერ მსხვერპლად გაღებული თავისი სრულყოფილი სიცოცხლისადმი. სხვა ცხვრებიც სარგებლობენ იესოს მიერ ხალხისთვის გაწეული მსახურებით და ‘მტკიცედ უჭირავთ ღვთის აღთქმა’ (ესაია 56:6). არა, ისინი არ არიან ახალი კავშირის წევრები, მაგრამ ის მათ იმ გაგებით უჭირავთ, რომ ამ აღთქმასთან დაკავშირებულ კანონებს ემორჩილებიან და მხარს უჭერენ მის თანახმად გატარებულ ღონისძიებებს. მათ კავშირი აქვთ ღვთის ისრაელთან, იკვებებიან ერთი და იმავე სულიერი სუფრიდან და ამ კავშირის წევრთა მხარდამხარ მსახურობენ, საჯაროდ განადიდებენ ღმერთს და ისეთ სულიერ მსხვერპლს სწირავენ, რომელიც ღვთისთვის მოსაწონია (ებრაელთა 13:15).

15. სად ასრულებს უამრავი ხალხი წმინდა მსახურებას და როგორ მოქმედებს ეს კურთხევა მათზე?

15 ამგვარად, დანახულ იქნა უამრავი ხალხი, რომლებიც „იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი“. გარდა ამისა, ისინი „არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მათზე“ (გამოცხადება 7:9, 15). ისრაელში პროზელიტები სოლომონის ტაძრის გარეთა ეზოში ეწეოდნენ თაყვანისმცემლობას. უამრავი ხალხი დღეს ამნაირადვე სცემს თაყვანს იეჰოვას მისი სულიერი ტაძრის გარეთა ეზოში. იქ მსახურება მათ სიხარულს ანიჭებს (ფსალმუნი 121:1). მას შემდეგ, რაც ცხებულთა უკანასკნელი წევრიც კი ზეციერ მემკვიდრეობას მიიღებს, ისინი, როგორც იეჰოვას ხალხი, მისთვის წმინდა მსახურებას განაგრძობენ (გამოცხადება 21:3).

მიუღებელი წმინდა მსახურება

16. რა გაფრთხილებები გვეძლევა წმინდა მსახურებასთან დაკავშირებით?

16 ძველი ისრაელის დღეებში წმინდა მსახურება ღვთის რჯულის თანახმად უნდა შესრულებულიყო (გამოსვლა 30:9; ლევიანნი 10:1, 2). მსგავსად ამისა, დღესაც არსებობს მოთხოვნები, რომლებიც უნდა დავიცვათ, თუ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა მსახურება იეჰოვასთვის მისაღები იყოს. ამიტომაც წერდა პავლე კოლასელებს: „ჩვენც. . . განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით“ (კოლასელთა 1:9, 10). ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, თუ როგორ უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს. მნიშვნელოვანია ზუსტი ბიბლიური შემეცნება, სულიერი ხედვა და ღვთიური სიბრძნე. სხვაგვარად მოქცევამ შეიძლება ძალიან ცუდი ნაყოფი გამოიღოს.

17. ა) როგორ ბილწავდნენ წმინდა მსახურებას მოსეს დღეებში? ბ) როგორ შეიძლებოდა დღეს არასწორად შეგვესრულებინა ჩვენი წმინდა მსახურება?

17 გაიხსენეთ მოსეს დღეებში მცხოვრები ისრაელები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა ზურგი შეაქცია მათ და ციური მხედრობის სამსახურს მიანება ისინი“ (საქმეები 7:42). ეს ისრაელები იეჰოვას მიერ მათთვის გაკეთებული ძლევამოსილი საქმეების თვითმხილველები იყვნენ. მაგრამ მათ პირი სხვა ღმერთებისკენ იბრუნეს და ფიქრობდნენ, რომ ეს სარგებლობას მოუტანდათ. ამ ხალხმა ერთგულება არ გამოავლინა. ჩვენ კი, თუ გვსურს, რომ ჩვენი წმინდა მსახურება ღვთისთვის მოსაწონი იყოს, მისადმი ერთგულება უნდა გამოვავლინოთ (ფსალმუნი 17:26). მართალია, დღეს თითქმის არავინ მოემსახურებოდა ვარსკვლავებსა და ოქროს ხბოებს, მაგრამ არსებობს სხვაგვარი კერპთაყვანისმცემლობა. იესო გვაფრთხილებდა, „მამონას“ მონები არ გავმხდარიყავით, ხოლო პავლემ სიხარბეს კერპთაყვანისმცემლობა უწოდა (მათე 6:24; კოლასელთა 3:5). სატანა თავის თავს ღმერთად წარმოაჩენს (2 კორინთელთა 4:4). ასეთი კერპთაყვანისმცემლობა დღეს ფართოდ არის გავრცელებული და ის ბევრისთვის მახეს წარმოადგენს. მაგალითად, დაფიქრდით იმ ადამიანის საქციელზე, რომელიც ამბობს, რომ იესოს მიმდევარია, მაგრამ ცხოვრებაში მისი ნამდვილი მიზანი სიმდიდრის დაგროვებაა — ან ადამიანზე, ვინც მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა ბოლომდე. სინამდვილეში ვის ემსახურება ასეთი პიროვნება? რამდენად განსხვავდება ასეთი ადამიანი ესაიას დღეებში მცხოვრები იუდეველებისგან, რომლებიც იეჰოვას სახელს იფიცებდნენ და ამავე დროს მის დიდებულ საქმეებს უწმინდურ კერპებს აკუთვნებდნენ? (ესაია 48:1, 5).

18. როგორ ასრულებდნენ არასწორად წმინდა მსახურებას წარსულში და როგორ ასრულებენ მას დღეს?

18 იესომ შემდეგი გაფრთხილებაც მოგვცა: „მოდის ჟამიც, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება“ (იოანე 16:2). როდესაც ‘სტეფანეს მოკვლას იწონებდა’ და „სიკვდილის მუქარით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ“, სავლე, რომელიც მოციქული პავლე გახდა, ეჭვგარეშეა, ფიქრობდა, რომ ღმერთს ემსახურებოდა (საქმეები 8:1; 9:1). დღეს ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში მონაწილე ზოგი დამნაშევეც აცხადებს, რომ ღმერთს ემსახურება. ბევრი ამბობს, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, მაგრამ მათი თაყვანისმცემლობა სინამდვილეში ნაციონალიზმის, ტრაიბალიზმის, სიმდიდრის, საკუთარი თავისა თუ სხვა ღმერთებისა და ღვთაებებისადმია მიმართული.

19. ა) როგორ ვეკიდებით ჩვენს წმინდა მსახურებას? ბ) როგორი წმინდა მსახურება მოგვიტანს სიხარულს?

19 იესომ თქვა: „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:10). მან ეს სიტყვები სატანას უთხრა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა ყურად ვიღოთ ისინი! სამყაროს უზენაესი უფლის წმინდა მსახურებაში ყოფნა გამორჩეული, აღმაფრთოვანებელი პატივია. რა შეიძლება ითქვას ჩვენს წმინდა მსახურებაზე, რომელიც ჩვენს თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული? სხვების სასიკეთოდ მსახურება სიხარულის მომგვრელია და მას დიდი ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნი 40:2, 3; 58:17). და მაინც, ასეთ მსახურებას ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც ის მთელი გულით და სათანადოდ სრულდება. ვინ სცემს თაყვანს ღმერთს მართებულად? ვისი წმინდა მსახურებაა იეჰოვასთვის მისაღები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მაშინ შევძლებთ, როდესაც განვიხილავთ იმ მესამე ბიბლიურ სიტყვას, რომელიც ჩვენს თაყვანისმცემლობას უკავშირდება. ამისათვის, გიწვევთ მომდევნო სტატიის განსახილველად.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ქრისტიანული სამყაროს ლიტურგიები ან მღვდელმსახურებაა, ან სპეციალური რიტუალები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა რომის კათოლიკურ ეკლესიაში ზიარების მიღება.

^ აბზ. 10 საქმეების 13:2-ში ნათქვამია, რომ ანტიოქიელი წინასწარმეტყველები და მასწავლებლები იეჰოვას „ემსახურებოდნენ“ (ბერძნული სიტყვის „ლეიტოურგიას“ ფორმა). როგორც ჩანს ამ მსახურებაში ხალხისთვის ქადაგება შედიოდა.

როგორ უპასუხებდით?

• რა დიდებული სახით მოემსახურა იესო ხალხს?

• როგორ ემსახურებიან ხალხს დღეს ქრისტიანები?

• რა არის ქრისტიანული წმინდა მსახურება და სად ასრულებენ მას?

• ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, როგორ უნდა ვასრულებდეთ ჩვენს წმინდა მსახურებას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

მშობლები გაცემაში დიდ სიხარულს პოულობენ.

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

ქრისტიანები წმინდა მსახურებას ასრულებენ, როდესაც სხვებს ეხმარებიან და როდესაც კეთილ ცნობას ქადაგებენ.

[სურათი 14 გვერდზე]

ზუსტი შემეცნება და გაგებაა საჭირო, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი წმინდა მსახურება ღვთისთვის მისაღებია.