არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არ იცით, რა გელით ხვალ“

„არ იცით, რა გელით ხვალ“

ბიოგრაფია

„არ იცით, რა გელით ხვალ“

მოგვითხრო ჰერბერტ ჯენინგზმა

„საპორტო ქალაქიდან, ტემადან, ვბრუნდებოდი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ განას ფილიალში და გზად მანქანა გავუჩერე ახალგაზრდა კაცს, რომელიც ქალაქისკენ მიმავალი შემხვედრი მანქანის გაჩერებას ცდილობდა. ქადაგების კარგი შესაძლებლობა მომეცა. ვფიქრობდი, რომ საკმაოდ კარგად ვსაუბრობდი მასთან, მაგრამ, როდესაც ახალგაზრდა კაცი დანიშნულების ადგილზე მივიყვანე, მან უცბად ისკუპა მანქანიდან და გაიქცა“.

ზემოხსნებულმა შემთხვევამ დამანახვა, რომ რაღაც უჩვეულო მოვლენა იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. სანამ გიამბობდეთ, რა მოხდა, ნება მომეცით აგიხსნათ, თუ როგორ მოვხვდი, კანადელი, განაში.

ეს 1949 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ტორონტოს (კანადა) ჩრდილო გარეუბანში მოხდა. ჩვენ ახალი დამთავრებული გვქონდა მეტრამდე სიღრმეზე გაყინული მიწის თხრა, რათა ახალ სახლს წყალგაყვანილობა ჰქონოდა. ჩვენი ჯგუფის წევრები, გაყინული და დაღლილი, ცეცხლთან შეიკრიბნენ სატვირთო მანქანის მოლოდინში, რომელიც ჩვენს წასაყვანად უნდა მოსულიყო. მოულოდნელად, ერთ-ერთმა მუშამ, არნოლდ ლორტონმა, საუბარი დაიწყო „ომებზე და ხმებზე ომების შესახებ“, „ამ წუთისოფლის აღსასრულზე“ და სხვა ჩემთვის სრულებით უცნობ სხვა ფრაზებს იყენებდა. მყისვე ყველამ შეწყვიტა საუბარი, გაღიზიანდნენ და ზოგიერთი მათგანი მტრულადაც კი განეწყო მის მიმართ. მახსოვს გავიფიქრე: „ამ კაცს დიდი გაბედულება ჰქონია! არავის სურს მისი მოსმენა, მაგრამ მაინც აგრძელებს ლაპარაკს“. მაგრამ მისი მონათხრობი ჩემს გულს შეეხო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე წელი უკვე გასული იყო და მე არასოდეს მსმენოდა მსგავსი რამ ჩემს რელიგიაში, რომლითაც ჩვენი ოჯახის რამდენიმე თაობა აღიზარდა. მე გულისყურით ვუსმენდი და მოხიბლული ვიყავი მისი განმარტებებით.

აღარ დამიყოვნებია არნოლდთან მისვლა უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად. როცა წარსულს ვიხსენებ, ვხვდები რამდენად მომთმენნი და გულკეთილნი იყვნენ ის და მისი მეუღლე, ჯინი, ჩემდამი, 19 წლის გამოუცდელი ბიჭისადმი. მე სასაუბროდ ხშირად მივდიოდი მათთან წინასწარ შეტყობინების გარეშე, დაუპატიჟებლად. ისინი სწორ მიმართულებას მაძლევდნენ და მეხმარებოდნენ, ჩემს ახალგაზრდულ გონებაში ზნეობრივ ნორმებთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები დამელაგებინა. გზის პირას დანთებულ კოცონთან მომხდარი შემთხვევიდან ათი თვის შემდეგ 1950 წლის 22 ოქტომბერს მოვინათლე, როგორც იეჰოვას მოწმე და დავუკავშირდი უილოუდეილის კრებას ნორთ-იორკში, რომელიც ამჟამად ტორონტოს ნაწილია.

თანაქრისტიანებთან ერთად წინსვლა

სახლში ცხოვრება უფრო და უფრო გართულდა, როცა მამაჩემი მიხვდა, რომ გადაწყვეტილი მქონდა, მეცხოვრა ჩემი ახლადშეძენილი რწმენის შესაბამისად. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ის ნასვამი მძღოლის გამო ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ხშირად ცუდ ხასიათზე იყო. ცხოვრება ძალიან ძნელი იყო დედაჩემისთვის, ჩემი ორი ძმისა და ორი დისთვის. ბიბლიური ჭეშმარიტების გამო მდგომარეობა უფრო გამწვავდა. ასე რომ, ვიფიქრე, მშობლებთან მშვიდობის შესანარჩუნებლად და ‘ჭეშმარიტების გზაზე’ ჩემს განსამტკიცებლად უკეთესი იქნებოდა სახლი დამეტოვებინა (2 პეტრე 2:2).

1951 წლის ზაფხულის მიწურულს გადავედი კოულმენის პატარა კრებაში, ალბერტას პროვინციაში. იქ იყო ორი ახალგაზრდა კაცი, როს ჰანტი და კით რობინზი, რომლებიც სრული დროით ქადაგებდნენ და ცნობილი იყვნენ, როგორც პიონერები. ისინი დამეხმარნენ, რომ მათ მსგავსად მეც მოხალისედ მემსახურა. 1952 წლის 1 მარტს სრული დროით მსახურთა რიგებს შევუერთდი.

სიამოვნებით ვიხსენებ მაშინდელ გამხნევებას. ბევრი რამ მქონდა სასწავლი და აქ უნდა დავხელოვნებულიყავი. მოგვიანებით, ალბერტაში, ლეთბრიჯის კრებაში პიონერული მსახურებიდან ერთი წლის შემდეგ მოულოდნელად მიმიწვიეს მიმომსვლელ ზედამხედველად. უნდა მემსახურა კანადის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმოფანტულ იეჰოვას მოწმეთა კრებებში მონქტონიდან (ნიუ-ბრანზუიკი) გასპემდე (კვებეკი).

რადგან მხოლოდ 24 წლის ვიყავი და თანაც რწმენაში შედარებით ახალი, თავს უღირსად ვთვლიდი, განსაკუთრებით მოწიფულ მოწმეებთან შედარებით, რომელთაც უნდა მოვმსახურებოდი. მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე გულწრფელად ვახმარდი ძალ-ღონეს ამ საქმიანობას. ამას შემდეგი სიურპრიზი მოჰყვა.

გალაადის სკოლა და ოქროს ნაპირი

1955 წლის სექტემბერში დაახლოებით ას სხვა სტუდენტთან ერთად მიმიწვიეს სამხრეთ ლანსინგში, ნიუ-იორკში, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 26-ე კლასში. ხუთი თვის მანძილზე ინტენსიური მომზადება და სწავლება ზუსტად ის იყო, რაც მე მჭირდებოდა. ენთუზიაზმით აღსავსე ასეთ ჯგუფთან ყოფნით ჩემი ენთუზიაზმიც იზრდებოდა. ამ პერიოდში კიდევ მოხდა რაღაც, რაც ჩემს ცხოვრებას დღემდე ალამაზებს.

სტუდენტებს შორის, რომლებიც მისიონერული საქმიანობისთვის ემზადებოდნენ, იყო ერთი და, აილინ სტაბზი. მე მასში დავინახე სიმტკიცე, სერიოზულობა, პრაქტიკული ჭკუა, მოკრძალებულობა და მხიარული ხასიათი. ვფიქრობდი, რომ შევაშინე, როცა ულაზათოდ ვთხოვე ხელი. ამისდა მიუხედავად, ის არ დამფრთხალა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ-ჩვენი მისიონერული დანიშნულების ადგილზე წავსულიყავით, აილინი — კოსტა-რიკაში და მე კი — ოქროს სანაპიროზე (ახლანდელი განა, დასავლეთი აფრიკა).

1956 წლის მაისში აღმოვჩნდი ბრუკლინში, ნიუ-იორკში, ძმა ნეითან ნორის ოფისში, მეათე სართულზე. ის მაშინ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი იყო. მე ფილიალის მსახურად მნიშნავდნენ, რათა ზედამხედველობა გამეწია სამქადაგებლო საქმიანობისთვის ოქროს ნაპირზე, ტოგოში, კოტ-დ’ივუარში, ზემო ვოლტასა (ახლანდელი ბურკინა-ფასო) და გამბიაში.

გუშინდელი დღესავით მახსოვს ძმა ნორის სიტყვები. „საჭირო არ არის მაშინვე შეუდგე შენს საქმიანობას“, — მითხრა მან. „ნუ იჩქარებ, ისწავლე იქაური გამოცდილი ძმებისგან. შემდეგ, როცა იგრძნობ, რომ მზად ხარ, შეგიძლია იმსახურო ფილიალის მსახურად. . . აი შენი დანიშვნის წერილი. ჩასვლიდან შვიდი დღის შემდეგ უნდა შეუდგე შენი მოვალეობის შესრულებას“.

მხოლოდ შვიდი დღე, — ვფიქრობდი მე, — კი მაგრამ, რომ მითხრა, ნუ იჩქარებო?“. ამ საუბარმა საგონებელში ჩამაგდო.

მომდევნო რამდენიმე დღემ სწრაფად გაიარა. სულ მალე, როცა სატვირთო გემი ოქროს ნაპირისკენ ოკეანის გადასაცურად დაიძრა (მგზავრობას 21 დღე სჭირდებოდა), გემის მოაჯირთან ვიდექი და ისტ-რივერზე, საზოგადოების ბრუკლინის ოფისთან ახლოს, მივცურავდი.

მე და აილინი ხშირად ვწერდით ერთმანეთს წერილებს. ჩვენ 1958 წელს შევხვდით და იმავე წლის 23 აგვისტოს დავქორწინდით. იეჰოვას გამუდმებით ვუხდი მადლობას ასეთი საუცხოო მეუღლისთვის.

19 წლის მანძილზე საზოგადოების ფილიალში სხვა მისიონერებისა და ჩემი აფრიკელი და-ძმების გვერდით მსახურების უპირატესობა მქონდა. ამ პერიოდში ბეთელის ოჯახის წევრების რაოდენობა სულ რამდენიმედან 25-მდე გაიზარდა. ეს ჩვენთვის რთული და ნაყოფიერი პერიოდი იყო. თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ პირადად მე, ცხელი, ტენიანი ჰავის ატანა განსაკუთრებით მიჭირდა; სულ ვოფლიანობდი და დროდადრო ადვილად ვღიზიანდებოდი. მიუხედვად ამისა, ნამდვილად სასიხარულო იყო მსახურება, რადგან ჩვენი რიცხვი განაში 1956 წელს 6000 აქტიური მაუწყებლიდან 1975 წელს 21 000 მაუწყებლამდე გაიზარდა. ორმაგად სასიამოვნოა იქ დღესდღეობით სამეფოს 60 000-ზე მეტი მაუწყებლის დანახვა.

არ შეგვეძლო „ხვალინდელი დღის“ განსაზღვრა

დაახლოებით 1970 წელს ჯანმრთელობამ მიმტყუნა, რისი მიზეზის დადგენაც ძალიან გაძნელდა. სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩამიტარდა და მხოლოდ ის მითხრეს, რომ ჯანმრთელი ვიყავი. მაშ, რატომ ვიყავი მუდამ შეუძლოდ, დაღლილი და მოუსვენარი? ორმა რამემ თავზარდამცემი პასუხი გამცა. იაკობის სიტყვებისა არ იყოს: „არ იცით, რა მოხდება ხვალ“ (იაკ. 4:14).

პირველი იყო შემთხვევა ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც მანქანაში ვუქადაგე, ვიდრე ქალაქში მივიყვანდი. ვერც კი ვგრძნობდი, რომ შეუჩერებლად, სულ უფრო სწრაფად და დაძაბულად, ვლაპარაკობდი. როდესაც დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით, გაოცებული დავრჩი, როცა მანქანიდან ისკუპა და გაიქცა. განელთა უმეტესობა ბუნებით მშვიდი ხალხია, ადვილად არ ღიზიანდებიან. მისი რეაქცია უჩვეულო იყო. ამან ჩამაფიქრა. მივხვდი, რომ მიზეზი თავად მე ვიყავი, ოღონდ ზუსტად ვერ გამეგო, რა ხდებოდა. ნათელი იყო, რომ რაღაც მჭირდა.

მეორეც, ერთხელ მსჯელობის შემდეგ აილინმა მითხრა: „თუ ეს ფიზიკური პრობლემა არ არის, მაშინ ფსიქიკური ყოფილა“. ასე რომ, გულდასმით ჩამოვწერე ყველა ჩემი სიმპტომი და ფსიქიატრთან მივედი. როცა ჩამონათვალი წავუკითხე, მან მიპასუხა: „ეს ტიპური შემთხვევაა. თქვენ მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზით იტანჯებით“.

სახტად დავრჩი. ჩემი მდგომარეობა გამუდმებით უარესდებოდა, თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი ძალით ვცდილობდი მასთან გამკლავებას. ხსნას ვეძებდი, მაგრამ ზუსტად არავინ იცოდა, რა უნდა გამეკეთებინა. რა ამაო იყო ჩემი ბრძოლა!

ჩვენი მიზანი იყო, რომ ყოველთვის სრული დროით გვემსახურა; თანაც ძალიან ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. მრავალჯერ მივმართავდი იეჰოვას გულწრფელი და მხურვალე ლოცვით: ‘თუ ინებებ, იეჰოვა, და ვიცოცხლებ, გავაკეთებ ამას’ (იაკობი 4:15, აფ). მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სინამდვილესთან შეგუება მოგვიწია; 1975 წლის ივნისში განა და მრავალი ჩვენი ახლო მეგობარი დავტოვეთ და კანადაში დავბრუნდით.

იეჰოვა მეხმარება თავისი ხალხის მეშვეობით

მალევე მივხვდი, რომ საქმე ჩემს გარეშეც გაკეთდებოდა და არც ჩემი პრობლემა იყო უსაშველო. 1 პეტრეს 5:9-ში ჩაწერილი სიტყვები ბევრისმთქმელი გახდა ჩემთვის: „იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება წუთისოფელში“. როცა ამას მივხვდი, ნამდვილად დავინახე, ორივეს მხარს როგორ გვიჭერდა იეჰოვა, მიუხედავად არასასურველი ცვლილებებისა. ‘საძმო’ ყოველმხრივ შესანიშნავად დაგვეხმარა!

თუმცა მატერიალურად ბევრი არაფერი გაგვაჩნდა, იეჰოვას არ მივუტოვებივართ. მან აღძრა ჩვენი მეგობრები განაში, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფრით დაგვხმარებოდნენ. ჩვენ გულაჩუყებულებმა დავტოვეთ ისინი, რომლებიც ასე გვიყვარდა და გავეშურეთ ჩვენთვის უცნობი „ხვალინდელი დღის“ შესახვედრად.

აილინის დამ, ლენორამ, და მისმა მეუღლემ, ალვინ ფრიზენმა, გულთბილად მიგვიღეს და რამდენიმე თვის განმავლობაში გულუხვად გვმასპინძლობდნენ. ცნობილმა ფსიქიატრმა დარწმუნებით მიწინასწარმეტყველა: „ექვს თვეში გამოჯანმრთელდები“. შესაძლოა, ეს ჩემ დასაიმედებლად იყო ნათქვამი; წინასწარმეტყველება ექვსი წლის შემდეგაც კი არ შესრულებულა. დღემდე ვებრძვი დაავადებას, რასაც ახლა, უბრალოდ, ხასიათის ბიპოლარულ მოშლილობას უწოდებენ. მართალია, ეს სახელწოდება შედარებით რბილად ჟღერს, მაგრამ მათ, ვინც ამით იტანჯებიან, კარგად იციან, რომ ეს შერბილებული სახელწოდება არ ამსუბუქებს ამ დაავადების უამრავ სიმპტომს.

ამ დროისთვის ძმა ნორიც ავადმყოფობდა, რამაც საბოლოოდ 1977 წლის ივნისში მისი სიკვდილი გამოიწვია. ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც ჰყოფნიდა დრო და ენერგია, რომ სანუგეშო, დამრიგებლური და გამამხნევებელი ვრცელი წერილები მოეწერა ჩემთვის. მე დღესაც დიდად ვაფასებ ამ წერილებს. მისი სიტყვები ძლიერი უიმედობის გრძნობას მიქარვებდა, რომელიც დროდადრო თავს იჩენდა ხოლმე.

1975 წლის დასასრულს, მოგვიწია სრული დროით მსახურების შეწყვეტა და ჩემი ჯანმრთელობის სტაბილიზებაზე მთელი ყურადღების გადატანა. დღის სინათლე თვალებს მტკენდა; უცაბედ ძლიერ ხმაურს თოფის გასროლის ხმასავით აღვიქვამდი; ხალხმრავლობა თავგზას მირევდა. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაც კი დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა. ამისდა მიუხედავად, სრულიად დარწმუნებული ვიყავი სულიერი ურთიერთობის ფასეულობაში. ამიტომ, ჩვეულებრივ, სამეფო დარბაზში მას შემდეგ შევდიოდი, როცა ხალხი დასხდებოდა და პროგრამის დამთავრებისთანავე ვტოვებდი იქაურობას, სანამ წამოიშლებოდნენ.

სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა კიდევ ერთ დიდ სირთულეს წარმოადგენდა ჩემთვის. ზოგჯერ, როცა სახლს მივუახლოვდებოდი, მე, უბრალოდ, არ შემეძლო თავი ხელში ამეყვანა და ზარი დამერეკა. ამისდა მიუხედვად, არ ვტოვებდი იქაურობას, რადგან ვიცოდი, რომ ჩვენი მსახურება ხსნის მომტანია ჩვენთვის და მათთვის, ვინც დადებითად ეხმაურება მას (1 ტიმოთე 4:16). ცოტა ხნის შემდეგ ემოციებს ვთოკავდი, მივდიოდი შემდეგ კართან და კიდევ ერთხელ ვცდილობდი იგივეს. მსახურებაში მონაწილეობის გაგრძელებით ვინარჩუნებდი ნორმალურ სულიერ ჯანმრთელობას და ეს დაავადებასთან გამკლავების უნარს მიძლიერებდა.

ხასიათის ბიპოლარული მოშლილობის ქრონიკულობის გამო მივხვდი, რომ ეს დაავადება მთელი ცხოვრება გამყვებოდა ამ ბოროტ სისტემაში. 1981 წლის „გამოიღვიძეთ!“-ში შესანიშნავი სტატიების სერია გამოჩნდა. * მათი მეშვეობით უკეთესად გავიგე ამ დაავადების ბუნება და უფრო მეტი მეთოდი ვისწავლე მასთან გასამკლავებლად.

ვსწავლობ დაავადებასთან გამკლავებას

ყოველივე ეს ჩემი ცოლის მხრიდან, რა თქმა უნდა, მსხვერპლსა და შემგუებლობას მოითხოვს. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ვინმეს მომვლელი ხართ, ალბათ, დააფასებთ მის დაკვირვებებს:

„როგორც ჩანს, ხასიათის ბიპოლარული მოშლილობა პიროვნებაში უეცარ ცვლილებებს იწვევს. რამდენიმე საათში ავადმყოფი, რომელსაც შეიძლება ახალი გეგმები და იდეები აქვს და რომელიც მხიარული და გამამხნევებელია, უეცრად იცვლება და უარყოფითი თვისებების მქონე, გაბრაზებული ადამიანიც კი ხდება. თუ სხვებმა არ გააანალიზეს, რომ ეს დაავადების ბრალია, ამით შეიძლება გაღიზიანდნენ და დაიბნენ. აშკარაა, რომ გეგმები სწრაფად უნდა შეიცვალოს და იწყება შინაგანი ბრძოლა, როცა თავს იმედგაცრუებულად ან უარყოფილად გრძნობ“.

რაც შემეხება მე, როცა თავს უჩვეულოდ კარგად ვგრძნობ, შიში მიპყრობს. ქვეცნობიერად ვხვდები, რომ ეიფორია მალე შეიცვლება სევდით. ჩემს შემთხვევაში სევდიანი განწყობილება უმჯობესია, რადგან ის უმოქმედო მდგომარეობაში მაგდებს რამდენიმე დღე და ამიტომ არ შემიძლია რაიმე უგუნურების ჩადენა. აილინი მაფრთხილებს, როცა ზედმეტად აღგზნებული ვარ, რითაც დიდად მეხმარება; ის მანუგეშებს და მხარს მიჭერს, როცა სევდა მიპყრობს ხოლმე.

დაავადების გამწვავების დროს საკუთარ თავში ჩაკეტვის საშიშროება იქმნება. ზოგიერთი შეიძლება სრულ განმარტოებას ესწრაფვის, როდესაც დეპრესიული განწყობილება აქვს ან ამ მანიაკურობის პერიოდის განმავლობაში ვერ იგებს სხვების გრძნობებსა და მოქმედებებს. წარსულში ჩემთვის ძნელი იყო იმ აშკარა ნიშნების არსებობის აღიარება, რომლებიც ჩემს გონებრივ და ემოციურ პრობლემაზე მიუთითებდნენ. ჩემს აზროვნებასთან ბრძოლა მიწევდა, რადგან მეგონა, რომ ეს რაღაც გარეგანი ფაქტორის ბრალი იყო, მაგალითად, წარუმატებლობის ან — სხვა ადამიანის. კვლავ და კვლავ შევახსენებდი საკუთარ თავს „ჩემ გარშემო არაფერი შეცვლილა. ჩემი პრობლემა შინაგანია და არა გარეგანი“. თანდათანობით ჩემი აზროვნება გამოსწორდა.

წლების განმავლობაში ორივემ ვისწავლეთ, რომ გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან და სხვებთან ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ოპტიმისტური განწყობილება და არ დავუშვათ, რომ დაავადებამ იბატონოს ჩვენს ცხოვრებაზე.

უკეთესი „ხვალინდელი დღე“

მხურვალე ლოცვისა და დიდი ბრძოლის შემდეგ ჩვენ იეჰოვასგან კურთხევა და მხარდაჭერა მივიღეთ. ახლა ორივენი ხანში ვართ შესული. მე მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ვარ; ამავე დროს ზომიერად, მაგრამ რეგულარულად ვიღებ მედიკამენტებს და შედარებით სტაბილურ ჯანმრთელობას ვინარჩუნებ. ჩვენ ვაფასებთ და უპირატესობად მივიჩნევთ ნებისმიერი სახის მსახურებას, რომელშიც შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. მე კვლავ უხუცესად ვმსახურობ კრებაში. ყოველთვის ვცდილობთ, დავეხმაროთ თანამორწმუნეებს.

მართლაც, როგორც იაკობის 4:14-შია ნათქვამი: „არ იცით, რა მოხდება ხვალ“. ეს ასე იქნება მანამ, სანამ ეს ბოროტი სისტემა იარსებებს. ამისდა მიუხედავად, ჭეშმარიტია იაკობის 1:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ნეტარია განსაცდელის გადამტანი კაცი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თავის მოყვარულთ“. დაე ყოველი ჩვენგანი მტკიცე იყოს დღეს და ცხადად წარმოიდგინოს კურთხევები, რომლებსაც იეჰოვა ახლო მომავალში გვპირდება.

[სქოლიო]

^ აბზ. 35 იხილე სტატიები „შეგიძლია გაუმკლავდე ცხოვრებას“ 1981 წლის 8 აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“-ში (ინგლ.), „როგორ შეგიძლია დაძლიო დეპრესია“ 1981 წლის 8 სექტემბრის ნომერში (ინგლ.) და „მძიმე დეპრესიასთან გამკლავება“ 1981 წლის 22 ოქტომბრის ნომერში (ინგლ).

[სურათი 26 გვერდზე]

ჩემს სახელოსნოში განმარტოებული.

[სურათი 26 გვერდზე]

ჩემს მეუღლესთან, აილინთან, ერთად.

[სურათი 28 გვერდზე]

ტემაში (განა) 1963 წელს ჩატარებულ კონგრესზე, სახელწოდებით „მარადიული კეთილი ცნობა“.