ბიბლია — ცხოვრების სახელმძღვანელო
ბიბლია — ცხოვრების სახელმძღვანელო
„ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. . . და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). ღვთის სიტყვის შესაძლებლობათა ეს აღწერილობა ბიბლიას ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის და ცხადყოფს, რომ ის მხოლოდ კარგი წიგნი არ არის.
„მისი ცნობა ჩვენი სიცოცხლისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სუნთქვა“, — მოკლედ და კონკრეტულად თქვა ერთმა რელიგიათმცოდნემ. შემდეგ კი დასძინა: „თუ ადამიანი გაითვალისწინებს იმას, რამდენად სწყურია და სჭირდება დღეს პრობლემებისგან განთავისუფლება და ბიბლიას ამ კუთხით წაიკითხავს, საოცარ შედეგებს დაინახავს“. ლამპრის მსგავსად, რომელიც კაშკაშად ანათებს, ბიბლია შუქს ჰფენს თანამედროვე ცხოვრების მრავალ რთულ საკითხსა და პრობლემას (ფსალმუნი 118:105).
მართლაც, ბიბლიაში მოცემულ სიბრძნეს იმის ძალა შესწევს, რომ ჩვენი აზროვნების ფორმირება მოახდინოს, პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმაროს, გაგვიუმჯობესოს ცხოვრება და გვასწავლოს, თუ როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციებს, რომელთა შეცვლაც არ ძალგვიძს. უმნიშვნელოვანესი კი ის არის, რომ ბიბლია ღვთის გაცნობასა და მის მიმართ სიყვარულის განვითარებაში გვეხმარება.
წიგნი, რომელიც ცხოვრებას აზრს მატებს
ბიბლიის ავტორისთვის, იეჰოვა ღმერთისთვის, ‘ყველა ჩვენი გზა ცნობილია’. მან უფრო მეტი იცის ჩვენი ფიზიკური, ემოციური და სულიერი საჭიროებების შესახებ, ვიდრე თავად ჩვენ (ფსალმუნი 138:1—3). ის ადამიანებს გონივრულ საზღვრებს უდგენს (მიქა 6:8). გონივრულია, ვეცადოთ ამ საზღვრებისა და მითითებების გაგებას და ვისწავლოთ მათ შესაბამისად ცხოვრება. ბედნიერია კაცი, რომლის ‘მისწრაფებაც უფლის რჯულშია’, — ამბობს ფსალმუნმომღერალი. „ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:1—3). ასეთი პერსპექტივისთვის ნამდვილად ღირს გამოკვლევის ჩატარება.
მორისს, ყოფილ მასწავლებელს, რომელიც ახლა პენსიონერია, ყოველთვის სწამდა, რომ ბიბლიას ჰქონდა რაღაც ისტორიული და ლიტერატურული ღირებულება, მაგრამ მის ღვთივსულიერობას სკეპტიკურად უყურებდა. მას შემდეგ, რაც აუხსნეს, თუ რატომ მისცა ღმერთმა ადამიანებს თავისი წერილობითი სიტყვა, მან რამდენიმე ბიბლიური წინასწარმეტყველება გამოიკვლია. ახალგაზრდობისას მას შესწავლილი ჰქონდა ძველი მსოფლიოს ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია და სხვა მეცნიერებები. მან აღიარა, რომ საკუთარ თავს მეტისმეტად ჭკვიანად მიიჩნევდა, რამაც ხელი შეუშალა ბიბლიის უტყუარობის დამადასტურებელი
მრავალი მაგალითის დანახვაში. „კომფორტის, სიმდიდრისა და სიამოვნების ძიებით დაბრმავებული ვიყავი. სამწუხაროდ, უცოდინარი და გაუნათლებელი ვრჩებოდი; არ ვეცნობოდი შესანიშნავ, ზუსტ და ოდესმე დაწერილთაგან ყველაზე უდიდეს წიგნს“.ახლა კი 70 წელს გადაცილებული მორისი ქარაგმულად მოიხსენიებს მოციქულ თომასთან იესოს გამოცხადებას და მადლიერებით აღნიშნავს: «ხელები „სისხლიან ჭრილობაში“ ჩამაყოფინეს, რამაც ჩემი გონებიდან სამუდამოდ განდევნა ყოველგვარი ეჭვი და დამარწმუნა იმაში, რომ ბიბლია აბსოლუტურად ჭეშმარიტია» (იოანე 20:24—29). სწორად აღნიშნა მოციქულმა პავლემ, რომ ბიბლია გულის აზრებსა და ზრახვებს სჯის და ცხოვრებას აზრს მატებს. დიახ, ის ნამდვილად არის ცხოვრების სახელმძღვანელო.
დუხჭირ ცხოვრებაში სტაბილურობა შეაქვს
ბიბლია ისეთ რჩევებსაც იძლევა, რომლებიც ადამიანს ცუდი ჩვევების მიტოვებაში ეხმარება. დანიელმა მოწევის ცუდი ჩვევის დაძლევა შეძლო; მან ღრეობებში მონაწილეობასა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასაც დაანება თავი (რომაელთა 13:13; 2 კორინთელთა 7:1; გალატელთა 5:19—21). საქმეს რეალურად რომ შევხედოთ, ასეთი ჩვევების აღმოსაფხვრელად და ‘ახალ კაცად შესამოსად’ დიდი ძალისხმევაა საჭირო (ეფესელთა 4:22—24). „ეს ძალიან ძნელი იყო, — თქვა დანიელმა, — ჩვენ ხომ ასეთი არასრულყოფილები ვართ“. მიუხედავად ამისა, მან სძლია ცუდ ჩვევებს. ახლა დანიელი ყოველდღიურად კითხულობს ღვთის სიტყვას, ეს კი იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას ანარჩუნებინებს.
სიყმაწვილეში დანიელს ბიბლია არასოდეს წაეკითხა, მაგრამ ყოველთვის დიდი პატივისცემა ჰქონდა ამ წიგნის მიმართ. ის ყოველღამე ლოცვით მიმართავდა ღმერთს. მაგრამ დანიელს მაინც რაღაც აკლდა; ის თავს ბედნიერად არ გრძნობდა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ბიბლიაში პირველად იხილა ღვთის სახელი (გამოსვლა 6:3, აქ; ფსალმუნი 82:19, აქ). ამის შემდეგ ლოცვისას იეჰოვას სახელის მოხმობა დაიწყო და უკეთ გრძნობდა, რომ პიროვნებას მიმართავდა ლოცვით. „იეჰოვა უახლოესი პიროვნება გახდა ჩემთვის და ის დღესაც ჩემი უახლოესი მეგობარია“.
სანამ ბიბლიას გაეცნობოდა, დანიელს მომავალი უიმედოდ წარმოედგინა. „დიდი ჭკუა არ უნდა იმის დანახვას, თუ რა ხდება მსოფლიოში, — ამბობს ის, — ძალიან მეშინოდა და ვცდილობდი გონება ყოველთვის რაღაცით მქონოდა დაკავებული და ამაზე არ მეფიქრა“. შემდეგ მან გაიგო, რომ ღმერთი განწმენდილ დედამიწაზე სამართლიანობას დაამყარებდა — დედამიწაზე, სადაც მორჩილი ადამიანები მარადიული მშვიდობითა და ბედნიერებით გაიხარებდნენ. (ფსალმუნი 36:10, 11; დანიელი 2:44; გამოცხადება 21:3, 4). დღეს დანიელს რეალური იმედი აქვს. ბიბლია მას სიმტკიცეს მატებს და ცხოვრებაზე დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებაში უწყობს ხელს.
ემოციური პრობლემების დაძლევაში დამხმარე
ჯორჯი შვიდი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მას ძალიან ეშინოდა ღამე დაძინება, რადგან არ იცოდა, გაიღვიძებდა თუ არა მეორე დილას. შემდეგ მან წაიკითხა, რა თქვა იესომ სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“. მის გულს შეეხო იესოს სიტყვები: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 5:28, 29; 11:25). ასეთი აზრები გონივრული, ლოგიკური და მანუგეშებელი ჩანდა. „ეს ჭეშმარიტება, — ამბობს ჯორჯი, — არა მარტო გონებას ხიბლავს, არამედ გულსაც“.
ზემოთ მოხსენიებულ დანიელსაც ჰქონდა შიშის გრძნობა. რადგან დედას მისი აღზრდა არ შეეძლო, ის უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა; არაერთი ასეთი სახლი გამოიცვალა და ყოველთვის უცხოობის გრძნობა ჰქონდა. ამიტომ ყოველთვის სწყუროდა, მოსიყვარულე ოჯახის ფრთებქვეშ ყოფილიყო შეფარებული. ბოლოს ბიბლიის შესწავლის საშუალებით იპოვა ის, რასაც ეძებდა. დანიელმა იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა დაიწყო და სულიერი ოჯახის წევრი გახდა — ოჯახისა, სადაც თავს შინაურად გრძნობდა და აღარც სხვების სიყვარული აკლდა. ბიბლია მართლაც სასარგებლო
წიგნია: პრაქტიკულიც არის და ემოციური კმაყოფილების მომტანიც.გახსოვდეთ, იეჰოვა ხედავს ჩვენს გულებს და იცის, თუ რა გვინდა. ღმერთი „გულებს. . . წონის“ და ‘თითოეულს თავისი საქციელის მიხედვით მიაგებს’ (იგავნი 21:2; იერემია 17:10).
პრაქტიკული რჩევები ოჯახური ცხოვრებისთვის
ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ადამიანთა ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჯორჯი ამბობს: „პირადი უთანხმოებები ან გაუგებრობა ცხოვრებაში ყველაზე მეტად არის სტრესული სიტუაციების შექმნის მიზეზი“. როგორ უმკლავდება ის ამას? «თუ ვგრძნობ, რომ ვიღაცა ჩემზე განაწყენებულია, ვიყენებ მათეს 5:23, 24-ში მოცემულ რჩევას: „შენს ძმას შეურიგდი“. მხოლოდ იმ ფაქტსაც კი, რომ შემიძლია უთანხმოების შესახებ ლაპარაკი, შედეგი მოაქვს. ვგრძნობ ღვთის მშვიდობას, რომელზეც ბიბლია ლაპარაკობს. ეს რჩევა ნამდვილად ეფექტურია. ის ძალიან პრაქტიკულია“ (ფილიპელთა 4:6, 7).
როდესაც ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წამოიჭრება, საჭიროა ორივე „იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19). ამ რჩევის გამოყენება ურთიერთობას აუმჯობესებს. ჯორჯი დასძენს: „როდესაც ვითვალისწინებ რჩევას, რომ ცოლი საკუთარი თავივით მიყვარდეს და ისე ვექცეოდე, როგორც საკუთარ თავს მოვექცეოდი, მდგომარეობა მაშინვე უმჯობესდება. მისთვის უფრო ადვილი ხდება ჩემ მიმართ პატივისცემის გამოვლენა“ (ეფესელთა 5:28—33). დიახ, ბიბლია გვასწავლის, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი არასულყოფილება და ვებრძოლოთ მას; ასევე გვასწავლის, მშვიდად შევხვდეთ სხვების მიერ არასრულყოფილების გამოვლენას.
რჩევა, რომელიც დროის გამოცდას უძლებს
ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6). რა ადვილად გასაგები და ღრმა აზრია ამ სიტყვებში ჩადებული!
ბიბლიას კეთილისმყოფელი ძალა აქვს. ის ღვთის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ცხოვრება ღვთის ნებას შეუსაბამონ და იეჰოვას ‘რჯულზე სიარულში’ ბედნიერება იპოვონ (ფსალმუნი 118:1). სულერთია, როგორიც უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, ბიბლია შეიცავს მითითებებსა და რჩევებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება (ესაია 48:17, 18). იკითხეთ ის ყოველდღიურად, იფიქრეთ წაკითხულზე და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ყოველთვის საღი აზროვნება გქონდეთ და გონება იმით დააკავოთ, რაც წმინდა და სასარგებლოა (ფილიპელთა 4:8, 9). შედეგად, ისწავლით არა მარტო იმას, თუ როგორ იცხოვროთ ბედნიერად, არამედ იმასაც, თუ როგორ გიყვარდეთ სიცოცხლის შემოქმედი.
ასე მოქმედებით ბიბლია თქვენთვის, ისევე როგორც მილიონობით სხვა ადამიანისთვის, კარგ წიგნზე უფრო მეტი იქნება. ის ნამდვილად გახდება თქვენთვის ცხოვრების სახელმძღვანელო!
[სურათი 6 გვერდზე]
ბიბლიას შეუძლია მავნე ჩვევების დაძლევაში დაგეხმაროთ.
[სურათი 7 გვერდზე]
ბიბლია გასწავლით, თუ როგორ დაუახლოვდეთ ღმერთს.